USD 2.6991
EUR 3.1582
RUB 3.4130
Tbilisi
ინფრასტრუქტურის მინისტრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოინახულა
Date:  50

„დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ ის  ობიექტები, რომელთა შესახებაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მივეცით დაპირებები. ეს შეეხება როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სამშენებლო სამუშაოები. ასევე, დავათვალიერეთ  №1 საშუალო სკოლის ტერიტორია, რომელიც, სამწუხაროდ, დიდი ხანია რაც დანგრეულია. მოგეხსენებათ, რომ სამინისტრომ გამოაცხადა პროექტირებებზე კონკურსები. დღეს აქ ვიმყოფებით გამარჯვებულ არქიტექტურულ კომპანიასთან ერთად, რომელმაც პროექტირება უკვე დაიწყო.  იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან შევძლებთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო-სოციალური ინფრასტრუქტურის მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.

სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გადაადგილებას, ისე საჯარო სერვისებს.

სამეგრელოში ინტენსიურად მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია. უკვე დაგეგმილია ამავე გზის მე-11 კმ-ზე, მდინარე ტორჩიაზე, 16.1-მეტრიანი ახალი ხიდის მშენებლობაც. შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებულია და პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში ახორციელებს წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას. პროექტი მოიცავს სათავის, გამწმენდი ნაგებობის, მაგისტრალური მილების, რეზერვუარებისა და აღრიცხვის სისტემების მოწყობას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას. სამუშაოების 42% უკვე შესრულებულია. პროექტის დასრულების შემდეგ, 6300-მდე მომხმარებელი 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტში სულ მიმდინარეობს ორი წყლის პროექტი, ჯამური -25,5 მილიონი ლარის ღირებულებით.

მინისტრი ასევე გაეცნო სოფელ ობუჯში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სამზარეულო და სპორტული მოედანი. განახლებული შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მლნ ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის ახალი, 600-მოსწავლიანი შენობის პროექტირებას. თანამედროვე მოდელი, რომელიც შემდგომში სხვა რეგიონებშიც იქნება  გამოყენებული, მოიცავს მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სპორტულ სივრცეებს, ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას და სრულად ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო განაგრძობს რეგიონებში სატრანსპორტო, წყალმომარაგების და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება.

მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი ზარქუასთან და ილია ინჯიასთან, საატომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან გუბაზ საჯაიასთან ერთად გაეცნო.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way