USD 2.7270
EUR 3.1287
RUB 3.4745
თბილისი
ირაკლი ანდრიაძის მერობის დროს დაიწყო სასტუმრო მეტეხის მშენებლობა, ეს იყო პირველი უცხოური ინვესტიცია თბილისში - ნოდარ ანდრიაძე
თარიღი:  1407

ვაგრძელებთ  ინტერვიების ციკლს  ბატონ ნოდარ ანდრიაძესთან, რომელიც  ათეული წლების განმავლობაში წარმატებული სახელმწიფო მოხელე და სოფლის მეურნეობის დამსახურებული  მუშაკი  იყო. ამჯერად მასთან  ინტერვიუ  80 - იანი   წლების მიწურულის ქართული  პოლიტიკის  შიდა დინებებსა და  კადრს მიღმა დარჩენილ  მოვლენებს ეძღვნება. ბატონი ნოდარი ემოციების გარეშე ვერ იხსნებს ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელშიც ის უფროს ძმასთან ირაკლი ანდრიაძესთან ერთად მოჰყვა. ამ ავტოკატასტროფაზე 90 - იან წლებში ბევრი კითხვის ნიშანი და უპასუხოდ დარჩენილი  ვერსია  ვრცელდებოდა, რასაც ჩვენთან საუბარში ბატონი ნოდარი დეტალურად იხსენებს.    

ნოდარ ანდრიაძე:  ჩემი ძმა ირაკლი  თბილისის აღმასკომის თავმჯდომარედ  1985 წელს დაინიშნა. იმ პერიოდში ცენტრალური კომიტეტის  პირველი მდივანი   ჯუმბერ პატიაშვილი, მთავრობის თავმჯდომარე კი  ნოდარ ჭითანავა იყვნენ.  ცნობილია, რომ   ბატონმა ჯუმბერმა   ირაკლის დანიშვნამდე  უთხრა:  ირაკლი, საქართველოს გულს გაბარებთ და აბა თქვენ იცით, როგორ მოუვლითო. ირაკლი საქმის კაცი იყო, ეს  ყველამ  კარგად  იცოდა, ამიტომაც  მას განსაკუთრებულად  ენდობოდნენ.  ყველა პოზიციაზე,  სადაც კი იმუშავა, იყო წარმატებული და  ჰქონდა საუკეთესო შედეგები.  მართლაც დაინიშნა თუ არა აღმასკომის თავმჯდომარედ, ისე  ჩაერთო საქმეებში, ერთი წუთით მოცლა აღარ ჰქონდა.  80 - იანი წლები  საქართველოში გამორჩეულად აქტიური   პერიოდი იყო.  სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა  ყველა დარგის განვითარება, ძალიან დიდი მიღწევები იყო ინდუსტრიაში,  მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში. ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული,  კულტურული,  სპორტული პროექტები. იმ პერიოდს უკავშირდება  ბინათმშენებლობების ძალიან სწრაფი ტემპები, შენდებოდა ახალი რაიონები, რასაც სამწუხაროდ ჩამორჩებოდა კომუნიკაციების  გამართვა, პრობლემური იყო  წყალმომარაგების, ენერგო სისტემების და სხვა საყოფაცხოვრებო  საკითხები, რაც  მოითხოვდა სწრაფად გადაწყვეტას.

ირაკლის საინტერესო პერიოდში მოუწია დედაქალაქის მართვა.  მისი თაოსნობით   დაიწყო ვარკეთილის მოსახლეობისთვის  წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა, აშენდა წყლის გადამამუშავებელი ქარხანა, ამოისუნთქა ხალხმა,  რითიც ირაკლი ძალიან ამაყობდა, ასევე იმ პერიოდში განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი.   

-როგორც ცნობილია, იმ პერიოდს და თქვენი ძმის სახელს უკავშირდება პირველი უცხოური ინვესტიციის განხორციელება თბილისში.

- დიახ, ეს იყო ავსტრიელი ბიზნესმენი ბაუსბეკის პროექტი, რომელმაც დააფინანსა  სასტუმრო მეტეხის მშენებლობა. ეს იყო პირველი უცხოური ინვესტიცია, რომელიც შემოვიდა თბილისში  ირაკლის მერობის დროს.  ბაუსბეკმა საბჭოთა კავშირში  სამ  ლოკაციაზე  დაიწყო  ინვესტიციის განხორციელება:  ყირიმში, ლენინგრადში და  ჩვენთან, თბილისში. მშენებლობას დაემთხვა საბჭოთა კავშირის დაშლა, რის გამოც ვერ მოხერხდა ყირიმის და ლენინგრადის პროექტების  დასრულება,  მხოლოდ  ირაკლიმ და მისმა გუნდმა შეძლეს სასტუმრო მეტეხის მშენებლობის დასრულება  საბჭოთა კავშირის დაშლამდე 5-6 თვით ადრე.  ამ სასტუმროს მშენებლობაზე ირაკლიმ და მისმა გუნდმა უზარმაზარი სამუშაოები ჩაატარეს. იმ ტერიტორიებზე, სადაც  სასტუმრო  აშენდა იყო  ქარხანა, იქვე ცხოვრობდა მოსახლეობაც. ირაკლის დიდი ძალისხმევა დასჭირდა, ტერიტორიიდან გაიყვანა  ადგილობრივი მაცხოვრებელები,  ყველა უზრუნველყო ბინებით.

 ამ ინვესტიციის საფუძველზე სასტუმროს 87 % იანი წილი გახდა სახელმწიფოს  საკუთრება. მოგვიანებით, როდესაც სასტუმრო მეტეხთან დაკავშირებით რთული ისტორიები განვითარდა, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა მის  პრივატიზაციას, რაც ირაკლის იმ პერიოდში დაუშვებლად მიაჩნდა.  წლების შემდეგ, როდესაც საპარლამენტო კომისიამ შეისწავლა სასტუმრო მეტეხთან დაკავშირებული  საკითხები, რაზეც გარკვეულ  პირებს ირაკლისთან შეკითხვები ჰქონდათ,   დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ  მოხდა  აღიარება, რომ პროექტში, რომელშიც ქვეყანას  კაპიკი არ ჰქონდა ჩადებული,  ისე მოხდა დოკუმენტაციის გაფორმება, რომ  სასტუმროს 87 %  სახელმწიფოს ეკუთვნოდა, რაც ირაკლის დამსახურება იყო.

 მე მახსოვს სასტუმრო მეტეხის გრანდიოზული გახსნა. 300 მდე სტუმარი ჰყავდათ მიწვეული.

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია,  ყველა მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერი ესწრებოდა  ცერემონიალს, პრეზიდენტმა გამსახურდიამ ირაკლის დიდი მადლობა გადახადა ასეთი მასშტაბური სამუშაოების  ჩატარებისთვის.

-  ირაკლი ანდრიაძე მუშაობდა როგორც  პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან, ასევე ედუარდ შევარდნაძესთან, ალბათ არ იქნებოდა იოლი, იმ პერიოდის შიდა პოლიტიკურ დინებებთან გამკლავება.

-  დიახ, ეს რა თქმა უნდა,  არ იყო იოლი. როდესაც მოხდა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევა, რაც იყო ქართველი ხალხის ეროვნული დიდი მუხტის  და ენერგიის გაერთიანების შედეგი, ირაკლიმ დაწერა განცხადება გადადგომაზე,   მაგრამ ბატონმა ზვიადმა არ დააკმაყოფილა მისი განცხადება: ახლა ჩვენ  თქვენისთანა პროფესიონალები გვჭირდებაო. 

ზვიად გამსახურდია მოსახლეობის 90 % იანი მხარდაჭერით გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მტერს არ ეძინა - მას პირველი დღიდან დაუპირისპირდნენ,  როგორც შინაური, ასე გარე მტრები, რომელთაც არ მოსწონდათ ზვიად გამსახურდიას მოწოდებები ქართულ ეთნოსზე და ეროვნულ ინტერესებზე.  მათთვის არ იყო მისაღები ქართველი ხალხის ინტერესი. იმ პერიოდში ძალიან რთული შიდა პოლიტიკური დინებები იყო. ძალიან მალე გაჩნდა სირთულეები, ჩამოყალიბდა გარკვეული კასტა, რომელიც ძალიან უშლიდა ხელს ირაკლის მუშაობაში, მის თანამდებობაზე ბევრს ჰქონდა პრეტენზია, ისინი მოითხოვდნენ, რომ პრეზიდენტს ამ თანამდებობაზე თავისი გუნდის წევრები დაენიშნა. მათ მიჰქონდათ  ჭორები პრეზიდენტ გამსახურდიასთან, თუმცა გადამოწმების შემდეგ ყველა ხვდებოდა, რომ ეს იყო ბოროტი ზრახვით გავრცელებული ჭორები და  სიმართლესთან არაფერი ჰქონდა საერთო. ამ წინააღმდეგობების  მიუხედავად,  ირაკლიმ ამ პოზიციაზე იმუშავა გარკვეული პერიოდი, ის გახდა თბილისის პირველი პრეფექტი, როდესაც გამსახურდიამ ქალაქების მმართველობაში ახალი ფრანგული  სისტემა შემოიღო, რაც მალე შეიცვალა მერის პოზიციით. ირაკლი იყო  თბილისის პირველი მერი.

კასტამ, რომელიც ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩამოყალიბდა და  გაძლიერდა, თავისი გააკეთა - ირაკლის მტრები გაუმრავლდა. თბილისშიც სიტუაცია უკვე  არეული იყო. ირაკლის ძალიან უშლიდნენ ხელს, თუმცა ის მაინც მუშაობდა, სწორედ იმ პერიოდში მოხდა ავტოკატასტროფა,  რომელიც დღემდე არ ამომდის თვალებიდან. იმ პერიოდში მისმა უწმინდესობამ ირაკლის სთხოვა, რომ ქაშუეთის ეკლესიის შესასვლელი გაკეთებულიყო რუსთაველის პროსპექტიდან. იქამდე ეკლესიას შესასვლელი მხოლოდ ქვედა მხრიდან, კეცხოველის ქუჩიდან ჰქონდა.   ირაკლიმ დაიწყო პატრიარქის დავალების შესრულება. მან იცოდა სად შეიძლებოდა  ისეთი მოსაპირკეთებელი ქვების შოვნა, რომლითაც ქაშუეთის ეკლესიაა მოპირკეთებული. ქუთაისის მახლობლად ცნობილი ქვის კარიერა იყო, ირაკლიმ  იქ შეუკვეღა ქვა. დაგეგმა წასვლა ქუთაისში მარიამობის დღეს, რადგან დასვენების დღე იყო,  მეც მთხოვა,  გავყოლოდი. საქმეებს რომ მოვრჩები, დედასთან გავიაროთ   მარიამობის მისალოცადო - მითხრა. ავტომობილში ვიყავით ირაკლის მძღოლი, მე, ირაკლი და  ირაკლის ქალიშვილი მარინა. მამა -შვილი ავტომობილში უკან ისხდნენ, მე წინ მძღოლის თამაზ  სიბაშვილის გვერდით ვიჯექი. თამაზი ძალიან  კარგი პიროვნება იყო, წლები მუშაობდა ირაკლისთან და ერთგულად ემსახურა. ჩვენ დილით ადრე გავედით თბილისიდან. გორიდან ქარელისკენ,  სანამ ახალი გზა გაკეთდებოდა,  მკვეთრი დაღმართი იყო. ჩვენ შორიდანვე დავინახეთ, რომ გზასთან ახლოს იდგა მამაკაცი, ის თვითონაც გვხედავდა. როგორც კი მივუახლოვდით, მან დაიწყო მოძრაობა და  გზაზე სწრაფად გადმოსვლა. მძღოლი არ დაბნეულა - მას რომ  არ დაჯახებოდა და არ მოეკლა, საჭე  მარცხნივ აიღო. მე წინ ვიჯექი და კარგად ვხედავდი ყველაფერს. წამების განმავლობაში ხდებოდა ყველაფერი -  ჩვენი ავტომობილი ამობრუნდა და ზურგით დაეცა ასფალტზე. მე და ჩემი ძმისშვილი დალეწილები ვიყავით, ირაკლის იმ წუთებში არაფერი ეტყობოდა, თავისი ფეხით გადმოვიდა ავტომობილიდან. ჩვენ ჯერ ქარელის საავადმყოფოში გადაგვიყვანეს, საკმაოდ მძიმე დაზიანებები გვქონდა, მე 9 ნაკერი მქონდა თავზე, მძღოლს ნეკნები ჩამტვრეული, მარინასაც მოტეხილობა ჰქონდა. ირაკლი თვითონ გვპატრონობდა. როცა  თბილისში  შეიტყვეს ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა ფეხზე  დადგა - თბილისში გადმოგვიყვნეს, მახსოვს, საავადმყოფოში  რომ მოვედით, ირაკლი ჩვენ დაგვტრიალებდა თავს და უცებ  ყურებიდან წამოუვიდა სისხლი,  რაც ძალიან საშიში სიმპტომია.

ამ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ის ადამიანი, ვინც ჩვენ გზაზე გადაგვირბინა, მენტალური პრობლემების ადამიანი იყო და  იმ დროს წესით, იქ არ უნდა  ყოფილიყო. იმ პერიოდში მე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვმუშაობდი.  მივლინებით მომიწია ჩასვლა ქარელში, სადაც ეს ამბავი შევიტყვე. ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ირაკლი სამსახურს დაემშვიდობა, მისი მოვალეობის შესრულებას სხვა ადამიანი შეუდგა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა თბილისში, ირაკლის კვლავ დაუძახეს.  მან  დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურში, იმ პერიოდში მოხდა ირაკლის ხელმძღვანელობით ომის დროს გადამწვარი პარლამენტის შენობის და პირველი გიმნაზიის აღდგენა.  

ნოდარ ანდრიაძე და თემური ანდრიაძე

ერთ ისტორიას მოგიყვებით. ირაკლის შვილი თემური 2 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად ძალიან ავად გახდა,  მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ჩათვალეს, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ირაკლიმ არ იცოდა რა გაეკეთებინა -   წავიდა დიდუბის ეკლესიაში და ღვთისმშობლის მსწრაფლშემწე ხატს სთხოვა შვილის გადარჩენა. მაშინ მოხდა ასეთი სასწაული ამბავი - ჩემი ძმის   სახლთან გაიარა  ხანდაზმულმა შავოსანმა ქალმა,რომელმაც გაიგო, რომ  ბავშვი იყო ძალიან  ცუდად. ის შევიდა ირაკლის ბინაში, ავადმყოფ  თემურთან. მან ბავშვს ჯერ ნეკა თითი გაუჭრა და გამოაშვებინა სისხლი, შემდეგ დაუზილა ტანი და წაუკითხა შელოცვა, ამის შემდეგ დატოვა ბინა და წავიდა. როდესაც ირაკლი სახლში დაბრუნდა, თემური უკვე კარგად იყო. ამ ისტორიის  შემდეგ  თუ ირაკლი თბილისში იყო, ყოველ ორშაბათს, გვიან ღამით ჩუმად მიდიოდა დიდუბის ეკლესიასთან და ღვთისმშობლის ხატს, რომელიც ეკლესიის ეზოშია, მადლობას უხდიდა შვილის გადარჩენისთვის. ეს გრძელდებოდა 956 წლიდან მისი სიცოცხლის ბოლო წლებამდე. 

ირაკლი მორწმუნე იყო, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ბებიას. მისი და ბაბუის დამსახურება იყო, რომ  ჩვენს ოჯახში სარწმუნოება და ქართული სული  უმთავრესი ღირებულებებს წარმოადგენდა. იმ პერიოდში რწმენას ღიად ვერ გამოვხატავდით, მაგრამ ოჯახში ყველამ ვიცოდით, როგორ სწამდა ირაკლის ღმერთის. ეს იყო ჩვენი დიდი საიდუმლო.

საკუთარ თავზე არ მინდა ვისაუბრო, ბებია და ბაბუა პატრიოტებად გვზრდიდნენ. იმის მიუხედავად, რომ ირაკლის კომუნისტურ პერიოდში მოუწია მაღალ თანამდებობზე მუშაობა, მას  ჰქონდა ღრმად გამჯდარი ქართული სული. ბაბუა ხშირად გვეუბნებოდა: ყველაფერი მართალია, რაც საქართველოსთვის კარგია, თუ რაიმე საქართველოსთვის ცუდია, ის მართალი არ არის და ვერ იქნება.  მე და ირაკლი ამ პოსტულატით  გავიზარდეთ და ასე გავატარეთ მთელი  ცხოვრება.ეს იყო ირაკლის პირადი ოჯახის ტრადიციაც, რაც კიდევ უფრო გააღრმავა  მისმა არაჩვეულებრივმა მეუღლემ, ქალბატონმა ციალამ. ის აღზრდილი იყო ქუთაისის ყველაზე საუკეთესო ინტელიგენციის წრეში და  ეს კვალი მას თან სდევდა.  ციალა  ქართული ენის და ლიტერატურის  მასწავლებელი  იყო. ეროვნული  მრწამსი  გამძაფრებული ჰქონდა. ირაკლიმ და ციალამ  საამაყო  ოჯახი შექმნეს,რომელშიც საქართველოს ინტერესებიდან გადახვევა გამორიცხული იყო.  ირაკლი თავისი ბუნებით იყო მორწმუნე და ქართული სულის მატარებელი.ალბათ ამიტომაც ინება უფალმა და მისი საქმიანობის გვირგვინი გახდა სამების ტაძარი. ეს არ იყო შემთხვევითი. ამ ტაძარმა გაუხანგრძლივა სიცოცხლე, ტაძრის გარდა წლები არაფერი ახსოვდა!

დარწმუნებული ვარ, გავა დრო და ირაკლის მოღვაწეობა შეფასდება ზუსტად და სწორად. ირაკლი ანდრიაძის ცხოვრების მთავარიკრედო იყო საქართველო და სახელმწიფო ინტერესი, რომლიდანაც ირაკლის ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ გადაუხვევია.  

თამარ ნიჟარაძე  

 

ანალიტიკა
რა არის პრინციპული მსგავსება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა (IRGC) და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) შორის?

1. ირანისა და რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი პრიორიტეტი – პირადი გამდიდრება და „სახელმწიფო სახელმწიფოში“

IRGC მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს გახლავთ უზარმაზარი ეკონომიკური იმპერია.
იგი აკონტროლებს მშენებლობის კომპანიებს (მაგალითად, გიგანტურ კონგლომერატს „ხათამ ალ-ანბია“), ბანკებს, სატელეკომუნიკაციო ფირმებს, პორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. ირანელი უშიშროების თანამშრომლები იღებენ სახელმწიფო კონტრაქტებს კონკურსის გარეშე, არიან ჩართული კონტრაბანდაში (ნავთობი, სხვადასხვა საქონელი), ფულის გათეთრებაში და კერძო ბიზნესის რეკეტში.

ФСБ მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საკუთრების გადანაწილებასა და ეკონომიკის კონტროლში.
ФСБ აქტიურად ეწევა ბიზნესის „კრიშავას“, ახორციელებს რეიდერულ დაპატრონებებს გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეების მეშვეობით, აკონტროლებს საბანკო სექტორსა და სახელმწიფო კორპორაციების ფინანსურ ნაკადებს. ФСБ-ის მაღალი თანამდებობის პირები და მათთან დაახლოებული პირები ხდებიან დოლარიანი მულტიმილიონერები და მილიარდერები.

შედეგი: როგორც IRGC, ისე ФСБ ქმნიან სისტემას, სადაც თანამდებობა ბიზნეს-აქტივად იქცევა. ამგვარად, მათი ხელმძღვანელობა პირადად არის დაინტერესებული არსებული რეჟიმის შენარჩუნებით.


2. პროფესიული დეგრადაცია და ძირითადი ფუნქციის ჩავარდნები

წლობით, ირანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ქვეყნის (შეიძლება ითქვას, ლიხტენშტაინისაც კი) სპეცსამსახურები დაუსჯელად კლავდნენ ირანელ ბირთვულ ფიზიკოსებსა და IRGC-ის მაღალჩინოსნებს – ეს იყო კონტრდაზვერვის სრულმასშტაბიანი მარცხი.
2018 წელს „მოსადის“ აგენტებმა თეირანში მდებარე სპეციალური საცავიდან მოიპარეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაახლოებით 100 000 დოკუმენტი, საერთო წონით ნახევარი ტონა. თეირანის გულში, პირდაპირ IRGC-ის ცხვირწინ მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია.
IRGC-ის საჰაერო თავდაცვის ოპერატორმა, პანიკაში და შესაბამისი ამოცნობის სისტემის გარეშე, ჩამოაგდო უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი.
ეს ყველაფერი მიუთითებს პროფესიონალიზმის უკიდურესად დაბალ დონეზე და კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების უუნარობაზე. სწორედ ამიტომ, დღეს ისრაელის სპეცსამსახურები ირანში აკეთებენ რაც სურთ.

ФСБ კი ათწლეულებით ჯაშუშობდა უკრაინაში, აგენტებს ანთავსებდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ყიდულობდა მაღალჩინოსნებს. ომამდე, ФСБ-ის მეხუთე სამმართველომ ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდა აბსოლუტურად მცდარი სურათი – თითქოს უკრაინელი ხალხი რუსულ არმიას ყვავილებით დახვდებოდა.
ეს იყო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაზვერვითი მარცხი, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოიტანა.

ტერაქტი „კროკუს სიტი ჰოლში“: მიუხედავად დასავლური დაზვერვების წინასწარი გაფრთხილებისა და შიდა ინფორმაციით, ФСБ ვერ შეძლო რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტის აღკვეთა. ამ დროს მთელი რესურსი მიმართული იყო იმ ადამიანების დასაჭერად, ვინც პლაკატებს ატარებდა ან სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტებს წერდა.

დრონებით თავდასხმები მოსკოვზე, აფეთქებები ყირიმის ხიდზე, ოპერაცია „ობობა“ და შეტევები რუსული სამხედრო აეროდრომებზე ქვეყნის სიღრმეში – ყველაფერი ეს ცხადყოფს ФСБ-ის სრული უუნარობას შეასრულოს ქვეყნის დაცვის პირდაპირი ფუნქცია.

ФСБ-ის ჩავარდნებს დასასრული არ უჩანს.


3. ერთადერთი სფერო, სადაც ორივე სტრუქტურა „ეფექტიანია“ – საკუთარი ხალხის ჩახშობა

ФСБ და IRGC მშვენივრად ასრულებენ ერთ საქმეს – მშვიდობიანი პროტესტების ჩახშობას. ისინი ებრძვიან ქალებს ჰიჯაბის გარეშე და სტუდენტებს – პლასტმასის ჭიქებით ხელში.

IRGC და მისი დამხმარე „ბასიჯი“ არიან მთავარი იარაღი ირანში პროტესტების ჩასახშობად (2009, 2019, 2022 წწ.). ისინი უშიშრად იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს უიარაღო მოქალაქეების წინააღმდეგ, ახორციელებენ მასობრივ დაპატიმრებებს, აწამებენ და აწყობენ საჯარო სიკვდილით დასჯებს.

ФСБ კი რუსეთის მთავარი რეპრესიული იარაღია. მათ გაანადგურეს პოლიტიკური ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, აყალბებენ საქმეებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლების პოლიტიკას. მათ ქვეყანაში შიშის ატმოსფერო შექმნეს – რაც რეჟიმის სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენია.


დასკვნა

IRGC და ФСБ კლასიკური მაგალითებია იმისა, რაც ხდება სპეცსამსახურებში ავტორიტარული რეჟიმების პირობებში:

  1. შერწყმა ხელისუფლებასთან – ისინი წყვეტენ სახელმწიფოს ინსტრუმენტად ყოფნას და თავად ხდებიან რეჟიმის შემადგენელი ნაწილი, მისი შეიარაღებული რგოლი.

  2. უარყოფითი შერჩევა – კარიერული წინსვლა განისაზღვრება არა პროფესიონალიზმით, არამედ ლოიალურობით და მზადყოფნით, შეასრულო დანაშაულებრივი ბრძანებები. კომპეტენტური, მაგრამ დამოუკიდებელი თანამშრომლები სისტემიდან გარიყულნი ხდებიან.

  3. პრიორიტეტების ცვლილება – ქვეყნის ან ხალხის უსაფრთხოების ნაცვლად, მთავარი ხდება ერთი ადამიანის ან ვიწრო ელიტის ინტერესების დაცვა (მაღლესი ლიდერი ირანში, პრეზიდენტი რუსეთში).


თუ მოკლედ ვთქვათ — ესენი არიან სპეცსამსახურები მხოლოდ სახელით. სინამდვილეში კი კორუფციული ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმები.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.