ბათუმის პორტში სოჭიდან თურქეთის გავლით საკრუიზო ლაინერის შემოსვლის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე საუბრისას, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლიმ კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა, მშვიდობის შესანარჩუნებლად და განსავითარებლად.
კითხვას, რას აპირებს ხელისუფლება, როდესაც საზოგადოების ნაწილში არსებობს აღქმები იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მაამებლურ პოლიტიკას ეწევა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ უახლოეს წარსულში საქართველოსთვის შექმნილ ყველა პრობლემაში, აგრესორ რუსეთს ხელს უწყობდა საქართველოს წარმომადგენლების „ქაჯური“ პოლიტიკა.
„ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ხოლმე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, რუსეთი იყო აგრესორი, იგივე 90-იან წლებში, 2008 წელს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა.
სწორედ ეს ჩავაბარეთ წარსულს ყველაფერთან ერთად - ავტოკრატიასთან, ადამიანის უფლებების შელახვასთან, ადამიანების წამებასთან ერთად. დღეს, იგივე ადამიანები ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა ოპოზიციის რიგებიდან დააბრუნონ და ამით შეუქმნან საქართველოს პრობლემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ: ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”.
მაშინ, როდესაც უკრაინაში კონფლიქტი ესკალაციის ახალ ფაზაში შევიდა, კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროებზე დაყრდნობით.
„დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროპაში მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია უკრაინასა და უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე“, - განუცხადა Le Monde-ს ბრიტანულმა სამხედრო წყარომ.
ფრანგული გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების ან კერძო კომპანიების გაგზავნის შესახებ დისკუსიები 2023 წლის ბოლოდან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების გაზრდის ფონზე განახლდა.
წყაროების განცხადებით, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ადგილზე დასავლური მხარდაჭერის გარეშე.