მიხეილ ლომთაძე Super App „კასპის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ეს სახელი და გვარი პირველად 2006 წელს საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში, ESM-ში, ნიკოლოზ მარკოზაშვილმა ახსენა მენეჯმენტის პირველივე ლექციაზე და შემდეგშიც სულ იმეორებდა, რომ: „მიშკა სულ სხვაა, მას სხვა ხედვა, გამბედაობა და მონდომება აქვს“.
მიშკამ, როგორც მას ნიკოლოზ მარკოზაშვილი მოიხსენიებდა, ბაკალავრის ხარისხი სწორედ ESM-ში მიიღო და ის მარკოზაშვილის საყვარელი სტუდენტი იყო. ამის შემდეგ მან სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და 2002 წელს MBA-ს აკადემიური ხარისხიც მიიღო.
გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან, პოდკასტიდან – Couchonomics with Arjun.
მიშკა, მოდი, გაგვაცანი შენი თავი და, ასევე, გაგვიზიარე, რა არის კასპი?
„კასპი“ – უნიკალური სუპერაპია, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურად საჭირო სერვისებს სთავაზობს, იქნება ეს ონლაინვაჭრობა, გადახდები, ბილეთები თუ სამომხმარებლო პროდუქტები. აქ შეგიძლიათ, აიღოთ მართვის მოწმობა და ქორწინების მოწმობაც კი.
„კასპი“ ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი მობილური აპლიკაციაა მსოფლიოში, რომელსაც 14 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მათი 65% ყოველდღიურად იყენებს მას. კომპანია წარმოდგენილია Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე, საბაზრო კაპიტალიზაცია 24.5 მილიარდი დოლარია და ერთ-ერთი მაღალი ღირებულების ფინტექ კომპანიაა მსოფლიოში. გვყავს 9 000-ზე მეტი თანამშრომელი.
მე, თავად, ჰარვარდის უნივერსიტეტი დავამთავრე 2002 წელს. 2007 წლიდან უკვე ვმართავ კომპანიას და, ამასობაში იმასაც მივაღწიეთ, რომ ჰარვარდმა 2 ქეისიც მოგვიძღვნა.
შენ დაიწყე ტრადიციული ბანკის გარდაქმნა. საიდან მოვიდა ეს ხედვა და გამბედაობა? რა იყო მთავარი გამოწვევები რასაც ამ გზაზე შეხვდი?
ჩვენ, მენეჯმენტის გუნდი, არ ვიყავით ბანკირები. უფრო მეტიც, გვქონდა შეთანხმება, რომ გუნდში არ შემოგვეყვანა ბანკირები. თავიდანვე არ აღვიქვამდით ჩვენს თავს ბანკად და, ზოგადად, ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული ინდუსტრია, სადაც ვოპერირებთ. „გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება“ – ესაა ჩვენი კომპანიის ფართო და ყოვლისმომცველი მისია.
გვინდოდა, ყველა გადაწყვეტილება მისიიდან გამომდინარე მიგვეღო. ამისთვის კი ინოვაციები აუცილებელია. აი, მაგალითად, როცა ადამიანი ხდება „კასპის” მომხმარებელი, მისი ცხოვრება საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ესაა სიგნალი, რომ რაღაცას არასწორს ვაკეთებთ.
იმ დროს ბევრი საუბრობდა, რომ ტექნოლოგიური კომპანიები მაგრად უტევენ საბანკო სფეროს. ჩვენ ვთქვით, რატომ არ შეიძლება პირიქით მოხდეს და ბანკი გახდეს ტექკომპანია. ბანკი ზოგჯერ უარყოფითად აღიქმება მომხმარებლის თვალში და რატომ არ შეიძლება ისეთი ტექბანკი შევქმნათ, რომელიც მომხმარებელს უყვარს.
მოქმედების მთავარი ორიენტირი ჩვენი მისია იყო, რომ გაგვეუმჯობესებინა ადამიანის ცხოვრება. ასე შევედით გადახდების ინდუსტრიაში, ავიაბილეთებში, სამომხმარებლო პროდუქტებით ვაჭრობაში და ასე შემდეგ; ვიღებდით თითოეული პროდუქტის მთავარ პარამეტრებს და მნიშვნელოვნად ვაუმჯობესებდით. ან უფრო სწრაფს, ან უფრო იაფს ან უფრო მოსახერხებელს ვხდიდით მას. ასე ვცვლიდით თითოეულ ინდუსტრიას, სადაც შევდიოდით. ასე მოვედით ბანკიდან ერთ სუპერ აპამდე. ახლა ბანკი ჩვენი ბიზნესის მხოლოდ მესამედს შეადგენს.
მიშა, შენ ეს გზა გამოიარე და უკვე ახლანდელი გადმოსახედიდან რომ გვითხრა, რა არის სუპერ აპის მთავარი საძირკველი და ბაზრის ზომა რამდენად მნიშვნელოვანია აქ?
„კასპი“ ნათელი მაგალითია იმისა, რომ 20-მილიონიან ქვეყანაში მსოფლიო დონის სუპერ აპის შექმნა შეიძლება.
მთავარი კორპორაციული კულტურაა, ასევე, მმართველი გუნდის წარმოდგენა კომპანიის მომხმარებელსა და პროდუქტის ხარისხზე.
ჩემი აზრით, ნებისმიერი ბიზნესის და, მათ შორის, სუპერ აპის ფუნდამენტი არის ხარისხიანი პროდუქტი. ყაზახეთის 20 მილიონი მცხოვრებიდან 15 მილიონი ჩვენი მომხმარებელია. ჩვენ ფოკუსირებულნი ამ ბაზარზე ვართ და ახალ მომხმარებლებს ვერ მოვიყვანთ, თუმცა ჩვენი არსებული კლიენტები ჩვენივე ახალი ინოვაციური პროდუქტების მომხმარებლები ხდებიან და ასე ვიზრდებით დღემდე. ამიტომ პროდუქტის ხარისხი წარმატების ქვაკუთხედია.
რაც მთავარია, ჩვენ ვიზრდებით, ჩვენი ახალი პროდუქტები კი მომგებიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მისიას ვემსახურებით. როცა ხალხს შენი ერთი პროდუქტი არ მოსწონს, მეორე პროდუქტს არ გამოიყენებს.
კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც სუპერ აპის მნიშვნელოვანი პარამეტრია, ისაა, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ჩვენ დავიწყეთ გადახდებით, მერე ვთქვით: მოდი, გამყიდველებს დავეხმაროთ, რომ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია, ეს დავაშენეთ გადახდების ბიზნესზე. მერე გადავედით მოგზაურობაში, საყოფაცხოვრებო ვაჭრობაში, მანქანების გაყიდვაში და ასე შევქმენით „მარკეტფლეისი”.
როგორ არჩევთ, თუ რომელი პროდუქტის განვითარებაზე გააკეთოთ აქცენტი?
ჩვენი მთავარი ფოკუსი პროდუქტის გამარტივებაა. თუ კონკრეტულ პროდუქტს აქვს 4 მახასიათებელი, ჩვენ ვიღებთ ერთ მთავარს, ვაუმჯობესებთ და ვუშვებთ. შემდეგ ყოველკვარტალურად, გიჟური ტემპით, ვამატებთ თითო მახასიათებელს, წლის ბოლოს კი უკვე პროდუქტი გვაქვს. ასე ვმართავთ პროდუქტებს ეფექტურად, პატარა გუნდებით.
ჩვენი წარმატება განაპირობა იმან, რომ პროდუქტის ირგვლივ ვერთიანდებით, თითო პროდუქტზე პასუხისმგებელია შესაბამისი ადამიანი და გუნდი, ასე რომ, ჩვენი კომპანია სტარტაპების თავშეყრის სივრცეა. თითოეული გუნდი პროდუქტთან ერთად იზრდება. დღეს ჩვენ 50-ზე მეტი, საუკეთესო პროდუქტის გუნდი გვყავს მსოფლიოში.
სუპერმნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ვზომავთ წარმატებას. აქ ვთქვით, რომ NPS (Net Promoter Score) არის ჩვენი მთავარი საზომი, რომლითაც ვხვდებით, ვემსახურებით თუ არა ჩვენს მისიას. ყოველთვიურად მინიმუმ 300 000 მომხმარებელს ვეკონტაქტებით და ვამუშავებთ მათ უკუკავშირს. შემდეგ ეს ინფორმაცია შესაბამის გუნდებთან გადადის. ისინიც რამე ინოვაციურს იფიქრებენ და ასე ვვითარდებით.
როცა შენ ხარ მომხმარებელთან მჭიდრო კავშირში და ერთად ვითარდებით, ეს ქმნის უდიდეს კონკურენტულ უპირატესობას კომპანიისთვის. მომხმარებელს ნაკლებად აინტერესებს უბრალოდ მოდური სახელი, როგორიც არის Super App. მათ უნდათ, რომ ის კონკრეტული პროდუქტი, რასაც მოიხმარენ, იყოს მოსახერხებელი და მარტივი.
ერთი რამ მინდა გითხრა – თუ ჩვენს პროდუქტს ცუდი NPS აქვს, შეგიძლია, დარწმუნებული იყო, რომ მას დავხურავთ.
გაგიკეთებია ეს?
კი, საკრედიტო ბარათის პროდუქტი დავხურეთ. მაშინ ჩვენი მოგების მესამედს წერდა და ამ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეები ვიყავით. ამავე დროს, უარყოფით NPS-ს ვერაფერი მოვუხერხეთ. თუ პროდუქტი არ აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას, მაშინ ის არაფერში გვჭირდება. ამით ჩვენ „ცუდ ფულს“ ვშოულობდით, ასე ვეძახდით ამ პროდუქტის მოგებას, ამიტომ არ გვინდოდა ასეთი შემოსავალი, რადგან ფული ჩვენი საქმიანობის შედეგია და არა მიზანი.
ალმაატის ქუჩებში რომ გავიარო და 10 ადამიანს ვკითხო, რას იტყვიან „კასპიზე”?
ისინი, პირველ რიგში, გვეტყვიან მადლობას, რადგან ხალხს უხარია, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად გავამარტივეთ.
თარგმნა დავით ქარცივაძემ
სრული ინტერვიუს სანახავად იხილეთ ვიდეო.
წყარო:https://www.marketer.ge/
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.