USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ირან-ისრაელის კონფლიქტი იმ ფაზაშია შესული, რომ მას განვითარების ოთხი ძირითადი სცენარი შეიძლება მოჰყვეს - გიორგი კობერიძე
дата:  451
ირან-ისრაელის კონფლიქტი იმ ფაზაშია შესული, რომ მას განვითარების ოთხი ძირითადი სცენარი შეიძლება მოჰყვეს, თავისი ვარიანტებით. განვიხილოთ ისინი და ბოლოში სამი მინიმალური შანსის მქონე დამატებით სცენარებზეც ვიმსჯელოთ.
დავიწყოთ:
1. რეჟიმის ჩამოშლა - ეს ოთხი პოტენციური გზით შეიძლება განვითარდეს:
- შიდა სახალხო აჯანყება რეჟიმის წინააღმდეგ; ამ ვარიანტის შანსი ომის ამ ფაზაში უფრო ნაკლებად არსებობს, მაგრამ ეკონომიკური ობიექტების განადგურებისა და მძიმე შედეგების დადგომის შემთხვევაში მოიმატებს. ისიც ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის კიდევ უფრო დასუსტებისა და განადგურების შემთხვევაში. ზოგადად ომში დამარცხებას ტირანულ რეჟიმებს ადვილად არ პატიობენ ხოლმე. სწორედ ამიტომ რეჟიმისათვის მნიშვნელოვანი იქნება ომისშემდგომი რეალობის გამარჯვებად თუ არა წარმატებულ თავდაცვად გასაღება მაინც.
- ირანის შიგნით, შეიარაღებული ძალების მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდება - გადატრიალება; იმ ფონზე, რომ ირანში ორი ძირითადი სამხედრო ფრთა არსებობს - ირანის შეიარაღებული ძალები და ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი - შიდა დაპირისპირებაც ადგილზე გვაქვს. აიათოლა ხომეინი (ახლა ხამენეი მართავს) ბოლომდე არ ენდობოდა ჯარს. სწორედ ამიტომ 1979 წლიდან ჩამოაყალიბა ერთგული და ბრძოლისუნარიანი მცველთა კორპუსი. სწორედ მასზე დგას რეჟიმი. კორპუსის განადგურების შემთხვევაში სამხედრო ძალების მხრიდან გადატრიალების შანსი გამორიცხული არ იქნება. თუმცა იმ ფონზე რომ ირანში, მცველთა კორპუსისაგან განსხვავებით, სამხედრო ელიტა სუსტია გადატრიალების შანსიც არაა მაინცდამაინც მაღალი.
- რეგიონებში უმცირესობების აჯანყება - ქურთების, ბალუჩების (ბელუჯების), აზერბაიჯანელების, თურქმენებისა და სხვა. ეს რეჟიმს შიდა ქაოსში გახვევს; ამის შანსი ახლა საკმაოდ მცირეა. ამასთან რეგიონებში დიდი რაოდენობით იარაღის გარეშე აჯანყება რთულად წარმოსადგენია. მაშინ ისრაელის დაზვერვის დახმარებით უნდა შეიქმნას/ან უკვე უნდა შექმნილიყო ასეთი ქსელი. აჯანყება რეჟიმის უეჭველ დამხობასთან არაა დაკავშირებული, მაგრამ საკმაოდ დაასუსტებს.
- საავიაციო დარტყმები უშუალოდ აიათოლაზე - სულიერ ლიდერზე; ამაზე ყველაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ საკამათოა შედეგიანი იქნება თუ არა ის და პოლიტიკურ-სამართლებრივად საკმაოდ სადავოც გამოდგება. აიათოლა ხამენეის მკვლელობა ახალი სულიერი ლიდერის არჩევას სულაც არ გამორიცხავს, ხოლო ხამენეის წამებულად აქცევს. ცხადია, ახალ ლიდერს ძალაუფლების გამყარება გაუჭირდება, რამდენიმე დღე ან კვირა სრული შოკი და ქაოსიც იქნება, მაგრამ ეს რეჟიმის უეჭველ დამხობას არ მოასწავებს.
ხამენეიზე თავდასხმა პოლიტიკურ-სამართლებრივადაა საკმაოდ პრობლემური რამ. სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა საკმაოდ ცუდი პრეცედენტია და ამისაგან ძირითადად თავს იკავებენ ხოლმე. მისმა მკვლელობამ ისეთი მაგალითი შეიძლება შექმნას, რომელსაც მერე სხვებიც მიბაძავენ.
2. ატომური პროგრამის განადგურება - ეს სათქმელად უფრო ადვილია ვიდრე განსახორციელებლად. ცხადია, მეცნიერების ლიკვიდაციამ და მთელი რიგი გამდიდრების ობიექტების დაბომბვამ დაასუსტა ირანის რეჟიმის მცდელობა მიეღო ბირთვული ბომბი, მაგრამ იგივე ფორდოს ატომური ობიექტის განადგურება-დასუსტებაზე, შესაბამისად კი ბირთვლი საფრთხის სრულ ნეიტრალიზაციაზე ლაპარაკი მაინც ნაადრევია. ის ღრმადაა მიწისქვეშ და მისი დაზიანება რამდენიმე სცენარითაა შესაძლებელი:
- ერთსა და იმავე ადგილას განგრძნობითი საავიაციო დარტყმებით, რასაც ღრმულების შექმნა, ბეტონის ფარის გახვრეტა და სიღმერში ჩასვლა უნდა მოჰყვეს;
- აშშ-ს ჩართულობითა და იმგვარი საავიაციო მართვადი ბომბების დაყრით, რომელიც ღრმა ბუნკერების წინააღმდეგაა შექმნილი. ასეთი ტიპის ბომბები რაოდენობრივად ცოტაა.
- საჰაერო დესანტით, რომელმაც უნდა დასძლიოს მცველთა წინააღმდეგობა, ჩავიდეს ღრმად და გაანადგუროს ობიექტი; - ეს ურთულესი ამოცანაა და საკითხავია რამდენად შესასრულებელი.
- დივერსიული შეტევა - მცირე, დივერსიული ჯგუფების ან/და დივერსიუმე მეთოდების გამოყენებით ადგილზე მოქმედება.
ატომური ობიექტების ვერ განადგურება ნიშნავს, რომ რეჟიმი შეეცდება ბირთვულ ენერგიაზე მუშაობის გაგრძელებას და აქედან შეიძლება შექმნას ატომური თუ არა ე.წ. ბინძური ბომბი მაინც.
3. მოლაპარაკებები - გარე ძალების დახმარებით ირანმა და ისრაელმა მოილაპარაკონ ცეცხლის შეწყვეტასა და ბირთვული ენერგიის კონტროლზე ან სრულ ნეიტრალიზაციაზე. ეს საკმაოდ რთულად განსახორციელებელი მიზანი იქნება, რადგან უნდობლობა მხარეებს შორის ახლაც არსებობს და შემდგომშიც იარსებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელს არ სჯერა ირანის, რომ ის არ გააგრძელებს ფარულ მუშაობას ბირთვულ იარაღზე და არ შექმნის მას, გზად კი თავის სამხედრო ძალებსაც აღადგენს და შეცდომებზე ისწავლის.
თუმცა მოლაპარაკებების შემთხვევაში გააჩნია როგორ ირანს ვიხილავთ. შეიძლება იმდენად დასუსტებული იყოს, რომ რეჟიმს შიდა კონტროლზე ჰქონდეს აქცენტი გაკეთებული. შესაბამისად, მოკლე ვადაში ბირთვული იარაღზე მუშაობის სურვილი აღარ ჰქონდეს. ზემოთაც აღვნიშნე და გავიმეორებ: ომში დამარცხებას ტირანულ რეჟიმებს ადვილად არ პატიობენ ხოლმე. სწორედ ამიტომ რეჟიმისათვის მნიშვნელოვანი იქნება ომისშემდგომი რეალობის გამარჯვებად თუ არა წარმატებულ თავდაცვად გასაღება მაინც.
4. ისრაელში მთავრობის ჩამოშლა - არ უნდა დაგვავიწყდეს ის ამბავი რომ ნეთანიაჰუს მთავრობას დიდი ხანია შიდა პრობლემები აქვს. საგარეო ასპარეზზეც მისდამი დამოკიდებულება ორაზროვანია. მას ღაზაში ოპერაციისას არასწორ წარმართვას, მაღალ მსხვერპლსა და ომის დანაშაულებებს ედავება ჰააგის სასამართლო. ნეთანიაჰუსათვის ირანთან ომში გამარჯვება ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებაა. თუმცა მიზნების ვერ მიღწევის შემთხვევაში მისი პოზიციები დასუსტდება, ხოლო ირანის მხრიდან გააქტიურებული სარაკეტო დარტყმების ან დრონებით იერიშის შემთხვევაში ნეთანიაჰუსა და მის ყველაზე მემარჯვენე კოალიციისადმი განწყობები შეიძლება გაუარესდეს.
თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ნეთანიაჰუს უკვე შეუძლია გამოაცხადოს მიზანი შესრულებულად და პრინციპში მოკლე ვადაში შეიძლება ასეც იყოს - ირანი ახლა იმაზე სუსტია ვიდრე თვით ირან-ერაყის ომის დროს.
საბოლოოდ ამ, მეოთხე სცენარის შანსი ახლა მაღალი ნამდვილად არ არის და პირველ რიგში ირანი იფიტება ომში, მაგრამ გრძელვადიანი კონფლიქტის შემთხვევაში ზარალი შეიძლება გაიზარდოს. ამასთან, ზოგადად ისრაელში ირანი ეგზისტენციალურ საფრთხედაა აღქმული, ასე რომ მის წაინააღმდეგ მოქმედებისათვის ამ ეტპზე ნეთანიაჰუს არ გაამტყუნებენ.
ახლა კი მოდი სამი დამატებითი სცენარიც განვიხილოთ, რომელთა შანსიც აბსოლუტურად მინიმალურია, მაგრამ რადგან ამ ომებში აღარაფერია სრულად წარმოუდგენელი მოდით ჩვენც აღვნიშნოთ ისინი:
1. ირანი ქმნის ბირთვულ იარაღს - როგორც კი ირანს ექნება ბირთვული იარაღი რეგიონში ისეთი ორი ძალა, როგორიც საუდის არაბეთი და თურქეთია მაღალი ალბათობით დაიწყებენ ბირთვულ იარაღზე მუშაობას. ბირთვული იარაღის მქონე ირანი სრულაიდ შეცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში.
2. ისრაელის მხრიდან ბირთვული დარტყმა ირანზე - ირანის სრული განეიტრალებისათვის, ან სამხედრო მოქმედებების დამძიმების შემთხვევაში ისრაელმა შეეძლება ირანზე ბირთვული დარტყმის მიყენება. ეს იქნება ძალიან მძიმე პრეცედენტი და როგორც ისრაელის მიმართ გააუარესებს განწყობებს, ისე სხვა ქვეყნებს მოუხსნის ტაბუს.
3. სახმელეთო ოპერაციის დაწყება - აშშ-სა და ისრაელის მხრიდან სახმელეთო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. იმ ფონზე რომ ირანი გეოგრაფიულად ციხესიმაგრეა, მსგავსი ომის წარმართვა ურთულესი ამოცანა იქნება, ასობით მილიარდი დოლარი დაჯდება და სასურველი მიზანიც რამდენად შესრულდება წინასწარ რთული სათქმელია.
Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати