USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „ვლადიმერ პუტინი უკრაინის კონფლიქტის გამო დასავლეთს აფრთხილებს“
თარიღი:  859

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინი უკრაინის კონფლიქტის გამო დასავლეთს აფრთხილებს“ (ავტორები - მაქს სედონი და კორტნი უივერი), რომელშიც მიმოხილული და კომენტირებულია რუსეთის პრეზიდენტის მოხსენება „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

ვლადიმერ პუტინმა, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ რუსეთის ფედერალური კრების სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას, განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა სარისკოა და ბიძგს აძლევს გლობალური ომის პროვოცირებას - ეს სწორედ ის აშკარა მუქარა იყო ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე მას სემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შესახებ ორი წლის წინათ.

მართალია, მან ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას განუცხადა, რომ დასავლეთში გავრცელებული შიში, თითქოსდა რუსეთი ევროპის ქვეყნებს თავდასხმას უპირებს, სისულელეა, მაგრამ იქვე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისადმი დახმარების ყოველ ნებისმიერ ზრდას „ნამდვილად შეუძლია ომის ესკლაციის გამოწვევა ბირთვული იარაღის გამოყენებით, რაც დედამიწაზე  ადამიანთა ცივილიზაციის დაღუპვას ნიშნავს“.

გამოეხმაურა რა თავისი ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის ნათქვამს - „გამორიცხული არ არის უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების გაგზავნაო“ - ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით განაცხადა, რომ „რუსეთს ახსოვს თუ რა ბედი ეწია მათ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ თავიანთ სამხედრო კონტინგენტს გზავნიდა, მაგრამ ახლა სავარაუდო ინტერვენტებისათვის შედეგები უფრო ტრაგიკული იქნება“. მან მცირე პაუზა გააკეთა და დაამატა: „ჩვენ ახლა გვაქვს ისეთი იარაღი, რომლითაც ინტერვენტი ქვეყნის ტერიტორიას დავატყამთ და გავანადგურებთ“.

ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინისათვის დასავლური თანამედროვე იარაღის მიწოდებას და ნატოს ჯარების განლაგების პერსპექტივას ბირთვული კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია: „ზოგიერთები ფიქრობენ, რომ რუსეთს ეთამაშებიან. ისინი საკუთარი უპირატესობის კომპლექსით არიან დაბრმავებულები“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა და დასძინა, რომ ქვეყნის ბირთვული ზალები მუდამ მზად არიან გამოსაყენებლად საჭირო მომენტში. რუსეთი აგრძელებს მუშაობას ისეთი ახალი იარაღის შესაქმნელად, რომლის ჩამოგდება შეუძლებელია.

რუსეთის პრეზიდენტმა უარყო აშშ-ის განცხადება, თითქოსდა კრემლი ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსებას აპირებს: „დასავლეთს სურს რუსეთი გამალებულ შეიარაღებაში ჩაითრიოს - ისინი იმეორებენ იმ ტრიუკს, რაც საბჭოთა კავშირს 1980-იან წლებში გაუკეთეს [ვარსკვლავური ომების სახით], როცა მოსკოვმა უდიდესი თანხები გადახარჯა თავდაცვის სფეროში და ამით 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ სუვერენული და ძლიერი რუსეთის გარეშე სტაბილური მსოფლიო წესრიგი არ დამყარდება“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ევროკავშირში უკვე განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ლაპარაკი „სრულიად მიუღებელი და უადგილოა“, ვინაიდან სწორედ კრემლმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ და რეგიონული სტაბილურობა დაარღვია.

„რუსეთის პრეზიდენტი მოახლოებული არჩევნების ფონზე რუს ხალხს ატყუებს და ისეთ რეპრესიებს მიმართავს, რომლებიც იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდისათვის იყო დამახასიათებელი“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

კრემლმა ვლადიმერ პუტინის გამოსვლა ისეთი სახით წარმოადგინა, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება მომავალი ექვსი წლის განმავლობაში, 2030 წლამდე. კრემლი დარწმუნებულია, რომ მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი აუცილებლად გაიმარჯვებს. ხელისუფლებაში 24-წლიანი ყოფნის შედეგად მას არცერთი ძლიერი მეტოქე არ ჰყავს, რადგან ოპოზიციას ძლიერ წნეხში ამყოფებს და სხვაგვარად აზროვნება კანონგარეშედ არის გამოცხადებული.

საინტერესოა, რომ კინოთეატრების პროკრემლურმა მფლობელებმა მთელი რუსეთის მასშტაბით [დარბაზებში] უფასოდ გაუშვეს მისი სიტყვით გამოსვლა, რაც იმას აჩვენებს, თუ რა დონით უთმობს ყურადღებას უკრაინის კონფლიქტს პრეზიდენტი.

უილიამ ალბერკე, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ლაპარაკი მიმართულია დასავლეთის დასაშინებლად, რათა ვაშინგტონმა და ბრიუსელმა შეწყვიტონ უკრაინისადმი დახმარება ომის გადამწყვეტ მომენტში: „იგი იმედოვნებს, რომ ომის ესკალაციის მუქარით დასავლელ ლიდერებს შიშის გრძნობას აღუძრავს და რომ ისინი ყოყმანს დაიწყებენ, თუ რამდენად უღირთ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება“, - ამბობს უილიამ ალბერკე.

თავის მხრივ, რუსმა ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მუქარებისა და უხვსიტყვაობის მიუხედავად, კრემლი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. „ვლადიმერ პუტინის რიტორიკა ფორმალურია - სინამდვილეში ბირთვული ომის დაწყება თვითონ კრემლს ეშინია. ეს მხოლოდ შანტაჟია და სხვა არაფერი“, - ამბობს ანდრეი კოლესნიკოვი, ამერიკული კარნეგის ფონდის მოსკოვის ფილიალის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ვენის (ავსტრია) ჰუმანიტარული მეცნიერების ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერ-მუშაკის კირილ როგოვის თქმით, ვლადიმერ პუტინის გამოსვლაში უფრო მეტი ყურადღება ბირთვული ომის შესაძლებლობას იმიტომ დაეთმო, რომ კრემლმა სტიმული შეუქმნა ამერიკის მხარეს მოლაპარაკებაზე წამოსასვლელად“. მისი აზრით, ბრძოლის ველზე რუსეთის არმიის მიერ ამას წინათ მოპოვებული წარმატებები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღით არ ისარგებლებს - „ომის იმ წარუმატებელი პერიოდისაგან განსხვავებით, როცა მის რეჟიმს ეგზისტენციალური საფრთხე შეექმნება“.

წყარო: https://www.ft.com/content/48ff184a-c0fb-4312-8820-5c19e9132eb7

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის