USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Тбилиси
ირაკლი ჟვანია: ჩემი ნამუშევრებიდან ყველაზე ძალიან პატარა უფლისწულის და ჩემი შვილის ქანდაკება, „გოგონა ველოსიპედით“ მიყვარს
дата:  3976

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია  იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, ვისაც საქართველოში გაუმართლა და იმ კედლის გარღვევა შეძლო, რომელთან ჭიდილშიც მრავალი წელი გაატარა -  მის, როგორც მოქანდაკის „ანგარიშზე“ 12  ქანდაკება და 35 მდე შადრევანია, რომლებიც  თბილისს და სხვა ქალაქებს ამშვენებს, თუმცა თავად ფიქრობს, რომ,  რომ არა ბიუროკრატია და ხელოვნური ბარიერები, პროფესიაში, რომელშიც  მრავალი წელი გაატარა, უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.

კინოში გატარებული ბავშვობა, ოცნება  რეჟისორის ამპლუაზე, უცნაური შეკვეთა უნგრეთიდან  და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, რომელსაც ირაკლი ჟვანია არ მალავს, როდესაც საქმე  მის ქალაქს  ეხება  -  ირაკლი ჟვანია ამ ყველაფერზე გულწრფელად და სინანულით საუბრობს..   

- ბატონო ირაკლი, კინორეჟისორის და დრამატურგის ოჯახში გაზრდილმა რატომ გააკეთეთ  პროფესიული არჩევანი მოქანდაკეობაზე?

- მთელი ჩემი ბავშვობა  და ახალგაზრდობა კინოსთან იყო დაკავშირებული, ალბათ ამიტომაც ვოცნებობდი კინოზე.  მინდოდა  რეჟისორობა, მსახიობობა, მოკლედ, კინოში მინდოდა ცხოვრება. ისე მოხდა, რომ როდესაც სკოლა დავამთავრე მამა გახდა ავად და იმ წელიწადს არ ჩავაბარე, ლანა ღოღობერიძე იყვანდა ჯგუფს. მეორე წელს სამსახიობოზე ვაბარებდი, მაგრამ  ქულები დამაკლდა. დედაჩემის ამხანაგმა მიმიყვანა ზურაბ წერეთელთან, რომელიც  სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტთან  მის მიერ დაარსებულ მონუმენტური  ქანდაკების   ჯგუფს ხელმძღვანელობდა. იქამდე ქანდაკებასთან არანაირი კავშირი არ მქონია. იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის სახლში რაღაცეებს ვხატავდი, არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე ამ თემასთან მექნებოდა კავშირი, მით უმეტეს ასეთი  მასშტაბით.

მამაჩემი გურამ ჟვანია დოკუმენტალისტი იყო, უფრო სამეცნიერო პოპულარულ ფილმებზე მუშაობდა. მამამ გააკეთა 15 წუთიანი  ფილმი „აბრეშუმი“, რომელმაც აიღო უმაღლესი, ლომონოსოვის პრემია. იმდენად კარგი ფილმი იყო, რომ  ჟაკ  კუსტომ  საფრანგეთიდან მოწვევა გამოუგზავნა, იქნებ ჩემთან ჩამოხვიდეო, მაგრამ საბჭოთა კავშირში ამას ვინ გაახმაურებდა  და დაუმალეს მოწვევა. მამას ახლო მეგობრობა ჰქონდა  რეზო თაბუკაშვილთან, გურამ პატარაიასთან, გია ჭუბაბრიასთან, გურამ ასათიანთან. ეს იყო ცალკე  წრე კინემატოგრაფიაში. მთელი ბავშვობა პლეხანოვის კინოსტუდიაში მაქვს გატარებული, დღემდე მახსოვს  სამონტაჟოში ფირის სუნი.

- ოდესმე გინანიათ, რომ კინოს არ გაჰყევით?

-  კი, ხშირად  მქონია ასეთი განცდა. ყველა პროფესიას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მომენტები.  მოქანდაკის საქმესაც აქვს დადებითი  მხარეები, მაგალითად,  თუ მოახერხე და გაარღვიე კედელი, რომელთან „ჭიდაობამაც“  წაიღო ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი,  შექმნი  ისეთ რაღაცას, რაც ღირებულია და  სულ დარჩება შენს ქალაქში თუ ქვეყანაში.  რაც ვერ უძლებს დროს, ის ქანდაკებები იხსნება, საბედნიეროდ, ამ მგონია, რომ ეს საფრთხე რომელიმე  ჩემს ნამუშევარს  ემუქრებოდეს. ძალიან  მაწუხებს, რომ ბოლო წლებში   ჩემი პროფესია  არასაჭირო გახდა. ეს  დაახლოებით იმას ჰგავს, ახლა კაცი რომ კოსმონავტი იყოს საქართველოში, დადიოდეს და ვიღაცეებს ეხვეწებოდეს, კოსმონავტი ვარ და კოსმოსში  გამაფრინეთო. არ უნდათ შენი კოსმონავტობა და მორჩა. 30 წელია, რაც  ამ საქმეს ვაკეთებ, სულ ორი კერძო დაკვეთა მქონდა: ცხონებული  ბადრი პატარაკაციშვილის და კომპანია „სითი მოლის“. ჩვენი ძირითადი დამკვეთი არის სახელმწიფო, რომელსაც  სამწუხაროდ,  არ აქვს სურვილი, გაკეთდეს ახალი ქანდაკებები. ისიც კი მიკვირს ასეთ გარემოში, როგორ მოვახერხე 12 ნამუშევრის შექმნა.  სიმართლე გითხრათ,  ადრე  უფრო იყო მოთხოვნა ქანდაკებებზე, იმ გაჭირვებულ დროში უფრო მეტი კეთდებოდა თბილისშიც და რეგიონებშიც, ახლა  ეს თემა აბსოლუტურად ჩამკვდარია.  

452669613_10225230573975724_7839673343664125745_n  

ჩემი პროფესიის ერთ-ერთი მთავარი წუხილი ისიცაა, რომ  მოქანდაკეობა, როგორც მხატვრობა, მაინც  მარტოობის პროფესიაა. მე მიყვარს ადამიანები, ურთიერთობები. ამას წინათ, ჩემმა ბიძაშვილმა თორნიკე ბზიავამ ფილმში გადამიღო. ისე მომეწონა ამდენ ხალხთან მუშაობა, თუხთუხი, ურთიერთობა, უზარმაზარი  სიამოვნება მივიღე. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.  მალე  60 წლის ვხდები  და კინოზე ფიქრი ვერ დავასრულე (იცინის)  სიამოვნებით ვითამაშებდი კიდევ ახალ ფილმში, რომ შემომთავაზონ.  ფილმის გადაღებაც მინდა,  კარგი სცენარი მაქვს,  მაგრამ ფილმს დიდი ბიუჯეტი სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ  საბედნიეროდ, ქვეყნის ბიუჯეტი 30 მილიარდია, აქედან  ერთი სკვერის გაკეთებაზე შეიძლება 15 მილიონი გამოყონ მაშინ როცა,  ქართული კინოსთვის სულ  6-7 მილიონია განკუთვნილი, კულტურის სხვა მიმართულებებზე   2-3 მილიონი, რომელსაც კულტურის სამინისტრო თავისი სურვილის მიხედვით ანაწილებს. არ ვიცი, როდის  უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ქართველებს არ შეგვიძლია „ტოიოტას“ ან ბოინგის გამოშვება, სამაგიეროდ კარგად გამოგვდის კულტურის,  ხელოვნების, კინოს გაკეთება...   

თქვენ გაიზარდეთ  წრეში, სადაც თქვენი თაობის ყველა გამორჩეული სახე ტრიალებდა, მათ შორის იყო თქვენი მეგობარი ლევან აბაშიძე.  როგორ გახსოვთ დღეს ის წლები, თქვენი ახალგაზრდობის თბილისი?

- ეს იყო ურთულესი პერიოდი, რომელმაც ჩემი თაობის ბევრი გამორჩეული ახალგაზრდა შეიწირა. სამხატვრო  აკადემია 1991 წელს დავამთავრე, იმ დროს დაიწყო თბილისში ის არეულობა, რომელიც ყველამ ერთად  გამოვიარეთ. უამრავი ხალხი დავკარგეთ, ზოგი ნარკოტიკით, ზოგი ტყვიით,  ზოგი კრიმინალური სიტუაციით, უამრავი -  ომით. ძალიან რთული იყო გადარჩენა. ისეთი არეული დრო იყო, კაცმა არ იცოდა, სახლიდან რომ გადიოდი, რა გელოდა.  

ჩემი მეგობრების წრე იყო დიდი და საინტერესო. ვინემეს გამოყოფა გამიჭირდება, თაბუკაშვილების ოჯახს გამოვყოფ, ჩემი უახლოესი ადამიანები არიან ლაშა, მედიკო, პატარა რეზიკო.ეს ხალხი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.  ერთს გეტყვით, რომ თუ მაშინ  თბილისში ვინმე ცნობილი და კარგი ბიჭი იყო, ყველასთან ვმეგობრობდი. იყვნენ ვიღაცეები, ვინც ჩემთვის მიუღებლები იყვნენ და ასე  დარჩნენ ბოლომდე. კარგი წრიდან ყოფნა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ  იყო ხარისხიანი. ლევან აბაშიძე გამორჩეული იყო, ის კარგი წრიდანაც იყო და ხარისხიანიც.  ახლო მეგობრები ლევანს ლოვიკას ვეძახდით (იცინის) ლევანის დედა მანანა და მამაჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.  შესაბამისად, მე და ლევანი ბავშვობიდან  ერთად ვიზრდებოდით, გვიყვარდა ერთად ყოფნა,  რაღაცეების მოგონება, ტიპაჟებიც ერთნაირები  ვიყავით.  თითქოს  გარეგნულადაც გვამსგავსებდნენ, თუმცა  ლევანი, რა თქმა უნდა, ძალიან პოპულარული  ბიჭი იყო ჩვენ შორის. აფხაზეთში  წასვლის წინა დღეს ერთად ვიყავით  მაგასთან სახლში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე.   რაღაცნაირად ვღელავდი.   იმ პერიოდში გადაღებები ჰქონდა და ვუთხარი: სად მიდიხარ, ამდენი გადაღება გაქვს მეთქი, წავალ და 5 დღეში ჩამოვალო - მითხრა. ომში ნამყოფი არ იყო, სროლაც არ იცოდა. რომ წავიდა, ზუსტად მეხუთე დღეს დედამისთან მივედი. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა, მე დედამისი მყავდა ხოლმე ჩაბარებული, ლევანს -  დედაჩემი,  რამე თუ დაჭირდებოდათ, ბაზარში წაყვან-წამოყვანა, ერთმანეთის მშობლებთან ვჩნდებოდით. ასე ჩვეულებრივ შევიარე იმ დღეს მანისთან, ვიცოდი, რომ ნერვიულობდა. ბიჭები მოვიდნენ, მათ გაგვაგებინეს ლევანის დაღუპვის ამბავი. მანი ინტუიციით მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, მახსოვს, გარეთ  გავიდა და ეზოში ყვავილების მორწყვა დაიწყო. ეს ისეთი შოკი იყო ჩვენთვის ყველასთვის, არ ვიცი, ის დღეები როგორ გადავიტანეთ.

 330830561_728912135498738_2921902556627453886_n

საბედნიეროდ, მე მოვესწარი იმ  ურთიერთობებს, რითიც იყო გამორჩეული ჩვენი ქალაქი. ეს იყო პერიოდი, როდესაც  თბილისი იყო  „უკანონო“, მაგრამ ბევრად ადამიანური. დღეს ვართ ეპოქაში, სადაც  ვითომ ყველაფერი კანონიერია, მაგრამ ადამიანური მომენტები   გახდა ძალიან  იშვიათი. თუ ჩვენ დროს  გვერდში დადგომა ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა,  ახლა ეს ისე გაიშვიათდა, ძნელია იპოვო ადამიანი, გვერდში რომ უანგაროდ დაგიდგება. ამას წინათ, ერთ ადამიანს საინტერესო პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიიტანა ვთხოვე გადაწყვეტილების მიმღებ პირამდე, ვერაო, მითხრა, კორუფციაში ჩამეთვლებაო (იცინის)  წლების წინ პრაქტიკულად ყველა ჩემი ნამუშევრის იდეა ასე მივიდა იმ პირებამდე, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა. მაშინ მერიის მრჩეველთა საბჭოში იყვნენ ჩემი ოჯახის ახლობელი ადამიანები, გიგა ლორთქიფანიძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ზურაბ წერეთელი, ნოდარ ჯამბერიძე, თამაზ გამყრელიძე, ნინა ჯავახიშვილი და სხვები და სხვები, შეიძლებოდა, რომელიმე ვინმეს კორუფციაში დაედანაშაულებინა იმის გამო, რომ ჩემს ნამუშევარს მწვანე შუქი აუნთეს? ბადრი შოშიტაიშვილი იყო ქალაქის მერი, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც პირდაპირ დაავალა მერიას ჩემთვის, 26 წლის ბიჭისთვის მოეცათ  პროექტის განხორციელების საშუალება ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.   

ასე გაჩნდა მრგვალ ბაღში, სენტ - ეგზიუპერის პატარა უფლისწულის ქანდაკება? რატომ მაინდამაინც მრგვალი ბაღი და ცნობილი  ლიტერატურული პერსონაჟი?  

- მიყვარდა ეგ ადგილი, მანდ გავიზარდე. „პატარა უფლისწული“ ყველა ბავშვის  საყვარელი პერსონაჟი იყო და ვიფიქრე, რომ მრგვალ ბაღს  მოუხდებოდა და გაალამაზებდა. ამას ჰქონდა ერთი წინაისტორია. ეგზიუპერი იყო ჩემი დიპლომის თემა სამხატვრო  აკადემიაში.  ისეთი დრო იყო, ისე დავამთავრე აკადემია, ლექციაზე არ ვყოფილვარ. დიპლომის დაცვის დრო რომ მოვიდა წავედი გია ჯაფარიძესთან, ჩვენ იქიდან მოყოლებული მეგობრები ვართ. გიას ვთხოვე, პატარა მარმარილოს ფირფიტა გამიკეთე მეთქი. ნახვრეტში ფანქარი ჩავარჭე,  ფანქარზე პლასტელინის ბურთი დავამაგრე, როგორც პლანეტა, ყველა ფიგურა დავსვი, „ნოვოკაინის“ ამპულას ასანთის ღერი გავუკეთე, ვითომ ვარდი იყო. რაღაც საშინელი სათამაშო კომპოზიცია მივიტანე აკადემიაში, ზომით 30 -30 სმ-ზე, მაშინ როცა მოჰქონდათ სადიპლომო ნამუშევრები 5 მ- 5 მეტრზე. იდეაში „პატარა უფლისწულია“, მაგრამ არაფერს არ ჰგავს. ვიფიქრე, რომ მომცემენ დიპლომს კარგი, არ მომცემენ და ჯანდაბას -მეთქი. დერეფანში თაზო ხუციშვილი შემხვდა, ბიჭო ეს რა მოიტანეო, გასატყეპი ხარო - მითხრა. შევედი დიპლომის დაცვაა დიდ დარბაზში, 500 სტუდენტია, ჩემი ნამუშევრის დანახვაზე ატყდა ჩოჩქოლი (იცინის)  დაცვის პროცესში აუცილებლად უნდა გყოლოდა ხელოვნებათმცოდნე, მე გამექცა  ხელოვნებათმცოდნე, რა შინაარსი უნდა „წაიკითხა“ ჩემს ნამუშევარში, რა უნდა ეთქვა. მოკლედ მარტო წარვსდექი კომისიის წინაშე,  სადაც დამსახურებული ადამიანები იყვნენ. ტარიელ ქუთათელაძემ რომ დაინახა ჩემი ნამუშევარი, გაოცებულმა მითხრა: ეს რამ მოგატანინაო. კომისიის წევრი იყო  ოთარ ლითანიშვილი, რომელიც მაშინ  თბილისის მთავარი მხატვარი იყო. საოცარი ადამიანი იყო ბატონი ოთარი. დამიძახა და მითხრა: ბიჭო მე მამაშენი ისე მიყვარდა, დიპლომის გარეშე როგორ დაგტოვებ, მაგრამ ეს რამ მოგატანინაო - არ ვიცი, რამ მათქმევინა, ეგრევე ვუპასუხე: ბატონო ოთარ, მე თქვენ ამის გახსნაზე დაგპატიჟებთ -მეთქი. გავიდა დრო და სიტყვა შევასრულე, დავდგი პატარა უფლისწულის ძეგლი დიდი მასშტაბით, თუმცა სამწუხაროდ, ბატონი ოთარი უკვე გარდაცვლილი იყო და ამას ვერ მოესწრო. 

 - თქვენი ქანდაკებებიდან განსაკუთრებით რომელი გიყვართ?  

- ყველა მიყვარს, მაგრამ გამორჩეულად პატარა უფლისწული და ჩემი შვილის ქანდაკება, „გოგონა ველოსიპედით“, რომელიც ბათუმში დავდგი.  მიყვარს პლანეტა „აპოლო“, რომელიც დავდგი უნგრეთში 2017 წელს. წარმოუდგენელი სამუშაო გავაკეთე 2 თვეში, დღემდე ვერ ვხვდები,  ეს როგორ შევძელი. ერთ დღეს დამიკავშირდა უცნობი ქალბატონი, რომელმაც მითხრა, რომ ინტერნეტში ნახა ჩემი ესკიზი, რომელიც 2009 წელს ფოტოშოფში მქონდა გაკეთებული და აღარც კი მახსოვდა. მსგავსი ესკიზი ბევრი მქონდა გაკეთებული. ქალბატონმა მითხრა, თქვენი ესკიზი ვნახეთ და პლანეტას თუ გაგვიკეთებთო. დავთანხმდი, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა გამეკეთებინა.  აპოლო იყო უზარმაზარი ინდური კომპანია, რომელსაც მრავალმილიონიანი ინვესტიცია  ჰქონდა  უნგრეთში, სწორედ მათი ქარხნის წინ  უნდოდათ აპოლოს ქანდაკების დადგმა. რადგან დავთანხმდი დავიწყე სამზადისი - სირბილი ჩვენს ქარხნებში, არც ერთმა კონსტრუქტორმა ხელი არ მომიწერა ნახაზებზე, ყველამ უარი მითხრა: ეს ევროპაში მიდის, რა ვიცით იქ რა იქნებაო. ბოლო ბოლო მე თვითონ გავაკეთე ნახაზები, ხელიც მე მოვაწერე, ვითომ კონსტრუქტორი ვიყავი. რუსთავში ვიპოვე   ძველი  ინსტრუმენტული ქარხანა, კარგი ხალხი  მამა -შვილი ზედელაშვილები,  რომლებიც   ძალიან დამეხმარნენ.  თვენახევარში ავაწყვეთ უზარმაზარი ბურთი, რომელიც დავჭერი ფოთლებად, კონტეინერებით გავუშვი უნგრეთში და შემდეგ მეც ჩავედი. ისეთ ტემპში და ცაიტნოტში დავდგით ეს ქანდაკება, ყველაფერი რომ დამთავრდა,  მერე მოვედი გონს (იცინის)     

ჩემთვის  ემოციური  იყო მუშაობა  იმ კედელზე, რომელიც გაკეთდა  გმირთა მოედანზე. მასზე ამოტვიფრულია გარდაცვლილი გმირების სახელები და გვარები, თვითონ კედელს დიდი  მხატვრული ღირებულება არ აქვს, თუმცა მასზე მუშაობის პროცესი ემოციური იყო.  მე მინდოდა  კედელს ჰქონოდა ნახევარსფეროს ფორმა, რომელსაც ცენტრიდან გაჰყვებოდა ოქროს ზოლები, როგორც სოხუმიდან ამოსული მზის სხივები, სადაც დაეწერებოდა გარდაცვლილი ბიჭების სახელები. ხომ იცით ჩვენთან როგორაა, პირველმა პირმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი,  ქანდაკებაც კი, სააკაშვილმა თავი მოიკლა, გინდა თუ არა კედელი ოთხკუთხედი უნდა იყოსო და  ჩემი ვარიანტი შეიცვალა.

ემოციურად ასევე მნიშვნელოვანი იყო მუშაობა ბადრი პატარკაციშვილის ქანდაკებაზე, რომელიც დედამისის, ქალბატონი ნათელას თხოვნით  2018 წელს გავაკეთე.  ძალიან გამიჭირდა ამ ძეგლზე მუშაობა, ბადრის კარგად ვიცნობდი, თბილი მეგობრული ურთიერთობა მქონდა მასთან იმ დღიდან,  როდესაც მთაწმინდის პარკის პროექტზე მუშაობა დავიწყე. მას ძალიან მოწონდა ხე, რომელიც გავაკეთე მთაწმინდის პარკის შადრევანში და წლების მერე, ამ ხის  ქანდაკებიდან 200 მეტრში უნდა დამედგა გარდაცვლილი ბადრის ძეგლი, რაც ადვილი არ იყო. ბადრის ისე  უყვარდა  მოსვლა მთაწმინდაზე, იქ დაჯდომა, საუბარი. რაღაცნაირი ნათელი კაცი იყო. რამდენი მილიონერი მინახავს მოსულა და წასულა, ბადრი სხვანაირი იყო. როდესაც მოდიოდა, ყველას გულით მოიკითხავდა, დაელაპარაკებოდა ბიჭებს. საოცარი იუმორი ჰქონდა, ნამდვილი ქალაქელი იყო. ამდენი წელი გავიდა, ვერ ვივიწყებ  და გული მწყდება რომ ის ცოცხალი აღარ არის. 

416028590_10224266583276559_8485845770687346717_n

 - თქვენ სახელთან არის დაკავშირებული თბილისში და სხვა ქალაქებში ბევრი ცნობილი და ლამაზი შადრევნის გაკეთება.

- შადრევნებზე მუშაობა მოიტანა საჭიროებამ, ქანდაკება არავის უნდა და ჩვენც ხომ გვჭირდება  ცხოვრება?!  დაახლოებით  35 მდე შადრევანი მაქვს გაკეთებული. ამ წლებში ჩემი გაკეთებული  შადრევნები მოეწყო თბილისში კიკვიძის ბაღში, ვაკის პარკის წინ, ვერის პარკში, მუშტაიდის პარკში,  ქობულეთის, ბათუმის, ლანჩხუთის ცენტრებში. ამჟამადაც  ვმუშაობ ამ მიმართულებით, რაც ჩემთვის შემოსავლის წყაროა.  რა ვქნა აბა? ამ ქალაქში ქანდაკება არავის აღარ უნდა. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ბოლო ათ წელიწადში ქალაქში არც ერთი ღირებული ქანდაკება არ დადგმულა. რაც  ძალიან მაწუხებს. ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და  ქანდაკება არსად არ არის,  არა მარტო თბილისში, მთელ საქართველოში ასეა. პირობითად, კეთდება დიდი სკვერი, რომელზედაც  უნდა მოეწყოს  კომუნიკაცია, სკამი, ურნა, ლამპიონი, და ა.შ. აიღე და დაამატე  ერთი არქიტექტურული ნამუშევარი, ერთი ქანდაკება, შეიტანე  მხატვრული ნიუანსი, არა,  არ უნდათ!    სად აქვს ყველაზე მეტი ფოტო გადაღებული მსოფლიოში ტურისტს? ტრევის შადრევანთან, ლუვრთან, გაუდის ნამუშევრებთან, მონჟუიკთან, ვერსალში. ეს აუცილებელია ტურისტული თვალსაზრისით. რამდენი წელიწადია ვამბობ, რომ კარგი იქნებოდა  საქართველოში გაგვეკეთებინა მადამ ტუსოს მუზეუმის მსგავსი მუზეუმი, ქანდაკებებში გაგვეცოცხლებინა ჩვენი ისტორიის მუზეუმი, მაგრამ ვინაა ამის გამკეთებელი. თბილისში  უამრავი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ გვაქვს ადგილი, რომელიც მარტო თბილისის სავიზიტო ბარათი შეიძლება იყოს? 

 - ნარიყალა ვერ შეითავსებს ამ ფუნქციას?

- ნარიყალა ვერ გახდება ასეთი ადგილი,  მისი მსგავსი ძალიან ბევრია მსოფლიოში. ჩვენც ხომ შეიძლება გვქონდეს ჩვენი ტრევი ან რაიმე სხვა,  გიჟები იყვნენ ისინი, ესენი რომ  გააკეთეს?  მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ბაბუამ  მოახერხა და წამიყვანა  ჩეხოსლოვაკიაში,  შოკი დამემართა როდესაც პრაღის ხიდები, ქანდაკებები ვნახე. წარმოიდგინეთ ნაცრისფერი თბილისიდან, საბჭოთა კავშირიდან,  პრაღაში რომ მოხვდები, ეს რას ნიშნავდა საბჭოთა ბავშვისთვის. ბაბუაჩემი  მამია გოგოლიშვილი ძალიან მაგარი კაცი იყო, სტალინს იცნობდა, შემთხვევით  გაიცნო სუფრაზე. სტალინმა დანიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, მოგვიანებით, 40 წელი თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორად მუშაობდა. მახსოვს, როდესაც პრაღიდან  თბილისში ჩამოვედი, სულ ვკითხულობდი: ხალხო იმათ თუ აქვთ, ჩვენ რატომ არ გვაქვს?  ვიღაც მიხსნიდა, იმიტომ რომ საქართველო სულ ომში იყო და არ გვეცალა ამისთვის, თითქოს ფრანგებს და ესპანელებს ომები არ გადაუტანიათ და მიქელანჯელო არ იმალებოდა ფლორენციაში ომის დროს. მეორე შოკი დამემართა, როდესაც ჩემმა ამხანაგმა წამიყვანა სოფელ ასურეთში, სადაც ვნახე გერმანელების აშენებული სახლები და ეკლესია. ვერ მივხვდი, იმ სოფელში ასეთი სილამაზეები რატომ იყო. როგორც ჩანს, ეს არ არის ჩვენში. სამწუხაროდ, ქართველი მანქანაში გადაიხდის 100 ათასს, ააშენებს ოფისს ხუთასი  ათასიანს, მაგრამ იმ ოფისში არაფერს  არ გააკეთებს ესთეტიკისთვის,

ადრე უფრო აქტიურად ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას იმ პრობლემებზე, რაც არის ჩვენს  ქალაქში, მივხვდი, რომ აზრი აღარ აქვს,  არავინ არაფერს ცვლის.  სამი კაცი დაჯდება მერიაში და გადაწყვეტენ, სად რა და  როგორ უნდა გაკეთდეს, აქ ბუჩქი უნდა იყოს, აქ ტროტუარი და სულ ეგაა. ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. ურბანისტობა რად უნდა  იმას, რომ თბილისში პრაქტიკულად აღარ დატოვეს მოედანი.  ვაკის პარკთან ჩემი შადრევანი  „მუსიკოსები“ რომ ავიღოთ,  იყო მშვენიერ გაშლილ მოედანზე, ახლა ხეები, ბუჩქები, ბილიკები ისე „ამოეფარა“,  საერთოდ აღარ ჩანს პროსპექტიდან. იგივე ხდება ფილარმონიასთან, ასევე სასტუმრო “აჭარის” წინ.  ამ მოედნებზე ვეღარ გაივლი, აღარაა სივრცე, გგონია რომ ორღობეში მოდიხარ. ესენი ფიქრობენ, რომ კარგს აკეთებენ, მაგრამ ასე არაა, ქალაქს მოედნები სჭირდება. წარმოიდგინეთ, პარიზში ეტიოლეს მოედანზე ბუჩქები რომ დარგო, რა გამოვა.  

 - ასეთი გამოცდილების მქონე წასულიყავით პოლიტიკაში, თუნდაც მუნიციპალურ ორგანოში და თავად მოგესინჯათ ძალები პრობლემების მოგვარებაში.

-იმის მიუხედავად, რომ ბევრი მეგობარი მყავდა პოლიტიკაში, მე თვითონ  არასდროს გამიხედავს პოლიტიკისკენ, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არ დამიკრავს ტაში არც ერთი მათგანისთვის. ერთხელ შემომთავაზა ზურაბ ჟვანიამ, პარლამენტში წამოდიო, მაგრამ  კატეგორიული უარი ვუთხარი, მგონი ვაწყენინე კიდეც. ჯერ ერთი  ყოველთვის ვფიქრობდი,  რომ საქართველოში პოლიტიკა ბინძური სფეროა. თუ რამის გაკეთება გინდა, ვერ აკეთებ და  შესაბამისად, არ  ღირს, თუ ვერაფერს გააკეთებ, მარტო ყაყანში მიიღო მონაწილეობა, მერე  გაგინონ შენც, როგორც ყველას აგინებენ. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?!  მე თავისუფლება მერჩია და დავრჩი კიდეც თავისუფალი, ეს იყო ჩემი არჩევანი და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.   

თამუნა ნიჟარაძე    

298406571_10221382728381989_8080720276295812604_n

302163414_10221481675255599_744537452460707306_n

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати