USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Tbilisi
ინტერვიუ ქართველ მილიარდერთან, მიშკა ლომთაძესთან
Date:  1703

მიხეილ ლომთაძე Super App „კასპის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ეს სახელი და გვარი პირველად 2006 წელს საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში, ESM-ში, ნიკოლოზ მარკოზაშვილმა ახსენა მენეჯმენტის პირველივე ლექციაზე და შემდეგშიც სულ იმეორებდა, რომ: „მიშკა სულ სხვაა, მას სხვა ხედვა, გამბედაობა და მონდომება აქვს“.

 

მიშკამ, როგორც მას ნიკოლოზ მარკოზაშვილი მოიხსენიებდა, ბაკალავრის ხარისხი სწორედ ESM-ში მიიღო და ის მარკოზაშვილის საყვარელი სტუდენტი იყო. ამის შემდეგ მან სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და 2002 წელს MBA-ს აკადემიური ხარისხიც მიიღო.

გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან, პოდკასტიდან – Couchonomics with Arjun.

მიშკა, მოდი, გაგვაცანი შენი თავი და, ასევე, გაგვიზიარე, რა არის კასპი?

„კასპი“ – უნიკალური სუპერაპია, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურად საჭირო სერვისებს სთავაზობს, იქნება ეს ონლაინვაჭრობა, გადახდები, ბილეთები თუ სამომხმარებლო პროდუქტები. აქ შეგიძლიათ, აიღოთ მართვის მოწმობა და ქორწინების მოწმობაც კი.

„კასპი“ ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი მობილური აპლიკაციაა მსოფლიოში, რომელსაც 14 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მათი 65% ყოველდღიურად იყენებს მას. კომპანია წარმოდგენილია Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე, საბაზრო კაპიტალიზაცია 24.5 მილიარდი დოლარია და ერთ-ერთი მაღალი ღირებულების ფინტექ კომპანიაა მსოფლიოში. გვყავს 9 000-ზე მეტი თანამშრომელი.

მე, თავად, ჰარვარდის უნივერსიტეტი დავამთავრე 2002 წელს. 2007 წლიდან უკვე ვმართავ კომპანიას და, ამასობაში იმასაც მივაღწიეთ, რომ ჰარვარდმა 2 ქეისიც მოგვიძღვნა.

შენ დაიწყე ტრადიციული ბანკის გარდაქმნა. საიდან მოვიდა ეს ხედვა და გამბედაობა? რა იყო მთავარი გამოწვევები რასაც ამ გზაზე შეხვდი?

ჩვენ, მენეჯმენტის გუნდი, არ ვიყავით ბანკირები. უფრო მეტიც, გვქონდა შეთანხმება, რომ გუნდში არ შემოგვეყვანა ბანკირები. თავიდანვე არ აღვიქვამდით ჩვენს თავს ბანკად და, ზოგადად, ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული ინდუსტრია, სადაც ვოპერირებთ. „გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება“ – ესაა ჩვენი კომპანიის ფართო და ყოვლისმომცველი მისია.

გვინდოდა, ყველა გადაწყვეტილება მისიიდან გამომდინარე მიგვეღო. ამისთვის კი ინოვაციები აუცილებელია. აი, მაგალითად, როცა ადამიანი ხდება „კასპის” მომხმარებელი, მისი ცხოვრება საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ესაა სიგნალი, რომ რაღაცას არასწორს ვაკეთებთ.

იმ დროს ბევრი საუბრობდა, რომ ტექნოლოგიური კომპანიები მაგრად უტევენ საბანკო სფეროს. ჩვენ ვთქვით, რატომ არ შეიძლება პირიქით მოხდეს და ბანკი გახდეს ტექკომპანია. ბანკი ზოგჯერ უარყოფითად აღიქმება მომხმარებლის თვალში და რატომ არ შეიძლება ისეთი  ტექბანკი შევქმნათ, რომელიც მომხმარებელს უყვარს.

მოქმედების მთავარი ორიენტირი ჩვენი მისია იყო, რომ გაგვეუმჯობესებინა ადამიანის ცხოვრება. ასე შევედით გადახდების ინდუსტრიაში, ავიაბილეთებში, სამომხმარებლო პროდუქტებით ვაჭრობაში და ასე შემდეგ; ვიღებდით თითოეული პროდუქტის მთავარ პარამეტრებს და მნიშვნელოვნად ვაუმჯობესებდით. ან უფრო სწრაფს, ან უფრო იაფს ან უფრო მოსახერხებელს ვხდიდით მას. ასე ვცვლიდით თითოეულ ინდუსტრიას, სადაც შევდიოდით. ასე მოვედით ბანკიდან ერთ სუპერ აპამდე. ახლა ბანკი ჩვენი ბიზნესის მხოლოდ მესამედს შეადგენს.

მიშა, შენ ეს გზა გამოიარე და უკვე ახლანდელი გადმოსახედიდან რომ გვითხრა, რა არის სუპერ აპის მთავარი საძირკველი და ბაზრის ზომა რამდენად მნიშვნელოვანია აქ?

„კასპი“ ნათელი მაგალითია იმისა, რომ 20-მილიონიან ქვეყანაში მსოფლიო დონის სუპერ აპის შექმნა შეიძლება.

მთავარი კორპორაციული კულტურაა, ასევე, მმართველი გუნდის წარმოდგენა კომპანიის მომხმარებელსა და პროდუქტის ხარისხზე.

ჩემი აზრით, ნებისმიერი ბიზნესის და, მათ შორის, სუპერ აპის ფუნდამენტი არის ხარისხიანი პროდუქტი. ყაზახეთის 20 მილიონი მცხოვრებიდან 15 მილიონი ჩვენი მომხმარებელია. ჩვენ ფოკუსირებულნი ამ ბაზარზე ვართ და ახალ მომხმარებლებს ვერ მოვიყვანთ, თუმცა ჩვენი არსებული კლიენტები ჩვენივე ახალი ინოვაციური პროდუქტების მომხმარებლები ხდებიან და ასე ვიზრდებით დღემდე. ამიტომ პროდუქტის ხარისხი წარმატების ქვაკუთხედია.

რაც მთავარია, ჩვენ ვიზრდებით, ჩვენი ახალი პროდუქტები კი მომგებიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მისიას ვემსახურებით. როცა ხალხს შენი ერთი პროდუქტი არ მოსწონს, მეორე პროდუქტს არ გამოიყენებს.

კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც სუპერ აპის მნიშვნელოვანი პარამეტრია, ისაა, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ჩვენ დავიწყეთ გადახდებით, მერე ვთქვით: მოდი, გამყიდველებს დავეხმაროთ, რომ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია, ეს დავაშენეთ გადახდების ბიზნესზე. მერე გადავედით მოგზაურობაში, საყოფაცხოვრებო ვაჭრობაში, მანქანების გაყიდვაში და ასე შევქმენით „მარკეტფლეისი”.

როგორ არჩევთ, თუ რომელი პროდუქტის განვითარებაზე გააკეთოთ აქცენტი?

ჩვენი მთავარი ფოკუსი პროდუქტის გამარტივებაა. თუ კონკრეტულ პროდუქტს აქვს 4 მახასიათებელი, ჩვენ ვიღებთ ერთ მთავარს, ვაუმჯობესებთ და ვუშვებთ. შემდეგ ყოველკვარტალურად, გიჟური ტემპით, ვამატებთ თითო მახასიათებელს, წლის ბოლოს კი უკვე პროდუქტი გვაქვს. ასე ვმართავთ პროდუქტებს ეფექტურად, პატარა გუნდებით.

ჩვენი წარმატება განაპირობა იმან, რომ პროდუქტის ირგვლივ ვერთიანდებით, თითო პროდუქტზე პასუხისმგებელია შესაბამისი ადამიანი და გუნდი, ასე რომ, ჩვენი კომპანია სტარტაპების თავშეყრის სივრცეა. თითოეული გუნდი პროდუქტთან ერთად იზრდება. დღეს ჩვენ 50-ზე მეტი, საუკეთესო პროდუქტის გუნდი გვყავს მსოფლიოში.

სუპერმნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ვზომავთ წარმატებას. აქ ვთქვით, რომ NPS (Net Promoter Score) არის ჩვენი მთავარი საზომი, რომლითაც ვხვდებით, ვემსახურებით თუ არა ჩვენს მისიას. ყოველთვიურად მინიმუმ 300 000 მომხმარებელს ვეკონტაქტებით და ვამუშავებთ მათ უკუკავშირს. შემდეგ ეს ინფორმაცია შესაბამის გუნდებთან გადადის. ისინიც რამე ინოვაციურს იფიქრებენ და ასე ვვითარდებით.

როცა შენ ხარ მომხმარებელთან მჭიდრო კავშირში და ერთად ვითარდებით, ეს ქმნის უდიდეს კონკურენტულ უპირატესობას კომპანიისთვის. მომხმარებელს ნაკლებად აინტერესებს უბრალოდ მოდური სახელი, როგორიც არის Super App. მათ უნდათ, რომ ის კონკრეტული პროდუქტი, რასაც მოიხმარენ, იყოს მოსახერხებელი და მარტივი.

ერთი რამ მინდა გითხრა – თუ ჩვენს პროდუქტს ცუდი NPS აქვს, შეგიძლია, დარწმუნებული იყო, რომ მას დავხურავთ.

გაგიკეთებია ეს?

კი, საკრედიტო ბარათის პროდუქტი დავხურეთ. მაშინ ჩვენი მოგების მესამედს წერდა და ამ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეები ვიყავით. ამავე დროს, უარყოფით NPS-ს ვერაფერი მოვუხერხეთ. თუ პროდუქტი არ აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას, მაშინ ის არაფერში გვჭირდება. ამით ჩვენ „ცუდ ფულს“ ვშოულობდით, ასე ვეძახდით ამ პროდუქტის მოგებას, ამიტომ არ გვინდოდა ასეთი შემოსავალი, რადგან ფული ჩვენი საქმიანობის შედეგია და არა მიზანი.

ალმაატის ქუჩებში რომ გავიარო და 10 ადამიანს ვკითხო, რას იტყვიან „კასპიზე”?

ისინი, პირველ რიგში, გვეტყვიან მადლობას, რადგან ხალხს უხარია, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად გავამარტივეთ.

თარგმნა დავით ქარცივაძემ

სრული ინტერვიუს სანახავად იხილეთ ვიდეო.

წყარო:https://www.marketer.ge/

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way