USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ირაკლი ღარიბაშვილი - ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში
Date:  375

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან მისი მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანია, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას.

"მეუფე შიო, მოგესალმებით, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, ქალბატონ ელჩს, ამერიკის ელჩს და ისრაელის ელჩს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ვეტერანებს მივესალმები განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით. ბატონო კობა, მოგესალმებით. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე - ვეტერანის დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან მისი მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანია, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას.
„ჩვენს სამხედროებს მივესალმები და მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ვეტერანის სტატუსი არის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსი ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური, არამედ ეს არის სტატუსი, რომლის მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანია, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, მე ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერანებს, ყველა ვეტერანს, რომლებმაც გაიღეს სისხლი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლებიც იცავდნენ, ემსახურებოდნენ და ემსახურებიან დღესაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. იცით, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების ღვაწლი, სამსახური, მათ მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი, მე ასე ვიტყოდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო 11 წლის განმავლობაში მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა ვეტერანებს და მათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადაუწყვიტა.
„რამდენიმე შემიძლია გავიხსენო და ჩამოვთვალო. იცით, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ვეტერანებისთვის არ არსებობდა საყოველთაო დაზღვევის თუნდაც მინიმალური პაკეტიც კი. ჩვენ დღეს შეიძლება ამაყად ვთქვათ, რომ სახელმწიფო, მთავრობა, 125 მილიონ ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული მთავრობის მიერ. ამის გარდა, რა თქმა უნდა, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იხარჯება ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიურ კომპენსაციაზე, დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება სხვადასხვა სერვისისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, იცით, რომ ომში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ. მე არ ვამბობ, რომ ეს არის დიდი დახმარება, ეს არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი მთავრობის მხრიდან, რომ მათ მიეცეთ ყოველთვიური დანამატი, კომპენსაცია. მე არ მინდა ჩამოვთვალო და ეს ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამით მთავრობა კი არ ამაყობს, მე ამით ხაზგასმა მინდა გავაკეთო იმის, რომ ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა, რომ მაქსიმუმი გავუკეთოთ ჩვენს ვეტერანებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული და მალე გამოაცხადებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის.
„მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. სამსახურის ხელმძღვანელმა სიტყვა გახსნა და წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს, ჩვენს დაღუპულ ვეტერანებს და არა მხოლოდ.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ, ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული. თქვენ იცით, რომ სამხედროებისთვის, პოლიციელებისთვის, სხვა სამსახურებისთვის, სპეცსამსახურებისთვის ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყება, ინიციატივა განვახორციელეთ, იქნებოდა ეს ხელფასების ზრდა, 50%-ით გაეზარდათ ხელფასები ჯარისკაცებს და პოლიციელებს, სპეცსამსახურის თანამშრომლებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა, ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის, იმიტომ, რომ ახლა ეს იყო, ასე ვთქვათ, სტატიკური და იყო ჩაკეტილი. ძალიან მალე გამოვაცხადებ ამ ახალ გადაწყვეტილებას.
იცით, რომ ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს ჩვენი სამხედროებისთვის, ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, იქნება ეს ბინების მშენებლობა თუ სხვა სოციალური გარანტიები.
ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც მზად არიან, რომ გაიღონ ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე - მთავრობის მხრიდან იყვნენ სათანადოდ დაფასებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს პოლიციელებს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. დიდი მადლობა!

მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ბატონ კობა კობალაძეს, მის სამსახურს, მივულოცო თქვენს თანამშრომლებს დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ, მადლობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა."

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way