USD 2.6802
EUR 2.8555
RUB 2.8670
Тбилиси
ირაკლი კობახიძე - ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს, სინამდვილეში იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება
дата:  343

ჩვენ გვგონია, რომ ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება. თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ისმის რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი ლობისტების აბსტრაქტული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით.

„ისინი გამუდმებით აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ იკავებს სწორ პოზიციას. თუმცა, აბსტრაქტული კრიტიკის მიღმა, ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რაში არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით. ერთადერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც ოპოზიციას ხელზე ჰქონდა დახვეული და რომელსაც თითქმის ერთი თვე ატრიალებდნენ, იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არ მუშაობს და ომს ვერ აჩერებს. თუმცა, ყველას კარგად გახსოვთ, რომ ანალოგიური შინაარსის განცხადებები მოგვიანებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა.

რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავს და ღიად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის არგახსნით არის უკმაყოფილო. თუმცა, ბევრია ისეთიც, რომელიც ამ აზრს ღიად არ აფიქსირებს.

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია და კიდევ ერთხელ განვმარტავთ. ბუნებრივია, ისეთი სანქციების დაწესებას, რომლებიც რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს უმძიმეს ტვირთად დააწვებოდა, არავითარი გამართლება არ ექნებოდა. საკუთარ ქვეყანას და ხალხს ჩვენ სანქციებს ვერ დავუწესებდით.

შესაბამისად, სინამდვილეში, ერთადერთი, რაშიც არ გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი. თუ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს ის აღიზიანებს, რომ საქართველოში დღეს მშვიდობაა და ქვეყანას წლის პირველ კვარტალში 14,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ამაზეც ღიად უნდა ვისაუბროთ.

ჩვენ გვგონია, რომ ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება. თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ.

ამიტომ, მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე ჩვენც საჯაროდ გაგცემთ პასუხს.

იგივეს ველით თქვენს მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით. ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და “ნაციონალების” რიტორიკა ერთმანეთს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა, რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისი განმარტებით, მმართველი პარტია არგუმენტირებული შენიშვნის მოსასმენად მზად არის.

„ჩვენ ვიცით ოპონირების ფასი. უშეცდომო არავინაა და შეიძლება ჩვენც რაღაც გამოგვრჩა, რაღაც დავაკელით. მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი არგუმენტირებული შენიშვნა, ოღონდ არა აბსტრაქტული კრიტიკა ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე.

საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ხელისუფლებას და რა გინდათ თქვენ. ნუ იქნებით იმის იმედად, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მოვლენებს სიღრმისეულად ვერ აანალიზებს ან ემოციებს არის აყოლილი, მძევლად გყავთ აყვანილი. როგორც ხედავთ, ეს მოცემულობა თქვენს პოლიტიკურ წარმატებას მაინც ვერ განაპირობებს.

ამიტომ, გთავაზობთ დისკუსიის ნებისმიერ გონივრულ ფორმატს, რომელიც საქმეში ყველაზე ჩაუხედავ ადამიანსაც კი გააგებინებს სიმართლეს. მოდით და არა ცარიელი სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და არგუმენტებით გვესაუბრეთ ჩვენ და ესაუბრეთ საზოგადოებას.

გარდა ამისა, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან.

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, წერილობით გაასაჯაროონ ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებული შენიშვნების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას უფლება ექნება საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ მათი კრიტიკა ცარიელი დემაგოგიაა და ვიწრო სუბიექტური ინტერესებით არის ნაკარნახევი. შენიშვნების გასაჯაროების შემდეგ, მზად ვართ, გავმართოთ მათთან საჯარო დისკუსია თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით“,- აცხადებს კობახიძე.

культура
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати