USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა
Date:  363

რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა მთლიანად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან, მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა.

„მეორე პრიორიტეტი უკავშირდება ინსტიტუტების ეფექტიანობას ამაღლებას, რაც მოიცავდა რამდენიმე ასპექტს. პირველი იყო საპარლამენტო ზედამხედველობა და პირველ რიგში საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილი უკავშირდებოდა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე წარვადგინეთ ჩვენი გეგმა და საბოლოო ჯამში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელთა მიზანი იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა ისედაც ხელშესახები პროგრესი, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია 2018 წელს და ამოქმედდა ახალი რეგლამენტი, თუმცა, დამატებით დაიხვეწა რეგლამენტის კონკრეტული ნორმები. დეტალებში არ გავყვები ამ ცვლილებებს, მაგრამ მაგალითად მოგახსენებთ, რომ ინტერპელაციის ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა.

გახსოვთ, წლების განმავლობაში არც პრემიერები, არც მინისტრები არ მოდიოდნენ პარლამენტში იმისთვის, რომ წარმოედგინათ ანგარიშები პარლამენტის წინაშე, საზოგადოების წინაშე დღევანდელი, ახალი მოცემულობით მაგალითად თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი, არა მარტო მინისტრები, ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში მობრძანდეს პარლამენტში და წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ან წარადგინოს მთავრობის ზოგადი ანგარიში. ანუ, ყოველთვიურია უკვე ინტერპელაციები, რომლებიც შემოღებულია რეგლამენტის დონეზე, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებას. ახლა რა თქმა უნდა, ყველაფერი არის პირველ რიგში ოპოზიციის ხელში, თუ ოპოზიცია თავისი კომპეტენციით შეძლებს ამ საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებას, მისთვის გზა ხსნილია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მინისტრის საათთან დაკავშირებით იყო ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში.

„მაგალითად, ანგარიშის წინასწარ წარდგენის ვალდებულება დაეკისრა მინისტრს. ერთ დღეში ერთზე მეტი მინისტრის საათის გამართვა დაუშვებელია; საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითისთვის, დაზუსტდა ვადები, რაც დაკავშირებულია კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მინისტრის მოწვევასთან კომიტეტის სხდომაზე, ასევე დადგინდა პროაქტიული ანგარიშგების წესი, ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტი ვალდებულია პროაქტიულად წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია. პარლამენტის წევრის კითხვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი. აქაც გვაქვს ცვლილებები, კერძოდ, შემცირდა პასუხის გაცემის ვადები, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ასევე, აქაც პროაქტიულად გამოქვეყნდება ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია შეკითხვებზე პასუხის გაცემასთან, მათ შორის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია და ა.შ. თემატური მოკვლევა - ესეც არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი და ამ შემთხვევაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, კვორუმი იქნა დაწეული, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, ასევე რეგლამენტში დაიხვეწა თემატური მოკვლევის რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმი. სუს-ის ანგარიშს რაც შეეხება, სუს-ის უფროსი არ იყო ვალდებული წარმოედგინა პირადად ანგარიში პარლამენტის წინაშე და ესეც დაზუსტდა, სუს-ის უფროსი პირადად წარუდგენს პარლამენტს ანგარიშს სუს-ის საქმიანობის თაობაზე. როგორც ხედავთ, რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და უფრო მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში. ანუ, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მან საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც ფუნდამენტური ცვლილებაა და პრაქტიკაზე დადებითად აისახება.

„მეორე პრიორიტეტი არის საარჩევნო რეფორმა და აქაც როგორც მოგეხსენებათ, განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. მთავარი ცვლილება უკავშირდება ელექტრონულ ხმის მიცემას. შემოღებული იქნე ელექტრონული ხმის მიცემის წესი, კენჭისყრის წესი. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც არის ფუნდამენტური ცვლილება, რაც პრაქტიკაზე აისახება ძალიან დადებითად. თქვენ გახსოვთ, იყო უამრავი სპეკულაცია ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით და ა.შ. პრობლემა იყო დაუბალანსებელი ბიულეტენები, ოქმები და ა.შ. ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება. დაახლოებით ერთ საათში კენჭისყრის დასრულებიდან, 20 საათზე სრულდება კენჭისყრა როგორც მოგეხსენებათ, 21 საათისთვის უკვე ამომრჩეველთა ხმების 90%-ზე მეტი იქნება დათვლილი და ატვირთული ცესკო-ს ვებგვერდზე, რაც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს მთლიანად საარჩევნო პროცედურების ხარისხს და ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განხორციელდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსების კუთხით ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

„ხარჯების წლიური ზედა ზღვარი განახევრდა პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსებს, აქაც გავყევით ოდირის რეკომენდაციებს, გაორმაგდა ჯარიმები, რაც არის დაკავშირებული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ასევე დადგინდა ხანდაზმულობის ახალი ვადები ასევე ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, აქაც არის ფუნდამენტური ცვლილებები, კერძოდ, შემოღებული იქნა საუბნო კომისიების წევრთა სრული სერტიფიცირება, ყველა წევრი უნდა იყოს სერტიფიცირებული და ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე საარჩევნო კოდექსში. ასევე საუბნო კომისიის ხელმძღვანელობა აირჩევა საოლქო კომისიის მიერ, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, რაც შესრულდა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საჩივრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, გაიზარდა გასაჩივრების ვადები, რაც იყო ასევე ოდირის ერთ-ერთი რეკომენდაცია.

„გადათვლას რაც შეეხება, აქაც ავტომატური გადათვლა იქნა შემოღებული, დისბალანსების შემთხვევაში, თუ დისბალანსი აღემატება, 5 ბიულეტენს, ან არის, -10 ბიულეტენი ამ შემთხვევაში ავტომატურად გადაითვლება ნებისმიერი შესაბამისი უბანი. არსებითად აქტუალური იქნება ეს საკითხი იმ უბნებისთვის სადაც არ ვრცელდება ელექტრონული კენჭისყრა. მარკირება შემოღებული იქნება, მათ შორის იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც გადასატანი ყუთით აძლევს ხმას, ესეც არის მნიშვნელოვანი სიახლე და დაკვირვების ნაწილში დამკვირვებელ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ცესკოს სხდომებს, მაშინაც როდესაც არ არის საარჩევნო პერიოდი - ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. ანუ, საარჩევნო რეფორმის კუთხითაც ხედავთ რომ არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული და მე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საკმაოდ ფართო კონსენსუსით იქნა დამტკიცებული საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way