USD 2.7276
EUR 3.1373
RUB 3.4814
Тбилиси
ციპი ხოტოველი - ჩემი ოცნებაა, რომ ვიხილო ისრაელის დროშა ტაძრის მთაზე.
дата:  4474

ციპი ხოტოველი (ებრ. ציפי חוטובלי‎; დ. 2 დეკემბერი, 1978, რეხოვოთი) — ორთოდოქსულ-ეროვნულ-რელიგიური მიმდინარეობის ქართული წარმომავლობის ებრაელი პოლიტიკოსი (ლიკუდი), ჟურნალისტი აქტივისტი და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2015 წლიდან. 2020 წლის იანვრიდან დიასპორის საქმეთა მინისტრი. მისი მშობლები რეპატრიანტი ქართველი ებრაელები იყვნენ. მამა: გაბრიელ ხოტოველი, დედა: რუსუდან სეფიაშვილი

2009 წლის 24 თებერვლიდან ციპი მე-18 მოწვევის ქნესეთის წევრია და ყველაზე ახალგაზრდა პიროვნებაა მათ შორის, ვინც კი ოდესმე ქნესეთის წევრად აურჩევიათ. მას ახასიათებენ, როგორც ლიკუდის პარტიის „იდეოლოგიური ხმა“. 2006 წლიდან იგი გაზეთ მაარივში აქვეყნებს სტატიებს და მოღვაწეობს მედიის სფეროშიც. ციპი ხოტოველი აქტიურად ეწევა ქალთა უფლებების გაუმჯობესების კამპანიას.

ციპი ხოტოველი დაიბადა ისრაელში, ქართველი ებრაელების ოჯახში. ისრაელის ქართულ საზოგადოებაში მის პოლიტიკურ კარიერას აღწერენ, როგორც „მოელვარე სიამაყე“. იგი დაიბადა და გაიზარდა რეხოვოთში და დაამთავრა ეროვნულ-რელიგიური უმაღლესი სასწავლებელი თელ-ავივში. ორი წლის განმავლობაში, იგი იერუსალიმში, ბეირ-ხარავ-ქუქის მუზეუმში მუშაობდა ტურისტულ გიდად, ხოლო მოგვიანებით, ატლანტაში, ებრაული სააგენტოს წარმომადგენლად.

ბარ-ილანის უნივერსიტეტი ციპი ხოტოველმა წარჩინებით დაამთავრა და ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები მიიღო. აკადემიური სწავლის დასრულების შემდეგ, მან გაიარა სტაჟირება რამ-კასპის საადვოკატო ბიუროში, თელ-ავივში და 2003 წელს სერტიფიცირებული ადვოკატი გახდა. 2003-2005 წლებში, იგი ბარ-ილანის ჟურნალის რედაქტორად მუშაობდა, მოგვიანებით კი გადაწყვიტა, რომ აკადემიური სწავლა გაეგრძელებინა და თელ-ავივის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, დოქტორის ხარისხის მისაღებად. სწავლის პარალელურად, ხოტოველი აქტიური იყო ებრალი სტუდენტების მსოფლიო კავშირში (WUJS) და წარადგენდა ორგანიზაციას სტუდენტთა კონფერენციაზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ამასთანავე, იგი ბნეი აკივას მოძრაობის წარმომადგენელი იყო პარიზში. ციპი ხოტოველი ასევე იერუსალიმში, ბრურიას სემინარიაში და ბარ-ილანის უნივერსიტეტის გოგონათა სემინარიაში სწავლობდა.

2013 წლის 27 მაისს, ციპი ხოტოველი ცოლად გაჰყვა ადვოკატ ორ ალონს. პოლიტიკური კარიერა

ციპი ხოტოველი მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელია, ძირითადად მონაწილეობს თავისი პარტიის პოლიტიკის იდეოლოგიურ ფორმირებაში და რეგულარულად უწევს წინააღმდეგობას პალესტინური სახელმწიფოს მშენებლობას.

2015 წლიდან, ხოტოველი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

2020 წლის იანვარში დანიშნეს დიასპორის საქმეთა მინისტრად.

გაბრიელ ხოტოველი და რუსუდან სეფიაშვილი

რუსუდან სეფიაშვილი (ციპის დედა): - პატარაობიდანვე უნიჭიერესი იყო. ერთი წლისაც არ გახლდათ, უკვე გამართულად რომ ლაპარაკობდა... შვილიც ბევრი მყავს, შვილიშვილიც, მაგრამ ციპისავით ნიჭიერი არც ერთი არ არის. სკოლაში ყოველთვის გამორჩეული მოსწავლე იყო და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. მერე თანდათან დაწინაურდა. ამერიკაში, ატლანტაში გაგზავნეს... იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა. ხშირად ბეჭდავდა გაზეთში სტატიებს, პუბლიცისტი გახდა. მერე პოლიტიკურ გადაცემაში სამუშაოდ ძალიან ცნობილმა ჟურნალისტმა მიიწვია - მთელი კვირის პოლიტიკური ამბების მიმოხილვა უწევდა... ბენიამინ ნეთანიაჰუს ძალიან მოეწონა ციპი და შესთავაზა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. 29 წლის უკვე პარლამენტის წევრი გახდა. არ აპირებდა პოლიტიკაში წასვლას, უფრო იურიდიული მიმართულებით სურდა კარიერის აწყობა.
ციპის თავისი ოჯახი აქვს. 34 წლის გათხოვდა და ახლა სამი ქალიშვილი ჰყავს. მისი მეუღლე გერმანელია. ისინი ადრე იერუსალიმში ცხოვრობდნენ, მაგრამ შვილების შეძენის შემდეგ რეხოვოთში - ჩემთან ახლოს გადმოვიდნენ. ციპის ჯერჯერობით თავისი სახლი არა აქვს, ნაქირავებშია. ბევრი გაკვირვებულია, - რა უბრალოდ ცხოვრობსო! ჰგონიათ, რადგან მინისტრია, აუცილებლად მილიონერი უნდა იყოს. ისრაელში ისეთი სისტემაა, ნებისმიერ მოხელეს უბრალო საჩუქრისთვის გააკრიტიკებენ. ჩვეულებრივი მუშაც კი შეიძლება უფრო კარგად ცხოვრობდეს, ვიდრე ციპი... ყველაფერს ფული არ განსაზღვრავს და ვისაც იდეალები აქვს, მას ფული არც აინტერესებს. ციპი საოცრად კარგი ბუნების ადამიანია და ახლა ვნანობ, ბავშვობაში რომ არ დავაძალე, ქართული სრულყოფილად შეესწავლა. ცხოვრების დინება სხვანაირად მიდის და ყოველთვის მეტისმეტად გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა...
მე და ჩემს მეუღლეს დიდი სახლი გვაქვს და როცა ციპის მესამე შვილი შეეძინა, ჩვენი სახლის გარკვეული ნაწილი საბავშვო ბაღისთვის გამოვყავით. ახლა ჩვენს შვილიშვილთან ერთად, სხვა ბავშვებსაც ვზრდით. დილის შვიდი საათიდან საღამოს ხუთამდე მთლიანად ამ ბავშვებზე ზრუნვით ვარ დაკავებული. ციპის უფროსი შვილები ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში დადიან, საღამოს ჩემს მეუღლეს გამოჰყავს ისინი, მე კი, საბავშვო ბაღის მეშვეობით, ჩემს შვილიშვილზეც ვზრუნავ და გარკვეული შემოსავალიც მაქვს, ისრაელში ცხოვრება ხომ ძალიან ძვირია...“

ციპი საქართველოში სამჯერ იყო. ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო ღონისძიებაზე გახლდათ მიწვეული.

2015 წლის ოქტომბერში, ქნესეთის სატელევიზიო არხთან ინტერვიუს ჩაწერისას, ციპი ხოტოველმა თქვა:

„ჩემი ოცნებაა, რომ ვიხილო ისრაელის დროშა ტაძრის მთაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისრაელის სუვერენიტეტის ცენტრი, ისრაელის დედაქალაქი და უწმინდესი ადგილი ებრაელი ხალხისთვის.“

аналитика
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати