2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა სწორედ ისეთი ძალის დამარცხებით, რომელსაც უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეხქვეშ გათელილი ჰქონდა კონსტიტუცია“.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან, კონსტიტუციამ, რომელიც საამაყო უნდა იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, იმდენი ტრანსფორმაცია განიცადა, რომ გადაიქცა ტექსტად, რომელმაც დაკარგა ეროვნული შეთანხმების მნიშვნელობა.
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა სწორედ ისეთი ძალის დამარცხებით, რომელსაც პირდაპირ უნდა ითქვას, უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება, მიტაცებული იყო, როგორც მთელი ძალაუფლება, ასევე კონტროლი იყო ყველა სახელისუფლებო თუ საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე. მეგობრებო, პირდაპირ უნდა ითქვას, ამ ძალას ფეხქვეშ გათელილი ჰქონდა კონსტიტუცია. 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია ერთი ადამიანის ნება-სურვილს დაექვემდებარა და მას მოერგო.
ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ქვეყნის მმართველობის ფორმის გადაყვანა საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე მხოლოდ იმ ერთადერთი მიზნით მოხდა, რომ უვადოდ გაგრძელებულიყო მოძალადე ხელისუფლების მმართველობა. სწორედ ამგვარად იყო დაჭრილი და დაჩეხილი ის დოკუმენტი, როდესაც ქართველი ხალხის ნებით ანტიკონსტიტუციური მმართველობა შეიცვალა.
2016 წლიდან, როდესაც მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ დავიწყეთ მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა. ამ უდიდეს საქმეში წამყვანი როლი შეასრულა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გამართა და დასამტკიცებლად წარადგინა ეს დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელმაც მიიღო ისეთივე თანამედროვე, ევროპული სტანდარტის შესაბამის ფორმა, როგორიც მისი 100 წლის წინამორბედი იყო. ამიტომ, მინდა მივულოცო ბატონ ირაკლის ის დამსახურებული ჯილდო, რაც დღეს მან საქართველოს პარლამენტის სახელით მიიღო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.