USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
ირაკლი როსტომაშვილი: ყველა ხელისუფლება მტრად მთვლის. ჩემთვის, როგორც არქიტექტორისთვის მთავარია ქალაქის ინტერესების დაცვა
თარიღი:  3236

მრავალი წელია, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი ქალაქის წინაშე არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს. გამოცდილება, რაც მან  რამდენიმე წელი ქალაქის მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე მუშაობით მიიღო, პროფესიონალი არქიტექტორისთვის შეუფასებელია, თუმცა მის პროფესიულ კარიერაში იყო ყველა საფეხური და ყველა  ეტაპი, რაც დამწყებმა არქიტექტორმა უნდა გაიაროს.   

„ ყველა ხელისუფლება მტრად მთვლის, ამ დროს არავის მტერი არ ვარ.  ჩემთვის, როგორც არქიტექტორისთვის მნიშვნელოვანია  ქალაქის ინტერესების დაცვა და ამ პოზიციას არავის გულის მოსაგებად არ შევცვლი. უმეტესობის  პოზიციაა  გავაკეთოთ ბევრი, ჩემი პოზიციაა გავაკეთოთ - კარგი“ - ამბობს  ირაკლი როსტომაშვილი  და  საკუთარი პროფესიული გზის,  წარმატებების და რთული ეტაპების  შესახებ საუბრობს.

- ბატონო ირაკლი, რატომ გააკეთეთ არჩევანი არქიტექტორის პროფესიაზე?

- არქიტექტორობა პატარა ასაკიდან მინდოდა, ალბათ, ამიტომაც პროფესიული არჩევანის გაკეთების დროს, სხვა  პროფესიაზე არ მიფიქრია.  ჩემს ოჯახს არქიტექტურასთან არანაირი  შეხება არ ჰქონია, ბებია და ბაბუა ექიმები იყვნენ, დედა და მამა - ფიზიკოსები.  ბავშვობიდან ვხატავდი,  სამხატვრო სკოლაც მაქვს დამთავრებული. პატარა ასაკიდან მიტაცებდა  სამეცნიერო  ტექნიკური ლიტერატურა, ვკითხულობდი  ყველაფერს, რაც ხელში ჩამივარდებოდა, ისტორიულ  ლიტერატურაშიც კი, ჩემთვის წამყვანი იყო არქიტექტურული ნაწილი. პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. იმ პერიოდისთვის ეს იყო ერთ-ერთი  წამყვანი  უმაღლესი სასწავლებელი ტექნიკური მიმართულებით,  არქიტექტურის ფაკულტეტი კი არქიტექტურის  საუკეთესო სკოლა  საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ჩვენ გვყავდა ძალიან კარგი, მაღალი კვალიფიკაციის კადრები,  ქართველი ინჟინრები, კონსტრუქტორები  დაფასებული იყვნენ ქვეყნის მასშტაბით. ასეთი გამორჩეული ლექტორებით იყო დაკომპლექტებული არქიტექტურის ფაკულტეტი, შესაბამისად, სწავლის მაღალი დონე გვქონდა. ვმონაწილეობდით საერთაშორისო და საკავშირო კონკურსებში, სადაც ყოველთვის იმარჯვებდნენ ქართული სკოლის წარმომადგენლები. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა,  რომელიც მეგობართან ერთად გავაკეთე, დიპლომების საკავშირო კონკურსში პირველი ადგილი აიღო. დიპლომის თემა იყო გუდაურის სათხილამურო კომპლექსი. სწორედ იმ პერიოდში იწყებოდა გუდაურის განვითარება, მე ბავშვობიდან სათხილამურო სპორტში ვვარჯიშობდი,  ეს თემა ჩემთვის უცხო არ იყო, შესაბამისად მთელი სული და გული ჩავდე სადიპლომო ნაშრომში.

4efa1c7e-2118-4843-b503-46f953ee9ac8     

როგორ შედგა პროფესიული ნათლობა და რა იყო   თქვენი პირველი სამსახური?

-  პირველკუსელი გავხდი თუ არა მუშაობა დავიწყე სტუდენტთა საპროექტო ბიუროში, რომელსაც ვახტანგ დავითაია ხელმძღვანელობდა. 17 წლის  ბიჭი ვიყავი ამ სამსახურში გავიარე ყველა საფეხური. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე  ვარ არქიტექტორი, რომელსაც  კარიერაში არ გამოუტოვებია არაფერი -   არც ერთი ეტაპი და არც ერთი ნაბიჯი. 1979 წელს, როდესაც  პირველი კურსი  დავამთავრე, შევიკრიბეთ მეგობრები და  წავედით უჯარმის ციხის რესტავრაციაზე. მთელი ზაფხული ვიმუშავე მუშად, ვეხმარებოდით პროფესიონალებს, რომლებიც ციხის გამაგრებაზე მუშაობდნენ. ჩემი ფუნქცია იყო  ცემენტის, საშენი მასალის ატანა. ორი თვის განმავლობაში  25 კილოიანი ტომრები ზურგით ამქონდა,  რომ დავთვალე რამდენიმე ტონა ცემენტი  მაქვს ატანილი (იცინის)  სტუდენტობის წლებში უჯარმის ციხის  გარდა ნამუშევარი ვარ ბოჭორმის, ხერთვისის ციხეების რესტავრაციაზე, ასევე  ხევსურეთში, გუდანის სოფლის განვითარების პროექტზე, რომელსაც ჩემი მეგობრის მამა  ირაკლი მარგიშვილი ხელმძღვანელობდა. იქ ძალიან  ჭირდა მუშა-ხელი.  მეგობრებთან ერთად  გავაკეთე 40 კაციანი ჯგუფი და წავედით  გუდანში, სადაც  ფიზიკურად,  მუშად ვმუშაობდით. ამ გამოცდილების დამსახურებაც არის, რომ  ყველაფრის გაკეთება შემიძლია.  ცხადია, კალატოზის მსგავსად  პროფესიონალურად ვერ გავაკეთებ, მაგრამ კედელს ავაშენებ, ისე ვერ გავლესავ, როგორც მლესავი, მაგრამ ლესვაც შემიძლია, ვიცი  შედუღება, ბურღვა, არმირება, სადურგლო სამუშაო. ძალიან ცუდია, როდესაც არქიტექტორმა ზეპირად, მხოლოდ თეორიულად იცის საქმე, ეს უფრო ახალი თაობის არქიტექტორებს ეხება.  მინახავს არქიტექტორი მუშას   რაღაცას  ეტყვის, მერე ის თავს იტეხს, ვერ იგებენ რა უთხრეს.  ისე პოლიტიკოსებმაც იციან ასე,  როდესაც კომუნალურ საკითხებზე იწყებენ ლაპარაკს, მაშინვე  ვხვდები, თავისი ხელით ლურსმანი რომ არ აქვთ ჩაჭედებული. ახლა  ხომ მოდაშია, ქორწილებში მეფე - პატარძალი რომ ცეკვას დგამენ.  რაც არ უნდა ივარჯიშონ, მაინც ხომ ეტყობათ, თავის დღეში არ უცეკვიათ, ეგრე არის ჩვენი პარლამენტარების საქმე, საარჩევნო პერიოდში ავარიულ სახლებზე და კომუნიკაციებზე  რომ იწყებენ ლაპარაკს (იცინის)  

არქიტექტორის პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია იმ თემის ცოდნა, რა მიმართულებითაც მუშაობ. ვინაიდან, ადამიანები ყველა სფეროში ერთნაირად კარგად ვერ ვერკვევით აუცილებელია მათი პროფესიული გამოცდილების გაზიარება და გამოყენება, ვისთვისაც პროექტი კეთდება. მაგალითად, როდესაც მუშავდება საავადმყოფოს პროექტი, მნიშვნელოვანია არქიტექტორი ესაუბროს  სამედიცინო პერსონალს, რათა გათვალისწინებული იყოს სამუშაო ციკლის და ტექნოლოგიური აღჭურვის დეტალები. მე მომიწია მუშაობა სპორტულ კომპლექსზე,  ფრენბურთის მოედნის პროექტზე, რა დროსაც ფრენბურთელებისგან მივიღე ყველა ინფორმაცია, რომ მათი საჭიროებები  გათვალისწინებული ყოფილიყო.

- 90 იან წლებში, როდესაც  ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა იყო, ალბათ, დარჩით უსაქმოდ.  მაშინაც არ გიფიქრით პროფილის შეცვლა?  

- არა, არ მიფიქრია. ეს იყო რთული პერიოდი, აქა იქ კერძო შეკვეთა თუ გამოჩნდებოდა სადმე,  ბინის ან რაღაც ასეთი, სხვა რა უნდა ყოფილიყო. არავის არაფრისთვის არ ეცალა, განსახვავებით საბჭოთა კავშირის პერიოდისგან, როდესაც არქიტექტურა ძალიან მოთხოვნადი იყო, არქიტექტორი კი - დაფასებული კაცი. შეიძლებოდა ვაკეში ვერ გეშოვა სამსახური, მაგრამ  თუ მოინდომებდი, საქმეს აუცილებლად იპოვიდი.  მახსოვს მაშინ გამოდიოდა ჟურნალი“ საბჭოთა კავშირის არქიტექტურა“, რომელიც გამოწერილი მქონდა. ბოლო გვერდზე ვაკანსიები იყო ხოლმე მითითებული, ციმბირის ქალაქებში პირდაპირ მთავარ არქიტექტორებს ეძებდნენ. თუ კარიერული წინსვლა გინდოდა, შეგეძლო წასვლა  მშვენიერ თანამდებობაზე, დატვირთული საქმით, ათასი სკოლა, ადმინისტრაციული შენობა, სავადმყოფო, სპორტული კომპლექსი შენდებოდა, მაგრამ  უნდა წასულიყავი კრასნოიარსკის ოლქში და მაშინ ამას ბევრი აკეთებდა.

გეპეის ვამთავრებდი, როდესაც  „მზიურის“ პროექტის განხორციელება დაიწყო. მაშინ ძალიან აქტუალური იყო ეს თემა „საქქალაქმშენსახპროექტში“ ირაკლი მასხარაშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ამ მიმართულებით, „მზიურის“ პროექტზე. მე და ჩემი ორი მეგობარი ამ ჯგუფში   მოვხვდით განაწილებით.  სამუშაო საკმაოდ ბევრი  გვქონდა  90 -იან წლებამდე, შემდეგ, როდესაც აირია ყველაფერი, არავის არაფერი აღარ სჭირდებოდა, არა თუ არქიტექტურა. მე, გია აბულაძემ კიდევ რამოდენიმე მეგობარმა გავაკეთეთ  დამოუკიდებელი საპროექტო  ფირმა, რომელიც იყო პირველი  შპს -  კომპანია „არსი“. ეს იყო 1989 წელს.  თავიდან ვმუშაობდით  პროექტირებაზე. მოგვიანებით გადავწყვიტეთ, აგვეღო სესხი და  ჩვენ თვითონ დაგვეწყო მშენებლობა. რომ ნახოთ ჩვენი კომპანიის და სხვა კომპანიების მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები, ნახავთ  როგორ ვმუშაობთ.  ჩვენ არ გვიყვარს სადღეგრძელოები, რასაც ვამბობთ იმას ვაკეთებთ. მაგალითად, ჩვენი კომპლექსია  შენი სახლი ჯიქიაზე, შენი სახლი კიკვიძის ბაღთან, შენი სახლი სამგორში, შენი სახლი ლისზე, შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე. თითქმის ყველა კომპლექსი  გავაკეთეთ  ძველ მიტოვებულ საბჭოთა ქარხნების ტერიტოტიებზე, ე.წ. ბრაუნფილდებზე., პრესტიჟულ უბნებში კი არ შევვარდნილვართ. ჩვენი აშენებულია სტუდქალაქის ტერიტორიაზე ორსართულიანი ბინების განაშენიანება. მთელი ყიფშიძის ქუჩა ასეთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. ქალაქის მთავარი არქიტექტორი ვიყავი, ჩემს თავს ვერ მივცემდი ათსართულიანი სახლის აშენების ნებართვას? მივცემდი, მაგრამ არ გავაკეთე.  ჩემს პრინციპებს  ვერაფრის გამო ვერ ვუღალატებდი.

 

 

50618179_2252519031445365_2606028336639508480_n (2)

- იყო პერიოდი, როდესაც მუშაობდით მუნიციპალურ  სამსახურში - იყავით მთაწმინდის გამგებელი, შემდეგ თბილისის მთავარი არქიტექტორი.  ეს  პერიოდი, როდესაც  თბილისი  განვითარების ახალ  ეტაპზე  გადადიოდა,  როგორც გამგებლის და არქიტექტორისთვის ალბათ დიდი გამოწვევა იყო.   

- მე სახელმწიფო სამსახურის ინტერესი არასდროს მქონია, არც არაფერს ვგეგმავდი, ისე აღმოვჩნდი ამ სამსახურში. პარიზში არქიტექტურულ გამოფენაზე მივდიოდით მე და გია აბულაძე, როდესაც ზურაბ ჟვანიამ დამირეკა და მითხრა, კრწანისის რაიონის გამგებლად უნდა წახვიდეო. ზურასთან კარგი ურთიერთობა მქონდა ბავშვობიდან, ჩვენი მშობლები მეგობრები იყვნენ. მამაჩემი ზურას მამის მეჯვარე და ზურას ნათლია იყო. ზურა გამოფენაზე მივდივარ, რა დროს გამგებლობაა მეთქი, ვუთხარი. სულ დეზერტირი მეძახა, ახლა ყველამ უნდა გავიჭირვოთ, საქმე გვაქვს გასაკეთებელიო (იცინის)   სხვა გზა არ მქონდა. დავთანხმდი, დამარწმუნა, რომ უნდა წავსულიყავი გამგებლად. მთაწმინდა-კრწანისის რაიონები  გაერთიანდა და გახდა უზარმაზარი მუნიციპალური ერთეული, შესაბამისად, საქმეც ძალიან ბევრი გვქონდა. არ ვიცი, ახლა გამგეობებში რა ხდება, 20 წელია მერიაში არ შევსულვარ, მაგრამ მაშინ გამგებელს ძალიან ბევრი ფუნქცია ჰქონდა, მას ნიშნავდა პრეზიდენტი. არ მგონია, ახლა გამგებელმა აიღოს ტელეფონი და დაურეკოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მაშინ სულ პირველ პირებთან ვიყავი  კონტაქტზე.   

მთაწმინდა - კრწანისი არ  იყო ჩემთვის უცხო უბანი, პირიქით, ძალიან მშობლიური იყო. მთაწმინდაზე, ჭავჭავაძის 9 ნომერში დავიბადე და გავიზარდე, 47 -ე სკოლაში ვწავლობდი, მერვე კლასის ჩათვლით იქ ვცხოვრობდი. მთაწმინდაზე  მყავდა  ისეთი მეგობრები,  კლასელები,  რომ, თანაკლასელები იყვნენ  ჩვენი მამები და ბებიებიც.  როდესაც გამგებელი ხარ იმ რაიონის, სადაც დაიბადე, ეს ათმაგი პასუხისმგებლობაა.  ერთ ისტორიას მოგიყვებით. ერთხელ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადაკეტეს რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთა  დენის გამო. რა თქმა უნდა სასწრაფოდ მივედი. დამხვდნენ გაბრაზებულები, სანამ დენი არ მოვა, არ დავიშლებითო. თქეში წვიმა მოდიოდა. უცებ ერთი ქალი გამოეყო შეჯგუფებულ ხალხს და მეუბნება, შენ ნინა ექიმის შვილიშვილი არ ხარო?! ამდენი წელი იყო გასული, რაც მე უკვე იქ აღარ ვცხოვრობდი, რაც ბებიაჩემი გარდაცვლილი იყო და მაინც ახსოვდა იმ ქალს ბებიაჩემი, რომელიც მთელი უბნის ექიმი იყო. ღამის ათ საათზე, თუ ვინმეს რამე წამოტკივდებოდა, აკაკუნებდა ბებიაჩემის და ბაბუაჩემის სახლის კარზე. ბებიაჩემის ხსენებამ „მიხსნა“. ჯერ ხომ გამიხარდა, იმ ხალხს ბებიაჩემი რომ ახსოვდა, მერე ამის გამო სიტყვაზე ისე მენდნენ და დაიშალნენ, იქიდან სასწრაფოდ დიდუბეში გავიქეცი, თავზე ხომ დავადექი და  ლამის საკუთარი ხელით გავაკეთე ტრანსფორმატორი, რომ სიტყვა არ გამეტეხა (იცინის)

5 წელი ვიყავი მთაწმინდა -კრწანისის  გამგებელი, დღესაც რომ გავიარო სოლოლაკში, მთაწმინდაზე, ახლაც მცნობენ იქაურები და თავიანთ პრობლემებს მიყვებიან...  ვეუბნები 25 წელია იქ აღარ ვმუშაობ ხალხო, აბა მე რა ვიცი, თუმცა სიმართლე გითხრათ,   დიდი  წვიმების დროს უცებ  გამახსენდება ხოლმე  ის ავარიული სახლები, რომელიც ჩემ დროს უკვე რთულ მდგომარეობაში იყო და ისევ მათზე მეფიქრება.   

2003 წელს, როდესაც ქალაქის მთავარი არქიტექტორი გავხდი, თბილისი ბევრი პრობლემის წინაშე იდგა. ამას რომ ვუყვებოდი მიხეილ  სააკაშვილს, ზურაბ  ჟვანიას და სხვებს, ერ ვიტყვი, რომ ეს თემები არ აწუხებდათ, მაგრამ მოიცა, ჯერ სხვა თემები გვაქვს გადასაწყვეტიო, მეუბნებოდნენ.  მათ ვუხსნიდი, რომ ეს პრობლემები ვერ „მოიცდიდა“, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი, პრიორიტეტები სხვანაირად იყო გაწერილი.  საბჭოთა კავშირი იყო გეგმიური ეკონომიკის ქვეყანა იყო,  მიწა ეკუთვნოდა სახელმწიფოს. 2000 წლამდე დაიწყეს მიწების დამაგრება. 2000 წლამდე აუქციონიც კი არ იმართებოდა, გამოუწერდნენ ფურცელს და შენია მიწაო, ეუბნებოდნენ.   არ არსებობდა მცნება „წითელი ხაზები“, საკუთრება. ახლა ზოგიერთები რომ ლაპარაკობენ, რაში გვეხმარებოდნენ ევროპელებიო,  გერმანიის განვითარების  ბანკმა დააფინანსა თბილისის წითელი  ხაზების გამიჯვნის პროექტი ჯერ კიდევ 2004 წელს. ვიღაცისთვის, შეიძლება უფრო სანახაობრივი და ემოციური იყო უროთი მისული ჩინოვნიკი, რომელმაც უკანონო „გარაჟი„ დაანგრია, ვიდრე  ეს პროექტი, რა არის ახლა ამაში განსაკუთრენულიო, მაგრამ რეალურად  გამიჯვნის წითელი ხაზების პროექტი რომ არ გაკეთებულიყო, უწესრიგობა და ქაოსი მერე გენახათ. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია კერძო სახლებით იყო დასახლებული. სწორედ მაშინ დაიწყო კერძო ორგანიზაციების მოლაპარაკებები მოსახლეობასთან, ამ საკითხში მერია ვერ ჩაერეოდა. მერიას შეუძლია დაარეგულიროს განაშენინება, კერძო ინვესტორთან მოლაპარაკებებში ვერ ჩაერევა. მე ვამბობდი,  მოდით ავაშენოთ ისე, რომ ტერიტორიის ნაწილში აშენდეს  საცხოვრებელი სახლი  და მეორე ნაწილში გაკეთდეს  რეკრეაცია, გამწვანება.  ჩვენ მაშინ რეგულირების გეგმაც კი არ გვქონდა, ახლაც არ გვაქვს და  რაც კეთდება ეს დიდი შეცდომაა.  ჩვენ დროს  არქიტექტურის სამსახურის ბიუჯეტი იყო 20 ათასი ლარი, რაც ძირითადად ფარავდა ხელფასებს.  არ იყო ის თანხები, რომ რეგულირების გეგმა გაკეთებულიყო, რომელზეც უნდა ემუშავათ პროფესიონალებს. ჩემს ნაცნობ არქიტექტორს მერაბ გაგნიძეს, რომელიც იქ არეალის განვითარებით იყო დაინტერესებული ვთხოვე, რეგულირების გეგმა გააკეთე  -მეთქი. მერაბმა  უფასოდ გააკეთა  გეგმა, დიდი სამუშაო გაწია, ახლანდელი განფასებით რამდენიმე ასეული ათასი  ღირებულების საქმე იყო. ეს პროექტი შევიტანე საკრებულოში, რომ მქონოდა სამოქმედო გეგმა, რომლის გამოყენებითაც  მშენებლობების ნებართვების გაცემას შევძლებდით. მთელ მსოფლიოში  ხომ ასეა -  პროფესიონალ პოლიციელს, სამხედრო პირს  ან სპეცრაზმელს მოტივაციისთვის, დამსახურებისთვის თანხებს უხდიან, ჩვენთან  აძლევენ კოეფიციენტს. ამ ადამიანებს, ბევრ მათგანს,  ნამდვილად ეკუთვნით დაფასება, მაგრამ არა კოეფიციენტის ხარჯზე (იცინის)   

rostomashvili

- თბილისი ბოლო წლებში ძალიან ბევრი ურბანული, ინფრასტრუქტურული, ქალაქგეგმარების და სხვა  პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, თქვენ არასდროს ერიდებით მწვავე პოზიციის  დაფიქსირებას, როგორ ფიქრობთ, არის გამოსავალი, რაც ამ  რთულ სიტუაციას დაარეგულირებს? 

- ქალაქს იმდენი პრობლემა აქვს, არ ვიცი, რომელი ერთი უნდა გამოყო. მაგალითად, დღეს კომისია ამტკიცებს თითო შენობას და იმ უბნის განაშენიანებას არ ამტკიცებს. წარმოიდგინეთ  წელიწადში რამდენი შენობა შენდება, კანონით, ყველა შენობას აქვს შესაბამისი კოეფიციენტები -   K1,  K2,  K3.   K1 გამწვანების კოეფიციენტია,  თუ არეალი არის ათასი კვადრატული მეტრი, მისი მინიმუმ 10 % ანუ 100 მ2 უნდა იყოს გამწვანებული ტერიტორია. ყველას აინტერესებს K2 - ინტენსივობა, რაოდენობა. რეგულირების გეგმა იძლევა საშუალებას  ერთ ზონაში  ოთხი პროექტი რომ შენდება, მათ, 300-300 კვადრატული მეტრი გამწვანებები ცალკ- ცალკე კი არ გააკეთონ, ერთად  გააკეთონ და 1200 კვადრატული მეტრის გამწვანებული სკვერი. მათთვის ხომ იგივე გამოდის?! თუ გავითვალისწინებთ, თბილისში  ყოველწლიურად რა რაოდენობით შენობები შენდება, სწორი მიდგომით, ყოველწლიურად ვაკის პარკის ტოლი ახალი პარკი უნდა მივიღოთ.  სწორედ ამას ვამბობდი ჩემი არქიტექტორობის დროს, როდესაც სპორტის სასახლის მიმდებარე  ტერიტორიების ათვისება დაიწყო, არავინ არავის დაელოდა, ყველამ მხოლოდ საკუთარ მშენებლობაზე იფიქრა და იმიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

წლებთან ერთად  ქალაქის პრობლემები რა თქმა უნდა იცვლება. pოლიტიკოსებისთვის მთავარი იყო ხალხი არ ყოფილიყო უკმაყოფილო. ერთადერთი მაშინ რასაც მივაღწიე და ბევრი ნაწყენიც დამრჩა, ისტორიულ ზონაში სახელმწიფო მიწების გასხვისება  და პროექტების შეთანხმება შევაჩერე. იმ პერიოდში ისტორიულ ზონაში  არც ერთი პროექტი არ შეთანხმებულა.  იქ არ შეიძლებოდა ინვესტორებს ხუთსართულიანი ბინები აეშენებინათ. მოსახლეობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობდა, ნაწყენი რჩებოდა  ჩემზე, მაგრამ ქალაქის ისტორიული ზონისთვის, რომელსაც სხვა  Rირებულება აქვს,  ძალიან საფრთხილოა, აიღო და მექანიკურად ავარიული სახლის ადგილზე ხუთსართულიანი სახლი დადგა.  ამით ისპობა ქალაქი. მე რომ ეს დამეშვა, რამდენიმე წელიწადში  ისტორიულ ზონებშიც მივიღებდით იმ სურათს, რაც მივიღეთ  ვაკეში.  სამწუხაროდ, ამაზე არავინ ფიქრობს. მსგავსი პრობლემები გვარდება კოლექტიური აზროვნებით და მიდგომით, რაც დღეს ძალიან გვაკლია. ევროპულ ქალაქებში რამდენიმე  მუნიციპალიტეტში მომიწია მუშაობა. ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კოლექტიურად. შვეიცარიის ქალაქ სანქტ -  გალენის კანტონში ვიყავი. ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი   ახალი გზის გაკეთებაზე მუშაობდა, იქ   მერი კი არ წყვეტდა, მოდი ამ გზას აქ გავიყვანო. არა. თავიდან დაიგზავნა კითხვარები სახელმწიფო სტრუქტურებში, მოსახლეობაში. ეკითხებოდნენ: ვაპირებთ გზის გაყვანას და რა როგორ გავაკეთოთ. შემოდიოდა მოსახლეობიდან შენიშვნები,  მაგალითად, გაკეთებულიყო შემაღლებები ხმის ჩასახშობად, სამხედრო უწყებიდან მოვიდა წერილი, რომ ამ გზის 5 კმ უნდა ყოფილიყო ბეტონის საფარის, რომ საჭიროების შემთხვევაში F 16-ს   შეძლებოდა დაჯდომა.  ასე ხორციელდება პროექტები ევროპის ქალაქებში. ჩვენთან  სამი კაცი დაჯდება და გადაწყვეტენ. საზოგადოების აზრის შესწავლა და გათვალისწინება აუცილებელია. მაგალითისთვის გეტყვით, ძალიან კარგია, რომ დაიწყო ვაკე-საბურთალოს ახალი გზის კვანძის გაკეთება თამარაშვილის და ამირეჯიბის ქუჩებზე. ეს აუცილებელი იყო,  მაგრამ  არა თუ საზოგადოებრივი აზრი და პროფესიული საზოგადოების რეკომენდაციების გათვალისწინება და  ჩართულობა,  მოსახლეობამაც კი არ იცის იქ რა კეთდება, რაც არ არის სწორი. ვინმეს რომ ეკითხა, მე სხვა წინადადება მაქვს ამ თემაზე, რომელიც ათასჯერ ეფექტურია, მაგრამ პროფესიული საზოგადოების  აზრის გათვალისწინება არავის უნდა. მე, რაც შემიძლია, ღიად, ხმამაღლა ვსაუბრობ პრობლემებზე,  მაგრამ რა გამოდის?  ყველა ხელისუფლება მტრად მთვლის, ამ დროს არავის მტერი არ ვარ. ჩემთვის, როგორც არქიტექტორისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ინტერესების დაცვა და ამ პოზიციას არავის გულის მოსაგებად არ შევცვლი.  უმეტესობის  პოზიციაა  გავაკეთოთ ბევრი, ჩემი პოზიციაა გავაკეთოთ - კარგი.  რაც მგონია რომ არასწორია,  ვამბობ, რაც ჩემი გასაკეთებელია და შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება, როგორ ვაკეთებთ, ეს ჩანს ქალაქში იმ პროექტებით, რომელიც ჩვენი კომპანიის სახელთან არის დაკავშირებული.     

თამუნა ნიჟარაძე        

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის