USD 2.6932
EUR 3.2009
RUB 3.5273
თბილისი
ირაკლი რუხაძე: რატომ დაიძაბა ურთიერთობები „იმედსა“ და „ნაციონალური მოძრაობას“ შორის და რატომ დახურა სააკაშვილმა "იმედი"?
თარიღი:  326

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს უსმენენ. მან განმარტა როდის და რატომ დაიძაბა ურთიერთობები „იმედსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას შორის.

„პირველი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა შემთხვევით ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, რომლებმაც საწყალი სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე, რომელიც ასევე ბადრის სახლთან იყო. ბადრის ხელში ჰქონდა ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა მანქანის ნომრებს და ა.შ. უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოვხვდით, რომ ეს არ გვეჩვენებინა „იმედზე“. თავიდან ეს მეგობრული იყო - „ოღონდ ეს არ აჩვენოთ და რაც გინდათ გვთხოვეთ“. მერე ეს ყველაფერი მუქარაში გადავიდა. ჩემამდეც გადმოვიდა, იმიტომ, რომ ბევრ ხალხს ვიცნობდი თბილისიდან. გიგა ბოკერია მთლად ჩემი მეზობელი იყო. მაგრამ ბადრის [პატარკაციშვილის] გადაწყვეტილება იყო ფუნდამენტური, რომ ეს უნდა გვეჩვენებინა და ვაჩვენეთ ეს „იმედზე“, - განაცხადა რუხაძემ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ბიზნეს-ჯგუფს არცერთი ტენდერი არ მოუგია. რუხაძე იხსენებს, რომ ვითარება მოკლე დროით შეიცვალა 2007 წელს, ლონდონში ბადრი პატარკაციშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

„შეხვედრის დედააზრი იყო ის, რომ ბადრი პატარკაციშვილმა გაცვალა „იმედი“ საქართველოს რკინიგზაში. როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენ ძალიან გვიშლიდა ხელს ბიზნესის წარმოებაში დაპირისპირება. ამ დაპირისპირების ეპიცენტრი იყო რა თქმა უნდა „იმედი“ და ამიტომ, ბადრი თვითონ იყო საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ - ერთი მხრივ „იმედი“, მეორე მხრივ მისი ბიზნეს ინტერესები ქვეყანაში და ამიტომ, რაღაც მომენტში მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ „იმედს“ გაცვლიდა საქართველოს რკინიგზაში. ამის მერე საქართველოს რკინიგზის უცნაური პრივატიზაცია მოხდა. რაღაც გაურკვეველ ინგლისურ ჯგუფს გადასცეს, საერთოდ გაურკვეველი პირობებით. მე ძალიან კარგად ვიცი, ის ჯგუფი რა იყო, იმიტომ, რომ მე მიმყავდა მოლაპარაკებები უკვე ინგლისშიც. რამდენიმე თვე გაგრძელდა ეს ჩვენი „თაფლობის თვე“, როცა პრივატიზაცია გაუკეთეს რკინიგზას და იმ ჯგუფს მისცეს, რომელსაც მერე ჩვენთვის უნდა გაეცვალა „იმედში“. ამ დროის განმავლობაში მოვასწარით „მაგთიკომის“ წილის ყიდვა, მოგვცეს უფლება, თორემ ეს რომ არ ყოფილიყო, „მაგთიკომის“ წილს ვერ ვიყიდდით, იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები, ინგლისელები, რომლებიც ჩემთან ერთად შემოდიოდნენ, გააჩერა სააკაშვილმა და უთხრა: ამათთან ერთად ნუ დააბანდებ ფულსო. მერე, რაღაც მომენტში უთხრა, კაი, ახლა შეიძლებაო. და ზუსტად ამის შემდეგ მოგვცეს საშუალება, რომ შეგვეძინა „მაგთიკომის“ წილი. მერე ბადრის დაეწყო ჭმუნვები, საქართველოში უამრავი საშინელება ხდებოდა, რომელმაც მერე 7 ნოემბრამდე მიგვიყვანა და რაღაც მომენტში ბადრიმ თქვა: „იმედი რომ გავყიდო, მერე ხალხს თვალებში როგორ ჩავხედო, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ქვეყანაში“. მოკლედ, ეს გარიგება სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაიშალა. როგორც კი ეს გარიგება ჩაიშალა, გადავედით ძველ დაპირისპირებაში“, - განაცხადა რუხაძემ.

საქართველოში თავისუფალი სიტყვის სრული ჩახშობა მოხდა. ეს არის აუცილებელი, იმისთვის რომ მერე ქვეყანაში რაც გინდა ის გააკეთო და იმისთვის, რაც სააკაშვილმა მოუწყო ქვეყანას, იმისთვის რომ აბსოლუტური უკანონობა დანერგო, პირველ რიგში უნდა გაანადგურო თავისუფალი სიტყვა, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

„სანამ თავისუფალი სიტყვა არსებობს, ამის გაკეთების საშუალება სააკაშვილს არ ექნებოდა. სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ მიაღწევდა იმას და ვერ გააკეთებდა იმას, რაც მერე გააკეთა - რაც 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, რაც მოხდა 26 მაისს და ყველაფერი სხვა. ამის საშუალებას მთავრობას აძლევს მხოლოდ სრული კონტროლი მედიაზე. სრული კონტროლი მედიაზე რომ არ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, ამას ვერ მოახერხებდა“, - განაცხადა რუხაძემ.

მისი თქმით, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო ჩუმად და შემდეგ ამ ფოტოებს მტკიცებულებებად იყენებდნენ, როდესაც საქართველოს მთავრობას უჩიოდნენ სხვადასხვა სასამართლოში.

„ამერიკელი გენერალური დირექტორი გვყავდა მაშინ [„იმედის“ დარბევის დროს]. „ნიუსკორპთან“ გვქონდა პარტნიორობა, მერდოკის კომპანიასთან, რომელიც შემდეგ ძალიან დაგვეხმარა „იმედის“ დაბრუნებაში, აქტიურად მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. ეტყობა ამ კაცს [დირექტორს] ვერ გაუბედეს ტელეფონის წართმევა, რადგან ამერიკელი იყო, იმ ლოგიკით, რომ ქართველი შეიძლება დაჩაგრო და ამერიკელი - არა. დანარჩენებს ყველას დაულეწეს ტელეფონები, წაართვეს. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო. ჩუმად იღებდა, მაგრამ ამ ფოტოებს შემდეგ მტკიცებულებებად ვიყენებდით, როდესაც საქართველოს მთავრობას ვუჩიოდით სხვადასხვა სასამართლოში“, - აღნიშნა რუხაძემ.

 

მსოფლიო
BMG: ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები - 2025 წლის TOP 10 ბრენდი აშშ-ში

ავტომწარმოებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავი 2025 წელი ჰქონდათ, მიუხედავად ისეთი სერიოზული დაბრკოლებებისა, როგორებიცაა მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და იმპორტირებულ მანქანებსა თუ ნაწილებზე დაწესებული ტარიფები.

წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 2.4%-იანი ზრდა ხაზგასმით აღნიშნა. მათი განცხადებით, ეს ინდუსტრიის საუკეთესო მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ და ასევე დასტური იმისა, რომ მათ მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ავტომობილები არ გააძვირა.

ამის გათვალისწინებით, USA TODAY-ის გუნდმა შეისწავლა წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვების უახლესი ანგარიშები, რათა გაერკვია, ვის ჰქონდა საუკეთესო 2025 წელი ავტომობილების გაყიდვების კუთხით.

გთავაზობთ 10 ყველაზე გაყიდვად ავტობრენდს იმ მწარმოებლებს შორის, რომლებმაც 2025 წლის გაყიდვების სრული მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს:

2025 წელს "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors) 2.85 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Chevrolet Silverado და GMC Sierra იყო. გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ ის უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, ამერიკის ლიდერია სრული ზომის პიკაპების ბაზარზე, სადაც Silverado-მ და Sierra-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯამური გაყიდვები დააფიქსირეს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა "ტოიოტა" (Toyota) 2.5 მილიონი გაყიდული ერთეულით, საიდანაც ყველაზე პოპულარული მოდელი RAV4 იყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, იაპონური კომპანია "მადლიერია გასულ წელს ტოიოტას მომხმარებლების მზარდი გამოხმაურებისთვის, რაც ხელმისაწვდომობისა და არჩევანის მრავალფეროვნებისადმი, კომპანიის ღრმა ერთგულებას ასახავს".

მესამე ადგილს 2.1 მილიონი გაყიდვით "ფორდი" (Ford) იკავებს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი F-სერია იყო. "ფორდის" განცხადებით, მათი ბაზრის წილი წლის განმავლობაში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.2%-ს მიაღწია, რაც მომხმარებელთა ფართო წრისთვის "ფორდის” მიზიდულობამ განაპირობა, კომპლექტაციებისა და ძრავების მრავალფეროვანი არჩევანის ხარჯზე".

ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე ადგილზე "ტესლაა" (Tesla). მან 2025 წელს 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი Model Y იყო. ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2025 წელს 434 ათასი ავტომობილი აწარმოვა და 14.2 გიგავატ/საათი მოცულობის ენერგიის შემნახველი სისტემები დაამონტაჟა, რაც რეკორდული მაჩვენებელია".

მეხუთე ადგილზე 1.4 მილიონი გაყიდვით "ჰონდა" (Honda) და მისი CR-V არიან. "ჰონდამ" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წელი იყო "მათთვის საუკეთესო, 2021-ის შემდეგ, 0.5%-იანი წლიური ზრდით". კომპანიის თქმით, გაყიდვების ზრდა მიღწეულ იქნა "მიუხედავად ბაზრის პირობების ცვლილებისა და მიკროჩიპების დეფიციტისა, რამაც მე-4 კვარტალში მარაგების შემცირება გამოიწვია".

1.2-მილიონიანი გაყიდვები დააფიქსირა "სტელანტისმა" (Stellantis). მისი ყველაზე გაყიდვადი მანქანა კი Ram-ის სერიის მსუბუქი პიკაპი იყო. როგორც კომპანიამ განაცხადა, კვარტალურმა გაყიდვებმა და ბაზრის წილის ზრდამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბიზნესის გადატვირთვისთვის Stellantis-ი სწორ ნაბიჯებს დგამს.

ასევე საუკეთესო ხუთეულის მიღმა, მე-7 ადგილზე რჩება "ნისანი" (Nissan), 926 ათასი გაყიდვით და ბესტსელერი მოდელით - Nissan Rogue. "ნისანმა" პრესრელიზში აღნიშნა, რომ "კალენდარული წლის განმავლობაში გამორჩეული შედეგები აჩვენეს მისმა Kicks და Pathfinder ყველგანმავლებმა; რომელთა გაყიდვებმაც, თითოეულის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, რეკორდულ მოცულობას მიაღწია.

"ჰიუნდაიმ" (Hyundai) 2025 წელს აშშ-ში 901 ათასი მანქანა გაყიდა. მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tucson იყო. Hyundai-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რეკორდულ საცალო გაყიდვებს აფიქსირებს.

"კია" (Kia) და მისი Sportage ათეულში რჩებიან, გასულ წელს გაყიდული 852 ათასი ავტომობილით. პრესრელიზში "კიამ" აღნიშნა, რომ "საცალო გაყიდვები ზედიზედ მერვე წელია იზრდება.

ბოლო ადგილი "ფოლკსვაგენს" (Volkswagen) უკავია, აშშ-ში თითქმის 330 ათასი გაყიდვით. მათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Tiguan იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ათეულში მოხვდა, "ფოლკსვაგენმა" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალის გაყიდვები 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.8%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, მათ წელი 13%-იანი კლებით დაასრულეს.

შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი ამერიკულ ავტობაზარზე სტაბილურობისა და "პრაგმატული არჩევანის" წელი იყო. მძღოლებმა უარი თქვეს ექსპერიმენტებზე და არჩევანი ნაცად, საიმედო ბრენდებსა და პრაქტიკულ ქროსოვერებზე შეაჩერეს. 2026 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ავტომწარმოებლებს, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ფასების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.

წყარო:https://bm.ge/n

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის