USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
Тбилиси
ირაკლი მელაშვილი - რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია?
дата:  
ამ პოსტს არავითარ შემთხვევაში არ აქვს იმის პრეტენზია, რომ სრულფასოვნად მიმოიხილოს ისეთი დიდი და რთული საკითხი, როგორიც არის უკრაინელი და რუსი ხალხების ურთიერთობის ისტორია. როგორც ყველა მეზობელ ხალხებს შორის ურთიერთობაში, ამ შემთხვევაშიც, უკრაინელებს და რუსებს, წარსულში მრავალი საუკუნის ურთიერთობისას, რა თქმა უნდა, დაუგროვდათ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოცდილება და ბუნებრივია, ამ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შეფასება მხოლოდ შავ-თეთრ ტონებში, უბრალოდ, ანტიმეცნიერული საქციელი იქნება.
ჩემი მიზანი არც ისაა, რომ დაბალი დონის რუსოფობია გავაღვივო ფეისბუქის მომხმარებლებში - არც ეს მიმაჩნია მაინცდამაინც მადლიან საქციელად. ჩემი მიზანი არც ისაა, რომ დაბალი დონის რუსოფობია გავაღვივო ფეისბუქის მომხმარებლებში. უბრალოდ, სოციალურ ქსელებში არაერთხელ წავაწყდი ძალიან არასწორ, დამახინჯებულ ინფორმაციებს დღეისათვის ძალიან აქტუალური თემის - რუსულ-უკრაინული ურთიერთობების შესახებ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ეფუძნებოდა რუსული პროპაგანდის მიერ ათწლეულების, ზოგ შემთხვევაში კი, ასწლეულების განმავლობაში დანერგილი მითებისა და „ისტორიული სიმართლის“ უკრიტიკო აღქმას. ამიტომ ამ პოსტის მიზანია, მკითხველს გააცნოს ფაქტები რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ისტორიიდან, განსხვავებული იმ პროპაგანდისტული კლიშეებისგან, რომელსაც უკრაინელების და მათი ისტორიის შესახებ, საუკუნეების განმავლობაში სკოლის წიგნებიდან დაწყებული ნერგავდა ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ სსრკ-ს, ახლა კი უკვე რუსული ნეოიმპერიის პროპაგანდა.
პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინელები, როგორც დამოუკიდებელი ხალხი, "არასდროს არსებობდნენ", ისინი რუსები არიან, უკრაინა კი "ლენინის ხელოვნურად შექმნილი ქვეყანაა".
"Русские и украинцы - один народ". მოდით, ვნახოთ როგორ ქმნიდა საუკუნეების განმავლობაში ჯერ რუსეთის იმპერიული, შემდეგ კი საბჭოთა პროპაგანდა ამ ლეგენდას, რომელიც დღეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი იდეოლოგიური საფუძველია. მოდით, განვიხილოთ ამ დიდი თემის რამდენიმე საკვანძო საკითხი:
• ტერმინი „უკრაინა“ არ არსებობდა; იგი არ გამოიყენებოდა საუკუნეების წინ უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის დასახელებისთვის .
„უკრაინა“ პირველად ნახსენები იყო 1187 წელს ე.წ. კიევის მატიანეში, რომელშიც აღწერილია ყივჩაღებზე ლაშქრობის დროს პერეიასლავის პრინცის, ვლადიმერ გლებოვიჩის გარდაცვალების შესახებ.
"1189 წელი - „უფლისწული როსტისლავ ბერლადნიკი მოვიდა გალისიის უკრაინაში“;
"1213 წელი - „უფლისწულმა დანიელმა აიღო ბრესტი, უგროვსკი, ვერეშჩინი, სტოლპიე, კომოვი და მთელი უკრაინა“.
• გამოიყენებოდა თუ არა ტერმინი უკრაინა სახელმწიფოს დასახელებად?
ეს ტერმინი მუდმივ გამოყენებაშია კაზაკთა დროიდან, ანუ მე-16-17 საუკუნეებიდან. სიტყვა "უკრაინის" და მისგან მიღებული ტერმინის - "უკრაინელის" ერთდროული ხსენების მაგალითი გვხდება ნაწარმოებში "ფიქრები ნალივაიკაზე", რომელიც აღწერს 1696 წლის მოვლენებს.
„Ой у нашей в славной Украине.
Бывали когда-то престрашные и злополучные, злосчастные часы;
Бывали и моры и военные распри;
Никто Вкраинцевъ не спасалъ;“
(შეგიძლიათ იხილოთ აქ http://prosvit.in.ua/literatu…/dumy/rebellion-nalivayko.html)
მნიშვნელოვანია, რომ იმდროინდელ კაზაკთა ქრონიკებში სიტყვა „უკრაინა“ ნიშნავს არა მხოლოდ ტერიტორიას, არამედ სამშობლოს, რომელიც მოითხოვს უმაღლეს ერთგულებას და რომლის დაცვაც წმინდა ვალდებულებაა.
მე-18 საუკუნეში, როდესაც კაზაკთა სახელმწიფო შეიერთა რუსეთის იმპერიამ, სიტყვა "უკრაინა" გაქრა აქტიური პოლიტიკური ხმარებიდან. თუმცა, ეს სახელი დამკვიდრებულია და შენარჩუნებულია იქ მცხოვრები ხალხის კულტურაში. დაახლოებით 1200 ხალხური სიმღერაა, რომლებშიც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი უკრაინაზე მღერის.
• რუსული და უკრაინული ყველაზე ახლოს მყოფი ენებია, უკრაინული რუსული დიალექტია რაც ადასტურებს ამ ორი ერის ერთობას
უკრაინელი ენათმეცნიერების (კ. ნ. ტიშჩენკო და სხვები) კვლევის მიხედვით, ლექსიკურად უკრაინულთან ყველაზე ახლოს არის ბელორუსული ენა (მთლიანი ლექსიკის 84%), შემდეგ პოლონური (70%), სერბული (68%), სლოვაკური ( 66%), შემდეგ კი რუსული და ჩეხური (62%).
ანუ, რუსული ენა, თავისი ლექსიკით, არ არის უკრაინულთან ყველაზე ახლო მდგომი ენა. ლინგვისტური შედარება აჩვენებს, რომ რუსულზე ახლოს უკრაინულ ენასთან, ბელორუსული ენის გარდა, დგანან პოლონური, სერბული და სლოვაკური ენები, ხოლო ჩეხური და რუსული ენის ლექსიკას ერთნაირი მსგავსება აქვთ რუსულთან. თუმცა, არავის მოსდის თავში აზრად, სლოვაკები და უკრაინელები, ან სერბები და უკრაინელები გამოაცხადონ ერთ ერად.
რუსულ უკრაინული ენების მსგავსება არ არის ევროპის სხვადასხვა ხალხების ენების მსგავსების უნიკალური გამონაკლისი. მაგალითად, თავისი ლექსიკური მარაგით დანიური, შვედური და ნორვეგიული ბევრად უფრო ახლოს მდგარი ენებია ვიდრე რუსული და უკრაინული, ლინგვისტების აზრით საერთოდ ლამის ერთი ენაა, სამივე ეს ერი ცნობილი ვიკინგებიდან მოდიან, ანუ საერთო წინაპარები ჰყავთ. ნორვეგიას გვიან შუა საუკუნეებში ფაქტობრივად არ ჰქონია დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1536 წლიდან 1814 წლამდე ის დანიის მეფის კარის დაქვემდებარებაში იყო, 1814 წლიდან კი შევდეთის სამეფოს ნაწილი იყო. დანიური ენა საერთოდ საუკუნების განმავლობაში ნორვეგიის სალიტერატურო ენა იყო. საერთოდ ერთ ენაზე (Serbo-Croatian) საუბრობენ სერბები, ხორვატები, ჩერნოგორიელები და ბოსნიელები,სტანდარტული გერმანული (Standardsprache) ან ლიტერატურული ენა (Hochdeutsch) საერთოა გერმანიაში, ავსტრიაში და შვეიცარიაში , მაგრამ არავის მოუვა თავში აზრად დღეს ენების მსგავსების გამო რომელიმე ამ ერის არსებობა დააყენოს კთხვის ნიშნის ქვეშ.
• თანამედროვე რუსული სახელმწიფო „კიევის რუსეთის“ სამართალმემკვიდრეა?
ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გაერკვნენ, არის თუ არა დღევანდელი რუსეთი „კიევის რუსეთის“ მემკვიდრე, მნიშვნელოვანი არგუმენტია „კიევის რუსეთის“ დასახელებაში სიტყვა „რუსეთის“ არსებობა. ამის საფუძველზე ჩნდება აღქმა, რომ „კიევის რუსეთის“ თავად დასახელება, იქ მცხოვრებ ხალხს ავტომატურად ანათესავებს დღევანდელ რუს ხალხთან, ხოლო შემდეგ წარმოქმნილი „მოსკოვის რუსეთი“ («Московская русь») რუსეთის იმპერია და დღევანდელი რუსული სახელმწიფო „კიევის რუსეთის“ მემკვიდრეა.
პირველ რიგში, ამ საკითხის განხილვისას, უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში სახელმწიფო, ასეთი დასახელებით - „კიევის რუსეთი“, საერთოდ არ არსებობდა! კიევის მთავრები ძალიან გაოცდებოდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ მათ "სახელმწიფოს" ასე ერქვა. ტერმინი „კიევის რუსეთი“ რუსმა ისტორიკოსებმა მოიგონეს მე-19 საუკუნეში. ერთ-ერთმა პირველმა ეს ტერმინი გამოიყენა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა (1871), ისტორიულ-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა და კიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა, მ.ა. მაქსიმოვიჩმა თავის ნაშრომში - "საიდან მოდის რუსული მიწა" (1837). მან ამ ნაშრომში, კიევის სამთავროს აღსანიშნავად, შემოიტანა დასახელება „Киевская Русь“. ძალიან მალე, მე-19 საუკუნის რუსმა ისტორიკოსებმა, იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ დამაჯერებელი არგუმენტი, რომ რუსეთის იმპერია კიევის სამთავროს, სხვა აღმოსავლურ-სლავური სამთავროების სამართალმემკვიდრეა და ამით მთელ აღმოსავლეთ სლავურ მიწების რუსეთის მიერ გაკონტროლების ლეგიტიმური საფუძველი შეექმნათ რუსეთის იმპერიის სახელში არსებული ეთნიკურობის აღმნიშვნელი ტერმინი «Русь» ყველა სამეცნიერო ნაშრომში ფაქტობრივად ერთი ხელის მოსმით მიაბეს ძველ აღმოსავლურ სლავურ სამთავროების სახელებს. ასე წარმოიშვა ტერმინები, «Русь Киевская», «Русь Черниговская», «Русь Ростовская или Суздальская» «Русь Московская» და ა. შ. სინამდვილეში, რეალურად, ამ სამთავროებს ასე არასდროს არ ერქვათ. იყო «Великое княжество Киевская», «Черниговское княжество», «Суздальское княжество» და ა.შ. ამის შემდეგ, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს ტერმინები დაამკვიდრეს სასწავლო სახელმძღვანელოებში, ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში. ფაქტობრივად, ამ გაყალბებული დასახელებებით დაწერილ ისტორიას ასწავლიდნენ თაობებს და აყალიბებდნენ მცდარ სტერეოტიპს. პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ „იცის“, რომ კიევის ძველ სამთავროს ერქვა არა «Великая Княжества Киевская» (ნამდვილი სახელი) არამედ «Киевская Русь». ასეთ „ცოდნაზე“ აღზრდილი საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ბუნებრივი ჩანდა პოსტულატი “ ორი რუსეთის“ - „კიევის რუსეთისა“ და თანამედროვე რუსეთში მცხოვრები ხალხების ერთობაზე. ორივე სახელმწიფოს ხომ ერთი ეთნოსის სახელი ერქვა? შესაბამისად, იოლად დასაჯერებელია, რომ მოსკოვის რუსეთი, შემდეგ რუსეთის იმპერია, უბრალოდ, გაგრძელებაა „კიევის რუსეთის“, მისი სამართალმემკვიდრეა. ამ პოსტულატებიდან გამომდინარე, იოლად დასტურდება უკრაინელების, ბელორუსებისა და რუსების საერთო წარმომავლობა და დღევანდელი რუსეთის სახელმწიფოს, როგორც „კიევის რუსეთის“ სამართალმემკვიდრის“, ლეგიტიმური პრეტენზია მთელ აღმოსავლურ-სლავურ მიწებზე.
ამ საკითხში რომ კარგად გავერკვეთ, აუცილებელია ისიც ვიცოდეთ, თუ თავად რუსეთის თანამედროვე სახელმწიფოს როდის და როგორ დაერქვა ეს სახელი“რუსეთი“. ცნობილია, რომ მოსკოვის სამთავრო, როგორც ოქროს ურდოს ულუსი (ადმინისტრაციული ერთეული), ხან მენგუ-ტიმურმა დააარსა მხოლოდ 1277 წელს (არ აგვერიოს, მოსკოვის, როგორც ქალაქის დაარსებასთან, რაც 1147 წელს მოხდა). მოსკოვის სამთავროს მართავდნენ ოქროს ურდოს მმართველების, ჩინგიზიდების დინასტიის მიერ დანიშნული დიდი ბასკაკები. მოსკოვის სამთავროს (ულუსის) პირველ მმართველს ხანის წესდებაში ბასკაკი ან დარუგა ერქვა და მთავრები მეორე, ან თუნდაც მესამე პირად ითვლებოდნენ. დიდი რუსი ისტორიკოსი კარამზინი, "რუსული სახელმწიფოს ისტორიის" მეხუთე ტომში აღნიშნავს, რომ "მოსკოვი, თავისი სიდიადით, დავალებულია „ოქროს ურდოს“ ხანებისგან". მოსკოვის მთავრები სწორედ ოქროს ურდოდან იღებდნენ თავიანთი მთავრობის დამადასტურებელ მოწმობას - „იარლიყს“. სწორედ ოქროს ურდოს ჯარის დახმარებით მათ შეძლეს, დაემარცხებინათ იმ დროს თავიანთი მთავარი კონკურენტი - ტვერის სამთავრო. მოსკოვის მმართველმა, ივანე კალიტამ, „ოქროს ურდოს“ მმართველ ხან უზბეკისგან მიიღო დიდი მთავრის „იარლიყი“, რომლის მეშვეობითაც ის დაწინაურდა, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთ სლავურ სამთავროებს შორის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი სამთავრო. XIII საუკუნის ბოლოდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე ამ მიწის ხალხს უცხოელები მოსკოვიტებს (московиты) ეძახდნენ, სახელმწიფოს კი „მოსკოვიას“
ამრიგად, გამოდის, რომ ორის სხვადასხვა სახელმწიფოს დასახელებაში ერთი ტერმინის - „რუს“ - ხელოვნურად შემოტანით და ამ ტერმინით მანიპულირებით, მთელ თაობებს რუსეთში, უკრაინასა და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩამოუყალიბეს ცნობიერება, თითქოს რუსები და უკრაინელები ერთი რუსი ხალხია.
• როგორ წაართვა მოსკოვმა კიევს მიტროპოლიტის ტახტი და აღმოსავლეთ სლავების მთავარი ქრისტიანული ცენტრის სტატუსი
მოსკოვის მმართველებში ნელ-ნელა ჩნდება მოსკოვის აღმოსავლურ-სლავურ სამთავროებში პირველობისა და მოსკოვის სამთავროს ბატონობის ქვეშ მათი გაერთიანების ლეგიტიმური საფუძვლის დასაბუთების მოთხოვნილება. თუმცა, იყო პრობლემა - მოსკოვის მთავრების ლეგიტიმაციის საფუძველი უკვე მუსლიმური „ოქროს ურდოს“ მმართველების მიერ გაცემული მათი მთავრობის დამადასტურებელი მოწმობა - „იარლიყი“ იყო, დასავლეთ სლავური სამთავროები კი აღიარებდნენ კიევის მთავრების პირველობას, რომლებიც თავიანთ სამთავრო რეგალიებს მართლმადიდებლობის ცენტრიდან, ერთმორწმუნე ბიზანტიიდან იღებდნენ. კიევშივე იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის რეზიდენცია, რომელიც ემორჩილებოდა პირდაპირ კონსტანტინოპოლს და მართავდა აღმოსავლურ-სლავურ საქრისტიანოს. ამ მხრივ, სლავების თვალში, მოსკოვის მთავრების პრეტენზია პირველობაზე აშკარად დაუსაბუთებელი ჩანდა. ამიტომაც, მოსკოვის მთავრებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, ნებისმიერი მეთოდებით დაემტკიცებინათ, რომ ისინი იყვნენ აღმოსავლეთ სლავების მთავარი სასულიერო ცენტრი, რომელსაც დაემორჩილებოდა ყველა სლავური სამთავრო და ეპარქია. აქ მონღოლების და მათ მიერ შექმნილი მოსკოვის სამთავროს (მათი ულუსის) ინტერესები ემთხვევა. მონღოლებს არ აწყობდათ აღმოსავლელ სლავთა რელიგიური ცენტრის ძალაუფლების და ლეგიტიმაციის წყარო ყოფილიყო ბიზანტია, რომლიც ამ გზით გავლენას ინარჩუნებდა მონღოლების მიერ დაპყრობილ სლავებზე. საპირისპიროდ „ოქროს ურდოს“ ინტერესში იყო ყველანაირად შეეწყო ხელი მათ მორჩილებაში მყოფი მოსკოვის მთავრების სურვილისთვის მოსკოვი გამხდარიყო აღმოსავლეთ სლავური მართლმადიდებლობის ცენტრი, რადგანაც ამ შემთხვევაში მათთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება მოსკოვის მთავრების მეშვეობით გაეკონტროლებინათ ეკლესია და ის ექცია სლავებზე საკუთარი ბატონობის შენარჩუნების მძლავრ ინსტრუმენტად. ამიტომ, იწყება მოსკოვის და“ ოქროს ურდოს“ ერთობლივი ბრძოლა კიევის მიტროპოლიის დასუსტების და გაკონტროლებისათვის. მონღოლები ყველანაირად ავიწროებდნენ კიევის პატრიარქს. დასუსტებული კონსტანტინოპოლი ვეღარ უზრუნველყოფდა კიევის სამთავროს სამხედრო-პოლიტიკურ დაცვას.
საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად კიევის პატრიარქის მთავარი საზრუნავი გახდა ისეთი სლავური სამთავროს მფარველობის მოპოვება, რომელიც დაიცავდა მას მონღოლებისგან, მოაგვარებდა ყველა პრობლემას „ოქროს ურდოსთან“. 1299 წელს კიევის პატრიარქი იძულებული გახდა, მონღოლების მიერ განადგურებული კიევიდან ვლადიმირში გადასულიყო, რომლის მთავარს ჰქონდა ოქროს ურდოსგან ნაბოძები „დიდი მთავრის“ ტიტულის დამადასტურებელი „იარლიყი“. ცოტა ხანში კი, როცა მოსკოვის მთავარი, ივანე კალიტა იქცა „ოქროს ურდოს“ მთავარი ფავორიტად, კიევის პატრიარქი გადადის უკვე მოსკოვში. კიევის პატრიარქის ეს საქციელი ნათლად ადასტურებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა იყოს იმ მთავართან ახლოს, რომელიც მონღოლების მხარდაჭერით სარგებლობს. ამ დროიდან ერთი საუკუნის მანძილზე (წმინდა მამა სერგეი რადონეჟელის გამოჩენამდე) რუსეთის საპატრიარქო, ერთი მხრივ, ექვემდებარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მეორე მხრივ კი ხდება უკვე ისლამმიღებული „ოქროს ურდოს“ მიერ სლავურ მართლმადიდებელ მოსახლობის მორჩილებაში ყოფნის და მათზე მონღოლების ბატონობის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
უკრაინაში დარჩენილი გალისიის მიტროპოლიამ და იქაურმა მთავრებმა კი დიდად შეუწყვეს ხელი ამ მიწებზე მონღოლების მმართველობის დასრულებას, კიევის დიდ სამთავროში გაიმარჯვეს ანტიმონღოლურმა ძალებმა. დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სლავურმა სამთავროებმა, ლიტვის მთავარ ოლგერდთან ერთად, 1362 წელს დაამარცხეს რა მონღოლები მდინარე „ცისფერ წყლებთან“, მოსკოვის სამთავროზე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე გადააგდეს მონღოლური მმართველობა.
• ავტოკეფალიის მიღება
მოსკოვს არანაირად არ აწყობდა კიევის მიტროპოლიის დაქვემდებარებაში ყოფნა. 1448 წელს მოსკოვში განთავსებულ კიევის საპატრიარქოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მინიჭებული ავტოკეფალია, ანუ არ შეეძლო თავად აერჩია ეკლესიის მეთაური. მიუხედავად ამისა, მოსკოვის აღმოსავლეთ რუსეთის ეპისკოპოსებისგან შემდგარმა საეკლესიო კრებამ, რომელიც მოიწვია მოსკოვის დიდმა მთავარმა, ვასილი მეორემ 15 დეკემბერს, „სუვერენის ბრძანებით“, კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანხმობის გარეშე რიაზანის ეპისკოპოსი იონა დააყენა რუსეთის მიტროპოლიტად. ეს მოვლენა ითვლება დამოუკიდებელი მოსკოვის მიტროპოლიის ფაქტობრივი არსებობის დასაწყისად, თუმცა, ამ მოვლენიდან მხოლოდ 150 წლის შემდეგ, 1589 წელს, მოსკოვის მიტროპოლიტებმა მიიღეს პატრიარქალური ღირსებისა და ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება კონსტანტინოპოლის პატრიარქის - იერემია II-ისა და დანარჩენი აღმოსავლეთის პატრიარქების მხრიდან. ეს ფაქტი მოხდა მაშინ, როცა ოსმალებისგან შევიწროებული კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოსკოვში ჩავიდა ფულის სათხოვნად. ის, ერთი მხრივ, დიდი პატივით მიიღეს, მაგრამ, ამავე დროს, მას წაუყენეს ულტიმატუმი მოსკოვის საპატრიარქოს აღიარების თაობაზე. ის, ფაქტობრივად, ნახევარწლიან ტყვეობაში ჰყავდათ. გაუშვეს მხოლოდ მაშინ, როცა იერემია დათანხმდა მოსკოვის მაშინდელი რეალური მთავრის, ბორის გოდუნოვის ყველა მოთხოვნის შესრულებას, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, მოიწვია სობორი და დაამტკიცა მოსკოვის საპატრიარქოს ავტოკეფალია.
ამ მეთოდებით მიაღწია მოსკოვის საპატრიარქომ ავტოკეფალიას, ხოლო მოსკოვმა აღმოსავლეთ სლავების სასულიერო ცენტრის სტატუსს. კიევის კათედრა კი დარჩა კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში.
• მითი "მოსკოვი - მესამე რომი“ და რუსეთის მესიანისტური დანიშნულება, გააერთიანოს მართლმადიდებელი ხალხებით დასახლებული მიწები
ამავე ეპოქაში ყალიბდება მოსკოვში საკუთარი მმართველობის განდიდებისა და მოსკოვის სამთავროს განსაკუთრებულობის მესიანისტური იდეა. რუსმა ბერმა, ფილოფეიმ, მოსკოვის მთავარ ვასილ III მიწერილ წერილებში ჩამოაყალიბა იდეოლოგიური პოსტულატები, რომლის მიხედვითაც, ბიზანტიის დაცემის შემდეგ მოსკოვი გახდა მსოფლიო პოლიტიკური და საეკლესიო ცენტრი. რომისა და კონსტანტინოპოლის (პირველი და მეორე რომი) დაცემას ფილოფეი მათი მხრიდან „ჭეშმარიტი ქრისტიანობის“ ღალატს უკავშირებდა. მოსკოვის სიუზერენები, ამ თეორიის მიხედვით, აღიარებულნი არიან რომის იმპერატორების უშუალო შთამომავლებად და მემკვიდრეებად. „ორი რომი დაეცა, მესამე კი დგას. და მეოთხე არ იქნება." ამ თეორიის შედეგად, მოსკოვის მმართველები და მათი სახელმწიფო „ღვთის რჩეულობის“ იდეით აღიჭურვნენ, რის საფუძველზეც მათ საკუთარ თავს მიანიჭეს მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთადერთი დამცველების, მართლმადიდებელი ქრისტიანი ხალხებით დასახლებული მიწების მოსკოვის მფარველობის ქვეშ გაერთიანების ლეგიტიმური უფლება. საუკუნეების განმავლობაში უამრავი სისხლი დაღვარეს მოსკოვის მთავრებმა, შემდეგ კი მეფეებმა ამ უაზრო იდეის გულისთვის. ამ იდეის განსამტკიცებლად იქმნებოდა სხვადასხვა მითი, რომელიც მოსკოვის სამთავროში ოფიციალური ისტორიის სახეს იღებდა.
მოსკოვის მთავრებს ამ მიზნის მიღწევისა და სხვა რუსულ სამთავროებზე თავიანთი პირველობის დასამტკიცებლად სჭირდებოდათ არა მხოლოდ „ოქროს ურდოს“ ლეგიტიმაცია, არამედ, მოსკოვის სამთავროს, მათი მმართველების ბიზანტიისა და კიევის სამთავროს სამართლამემკვიდრეობის ნებისმიერ ფასად დადასტურება.
ამიტომაც, მოსკოვის მთავრები ცდილობდნენ, განემტკიცებინათ მოსკოვის პრეტენზიები არა მხოლოდ კიევის რუსეთის, არამედ ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობაზე. ამისათვის იქმნებოდა ლეგენდები მოსკოვის მმართველობის განსაკუთრებულ მისიაზე, რომელიც უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი რეგალიებით. როგორც თავად რუსი ისტორიკოსები აღნიშნავენ, ვასილი III-ის მმართველობის შემდეგ რუსული მატიანეები ისე დაარედაქტირეს, რომ ხაზი გაესვათ მისი ძალაუფლების დინასტიურ უწყვეტობას და მჭიდრო კავშირს ბიზანტიასთან და მისი მეშვეობით - ძველ რომთან. ასე შეიქმნა ლეგენდა „მონომახის ქუდზე“ რომელმაც "მოსკოვის სახელმწიფოს ისტორია ორმაგი კვანძით დააკავშირა რომის იმპერიის უძველეს სიდიადესთან“.
„მონომახის ქუდი“, როგორც რუსეთის დიდი მთავრებისა და მეფეების მთავარი სამეფო რეგალია და რუსული თვითმპყრობელობის სიმბოლო, დღესაც ინახება კრემლის მუზეუმის „ოქროს ფონდში“. ლეგენდის თანახმად, ქუდი, რომელიც კიევის მთავარს, ვლადიმერ მონომახს აჩუქა მისმა ბაბუამ - ბასილევსმა კონსტანტინე IX-მ, ითვლებოდა ბიზანტიის მიერ კიევის რუსეთისთვის ძალაუფლების გადაცემის სიმბოლოდ. შემდეგ ეს ქუდი თითქოს კიევის სამთავროს მმართველი დინასტიის წარმომადგენლებმა, „რიურიკოვიჩებმა“, მოსკოვის მმართველებს გადასცეს, რაც წარმოჩინდა მოსკოვის მთავრების სამართალმემკვიდრეობის "მტკიცებულებად" კიევის დიდი სამთავროს ტახტზე. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ფიქცია იყო. რუსი ისტორიკოსების (ბორისოვი; ბობროვიცკი) ერთი ვერსიით ე.წ. „მონომახის ქუდი“ არის მოოქროვილი მონღოლურ-ბუხარული ქუდი (ე.წ.შუა აზიური “ ტიუბიტეიკა“), რომელიც ხანმა უზბეკმა აჩუქა ივან კალიტას (1319-1340). მან კი ეს ქუდი საკუთარი განდიდებისთვის გამოიყენა. სავარაუდოდ, ქუდი თავდაპირველად ქალის ტიუბიტეიკა იყო და ეკუთვნოდა „ოქროს ურდოს“ ხან უზბეკის დას და მოსკოვის მთავარ იური დანილოვიჩის მეუღლეს, კონჩაკას, ნათლობაში აგათიას. მეორე ვერსიით, ეს ქუდი ივანე კალიტამ იყიდა გენუელი ვაჭრებისგან. მესამე ვერსიით კი, მონომახის ქუდი შეიქმნა ვასილი III-ის ბრძანებით 1521-1526 წლებში.
კიდევ ერთხელ ვწერ, რომ ამ პოსტის დანიშნულება არაა, მიმოიხილოს უკრაინულ-რუსული ურთიერთობების ისტორიის ყველა ასპექტი. ჩემი ამოცანაა, ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს გაგაცნოთ ის ისტორიული ფატები, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ქმნიდა რუსეთის იმპერია ყალბ ისტორიებს, თითქოს რუსი და უკრაინელი ხალხი ერთი ერია, როგორ იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის მორალურ-რელიგიურ-პოლიტიკური საფუძვლები და რამდენი ასწლეულის შრომა აქვთ ჩადებული რუს იმპერიულ იდეოლოგებს. აქ მოყვანილია ფაქტები, დანარჩენი კი თავად შეგიძლიათ შეაფასოთ. ერთსაც დავამატებ, თუკი რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, თუკი რუსები ყოველთვის პატივს სცემდნენ უკრაინელ ერს, მაშინ რას ნიშნავს ეს ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალი, საუკუნეების განმავლობაში რუსეთის იმპერიაში გამოცემული სხვადასხვა საეკლესიო თუ საერო აქტებისა, რომელთა მეშვეობითაც იდევნებოდა „მოძმე“ ერის ენა და კულტურა?
1626 წელს მოსკოვის სინოდმა გასცა ბრძანება უკრაინის ყველა ეკლესიიდან ძველი უკრაინული წიგნების ამოღებისა და მათი მოსკოვის გამოცემებით ჩანაცვლების თაობაზე.
1627 წელს რუსეთის მეფე მიხაილ ფედოროვიჩმა, მოსკოვის პატრიარქ ფილარეტის რეკომენდაციით, ბრძანა, დაეწვათ უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის, კირილ ტრანკვილიონ-სტავროვეცკის სასწავლო სახარების ყველა ეგზემპლარი.
1677 წელი აღინიშნა უკრაინული წიგნების ცენზურით. შემდეგ მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ გამოსცა ბრძანება, უკრაინული წიგნებიდან ამოეღოთ ის ფურცლები რომლებიც არ იყო „მოსკოვის წიგნების მსგავსი“.
1689 - კიევის ლავრას აეკრძალა წიგნების დაბეჭდვა მოსკოვის პატრიარქის ნებართვის გარეშე.
1690 - მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ განკარგულებით აკრძალა იმდროინდელი უკრაინული მწერლობა. მოსკოვის სობორმა კი "ანათემას" გადასცა ცნობილი მეცნიერებისა და საეკლესიო მოღვაწეები წიგნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კიევ-მოჰილიოვის სასულიერო აკადემიასთან. საუბარია უკრაინელ მოღვაწეებზე: - პეტრე მოგილაზე, კირილ სტავროვეცკიზე, ლაზარ ბარანოვიჩზე, იოანიკია გალატოვსკიზე და სხვებზე. -
1720 წელს პეტრე I-მა გამოსცა ბრძანებულება უკრაინულ ენაზე ბეჭდვის (მათ შორის, საეკლესიო წიგნების) აკრძალვის შესახებ. სტამბების ზედამხედველობის მიზნით დაინიშნა ცენზორი.
1729 წელს პეტრე II-მ გასცა ბრძანება, გადაეწერათ ყველა სამთავრობო დებულება და ბრძანება უკრაინულიდან რუსულზე.
1763 წელს ეკატერინე II-მ გამოსცა ბრძანებულება კიევ-მოჰილას აკადემიაში უკრაინულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ.
1769 წელს მოსკოვის სინოდმა არა მხოლოდ აკრძალა малороссийс-ული (ანუ უკრაინულ) ენის ანბანის გამოქვეყნება, არამედ მოითხოვა უკვე დაბეჭდილი წიგნების ამოღება.
1775 წელს, ეკატერინე II-ის ბრძანებით, აიკრძალა უკრაინული სკოლები კაზაკთა სამხედრო დასახლებებში, რის შემდეგაც დაიწყო უკრაინული სოფლების მოსახლეობის რუსიფიკაცია დნეპრის მარცხენა სანაპიროს მიწებზე.
1780 - დაწვეს კიევ-მოჰილიოვის აკადემიის ბიბლიოთეკა. ეს იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკა უკრაინაში, სადაც წიგნებს აგროვებდნენ 150 წლის განმავლობაში.
1847 წელს დაიხურა „კირილე და მეთოდეს საზოგადოება“ (Братство). ნიკოლოზ I-ის ბრძანებით აიკრძალა შევჩენკოს, კულიშის, კოსმომაროვის და სხვა უკრაინელ მწერალთა ნაწარმოებები.
1863 წელს გამოიცა რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის, პიოტრ ვალუევის ბრძანება, „Валуевский указ» რომელიც კრძალავდა უკრაინულ ენაზე რელიგიური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წიგნების დაბეჭდვას. ოფიციალურად ამტკიცებდნენ, რომ უკრაინული „იგივე რუსული ენაა, მხოლოდ პოლონეთის გავლენით გაფუჭებული“. ეს იყო რუსეთის იმპერიის ოფიციალური პოზიცია უკრაინელებთან და მათ ენასთან დაკავშირებით.
1876 წელი - იმპერატორმა ალექსანდრე II-მ გამოსცა „ემსკის აქტი“ - აიკრძალა წიგნების უკრაინულ ენაზე ბეჭდვა (თუნდაც სიმღერის ტექსტების), მისი სწავლება დაწყებით სკოლებში, კონცერტების ორგანიზება უკრაინული სიმღერებით ან სპექტაკლებით და უკრაინულ ენაზე დაწერილი წიგნების შემოტანა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე.
1881 წელს აკრძალული იყო სკოლებში სწავლება და საეკლესიო ქადაგება უკრაინულ ენაზე.
1914 წელი - მეფის ხელისუფლებამ აკრძალა ტარას შევჩენკოს 100 წლის იუბილეს აღნიშვნა. ნიკოლოზ II-მ გამოსცა ბრძანება უკრაინული პრესის აკრძალვის შესახებ.
1914 - პოლტავას გუბერნატორმა, ალექსანდრე ბაგოუტმა, რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი მიწერილ წერილში მოუწოდა ხელისუფლებას, „უკრაინელები არ აიყვანონ მასწავლებლებად; მოახდინონ ზეწოლა უკრაინელ მღვდლებზე; შეადგინონ „მალოროსი ხალხის ისტორია, რომელშიც განვმარტავთ, რომ უკრაინა იყო სახელმწიფოს „განაპირა“ რეგიონი წარსულში“; აღმოიფხვრას სახელების, „უკრაინა“ და „უკრაინულის“ გამოყენება და ა.შ.
თუკი არაფერი უკრაინული არ არსებობდა, არც ენა, არც ერი არც მეცნიერები, მაშინ რას ებრძოდნენ ასეთი გაშმაგებით ?
-
წყაროს სანახავად მიყევით ბმულს- ირაკლი მელაშვილი
мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати