USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციისთვის ყველა თამაში წაგებულია
дата:  504

თითოეული პარტია 8 მარტის შეთანხმების მიხედვით უნდა მოქმედებდეს, თუმცა სამწუხაროდ, ორი პოლიტიკური პარტია უარს აცხადებს დოკუმენტის მხარდაჭერაზე პარლამენტში. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოპოზიციას უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

„ჩვენ ვმოქმედებთ 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ავიღეთ ვალდებულება, ავამოქმედოთ ახალი საარჩევნო სისტემა და რა თქმა უნდა, თითოეული პარტია ამ შეთანხმების მიხედვით უნდა მოქმედებდეს, თუმცა სამწუხაროდ ხედავთ, რომ ორი პოლიტიკური პარტია უარს აცხადებს დოკუმენტის მხარდაჭერაზე პარლამენტში.

რა თქმა უნდა, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი ამ დოკუმენტის სრული მხარდაჭერა პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზე.

ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, გრაფიკი ამ დოკუმენტის მიღებისთვის - შედგება ორი სატელევიზიო ფორმატის შეხვედრა საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში და ამის შემდეგ უკვე დოკუმენტი გადაინაცვლებს ოფიციალურ სახალხო განხილვაზე, სადაც 21 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, უკვე სამი მოსმენით უნდა მივიღოთ ეს დოკუმენტი.

რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ოპოზიციამ ხმა მისცეს ამ დოკუმენტს სრულად, თუ ისინი ხმას არ მისცემენ ამ დოკუმენტს, მაღალი ალბათობით, ამის გარეშეც გავა ეს დოკუმენტი, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ - თუ არ გავა ეს ცვლილება, ამის გარეშეც მძიმე არაფერი არ ხდება, არჩევნები ჩატარდება 77-73-ზე სისტემით, რომელიც არის ასეთივე ლეგიტიმური, თუმცა ჩვენი სურვილია, რომ ეს არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდეს, ამ შემთხვევაში, პირველად მოხდება საქართველოში ამ 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ არჩევნები ისეთი სისტემით ჩატარდება, რომელზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი იქნება შეთანხმებული. ჩვენ ვემზადებით უკვე ამ არჩევნებისთვის, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, რომ შეთანხმება მმართველმა გუნდმა ჩაშალა, ირაკლი კობახიძის თქმით, სპეკულაციები მუდმივად იმის სხვადასხვა თემაზე.

„ამას მიჩვეულები ვართ, მუდმივად გრძელდება სპეკულაციები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ყველამ იცის - საზოგადოებამ, საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ბუნებრივია, ყველა პარტიამ მხარი უნდა დაუჭიროს ამ საარჩევნო სისტემას და თუ ვინმე არ დაუჭერს მას მხარს, ის დარჩება ერთიანობის მიღმა, რაც ბუნებრივია, მათთვის იქნება პოლიტიკურად დამაზიანებელი, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციისთვის არჩევნებმა, მის ჩატარებამდე 5 თვით ადრე დაკარგა აზრი.

„გამოქვეყნდა რეიტინგები, რომლის მიხედვითაც ამ ორი პარტიიდან ერთს აქვს 12%-იანი მხარდაჭერა, მეორეს - 3%. ეს მათაც იციან, ისინიც ატარებენ სოციოლოგიურ კვლევებს. შესაბამისად, არჩევნებმა აზრი უკვე დაკარგა და გადავიდნენ დესტრუქციული სცენარისკენ, თუმცა ამ დესტრუქციასაც სჭირდება თავისი მყარი საფუძველი და სახალხო მხარდაჭერა - აქაც იმდენად სუსტია მათი სახალხო მხარდაჭერა, რომ ეს დესტრუქციაც წარუმატებლობისთვის არის განწირული. აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ პოზიტიური სვლა და სწორედ ამით არის განპირობებული, რომ უარს აცხადებენ, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყველა თამაში მათთვის წაგებულია და ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში არიან შესული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.

ამაზე შეთანხმებას ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უცხოელი პარტნიორების შუამავლობით გამართული დისკუსიების დროს მიაღწიეს. თუმცა ოპოზიციის განცხადებით, „თუ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება ჩაშლილია“.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати