ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას ვერ დაგვარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, რომ მისი გათავისუფლება მიზანშეწონილია,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ეს არის რადიკალური ოპოზიციის პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ რაღაც თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და საბოლოო ჯამში უზრუნველყონ ამ პატიმრის რაღაც ფორმით გათავისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში არიონ ვითარება. მათ დააანონსეს ცხელი შემოდგომა, რასაც ვერ მიაღწიეს და ახლა აქვთ ბოლო იმედი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სახით და აქვთ განზრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში ვითარების არევას. ეს არ შედის ჩვენი ქვეყნის, ამ ხალხის ინტერესებში და ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას ვერ დაგვარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, რომ მისი გათავისუფლება მიზანშეწონილია. ამას არ სჭირდება არანაირი პიარი და პოლიტიკური კამპანია. ამას სჭირდება მხოლოდ სამედიცინო დასკვნა და დიაგნოზი. ნაცვლად იმისა, რომ ხალხს დიაგნოზი წარუდგინონ, დაკავებულები არიან პიარ კამპანიით. მათ ყველანაირი მცდელობა ჰქონდათ, რომ ხელი შეეწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, მათ შორის ისინი თავად მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ, თუმცა, ამას ვერ მიაღწიეს და ახლა ჩართეს ახალი ხერხი, რაც ლობისტური და პიარ კომპანიის დაქირავებაა“, - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება დიაგნოზს, მარტივად უნდა ითქვას რა კონკრეტული დაავადებაა ასეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც სხვა პატიმარს არ აქვთ. [დაავადებების] ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს. გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები პრაქტიკულად ყველას აღენიშნება.
„ქვეყანას ვერავის ავარევინებთ. არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ შესაბამისმა ორგანოებმა. და ჩვენგან, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ითხოვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. ეს თავისთავად აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე აცდენილია სამართალს, კანონს, ყველაფერს. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის პიარული და პოლიტიკური კამპანია, იმისთვის რომ სააკაშვილის ქვეყნის ასარევად გათავისუფლდეს“, - განაცხადა კობახიძემ.