აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ აქციების კუთხით ამ გადაწყვეტილებას დიდი ფასი არ აქვს.
„ასეთი პრაქტიკული დატვირთვა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას არ ჰქონდა, ჩვენ არ გვქონდა არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ, რაც ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს სტრატეგიული პარტნიორობიდან. ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა მცდელობა მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო შემხვედრი ნაბიჯები. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, აქციების კუთხით ამ გადაწყვეტილებას დიდი ფასი არ აქვს. უბრალოდ ხდება ასეთი რამ, 20 იანვარს უნდა შედგეს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე ფონი დაახვედროს ჩვენს რეგიონში ახალ ადმინისტრაციას. ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, როგორც კი ინაუგურაცია შედგება, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/