ვაგრძელებთ ინტერვიების ციკლს ბატონ ნოდარ ანდრიაძესთან, რომელიც ათეული წლების განმავლობაში წარმატებული სახელმწიფო მოხელე და სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი იყო. ამჯერად მასთან ინტერვიუ 80 - იანი წლების მიწურულის ქართული პოლიტიკის შიდა დინებებსა და კადრს მიღმა დარჩენილ მოვლენებს ეძღვნება. ბატონი ნოდარი ემოციების გარეშე ვერ იხსნებს ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელშიც ის უფროს ძმასთან ირაკლი ანდრიაძესთან ერთად მოჰყვა. ამ ავტოკატასტროფაზე 90 - იან წლებში ბევრი კითხვის ნიშანი და უპასუხოდ დარჩენილი ვერსია ვრცელდებოდა, რასაც ჩვენთან საუბარში ბატონი ნოდარი დეტალურად იხსენებს.
ნოდარ ანდრიაძე: ჩემი ძმა ირაკლი თბილისის აღმასკომის თავმჯდომარედ 1985 წელს დაინიშნა. იმ პერიოდში ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი, მთავრობის თავმჯდომარე კი ნოდარ ჭითანავა იყვნენ. ცნობილია, რომ ბატონმა ჯუმბერმა ირაკლის დანიშვნამდე უთხრა: ირაკლი, საქართველოს გულს გაბარებთ და აბა თქვენ იცით, როგორ მოუვლითო. ირაკლი საქმის კაცი იყო, ეს ყველამ კარგად იცოდა, ამიტომაც მას განსაკუთრებულად ენდობოდნენ. ყველა პოზიციაზე, სადაც კი იმუშავა, იყო წარმატებული და ჰქონდა საუკეთესო შედეგები. მართლაც დაინიშნა თუ არა აღმასკომის თავმჯდომარედ, ისე ჩაერთო საქმეებში, ერთი წუთით მოცლა აღარ ჰქონდა. 80 - იანი წლები საქართველოში გამორჩეულად აქტიური პერიოდი იყო. სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა ყველა დარგის განვითარება, ძალიან დიდი მიღწევები იყო ინდუსტრიაში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში. ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, კულტურული, სპორტული პროექტები. იმ პერიოდს უკავშირდება ბინათმშენებლობების ძალიან სწრაფი ტემპები, შენდებოდა ახალი რაიონები, რასაც სამწუხაროდ ჩამორჩებოდა კომუნიკაციების გამართვა, პრობლემური იყო წყალმომარაგების, ენერგო სისტემების და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხები, რაც მოითხოვდა სწრაფად გადაწყვეტას.
ირაკლის საინტერესო პერიოდში მოუწია დედაქალაქის მართვა. მისი თაოსნობით დაიწყო ვარკეთილის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა, აშენდა წყლის გადამამუშავებელი ქარხანა, ამოისუნთქა ხალხმა, რითიც ირაკლი ძალიან ამაყობდა, ასევე იმ პერიოდში განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი.
-როგორც ცნობილია, იმ პერიოდს და თქვენი ძმის სახელს უკავშირდება პირველი უცხოური ინვესტიციის განხორციელება თბილისში.
- დიახ, ეს იყო ავსტრიელი ბიზნესმენი ბაუსბეკის პროექტი, რომელმაც დააფინანსა სასტუმრო მეტეხის მშენებლობა. ეს იყო პირველი უცხოური ინვესტიცია, რომელიც შემოვიდა თბილისში ირაკლის მერობის დროს. ბაუსბეკმა საბჭოთა კავშირში სამ ლოკაციაზე დაიწყო ინვესტიციის განხორციელება: ყირიმში, ლენინგრადში და ჩვენთან, თბილისში. მშენებლობას დაემთხვა საბჭოთა კავშირის დაშლა, რის გამოც ვერ მოხერხდა ყირიმის და ლენინგრადის პროექტების დასრულება, მხოლოდ ირაკლიმ და მისმა გუნდმა შეძლეს სასტუმრო მეტეხის მშენებლობის დასრულება საბჭოთა კავშირის დაშლამდე 5-6 თვით ადრე. ამ სასტუმროს მშენებლობაზე ირაკლიმ და მისმა გუნდმა უზარმაზარი სამუშაოები ჩაატარეს. იმ ტერიტორიებზე, სადაც სასტუმრო აშენდა იყო ქარხანა, იქვე ცხოვრობდა მოსახლეობაც. ირაკლის დიდი ძალისხმევა დასჭირდა, ტერიტორიიდან გაიყვანა ადგილობრივი მაცხოვრებელები, ყველა უზრუნველყო ბინებით.
ამ ინვესტიციის საფუძველზე სასტუმროს 87 % იანი წილი გახდა სახელმწიფოს საკუთრება. მოგვიანებით, როდესაც სასტუმრო მეტეხთან დაკავშირებით რთული ისტორიები განვითარდა, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა მის პრივატიზაციას, რაც ირაკლის იმ პერიოდში დაუშვებლად მიაჩნდა. წლების შემდეგ, როდესაც საპარლამენტო კომისიამ შეისწავლა სასტუმრო მეტეხთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც გარკვეულ პირებს ირაკლისთან შეკითხვები ჰქონდათ, დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ მოხდა აღიარება, რომ პროექტში, რომელშიც ქვეყანას კაპიკი არ ჰქონდა ჩადებული, ისე მოხდა დოკუმენტაციის გაფორმება, რომ სასტუმროს 87 % სახელმწიფოს ეკუთვნოდა, რაც ირაკლის დამსახურება იყო.
მე მახსოვს სასტუმრო მეტეხის გრანდიოზული გახსნა. 300 მდე სტუმარი ჰყავდათ მიწვეული.
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ყველა მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერი ესწრებოდა ცერემონიალს, პრეზიდენტმა გამსახურდიამ ირაკლის დიდი მადლობა გადახადა ასეთი მასშტაბური სამუშაოების ჩატარებისთვის.
- ირაკლი ანდრიაძე მუშაობდა როგორც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან, ასევე ედუარდ შევარდნაძესთან, ალბათ არ იქნებოდა იოლი, იმ პერიოდის შიდა პოლიტიკურ დინებებთან გამკლავება.
- დიახ, ეს რა თქმა უნდა, არ იყო იოლი. როდესაც მოხდა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევა, რაც იყო ქართველი ხალხის ეროვნული დიდი მუხტის და ენერგიის გაერთიანების შედეგი, ირაკლიმ დაწერა განცხადება გადადგომაზე, მაგრამ ბატონმა ზვიადმა არ დააკმაყოფილა მისი განცხადება: ახლა ჩვენ თქვენისთანა პროფესიონალები გვჭირდებაო.
ზვიად გამსახურდია მოსახლეობის 90 % იანი მხარდაჭერით გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მტერს არ ეძინა - მას პირველი დღიდან დაუპირისპირდნენ, როგორც შინაური, ასე გარე მტრები, რომელთაც არ მოსწონდათ ზვიად გამსახურდიას მოწოდებები ქართულ ეთნოსზე და ეროვნულ ინტერესებზე. მათთვის არ იყო მისაღები ქართველი ხალხის ინტერესი. იმ პერიოდში ძალიან რთული შიდა პოლიტიკური დინებები იყო. ძალიან მალე გაჩნდა სირთულეები, ჩამოყალიბდა გარკვეული კასტა, რომელიც ძალიან უშლიდა ხელს ირაკლის მუშაობაში, მის თანამდებობაზე ბევრს ჰქონდა პრეტენზია, ისინი მოითხოვდნენ, რომ პრეზიდენტს ამ თანამდებობაზე თავისი გუნდის წევრები დაენიშნა. მათ მიჰქონდათ ჭორები პრეზიდენტ გამსახურდიასთან, თუმცა გადამოწმების შემდეგ ყველა ხვდებოდა, რომ ეს იყო ბოროტი ზრახვით გავრცელებული ჭორები და სიმართლესთან არაფერი ჰქონდა საერთო. ამ წინააღმდეგობების მიუხედავად, ირაკლიმ ამ პოზიციაზე იმუშავა გარკვეული პერიოდი, ის გახდა თბილისის პირველი პრეფექტი, როდესაც გამსახურდიამ ქალაქების მმართველობაში ახალი ფრანგული სისტემა შემოიღო, რაც მალე შეიცვალა მერის პოზიციით. ირაკლი იყო თბილისის პირველი მერი.
კასტამ, რომელიც ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩამოყალიბდა და გაძლიერდა, თავისი გააკეთა - ირაკლის მტრები გაუმრავლდა. თბილისშიც სიტუაცია უკვე არეული იყო. ირაკლის ძალიან უშლიდნენ ხელს, თუმცა ის მაინც მუშაობდა, სწორედ იმ პერიოდში მოხდა ავტოკატასტროფა, რომელიც დღემდე არ ამომდის თვალებიდან. იმ პერიოდში მისმა უწმინდესობამ ირაკლის სთხოვა, რომ ქაშუეთის ეკლესიის შესასვლელი გაკეთებულიყო რუსთაველის პროსპექტიდან. იქამდე ეკლესიას შესასვლელი მხოლოდ ქვედა მხრიდან, კეცხოველის ქუჩიდან ჰქონდა. ირაკლიმ დაიწყო პატრიარქის დავალების შესრულება. მან იცოდა სად შეიძლებოდა ისეთი მოსაპირკეთებელი ქვების შოვნა, რომლითაც ქაშუეთის ეკლესიაა მოპირკეთებული. ქუთაისის მახლობლად ცნობილი ქვის კარიერა იყო, ირაკლიმ იქ შეუკვეღა ქვა. დაგეგმა წასვლა ქუთაისში მარიამობის დღეს, რადგან დასვენების დღე იყო, მეც მთხოვა, გავყოლოდი. საქმეებს რომ მოვრჩები, დედასთან გავიაროთ მარიამობის მისალოცადო - მითხრა. ავტომობილში ვიყავით ირაკლის მძღოლი, მე, ირაკლი და ირაკლის ქალიშვილი მარინა. მამა -შვილი ავტომობილში უკან ისხდნენ, მე წინ მძღოლის თამაზ სიბაშვილის გვერდით ვიჯექი. თამაზი ძალიან კარგი პიროვნება იყო, წლები მუშაობდა ირაკლისთან და ერთგულად ემსახურა. ჩვენ დილით ადრე გავედით თბილისიდან. გორიდან ქარელისკენ, სანამ ახალი გზა გაკეთდებოდა, მკვეთრი დაღმართი იყო. ჩვენ შორიდანვე დავინახეთ, რომ გზასთან ახლოს იდგა მამაკაცი, ის თვითონაც გვხედავდა. როგორც კი მივუახლოვდით, მან დაიწყო მოძრაობა და გზაზე სწრაფად გადმოსვლა. მძღოლი არ დაბნეულა - მას რომ არ დაჯახებოდა და არ მოეკლა, საჭე მარცხნივ აიღო. მე წინ ვიჯექი და კარგად ვხედავდი ყველაფერს. წამების განმავლობაში ხდებოდა ყველაფერი - ჩვენი ავტომობილი ამობრუნდა და ზურგით დაეცა ასფალტზე. მე და ჩემი ძმისშვილი დალეწილები ვიყავით, ირაკლის იმ წუთებში არაფერი ეტყობოდა, თავისი ფეხით გადმოვიდა ავტომობილიდან. ჩვენ ჯერ ქარელის საავადმყოფოში გადაგვიყვანეს, საკმაოდ მძიმე დაზიანებები გვქონდა, მე 9 ნაკერი მქონდა თავზე, მძღოლს ნეკნები ჩამტვრეული, მარინასაც მოტეხილობა ჰქონდა. ირაკლი თვითონ გვპატრონობდა. როცა თბილისში შეიტყვეს ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა ფეხზე დადგა - თბილისში გადმოგვიყვნეს, მახსოვს, საავადმყოფოში რომ მოვედით, ირაკლი ჩვენ დაგვტრიალებდა თავს და უცებ ყურებიდან წამოუვიდა სისხლი, რაც ძალიან საშიში სიმპტომია.
ამ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ის ადამიანი, ვინც ჩვენ გზაზე გადაგვირბინა, მენტალური პრობლემების ადამიანი იყო და იმ დროს წესით, იქ არ უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდში მე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვმუშაობდი. მივლინებით მომიწია ჩასვლა ქარელში, სადაც ეს ამბავი შევიტყვე. ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ირაკლი სამსახურს დაემშვიდობა, მისი მოვალეობის შესრულებას სხვა ადამიანი შეუდგა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა თბილისში, ირაკლის კვლავ დაუძახეს. მან დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურში, იმ პერიოდში მოხდა ირაკლის ხელმძღვანელობით ომის დროს გადამწვარი პარლამენტის შენობის და პირველი გიმნაზიის აღდგენა.

ნოდარ ანდრიაძე და თემური ანდრიაძე
ერთ ისტორიას მოგიყვებით. ირაკლის შვილი თემური 2 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად ძალიან ავად გახდა, მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ჩათვალეს, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ირაკლიმ არ იცოდა რა გაეკეთებინა - წავიდა დიდუბის ეკლესიაში და ღვთისმშობლის მსწრაფლშემწე ხატს სთხოვა შვილის გადარჩენა. მაშინ მოხდა ასეთი სასწაული ამბავი - ჩემი ძმის სახლთან გაიარა ხანდაზმულმა შავოსანმა ქალმა,რომელმაც გაიგო, რომ ბავშვი იყო ძალიან ცუდად. ის შევიდა ირაკლის ბინაში, ავადმყოფ თემურთან. მან ბავშვს ჯერ ნეკა თითი გაუჭრა და გამოაშვებინა სისხლი, შემდეგ დაუზილა ტანი და წაუკითხა შელოცვა, ამის შემდეგ დატოვა ბინა და წავიდა. როდესაც ირაკლი სახლში დაბრუნდა, თემური უკვე კარგად იყო. ამ ისტორიის შემდეგ თუ ირაკლი თბილისში იყო, ყოველ ორშაბათს, გვიან ღამით ჩუმად მიდიოდა დიდუბის ეკლესიასთან და ღვთისმშობლის ხატს, რომელიც ეკლესიის ეზოშია, მადლობას უხდიდა შვილის გადარჩენისთვის. ეს გრძელდებოდა 956 წლიდან მისი სიცოცხლის ბოლო წლებამდე.
ირაკლი მორწმუნე იყო, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ბებიას. მისი და ბაბუის დამსახურება იყო, რომ ჩვენს ოჯახში სარწმუნოება და ქართული სული უმთავრესი ღირებულებებს წარმოადგენდა. იმ პერიოდში რწმენას ღიად ვერ გამოვხატავდით, მაგრამ ოჯახში ყველამ ვიცოდით, როგორ სწამდა ირაკლის ღმერთის. ეს იყო ჩვენი დიდი საიდუმლო.
საკუთარ თავზე არ მინდა ვისაუბრო, ბებია და ბაბუა პატრიოტებად გვზრდიდნენ. იმის მიუხედავად, რომ ირაკლის კომუნისტურ პერიოდში მოუწია მაღალ თანამდებობზე მუშაობა, მას ჰქონდა ღრმად გამჯდარი ქართული სული. ბაბუა ხშირად გვეუბნებოდა: ყველაფერი მართალია, რაც საქართველოსთვის კარგია, თუ რაიმე საქართველოსთვის ცუდია, ის მართალი არ არის და ვერ იქნება. მე და ირაკლი ამ პოსტულატით გავიზარდეთ და ასე გავატარეთ მთელი ცხოვრება.ეს იყო ირაკლის პირადი ოჯახის ტრადიციაც, რაც კიდევ უფრო გააღრმავა მისმა არაჩვეულებრივმა მეუღლემ, ქალბატონმა ციალამ. ის აღზრდილი იყო ქუთაისის ყველაზე საუკეთესო ინტელიგენციის წრეში და ეს კვალი მას თან სდევდა. ციალა ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ეროვნული მრწამსი გამძაფრებული ჰქონდა. ირაკლიმ და ციალამ საამაყო ოჯახი შექმნეს,რომელშიც საქართველოს ინტერესებიდან გადახვევა გამორიცხული იყო. ირაკლი თავისი ბუნებით იყო მორწმუნე და ქართული სულის მატარებელი.ალბათ ამიტომაც ინება უფალმა და მისი საქმიანობის გვირგვინი გახდა სამების ტაძარი. ეს არ იყო შემთხვევითი. ამ ტაძარმა გაუხანგრძლივა სიცოცხლე, ტაძრის გარდა წლები არაფერი ახსოვდა!
დარწმუნებული ვარ, გავა დრო და ირაკლის მოღვაწეობა შეფასდება ზუსტად და სწორად. ირაკლი ანდრიაძის ცხოვრების მთავარიკრედო იყო საქართველო და სახელმწიფო ინტერესი, რომლიდანაც ირაკლის ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ გადაუხვევია.
თამარ ნიჟარაძე
POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.
2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.
მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.
ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.
„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.
POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.
European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.
ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.
იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.
გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.
გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.
„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).
ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.
თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.
გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.
ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.
„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.
ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.
„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.
გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.
მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.