USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილი, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე - საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა თუ ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს.
дата:  171

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილმა პანელურ დისკუსიაზე კითხვაზე - ეთანხმებით, თუ არა მოსაზრებას, რომ უკრაინა-რუსეთი ომიდან გამარჯვებული არავინ იქნება. უპასუხა, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მგონი, არც არავინ იცის.

პრემიერის შეფასებით, ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.

„რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით რას ნიშნავს ომი. ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მე მგონი არც არავინ იცის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე გიკვირთ თუ არა, რომ უკრაინამ „ამდენი ხანი გაძლო?“ - პრემიერმა უპასუხა, რომ მისი შეფასებით, ეს ყველას უკვირს და ვერ ხედავს ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება.

„მე მგონი ყველას უკვირს. მე ვერ ვხედავ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა, მაგრამ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განცხადებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ადეკვატური რეაქცია არავინ იქონია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არავის დაუწესებია.

მისი თქმით რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებდა.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი. გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია?

მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი - ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული. ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს 2022 წლამდე. არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა.

ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. ჩვენ შევუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს, ყველგან, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუციები, ეროვნული ბანკი სრულად შეესაბამება ფინანსურ სანქციებს, მაგრამ, რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს - მინდა განვმარტო, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან. ახლა შედარებისთვის, ევროკავშირი 4 დღეში მხოლოდ იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვაჭრობთ. ეს სასაცილოა ხომ? ჩვენს შემთხვევაში რუსეთის წილი, ბრუნვა არის 0.3% და ლოგიკა არ არსებობს. ეს დააზიანებდა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? - დასვა რიტორიკული კითხვა პრემიერმა და თვითონვე გასცა პასუხი -  უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში.

მისივე თქმით, მისი ამოცანა და ვალდებულებაა ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის დაცვა.

„თუ ჩვენ განვსჯით ქვეყნის მუშაობას და მის დამსახურებას უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, ჩვენ ორივეს ვუსწრებთ წინ ორჯერ, სამჯერ ანუ თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომასა და მუშაობაზე, როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია ჩვენი გეოგრაფიის, მიმდინარე ოკუპაციის გამო. 20% არის კვლავ ოკუპირებული. მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90 წლებში, ორი ომი გვქონდა, 2008 წელს რუსეთთან, პატარა ერი, 4 მილიონიანი მოსახლეობით, პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან. ჩვენ რას ვაკეთებთ იცით? ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩემი ამოცანა, ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ინტერესების, ჩემი ხალხის დაცვა.

ჩემი ინტერესია მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოო ევროკავშირსა და ნატოს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობის, იმ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთეთ, ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია - ევროკავშირი და ნატო“, - განაცხადა პრემიერმა.

რუსეთთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, პრემიერმა განაცხადა, რომ  საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია.

მისი თქმით, პირდაპირი ფრენები არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან.

„ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია, არც ერთი სანქცირებული ხაზი არ იფრენს საქართველოში. უპირველეს ყოვლისა ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე ეს არის ჩვენი ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან“, - განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და ყველა თხოვნაზე უარი უთხრეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს არა ციხეში, არამედ კერძო კლინიკაში იხდის.

„არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული. მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე. უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის... ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში. კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია და ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო 2 წლის განმავლობაში და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგში ადამიანის უფლებების სასამართლოში წაიღეს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ამ ყველაფერს ევროპული სტანდარტებით ვაკეთებთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, ხედავს, თუ არა რისკებს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დაიღუპოს, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

„მე არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. ყველა ადამიანს, ყველა პატიმარს ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და რაც გითხარით იმას გავიმეორებ - ვიცავთ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, ყველა პატიმრის უფლებებს“.

ჩინეთთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს, იზრდება ვაჭრობა და ეკონომიკა.

„ჩინეთთან მიმართებით ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან, ჩვენ ვზრდით ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჩინეთი იცით რას აკეთებს, ამ კრიზისის განმავლობაში მგონი, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა, მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის. მე მივესალმები, ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. მე ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა,“ - განაცხადა პრემიერმა.

 

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати