USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
ირაკლი აბუსერიძის თაღლითობა „რაგბის ოჯახში“
дата:  862

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს დღეს განმეორებით ყრილობაზე აირჩევენ. სოსო ტყემალაძე ერთადერთი კანდიდატია, თუმცა, რეგისტრაციაში გაუტარებელი ირაკლი აბუსერიძე ხვალ მუშტებით და კუნთებით იმუქრება და დაგეგმილი ყრილობის პიკეტირებას აპირებს.

ალბათ, საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს კითხვა, ტყემალაძე, რომელიც მოიაზრება ივანიშვილის მაღალი ნდობით აღჭურვილ პირად, რატომ არის მიუღებელი იმ ჯგუფისთვის, რომელთა ლიდერისა და თავად ჯგუფის წევრების ქცევები, დიდი ხანია დესტრუქციული გახდა.

თუმცა, იმ დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც „რეკორდერმა“ მოიპოვა, სავარაუდოდ, ირაკლი აბუსერიძეს ის გარემოცვაც უპირობოდ ჩამოეშლება, რომელიც ახლა გარშემო ჰყავს.

საქმე კი იმაშია, რომ ეროვნული ნაკრების მორაგეებისა და აბუსერიძის თანაგუნდელებისთვის, 2010 წელს საჩუქრად გადაცემულ მიწაში, ირაკლი აბუსერიძემ და ირაკლი მაჩხანელმა იმაზე მეტი სარგებელი და მოგება ნახეს, ვიდრე დანარჩენმა 43-მა პირმა.

2010 წელს, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ტრაბზონში რუსეთი დაამარცხა, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით და რაგბის კავშირის იმჟამინდელი პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის ჩართულობით, მორაგბეებს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე საჩუქრად 45 ათასი კვადრატული საცხოვრებელი მიწა გადაეცათ, თითოეულ მათგანს – 1000 კვ. მ.
მორაგბეებმა, მწვრთნელებმა და იმ პირებმა, ვისაც ეს მიწა ეკუთვნოდათ, ნოტარიული მინდობილობით უფლება საკუთრებაზე შპს „რაგბი სითის“ გადასცეს . „რაგბი სითის“ წილები კი, რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით, რომელიც 2020 წლის 11 ნოემბერს განხორციელდა, შემდეგნაირად გადანაწილდა: 64% – ებრაული კომპანია „ჰორვატს“, 20 % – ირაკლი მაჩხანელი, 16% – „ფოიერ დეველოპმენტი“, რომლის დამფუძნებლებიც ასევე ებრაელები არიან.

„რაგბი სითიმ“ მორაგბეებთან დადო შეთანხმება, რომ თითოეული მათგანი 230 კვ. მ საცხოვრებელ ფართს მიიღებდა, მათ შორის, ირაკლი აბუსერიძე და ირაკლი მაჩხანელიც.

საუბარია 2019 წელს, როდესაც ირაკლი აბუსერიძე საქართველოს პარლამენტის წევრია.

როგორც „რეკორდერს“ წყარო უყვება, აბუსერიძემ საკუთარი კონტაქტები და პრივილეგიები გამოიყენა და მერიაში, არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის უფლების გაცემა შეაჩერებინა, თავად კი, ერთის მხრივ, მორაგბეების, მეორეს მხრივ კი – პარლამენტის წევრის სახელით ივაჭრა ებრაელებთან და შესაბამისად, გარდა კუთვნილი 230 კვ.მ საცხოვრებელი ფართისა ირაკლი მაჩხანელმა ოფიციალურად მიიღო წილი „რაგბი სითიში“ 20%-ის სახით, რასაც საჯარო რეესტრის ჩანაწერებიც ადასტურებს.

თუმცა, აქ არის ერთი საინტერესო დეტალი, 2020 წლის 8 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძესა და ირაკლი მაჩხანელს შორის იდება ხელშეკრულება წილის ნასყიდობის შესახებ, სადაც ირაკლი აბუსერიძე, (ხელშეკრულებით, შემდგომში პირველი მხარე), წილის 10 %-ს, საკუთრების უფლებით იღებს ირაკლი მაჩხანელის (ნასყიდობის ხელშეკრულებით „მეორე მხარე), წილიდან „რაგბი სითიში“.

„რეკორდერს“ წყარო უყვება, რომ დანარჩენი მორაგბეებისთვის, ეს ამბავი დღემდე უცნობია. საზოგადოებამ კი, ნათლად რომ გაიგოს, რა თანხაზე საუბარი, მოგების 20%-ი, არსებულ მიწაზე წარმოადგენს, დაახლოებით 6 000 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, დაახლოებით 5-6 მილიონი დოლარის საბაზრო ღირებულებით.

ახლა უკვე ნათელია, რატომ იბრძვის ირაკლი აბუსერიძე ასე გაშმაგებით რაგბის პრეზიდენტის პოსტისთვის. არსებულ მიწაზე, მშენებლობის უფლების ნებართვა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის გაცემული, თუმცა, წყაროს ცნობით, ირაკლი აბუსერიძემ უკვე მიიღო ებრაელი ინვესტორებისგან გარკვეული თანხა, მშენებლობის უფლების ნებართვის საკითხის მოსაგვარებლად.

უფრო ცხადი, რომ გავხადოთ, რაც აბუსერიძემ და მაჩხანელმა გააკეთეს, მორაგეების საკუთრებაში არსებული 45 ათასი კვადრატული მიწის ფართიდან, გარდა იმისა, რომ 230-230 კვ.მ საცხოვრებელი ფართები მიიღეს და ასე არგუნეს ყოფილ თანაგუნდელებს, თავიანთთვის, დამატებით 6 000 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მიისაკუთრეს და ოფიციალურად, წილებად გადაიფორმეს, ეს კი, დანარჩენ ყველა სხვა პირს დაუმალეს.

ამ მასალაში მოყვანილი ინფორმაცია სრულად გადამოწმებადია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზე, ამიტომ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეუძლია მისი მოძიება.. სავარაუდოდ, იმას, რასაც რეესტრიდან ვიგებთ, სასიამოვნო სიურპრიზი არ უნდა აღმოჩნდეს ირაკლი აბუსერიძის თანაგუნდელებისთვის, რომლებსაც ახლა ის ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა და თანაც, დაუმალა.

წყარო:https://recorder.ge/

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати