USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
იოსებ არჩვაძე: „როგორ გვკვებამდნენ შვედეთის ციხეში“ - „უწყინარი“ სტატია, როგორც თვითმფრინავების მასობრივი გატაცების ტრიგერი
дата:  
„უწყინარი“ სტატია, როგორც თვითმფრინავების მასობრივი გატაცების ტრიგერი
1990 გაზაფხულზე სსრკ მწერალთა კავშირის ყოველკვირეულ გაზეთში „ლიტერატურნაია გაზეტა“ გამოქვეყნდა სტატია უაღრესად დამაინტრიგებელი სათაურით: „როგორ გვკვებამდნენ შვედეთის ციხეში“ («Как нас кормили в шведской тюрьме»), რომელშიც აღწერილი იყო შვედური ციხის ბინადართა პირობები: ორადგილიანი ოთახები, კონდიცირებით, ტელევიზორით, სასადილო (- სტატიის ავტორის შეხედულებით, საშუალო რესტორნის დონეზე), მენიუს ფართო არჩევანით, რომელშიც, სხვათა შორის, შედიოდა ის თევზეულიც, რომელსაც ციხის პატიმრები.... თავად იჭერდნენ ციხის ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნურ ტბორში...
ეს ის დროა, როდესაც საბჭოთა სისტემა სულს ღაფავს, ქვეყნის მოქალაქენი გათანგულნი არიან ყველაფრის და ყველაფერზე დეფიციტით, ტალონური სისტემით და რიგებში დგომით. ამ დროს კი მაშინდელი საბჭოთა კავშირის ყველაზე არალიტერატურულ და თითქმის ცენზურაგაუვლელ გაზეთს „ყოფნის თავხედობა“ და აქვეყნებს სტატიას საბჭოთა კავშირიდან „ერთი ხელის გაწვდენაზე“ მყოფი ქვეყნის არა თუ რიგით მოქალაქეთა, არამედ ციხის რიგით პატიმართა მდგომარეობაზე, რომელიც საბჭოთა ადამიანთა უმრავლესობისათვის ყოფითი კომფორტის მიუღწეველ მწვერვალს წარმოადგენს.
ამიტომაც ეს სტატია ფაქტობრივად გახდა ინფორმაციული დეტონატორი, ტრიგერი პროცესისა, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც საბჭოთა კავშირის შიდა რეისების „თვითმფრინავების მასობრივი გატაცება... შვედეთის ციხეში მოხვედრის მიზნით“. - სულ რაღაც ხუთი კვირის მანძილზე ადგილი ჰქონდა საბჭოეთიდან შვედეთში გატაცების 7 მცდელობას, საიდანაც 6 „წარმატებით“ დასრულდა.
დიახ, საბჭოთა ადამიანები ყველა გზითა და საშუალებით, მათ შორის ასეთი რადიკალური ფორმებით, ცდილობდნენ მათთვის დედინაცვლად ქცეული ქვეყნის დატოვებას. და რაც უფრო მძიმდებოდა ეკონომიკური სიტუაცია საბჭოეთში, მით უფრო ხშირდებოდა თვითმფრინავების გატაცებათა მცდელობებიც: 1986 წ. -1, 1987 წ. - 2, 1988 წ. – 3, 1989 წ. – 4, 1990 წ. -34 შემთხვევა!
თუმცა, ეს ისტორიის მხოლოდ პირველი ნახევარია...
გავიდა წლები. საბჭოთა კავშირმა, რომ იტყვიან, ჩაილურის წყალი დალია. 1990-იანი წლების მიწურულია. თბილისში იმყოფება შვედეთის SIDA-ს (შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო) დელეგაცია.
დელეგაციის წევრებს, ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ ვუყვები ზემოხსენებული სტატიის რეზონანსზე, თუ რა როლი შეასრულა ამ ერთმა სტატიამ საბჭოთა თვითმფრინავების შვედეთში მასობრივ გატაცებაში, ბოლოს კი ვეკითხები:
- ხომ ვერ მეტყვით, რა ჯდება ერთი პატიმრის შენახვა შვედეთის ციხეში?
დელეგაციის ხელმძღვანელი მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდა ჩემს თხოვნას, გადარეკა სტოკჰოლმში კომპეტენტურ პირებთან, მეორე დღეს კი, დავალების პირნათლად შემსრულებლის სახით, „მიპატაკა“:
- შვედეთში ხარჯები ერთი პატიმრის შენახვაზე 3-ჯერ აღემატება საშუალო ხელფასის სიდიდეს!
ანუ მსოფლიოში სამუშაო ძალის სიძვირით გამორჩეულ და ანაზღაურების სიდიდით მოწინავე პოზიციებზე მყოფ ქვეყანაში პატიმრის შენახვის ხარჯები სამჯერ აღემატება დაქირავებული პირის ხელფასს!
ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა: რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?
თუ პენიტენციურ სისტემაზე გამოყოფილ სახსრების მოცულობას პატიმართა რაოდენობაზე გავყოფთ, დავინახავთ, რომ ერთი პატიმრის „შენახვის“ ხარჯები საშუალო ხელფასის სიდიდეს ჩვენთან დაახლოებით 1.3-ჯერ აღემატება.
ამჟამად საშუალო ხელფასი შვედეთში 5.7-ჯერ უფრო მაღალია საქართველოსთან შედარებით, ხოლო თუ პატიმრის შენახვაზე ხარჯების თანაფარდობა საშუალო ხელფასთან ზემოხსენებული პროპორცია ისევ ძალაშია, მაშინ გამოდის, რომ ევროკავშირისა და აწ უკვე ნატოს წევრ შვედეთში ერთი პატიმრის შენახვისთვის საჭირო ხარჯები, ევროკავშირის წევრობის კანდიდატისა და „მაპზე უკეთესი“ სტატუსის მქონე საქართველოს ანალოგიურ ხარჯებს, სულ ცოტა, 13-ჯერ აღემატება.
დიდია განსხვავება? - რა თქმა უნდა. მაგრამ ეს განსხვავება თქვენ 2012 წლამდე „უნდა გენახათ“, როდესაც იგი - პატიმრების სიმრავლისა და დაფინანსების ჯერადად დაბალი დონის გამო - თითქმის ხუთჯერ უფრო მაღალი - 63-ჯერადი იყო...
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შვედეთი საკმაოდ ძვირი ქვეყანაა - იქ ფასების დონე ჩვენსას თითქმის 2.3-ჯერ აღემატება...
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати