ტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები არ იქმნება ხოლმე, თუმცა აქაც ახერხებს სამწუხაროდ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] სპეკულირებას - მათ მთელი ამ დღეების განმავლობაში, პოლიტიკური ქულების დაწერა სცადეს, თუმცა ეს ყველაფერი უკან შეუბრუნდათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას გამოეხმაურა.
მან ოპოზიციას მოუწოდა, არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირება, რომლებითაც უბრალოდ არ შეიძლება.
„ასეთი ინიციატივები ბუნებრივია არავის უკვირს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი დაწყებულია იმისათვის, რომ ყველა დეტალი იქნას შესწავლილი. საგამოძიებო პროცესს წარმართავს საქართველოს პროკურატურა. მე ასევე შეგახსენებთ, რომ სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები, თუმცა აქაც ახერხებს სამწუხაროდ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა. არის გარკვეული საკითხები რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერა. მათ ცადეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ქულების დაწერა, მთელი ამ დღეების განმავლობაში, თუმცა უკან შეუბრუნდათ ეს ყველაფერი. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველაფერი. მე კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირებას, რომლებითაც სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება,“ - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ იმ სპეკულაციებზეც ისაუბრა, რომელიც შოვის სტიქიის გარშემო გავრცელდა.
„იყო სპეკულაციები, არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. კიდეებში, სადაც ღვარცოფული მასის სიმაღლე 20 სანტიმეტრს, ნახევარ მეტრს შეადგენდა, ადამიანებს ჰქონდათ გამოსვლის საშუალება. რამდენი ხანი შეიძლება გაცუროს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ?! აქ საუბარია წუთებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს, არაერთგზის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ მოსალოდნელია თუ არა შს მინისტრის გადადგომა.
„ამ შემთხვევაშიც, იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული, მათ შორის სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც პირველ რიგში, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება არის. აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს პირველივე საათებიდან ჰქონდა ყველაფრის ადგილზე ნახვის, იდენტიფიცირების საშუალება და სამწუხაროდ, რეალობა იყო ასეთი - ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა რეალურად შეუძლებელი იყო.
„ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იყო მყისიერად. იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის, ადამიანების კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე ცხედრების იდენტიფიცირების, რაც თავიდანვე იყო გამოყენებული და ამას განმარტავდა შს მინისტრი. უამრავი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც უბრალოდ, ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს და ადგილზე გაეცნო ვითარებას, აბსოლუტურად ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ერთი მარტივი მიზეზის გამო - იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა მყისიერად წამოვიდა, ძალიან დიდი სიჩქარით. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვინც მოჰყვა ღვარცოფის მასაში, მას გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა. ფოტოებიც ვრცელდებოდა ადამიანების, ვინც იყვნენ ამ ტერიტორიაზე მოყოლილი, თუმცა ეს იყო ღვარცოფული მასის კიდე, რომელიც წარმოიქმნა. შესაძლებელია იქ სიმაღლე ზოგან 20სმ, ზოგან ნახევარი მეტრი იყო, მაგრამ როდესაც საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ღვარცოფულ მასაში მოყვნენ, მათი გადარჩენა პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს პირველივე საათებიდან ჰქონდა ყველაფრის ადგილზე ნახვის, იდენტიფიცირების საშუალება და სამწუხაროდ, რეალობა იყო ასეთი - ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა რეალურად შეუძლებელი იყო. ვისაც არ მისწვდა ეს ღვარცოფული მასა, მან მოახერხა და თავი დააღწია“, - განაცხადა კობახიძემ.