USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
ირაკლი ბენდელიანი: პოლიტიკა და მეწყერი ერთმანეთთან კავშირში არ არის
дата:  579

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმებოდა.

აღნიშნული ქუჩის N41-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართა, დღეს კი მათ მერის მოადგილისა და დარგის სპეციალისტებისგან დამატებითი ინფორმაცია უნდა მიეღოთ.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიისა და სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ისურვა, რადგან არ აქვთ სურვილი, ექსპერტებისგან კომპეტენტური მოსაზრებები მოისმინონ.

ბროწეულის ქუჩის მოსახლეობა დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა ირაკლი ბენდელიანმა განუმარტა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ნებისმიერ დროს მზადაა, მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხოს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, მოსახლეობისგან კითხვები არსებობდა. აინტერესებდათ მეტი ინფორმაცია, თუმცა ჩემდა გასაკვირად, მათ შეხვედრის სურვილი არ გამოთქვეს. იმის ნაცვლად, რომ კიდევ უფრო მეტი დეტალი მიგვეწოდებინა მათ უსაფრთხოებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დამრჩა განცდა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკა და მეწყერი ერთმანეთთან კავშირში არ არის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური, არამარტო ამ კორპუსის მოსახლეობასთან, არამედ ნებისმიერ პირთან, ვისაც კი რაიმე სახის კითხვა ექნება, მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში ყველანაირ კითხვაზე პასუხის გასაცემად, სათანამშრომლოდ და აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხს, ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ბროწეულის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„უმჯობესი იქნებოდა ეს ინფორმაცია მოსახლეობისგან მოგვესმინა, თუმცა წინა დღეების განმავლობაში, ყოველთვის ამას ვამბობდით და ახლაც იგივე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხოა. დღევანდელი მონაცემებით, აქაც და მიმდებარე ტერიტორიაზეც, ცხოვრება არის უსაფრთხო, თუმცა ყველა შესაძლო სცენარისთვის მერია და შესაბამისი სამსახურები მზად არიან. ყველანაირი ზემოქმედება, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორები, უხვი რაოდენობით ნალექის მოსვლა, გარკვეულწილად, თავის კვალს დატოვებს მეწყრულ პროცესებზე. ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის შეკითხვა, თუ არსებობს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. რა თქმა უნდა, არსებობს, იმიტომ, რომ როდესაც კრიზისული სიტუაციის დაგეგმვა ხდება, ყოველთვის ვემზადებით გაცილებით უარესი სცენარისთვის. ეს გეგმაც და შემდგომი ღონისძიებებიც, დეტალურად გვაქვს გაწერილი. იმედი მაქვს, ამ გეგმის გამოყენება არ დაგვჭირდება, თუმცა თუ დაგვჭირდა, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების სამუშაოები. გარდა ამისა, მომზადდა რამდენიმე სახის ტექნიკური დოკუმენტი. ასევე, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებითა და ერთობლიობით ვამბობთ, რომ აქ ცხოვრება არის უსაფრთხო. ნებისმიერ წუთს, თუ აქ სცენარი გაუარესდება და მეწყერი ბევრად უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, აუცილებლად, პირველი ღონისძიება იქნება უსაფრთხოების ნორმები მოსახლეობის ჯანმრთელობიდან გამომდინარე“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ბროწეულის ქუჩაზე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати