USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
ირაკლი კობახიძის განცხადებები მთავრობის სხდომაზე - 26.02.2024
თარიღი:  469

25 თებერვალს აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის დღე, ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა.
„საუკუნის წინ რუსულ არმიას საქართველოში შემოუძღვნენ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უსამშობლო ადამიანები, ბოლშევიკები, რომელთათვისაც უცხო იყო სამშობლოს ცნება. ეს ყველაფერი შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდი სიფრთხილე გვმართებს ასეთი ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც ეროვნული თუ სხვაგვარი იდენტობის გარეშე ცხოვრება ცხოვრების უმთავრეს პრინციპად არის ქცეული. საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა უკრაინის ომის ორ წლისთავთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს.
„კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცნენ. დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის − ასობით ბავშვი. დევნილად ან ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორ-ნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ ზედიზედ 30 დღე დაყონ.
„ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ და ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია.
„მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რაც საშუალებას მოგვცემს, წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ისაუბრა ასევე პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე და სთხოვა მთავრობის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ.
„მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ლიბერთი ბანკს“, რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. გვესმის, რომ ბანკს, პირველ რიგში, აქვს კომერციული ინტერესები, თუმცა ამასთან ერთად, ბანკმა გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით, რამდენიმე პუნქტით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ წელს უნდა უზრუნველყონ 2-3 ათასი კურსდამთავრებულის ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში.
პარლამენტმა, როგორც მოგეხსენებათ, შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში დაიწყება უკვე წელსვე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ასევე, რომ 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი.

„განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება. დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის