პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი.
როგორც კობახიძემ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის მესამე რაუნდის შემდეგ განაცხადა, არსებობს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მიეცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე.
„ჩვენ წინასწარ ვერ გვექნება მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მოთხოვნას, რომ შემდეგ რაუნდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდეს, კობახიძემ განაცხადა „ვინ მივა მოლაპარაკებებზე, ამას წყვეტენ პოლიტიკური პარტიები“.
„გადაწყვეტილება მიღებული იყო ჩვენი პარტიიდან, რომ ვყოფილიყავით არჩილ თალაკვაძე და მე“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მესამე რაუნდში თავად კობახიძის ჩართვის საჭიროებას, როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, ყველა პარტიას თითო წარმომადგენელი ჰყავს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ განსახილველი იყო იურიდიული საკითხები, გამონაკლისის სახით დაუშვეს, რომ მოლაპარაკებებს ირაკლი კობახიძეც დასწრებოდა.
„პრინციპი იყო ის, რომ ერთი პარტიიდან ერთი წარმომადგენელი ყოფილიყო, მაგრამ ბევრი იურიდიული საკითხი იყო განსახილველი. როცა არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა ამ შეხვედრებს, ის მთლიანად პარტიის პოზიციებს და ინტერესებს წარმოადგენდა. ახლა იყო ბევრი იურიდიული საკითხი, რასაც სჭირდებოდა ნიუანსებში განხილვა, აქედან გამომდინარე გამონაკლისი დაუშვეს „ქართული ოცნებისთვის“ და ორნი ვიყავით წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.