USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ირაკლი კობახიძე - დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან
дата:  556

ეკონომიკის განვითარებაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიზნესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზედიზედ მე-4 წელია საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა.

„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესასოციაციას, ასოციაციის პრეზიდენტს, ბატონ სოსო ფხაკაძეს დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობას, ბუნებრივია, ბიზნესის განვითარებას ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გადის გზა, ჩვენი მთავარი როლი ამოცანების შესრულებისკენ, იქნება ეს სიღარიბის დაძლევა თუ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება.

ეკონომიკის განვითარებაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიზნესი. თქვენ იცით ეკონომიკური განვითარების მონაცემები, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ამაზე ყურადღება. ზედიზედ მე-4 წელია საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. როგორც მოგეხსენებათ, 2021 და 2022 წლებში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით. წელსაც გვაქვს ძალიან დადებითი პროგნოზი ამ თვალსაზრისით. ასევე იცით, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთ ვინარჩუნებთ საგარეო ვალის დონეს, აგრეთვე - ინფლაციის დონეს, 5%-ს ჩამოსცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. მხოლოდ შარშან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 51 000-ით. შესაბამისად, დაფიქსირდა დასაქმების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი. დადებითი დინამიკა გვაქვს ასევე ტურიზმის სფეროში, სადაც პანდემიამდელ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ შემოსავლების ნაწილში 26%-ით. დღეს, მოგეხსენებათ, საქართველო სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით მსოფლიოს 45 ქვეყანასთან, ეს არის მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის ერთი მესამედი და მრავალი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე ვინარჩუნებთ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს. ეს ყველაფერი, ეს და სხვა მონაცემები, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანი ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესის წინსვლას. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის, ბუნებრივია, ბიზნესის თავისუფლება. ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო ამ თვალსაზრისით 2012 წლამდე, წინა ხელისუფლების პირობებში. ბიზნესზე ზეწოლა იყო წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდეგ აღნიშნული დამოკიდებულება, მიდგომა ბიზნესის მიმართ, ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ყველაზე კარგად ესმოდა და ესმის ბიზნესის თავისუფლების ფასი, ქვეყნის განვითარებაში გარდატეხა შეიტანა. ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ ის სარგებლობს ასევე ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან, რაც, ბუნებრივია, ასეც უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე და განაცხადა, რომ საჭიროა ბიზნესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა.

„რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევებიც და ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდება ბიზნესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია. მაგალითად, გვჭირდება საჯარო სერვისების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის მომსახურება, რომელიც უნდა შევთავაზოთ ჩვენ ბიზნესს, საჯარო სტრუქტურებმა, იყოს მაქსიმალურად სწრაფი და ხარისხიანი. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ამასთან დაკავშირებითაც დაგვჭირდება თანამშრომლობა, კოორდინაცია ბიზნესთან.

რაც შეეხება კორუფციას, თქვენ იცით, რომ კორუფციასთან მიმართებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები კორუფციის სიმცირის, მასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ პარამეტრით ჩვენ ვუსწრებთ როგორც ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე აქამდე ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი; თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, რაზეც მე ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ვისაუბრე. ჩვენ გვინდა, რომ ამ კრიტერიუმით შევიდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის, ანუ გავუთანაბრდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს, რაც არ არის მარტივი ამოცანა, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში ამ ამოცანის მიღწევაც არის რეალისტური. რაც მთავარია, კორუფციამ არ უნდა შეუქმნას, თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით.

ჩვენ გვჭირდება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიზნესისთვის, ეკონომიკისთვის - ადამიანური რესურსების განვითარება; ბიზნესი სამუშაო ძალით სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამისთვის საჭიროა განათლების სისტემაში, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი იმ გამოწვევებისა, რომლებიც დგას ჩვენ წინაშე, თუმცა ეს არის ძირითადი საკვანძო საკითხები, ალბათ დამეთანხმებით. ჩვენ დაგვჭირდება ამ და სხვა საკითხებზე მუდმივი თანამშრომლობა, კოორდინაცია ბიზნესთან იმისთვის, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს მაქსიმალურად რაციონალური და ბიზნესის ინტერესებზე, ეკონომიკური წინსვლის ინტერესებზე მორგებული. გვჭირდება ახალი იდეები თქვენგან იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური განვითარების ტემპი, გავაუმჯობესოთ გარემო საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის, საქართველოში ინვესტირებისთვის. ამაზეც გვჭირდება რჩევები, გვჭირდება კოორდინაცია ბიზნესთან, ბიზნესასოციაციასთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ახალ 4-წლიან გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იქნება ერთდროულად ამბიციურიც და რეალისტურიც.

„რამდენიმე თვეში ჩვენ წარვდგებით ახალი 4-წლიანი გეგმით საზოგადოების წინაშე. ეს გეგმა იქნება ერთდროულად ამბიციურიც და რეალისტურიც. ჩვენი ამოცანაა, თვისობრივად გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალი. ამისთვის მსხვილი ინვესტიციები ჩაიდება ქვეყნის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სახელმწიფო აქტიურად დაუჭერს მხარს წარმოების განვითარებას, ექსპორტის ზრდას. ასევე ფუნდამენტურად გაძლიერდება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა და ინფრასტრუქტურა. ამასთან დაკავშირებითაც ძალიან კონკრეტული გეგმები იქნება ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი.

განხორციელდება რეფორმები, ცვლილებები მრავალი მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში პირდაპირი თუ ირიბი ფორმით ბიზნესის განვითარებას. ასევე - პირდაპირი თუ ირიბი ფორმით დადებითაც აისახება ეკონომიკურ წინსვლასა და ბიზნესის განვითარებაზე, ეკონომიკურ აქტივობაზე საქართველოში.

დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ ვერავითარი ეკონომიკური წარმატება ვერ მიიღწევა მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე. ყველას გახსოვთ, როგორ წარიმართა მოვლენები გასული სამი წლის განმავლობაში. იყო სერიოზული მცდელობა, საქართველოში დაერღვიათ პოლიტიკური სტაბილურობა და ჩვენი ქვეყანა ექციათ იმ სცენარის შემადგენელ ნაწილად, რომელი სცენარიც, სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში განვითარდა. საბედნიეროდ, ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ გაუძლო ზეწოლას და შეძლო როგორც სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ისე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ამით დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ.

დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს მყარი პოზიციები და ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოებისგან. გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენი, მმართველი გუნდის, მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არის 55-იდან 60%-ამდე. ეს არის, რა თქმა უნდა, პარტიული რეიტინგი, მაგრამ ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად ძლიერია მთავრობის, ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა. იგივე კვლევები, სოციოლოგიური კვლევები, ადასტურებს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, პირველი ფაქტორი, ხალხი ხედავს, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო, მსოფლიოში არაერთი ცხელი წერტილია. ამ ვითარებაში, მიუხედავად სერიოზული რისკებისა, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და მეორე ფაქტორი, რაც განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას, ეს არის სწორედ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური წინსვლა, რაც აისახება, ბუნებრივია, მოსახლეობის სოციალურ პირობებზე. ჩვენ შეგვიძლია დავდოთ ძალიან მყარი პირობა როგორც ფართო საზოგადოების, ისე ბიზნესის წინაშე, რომ მშვიდობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მომავალშიც აუცილებლად შევინარჩუნებთ. ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ იმის გამო, რომ შეგიქმნათ სიმყარის განცდა. რეალურად გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ სტაბილურად, მყარად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. პირადად მე, როგორც პრემიერ მინისტრმა, კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ღიაობის სრული მზადყოფნა ბიზნესთან, ბიზნესასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BAG-ის ინდექსის 2019-2023 წლების შედეგებზე, ბიზნესის განწყობებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.

კონფერენციის მსვლელობისას Galt&Taggart-ის წარმომადგენლებმა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკის სექტორები მიმოიხილეს.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა ორი პანელური დისკუსია: მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები, სექტორული მიმოხილვა, სადაც საუბარი შეეხო ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ტურიზმს, საცხოვრებელ უძრავ ქონებას; ასევე - FMCG-ს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და განათლებას. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა.

аналитика
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინა, ბალკანეთი და ევროკავშირის მომავალი გაფართოება: ვის რა პერსპექტივა აქვს“

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) სტატია სათაურით „უკრაინა, ბალკანეთი და ევროკავშირის მომავალი გაფართოება: ვის რა პერსპექტივა აქვს“ (ავტორი - ტონი ბარბერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრიუსელის ოფიციალური რიტორიკის თანახმად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზოგიერთი ცალკეული სირთულის მიუხედავად, დამაჯერებლად მიმდინარეობს. ამბობენ იმასაც, რომ ერთ-ერთი კანდიდატი-სახელმწიფო - ჩერნოგორია - 27 წევრიან ოჯახს 2020-იანი წლების ბოლოს დაემატება.

დაგროვილი დაძაბულობა

დღეს ევროკავშირის საერთო სურათზე სამ რეალურ ტენდენციას ვხედავთ: მსოფლიო მოვლენების გავლენას ევროკავშირზე, ბლოკის წევრი ცალკეული სახელმწიფოების ინტერესებს და სიტუაციას ბლოკის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში.

2013 წლიდან, როცა ხორვატეთი ევროკავშირში გაერთიანდა, ბლოკში თითქმის ათწლიანი „უძრაობა ჩამოწვა“. ახალი იმპულსი ევროკავშირმა მხოლოდ 2022 წელს მიიღო, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ბრიუსელმა კოლექტიური პასუხის გაცემა დაიწყო კრემლის წინააღმდეგ. მოგვიანებით ევროკავშირში გაფართოების ტენდებცია გამოცოცხლდა: ექვს ბალკანურ ქვეყანას, რომლებიც თავიანთ საათს ელოდებიან (ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს, ჩერნოგორიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და სერბეთს) ბრიუსელმა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დაუმატა. ევროკავშირის წევრობის კიდევ ერთი მაძიებელია თურქეთი, თუმცა უფრო ქაღალდზე, ვიდრე რეალურად.

მაგრამ ევროკავშირის გაფართოების აღორძინებულ გეგმებში ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე მუდმივი გადაუჭრელი წინააღმდეგობა: ერთი მხრივ, ევროკავშირის ხელმძღვანელობა გაფართოებაში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სარგებელს ხედავს, მაგრამ მეორე მხრივ, ბრიუსელს არ სურს გაფართოება ნებისმიერ ფასად: წევრობის კანდიდატი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ კრიტერიუმებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც დემოკრატიას ეხება, კანონის უზენაესობას და ისტორიული დავების მოგვარებას ევროკავშირის წევრებთან.

აქედან გამომდინარეობს კითხვა; მზად არიან თუ არა ევროკავშირის წევრი [და არაწევრი] ქვეყნების მთავრობები (და აქვთ კი უნარი?) იმისათვის, რომ განახორციელონ საკვანძო ინსტიტუტების შორსმიმავალი რეფორმები და გააფორმონ ისეთი ფუძემდებლური ფინანსური შეთანხმებები, რომლებიც აუცილებელია გაფართოებისათვის?

რუსეთი და დონალდ ტრამპი

გარდა ამისა, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ისეთი სიტუაციაა, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს ბლოკის გაფართოებას. ორი მნიშვნელოვანი მომენტი: რუსეთ-უკრაინის ომი და დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად.

ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტი პროგნოზირება იმისა, თუ რას გააკეთებს რეალურად დონალდ ტრამპი მოსკოვ-კიევის კონფლიქტთან მიმართებით, თუმცა მისი განცხადებების საფუძველზე, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილია სამშვიდობო მოლაპარაკების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ხელში უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი დარჩება. ასევე არაფერი არ მიანიშნებს იმას, რომ კრემლი უკრაინის დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას დაეთანხმება - არამარტო ნატოში, არამედ შედარებით არამილიტარისტულ ევროკავშირშიც, რომლის სწრაფვას თავდაცვისაკენ მოსკოვი დამცინავად უყურებს, მაგრამ მაინც მხედველობაში იღებს.

თეორიულად ევროკავშირს უკრაინასთან მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლია, მაგრამ ეს საკმაოდ სარისკო იქნება, თუ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები დე-ფაქტო შემცირებულ უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს არ შესთავაზებენ.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის წესდების მიხედვით, კანდიდატი ქვეყნის სურვილის განხორციელება - ევროკავშირის წევრად მიღება - 27 ნამდვილი წევრის თანხმობას ითხოვს. ამრიგად, იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინასთან რაღაც სადაო აქვთ, ყოველთვის შეუძლიათ კანდიდატ ქვეყანას „ცივი წყალი გადაასხან“ და მათი წინსვლა ევროკავშირისაკენ დაამუხრუჭონ. ასეთი ქვეყნებია უნგრეთი - თავისი რუსოფილური სიმპათიებით, რომელიც კიევს პრეტენზიებს უყენებს უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებების დარღვევის გამო. ასევე პოლონეთი, რომელიც უკრაინას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციონალისტების მიერ ჩადენილი მხეცობის გამო ედავება, ხოლო ზოგიერთ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას უკრაინის მიმართ პრეტენზიები აქვს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტთან დაკავშირებით.

აშშ, ევროკავშირი და ბალკანეთი

სირთულეები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება - ბალკანეთშიც ბევრი პრობლემაა. დონალდ ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ ბალკანეთში უცნაური და შეიძლება ითქვას, ძალზე სახიფათო როლი შეასრულა: საკითხი ეხება წარუმატებელ პოლიტიკურ თამაშებს ტერიტორიის გაცვლის თაობაზე - სერბეთსა და კოსოვოს შორის. ასეთი ინიციატივები ძალზე სარისკოა ბალკანეთის სხვა ქვეყნებისათვის და შეუძლიათ სიტუაციის არევ-დარევა ისედაც მყიფე მშვიდობის პირობებში, საზღვრებთან მიმართებით (ვთქვათ, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის). სერბეთის მიმართ, რომელიც რუსეთისადმი ლოიალურად არის განწყობილი, თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ჯო ბაიდენსაც - იმდენაც ცუდი, რომ სერბეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია და უკრაინას იარაღი მიაწოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირს, ბრიუსელს სერბეთში ლითიუმის მდიდარი საბადო (ევროპაში უდიდესი) უფრო აინტერესებს, ვიდრე ბელგრადის დემოკრატიულობა და მის მიმართ ზეწოლა, რომ ბლოკში გაერთიანების კრიტერიუმები შეასრულოს.

საფრანგეთი და გერმანია

თუ ბლოკის წევრების როლს გადავხედავთ, მასში წამყვან ქვეყნებს საფრანგეთი და გერმანია წარმოადგენენ, რომლებშიც ულტრამემარჯვენე პარტიების გავლენა ძლიერდება.

საფრანგეთი, საერთოდ, ევროკავშირის გაფართოების საკითხს დიდი ხნის განმავლობაში ეჭვით და სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა 2022 წელს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავისი დამოკიდებულება შეცვალა. მაგრამ დღეს პრობლემა იმაშია, რომ ემანუელ მაკრონის პოლიტიკური ძალა სუსტდება საარჩევნო ავანტიურების, საბიუჯეტო კრიზისის, საპარლამენტო განხეთქილებისა და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატების სავარუდო წარმატების გამო.

პარიზში არც მემარჯვენეებს და არც მემარცხენეებს ევროკავშირის გაფართოება არ უხარიათ - ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად,  საფრანგეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა, ახალი ქვეყნის მიღებაზე თანხმობისათვის საჭიროა ან რეფერენდუმი ჩაატაროს, ან მიღება პარლამენტის ორივე პალატის წევრთა სამი მეხუთედმა მოიწონოს.

გერმანიაში პოლიტიკური კონსენსუსი გაფართოების მხარდასაჭერად უფრო ფართოა, ვიდრე საფრანგეთში, მაგრამ პრეტენზიები ბერლინსაც აქვს: ფედერალური ხელისუფლება თვლის, რომ კანდიდატებმა აუცილებლად უნდა გაატარონ ღრმა რეფორმები, თორემ მოუმზადებელი ქვეყნის მიღებამ შეიძლება ზიანი თვით ევროკავშირს მოუტანოს ზიანი.

გერმანიას ასევე მიაჩნია, რომ ევროკავშირმა თავისი „დნმ“ (გენეტიკური ელემენტი) უნდა შეინარჩუნოს, ანუ ისეთი ტრადიციული ისტორიული ღირებულებები, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, სამართლიანობა... ბერლინი უპირველესად ითხოვს, რომ კანდიდატმა ქვეყანამ თავისი დამსახურება აჩვენოს კანონის უზენაესობის საკითხში.

ევროპელი ულტრამემარჯვენეები

ევროპული ულტრამემერჯვენე პარტიების პოზიციები ევროკავშირის გაფართოების საკითხში შორს არის ერთიანობისაგან. შესამჩნევია ორი ჯგუფი: პირველნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გაფართოებას, უბრალოდ, იმიტომ, რომ მათ თვით ევროკავშირი არ მოსწონთ. მეორენი კი გაფართოებაში უპირველესად ხედავენ ევროკავშირის გადაქცევას სუვერენული ეროვნული ქვეყნების ალიანსად და არა ისეთ თავისუფალ კონფედერაციულ ბლოკად, როგორიც დღეს არის.

სხვატა შორის, მეორე ბლოკში შედის უნგრული პარტია „ფიდესი“ პრემიერ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, რომელიც, უკრაინასთან მტრული დამოკიდებულების ფონზე, მიესალმება ევროკავშირში ისეთი ქვეყნების გაწევრიანებას, როგორსაც კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი სერბეთი წარმოადგენს.

კანდიდატი ქვეყნები: ჩერნოგორიული სცენარი

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს: ყურადღება გავამახვილოთ ჩერნოგორიაზე, რომლის მოსახლეობა 600 ათასს აღწევს და რომელიც სერბეთს 2006 წელს გამოეყო. ჩერნოგორიას იშვიათად ეთმობა ყურადღება, მაგრამ ის საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს იმიტომ, რომ სხვებზე მეტად უფრო პრიორიტეტულია ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრით.

ევროკომისიის ბოლო მოხსენების თანახმად, ბრიუსელი მზად არის მხარი დაუჭიროს პოდგორიცას სურვილს და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2026 წლისათვის დაასრულოს. თუმცა ამის შემდეგ შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი გავიდეს, სანამ ჩერნოგორია სრულუფლებიანი წევრის სტატუსს მიიღებს: გააჩნია, რამდენად სწრაფად აუნთებენ მას ევროკავშირის წევრები მწვანე შუქს და დროულად მოახდენენ რატიფიცირებას.

საქმე იმაშია, რომ ჩერნოგორიაში საკმაოდ სესამჩნევია პროსერბული და პრორუსუსლი განწყობები - არიან პარტიები, რომლებსაც მტრული დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის მიმართ. ისმის ხმები, თუ ვინ არიან ჩერნოგორიელები - სრულფასოვანი ერის წარმომადგენლები თუ იგივე სერბები, მხოლოდ სხვა სახელით? ზოგიერთი ევროპელი ექსპერტი აცხადებს, რომ ჩერნოგორიის მთავრობაში ისეთი მინისტრებიც არიან, რომლებიც ჩერნოგორიელთა ეროვნულ იდენტურობას უარყოფს.

არანაკლებ ნეგატიური ხასიათი აქვთ სხვა მომენტებსაც: მაგალითად, გასულ თვეში ზოგიერთმა ანტიევროპულმა პარტიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ ანალოგიურ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა რუსეთის გავლენით მიიღო და რის შემდეგაც ბრიუსელმა საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება შეწყვიტა. გარდა ამისა, ივლისში ჩერნოგორიამ ხორვატეთი გააღიზიანა იმ განცხადებით, რომ მეორე მსოფლიო ომში ხორვატი ნაციონალისტები მხეცურად იქცეოდნენ.

ასე რომ, ისევე როგორც პოლონეთ-უკრაინის ისტორიული დავა, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის უთანხმოება ეროვნულ თვითშეგნებისა და ენის საკითხებში, ხორვატეთ-ჩერნოგორიის მწვავე ურთიერთდამოკიდებულება  ხელს უშლის ევროკავშირში ინტეგრირებას. და თუ მათ დავამატებთ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას ევროკავშირზე, დონალდ ტრამპის ფაქტორს და უთანხმოებებს თვით ევროკავშირში, პერსპექტივა არასახარბიელოა - სანამ ასეთი საკითხები დარეგულირებული არ იქნება, ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება.

წყარო: https://www.ft.com/content/5f7f2df4-641a-4a93-9599-a223a191f6c7

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати