USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Тбилиси
იოსებ სტალინი და სამგორის სარწყავი სისტემა
дата:  3447

1931 წლის ადრე შემოდგომაზე იოსებ სტალინი დასასვენებლად და სამკურნალოდ ბორჯომს ეწვია. როგორც წესი, სტალინი, სადაც ჩავიდოდა, დიდ ყურადღებას აქცევდა ადგილობრივ მთავრობას, გამონაკლისი არც საქართველო იყო. სტალინმა დასვენების პერიოდში გადაწყვიტა, შეხვედროდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ადგილზე შეემოწმებინა მოსკოვამდე (კრემლამდე) მისული არცთუ სასიამოვნო ფაქტები.

იმხანად საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო სამსონ მამულია, სახკომსაბჭოს თავმჯდომარე - ლადო სუხიშვილი. ზემოხსენებული პირების შეხვედრა სტალინთან წყალტუბოში გაიმართა, რომელსაც შორიდან უშიშროების იმჟამინდელი შეფი ლავრენტი ბერია აკონტროლებდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამ და მათთან საუბარმა სტალინს კიდევ ერთხელ გაუჩინა ეჭვი საქართველოს პარტიული ელიტისადმი და გადაწყვიტა, მეორედ შეეცვალა ის. რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ სტალინს ცუდი შთაბეჭდილება დარჩა. სწორედ ამ შეხვედრაზე სტუმართა უკონტროლო ქმედება გახდა იმის საბაბი, რომ იმავე წლის გვიან შემოდგომაზე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა სამსონ მამულია და ლადო სუხიშვილი ჩამოაცილა ხელმძღვანელ ბირთვს და საქართველოს სათავეში ჩაუდგა ლავრენტი ბერია.

ბორჯომში სტალინის შეხვედრები ამით არ დამთავრებულა, მან აგარაკზე იხმო სახელგანთქმული ინჟინერი პეტრე მამრაძე. ვიდრე სტალინთან შეხვედრის აღწერაზე გადავალთ, შემოგთავაზებთ ამ უნიკალური ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ქრონიკებს.

პეტრე მამრაძე 1877 წელს დაიბადა, ის ორი წლით უფროსი იყო სტალინზე. 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, 1912-1924 წლებში დაამუშავა ქუთაისის თბოელექტროსადგურის, ალაზნის ველის, დოღლაურის ველის მიდამოებისა და მლაშე–მისაქციელის მიწების მორწყვის პროექტები და სხვ. 1921-1925 წლებში დანერგა პირველი საბჭოთა სარწყავი სისტემა და დააშრო ჭაობი ქობულეთის რაიონში, რამაც დასაბამი მისცა საუკუნის პროექტს კოლხეთის ჭაობის დაშრობის შესახებ. 1926-1930-იან წლებში ხელმძღვანელობდა ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობას, დაასრულა შირაქის წყალსადენი, სამგორის ველის მორწყვის სქემა; 1932-1937 წლებში დაამუშავა კურორტ წყალტუბოს კეთილმოწყობის გენერალური გეგმის ძირითადი სქემა და სათავეში ედგა წყალტუბოს ჰიდროტექნიკური კომპლექსის მშენებლობას. ამავე პერიოდში ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პეტრე მამრაძემ შეასრულა მთაწმინდაზე ილიას ქანდაკების - “მწუხარე საქართველოს” - არქიტექტურაც.

- ქართულად ვისაუბროდ თუ რუსულად? - ღიმილით შეეკითხა სტალინი სტუმარს.
- ჩემთვის სულერთია, ამხანაგო სტალინ, მაგრამ მე თქვენგან უფრო ქართული სიტყვების გაგონება გამიხარდებოდა, - თავაზიანად უპსუხა სტუმარმა მასპინძელს.
- შევთანხმდით: მე ქართულად ვისაუბრებ, თქვენ კი რუსულად მიპასუხეთ.
- თანახმა ვარ!
- ამხანაგო პეტრე, თუ თქვენ ბელსა და გაბს ელოდებით სამგორის სარწყავი სისტემის ასაშენებლად, დაგაგვიანდებათ. მგონი, ისინი ცოცხალიც აღარ არიან.
- არა, ამხანაგო სტალინ, ჩვენ არავის ველოდებით, საქმე ბევრია, ფული კი - ცოტა; რასაც ჩვენი ბიუჯეტი სწვდება, იმას ვაკეთებთ.
- მე საყვედური არ მითქვამს. თქვენ ბევრს მუშაობთ. ვიცი თქვენი ქობულეთური ამბავი და ისიც ვიცი, რომ საქართველოში აგროტექნიკური მორწყვის პიონერი ხართ.
ალაზანზე თქვენი ღვაწლი აღნიშვნის ღირსია, სამწუხაროდ, მე ნაკლებად ვიცნობ კახეთს. ნამყოფიც კი არ ვარ, მაგრამ კახეთი ქართველი ხალხის ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. რას შვრება შირაქის წყალსადენი? ვაჟას სოფლები უწყლობით არ უნდა დავჩაგროთ…
- შირაქმა გაამართლა, ამხანაგო სტალინ, სოფლებს წყალი უკვე მივაწოდეთ.
- რას ფიქრობთ სამგორის მორწყვის შესახებ? ბელისა და გაბის პროექტი უკვე მოძველებული იქნება. ხომ არ დაიწყებთ პროექტის განახლებას? თუ კარგად მახსოვს, გაბი და ბელი იორის წყლით აპირებდნენ სამგორის უდაბნოს მორწყვას და მათ მლაშე ტბებიც ჰქონდათ მინიშნებული, მე იმ მლაშე ტბებთან დაკავშირებით ბევრი შეხვედრა და კონსპირაციული საქმიანობა მომიწია. ეს ქვაბული უდიდესი საშუალება იქნება არა მხოლოდ უდაბნოს მოსარწყავად, არამედ თბილისის წყლით მომარაგების თვალსაზრისითაც. მახსოვს, თბილსის მცხოვრებლებს ვედროებით რომ უნაწილებდნენ სასმელ წყალს.
 - ბელისა და გაბის პროექტი, ამხანაგო სტალინ, გზის მანიშნებელია, როგორ უნდა განვითარდეს სამგორის გასარწყავება, მაგრამ მისი მაშტაბები და შესაძლებლობები არ შეეფარდება იმ მოცულობას, რომელიც სინამდვილეშია. სამგორის პროექტის თუნდაც მცირე ნაწილის ამოქმედებას იმანაც შეუშალა ხელი, რომ ბელისა და გაბის შემდეგ ამ პროექტის ლობირება სომხურმა ჯგუფმა დაიწყო ხატისოვის მეთაურობით, მთავარ როლს კი არცთუ უპერსპექტივო ჰიდროტექნიკოსი მელიქ ფაშაევი ასრულებდა. სხვა პიროვნებების მონაწილეობა ამ პროექტში თითქმის შეუძლებელი იყო. სამგორის პროექტს 1926 წლიდან ვამუშავებთ და იგი თითქმის დასრულებულია, თუ დამავალებთ, სამგორის საწყავი სისტემის პროექტის გადამუშავებას უახლოეს პერიოდში დავიწყებ.
- ჩათვალეთ, ამხანაგო პეტრე, რომ ეს არა სახელმწიფოს, არამედ ჩემი დავალებაა.
- ვამაყობ ამ დავალებით!  - განუცხადა პეტრემ მამრაძემ სტალინს.
-  ამხანაგო პეტრე, ეს დავალება რომ მიიღე, დიდად მასიამოვნე, მაგრამ ერთი პატარა სათხოვარი კიდევ მაქვს და ვიცი, უარს არ მეტყვით. გაიხედ-გამოიხედეთ, რამდენი რამით დაგვაჯილდოვა ბუნებამ - მთები, ტყეები, მინდვრები, ძვირფასი წყლები, შესანიშნავი ადამიანები. ხომ შეიძლება, ამ მხარესაც მივხედოთ და ხალხის სამსახურში ჩავაყენოთ?! ვიცი, ჰორიზონტალური არქიტექტურის შესანიშნავი წარმომადგენელი ხართ, მადლი ქენით და, მიხედეთ წყალტუბოს, თუ მოინდომებთ, მეც ხელს შეგიწყობთ. წყალტუბო ჩვენი ქვეყნის ულამაზესი და უძვირფასესი კურორტი გახდება, ამისათვის მას ყველაფერი აქვს, თუ საჭიროდ ჩათვლით, გააჩერეთ სამგორის პროექტი და წყალტუბოს მიხედეთ.
- ორივეს პარალელურ რეჟიმში დავამუშავებ, რაც შეიძლება, მოკლე პერიოდში, - უპასუხა პეტრე მამრაძემ.

კმაყოფილმა მასპინძელმა ბატონი პეტრე სახლის აივანზე, სუფრასთან მიიპატიჟა. ცოტა ხნის შემდეგ მასპინძელმა სტუმარი ზღურბლამდე მიაცილა და კეთილი მგზავრობა უსურვა. ასე დასრულდა “ქართველი ჟუკისა” და დიდი ბელადის წყალტუბოს შეხვედრა.

ფოთიდან ბაქომდე რკინიგზის გაყვანის საძიებო სამუშაოების შესასრულებლად კავკასიის მეფისნაცვალმა, თავადმა ბარიატინსკიმ 1858 წელს მოიწვია ინგლისელი სპეციალისტები _ გაბი და ბელი. ამ სამუშაოს შესრულებას მოწვეულმა ინჟინრებმა ორი წელი მოანდომეს და 1861 წელს პროექტი ჩააბარეს. მუშაობის პერიოდში გაირკვა, რომ გაბი და ბელი არა მხოლოდ რკინიგზის გამოცდილი მშენებლები იყვნენ, არამედ კარგად ერკვეოდნენ სამელიორაციო სამუშაოებშიც, რის გამოც იმავე ბარიატინსკიმ მათ დაუკვეთა, შეედგინათ აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მორწყვის პროექტიც. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მორწყვის პროექტის ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდა სამგორის სარწყავი სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა იორის წყლით მლაშე ტბების შევსებას და სასმელი წყლით ქალაქის მომარაგებას, ხოლო წყალსაცავში ჩასვლამდე - წყლის სარწყავად გამოყენებას.

გაბისა და ბელის პროექტის პარალელურად, რომელიც ძვირად ღირებული პროექტი იყო, რამდენიმე სხვადასხვა სიდიდისა და სირთულის პროექტიც არსებობდა, მათ შორის, ზორინის პროექტი. ის დასკვნისთვის გადაეცა ტერ ვართანიანს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ზორინ-ტერ ვართანიანის პროექტი. ეს პროექტი განიხილა საადგილმამულო კომისიამ ჭრელაშვილის თავჯდომარეობით და უარი თქვა მის განხორციელებაზე, რადგან წვრილმან საქმოსნურ წინადადებად მიიჩნია.

1913 წლის 21 აპრილს ქალაქის მიწების მორწყვის პროექტის შედგენა დაევალა ქალაქის წყალსადენის გამგეს - ქურდიანს. მან გულმოდგინედ შეისწავლა ყველა გზა და საშუალება, ქალაქის მიწების გასარწყავების მიზნით და გაოცებული დარჩა, როცა გაეცნო სარწყავი არხის ნანგრევებს, რომელიც ოდესღაც, თბილისის აღმოსავლეთის გავლით, არაგვიდან გარდაბნის ველისკენ მიემართებოდა.

ქურდიანის სქემით, სამგორის არხი მიწების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს მორწყავდა. რაც შეეხება სრულიად სამგორის მორწყვას, ეს საკითხი ხელახლა დაისვა და მას მელიქ ფაშაევი ამუშავებდა, რომელსაც ღიად თუ ფარულად ხატისოვი მფარველობდა.

ვინ იყო ხატისოვი?

ალექსანდრე ხატისოვი 1875 წელს დაბადებული თბილისელი სომეხია, რომელმაც თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა და სწავლა მოსკოვსა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში განაგრძო. 1910 წლიდან ალექსანდრე ხატისოვი ქალაქ თბილისის თავია, 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, ერევანში წავიდა. იყო ჯერ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ, 1920 წლის მაისამდე, - პრემიერმინისტრი. ხატისოვი იყო მასონთა ლოჟის - “ჩრდილოეთის ვარსკვლავის” წევრი, საფრანგეთის “დიდი აღმოსავლეთის” მასონთა ლოჟის წევრი, აგრეთვე, შედიოდა მასონთა ლოჟაში, რომელიც აერთიანებდა რუსეთის მე-18 ხარისხის მასონებს. იგი 1945 წლის 10 მარტს პარიზში გარდაიცვალა.

გაბისა და ბელის, ზორინ-ტერ ვართანიანის, ქურდიანის, მელიქ ფაშაევის პროექტებს განხორციელება არ ეწერა. მძიმე პირობებში იყო მოქცეული არა მხოლოდ სამგორისა და ყარაიაზის უდაბნოები, არამედ ამ უდაბნოების ახლოს მდებარე მთებს შეფენილი სოფლები, რომლებიც ნალექისა და ნაჟური წყლების ამარა ატარებდნენ თავიანთ ბედკრულ ცხოვრებას.

ავჭალის, ბალბიანის, პატარა ლილოს, დიდი ლილოს, ნორიოს, მარტყოფის, საცხენისის, სართიჭალის, უჯარმისა და მთის სხვა სოფლების მცხოვრებნი სასოწარკვეთილებამდე იყვნენ მისული უწყლობითა და უმოსავლობით.

სამგორისა და ყარაიაზის გადამწვარი ველები პატრონს ელოდა. აკი, ამბობდა კიდეც პოეტი:

“წყალი სწყუროდა დასიცხულ ყამირს,
ამიტომ იყო დღე მუდამ მწყრალი,
სტალინმა სთქვა და სამგორის მიწამ
დღეიდან უნდა დალიოს წყალი”.

გაიცა განკარგულება, რომ ინჟინერ პეტრე მამრაძეს, სტალინის თხოვნითა და დავალებით, საბოლოოდ შეემოწმებინა 1926 წელს დაწყებული პროექტი სამგორის სარწყავი სისტემების შექმნის თაობაზე და დაწყებულიყო საუკუნის მშენებლობა, რომელიც მასშტაბით უტოლდებოდა ფოთიდან ბაქომდე რკინიგზის გაყვანას, თავისი სადგურებით, წიფის გვირაბითა და სხვადასხვა ძირითადი და დამხმარე ნაგებობით.

რას ითვალისწინებდა პერტე მამრაძის საუკუნის პროექტი სამგორის სარწყავი სისტემების თაობაზე და რა გვაქვს დღეს, მომავალ წერილებში გაგაცნობთ.

გრიგოლ ონიანი

წყარო:https://www.facebook.com/

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати