USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა
Date:  437
კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა. 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მლრდ ლარი, ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება მინიმუმ 108 მილიარდი ლარი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში.
„მე მინდა დღეს მნიშვნელოვან საკითხებზე გავაკეთო განცხადება, გავავრცელო და მივაწოდო ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დღეს განვიხილავთ უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას − პარლამენტთან, მთავრობაშიც, რა თქმა უნდა, მინისტრებთან სათითაოდ გავიარეთ ყველა ის საკითხი და ინიციატივა, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ 2024 წელს. პარლამენტთან გვქონდა ძალიან ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობა და საბოლოო ჯამში, დღეს წარმოვადგენთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ ადამიანს, ჩვენი გუნდის წევრს, ფინანსთა მინისტრს და მის გუნდს, რომლებმაც ძალიან კარგად იმუშავეს ახალ ბიუჯეტზე. მოკლედ შევაჯამებდი კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ძირითად პარამეტრებს, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში. მინდა ვთქვა, რომ კვლავაც ბიუჯეტი დაგეგმილი არის კონსერვატიულად. ჩვენ ჩავდეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე ძალიან შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, 2,5% იქნება დეფიციტი და შემდგომ წლებშიც გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს შემცირების ტენდენცია. მთავრობის ვალი 38% იქნება მშპ-თან, რაც ასევე ძალიან დაბალია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 3 წელიწადში მოვახერხეთ მნიშვნელოვანი შემცირება მთავრობის ვალის და მომდევნო წლებშიც შემცირების ტენდენცია იქნება. კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში, მეგობრებო, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა. მე შევახსენებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი, ანუ ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა ბოლო 11-12 წელიწადში, შეიძლება ითქვას − 86 მილიარდი ლარი და დოლარში 8500 დოლარს გადააჭარბებს უკვე, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პერ კაპიტა იქნება 8500 დოლარი, აქაც დოლარში გვაქვს გაორმაგება ბოლო 11 წელიწადში. ჩვენი პროგნოზით, უკვე 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება 108 მილიარდი ლარი, ესეც მინიმუმ, ასეთი პროგნოზი გვაქვს ჩვენ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, 2024 წლის საერთო, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ანუ ჩვენ კიდევ გავზარდეთ, ამის თაობაზე მოგახსენებთ დეტალურად. იცით, რომ, აღარ გავიმეორებ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები ინიციატივები დავაანონსეთ და ამ პროექტებს განვახორციელებთ 2024 წელს, მათ შორის პენსიების ზრდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა. 600 მილიონამდე დამატებით გავუზარდეთ განათლებას, რომელიც მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას და სკოლების, ბაღების მშენებლობას. ბაღები ცალკე უნდა აღვნიშნოთ, სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. ყველა მიმართულებით, კიდევ გავიმეორებ, მნიშვნელოვანი, ხელშესახები სიახლეები და ცვლილებები გვექნება 2024 წელს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში რეგიონული ფონდი გახდება 580 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება მომავალ წელს.
„ახლა რაც შეეხება სხვაობას, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ წინა ვარიანტთან შედარებით. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება 165 მლნ ლარით, კიდევ დამატებით რესურსები გამონახა ბატონმა ლაშამ და მისმა გუნდმა, 165 მლნ ლარით გაიზრდება, აქედან, უდიდესი ნაწილი - 130 მლნ ლარი ისევ ჩვენს რეგიონებში მოხმარდება პროექტების დაფინანსებას. ჯამში რეგიონული ფონდი გახდება 580 მლნ ლარი, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება მომავალ წელს.
გარდა ამისა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ დამატებით გამოვყავით 15 მლნ ლარი და ეს თანხა მოხმარდება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებს, რომელთა სახლები დაზიანდა სტიქიის დროს. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ჩავურიცხავთ ამ ადამიანებს, მოხდება სახლების, ბინების შეძენა, არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე, ეს მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ მკაფიოდ. დამატებით −15 მილიონს გამოვყოფთ უკვე 2024 წელს.
კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 25 მლრდ ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი − 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 9 მილიარდ ლარამდე, დაახლოებით 8.6 თუ 8.7, მნიშვნელობა არ აქვს, 9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც 3-ჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც გაზრდილია 3-ჯერ.
კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო ლაშა, თქვენ და თქვენს გუნდს, ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც ძალიან ინტენსიურად იმუშავეს მთავრობასთან ერთად. ჩვენ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ მათგანაც, გავცვალეთ აზრები, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ და, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ფისკალური და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს აისახება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში.
„რაც შეეხება, ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტიური დინამიკა. მინდა გამოვეხმაურო საქსტატის მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ეხება ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს. წელს ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა − მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც, რაც მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომლებიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან პოლიტიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარების მაღალ ტემპს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი, საჭიროა აქტიური, ეფექტური მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები.
„ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი. ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ირაკლი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი და ყველა სამინისტროს ჩადებული აქვს ეს ხარჯები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს, საჭიროა მაგარი, აქტიური, ეფექტური მუშაობა, დროული გადაწყვეტილებები და, ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერმა.
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way