USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „ვინ გაიმარჯვებს თეთრი სახლისთვის ბრძოლაში - ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი? არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები დრო დარჩა“
дата:  600

აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატებში დონალდ ტრამპი ლიდერობას ინარჩუნებს ჯო ბაიდენზე იმ დროს, როცა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მხოლოდ ოთხ თვეზე ნაკლებიღა რჩება. ეს მოწმობს დონალდ ტრამპის გასაოცარ სიმტკიცეზე - იმ ადამიანზე, რომელმაც თეთრი სახლი 2021 წელს რეკორდულად დაბალი 29%-იანი რეიტინგით დატოვა მას შემდეგ, რაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესში (კაპიტოლიუმში) შეიჭრნენ და დაარბიეს. გასულ თვეში იგი პირველი ისეთი ყოფილი პრეზიდენტიც გახდა, რომელიც ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის გამო არის გასამართლებული, - წერს ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „ვინ გაიმარჯვებს თეთრი სახლისთვის ბრძოლაში - ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი? არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები დრო დარჩა“ (ავტორები - ოლივერ რედერი, ევა სიაო, ალექს როჯერსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის სემოკლებულ ვერსიას:

საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები: გუშინ და დღეს

ამ ყველაფრის მიუხედავად, ორიოდე თვის წინ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსისა“ და კვლევითი ინსტიტუტის Siena College-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელი ამომრჩევლების 48% თვლიდა, რომ პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპს აირჩევდნენ, ხოლო 42%-ის აზრით, ჯო ბაიდენს. იმდროინდელი კიდევ ერთი გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს უჭერდა ამომრჩეველთა 35%, წინააღმდეგი იყო 61%. მაგრამ რას გვამცნობენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დღეს?

კომპანია FiveThirtyEight-ის მონაცემების თანახმად, ამჟამად ორივე - დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ერთმანეთის მხარდამხარ იმყოფებიან 40%-იანი რეიტინგით, მაგრამ თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, ექს-პრეზიდენტი პრეზიდენტს 0,2%-ით უსწრებს. მხოლოდ ხმების 10% მოაგროვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა რობერტ ფრენსის კენედი-უმცროსმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საერთოეროვნული ხმის მიცემით განისაზღვრება - პრინციპით „გამარჯვებული ყველაფერს იღებს“ თითქმის ყველა 50-ვე შტატში, რომლებიც მოქალაქეთა მიერ არჩეულ ამომრჩევებს გზავნიან ფედერალურ ამომრჩევთა კოლეგიაში. პრეზიდენტი ხდება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩევთა კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმას მიიღებს.

ოთხ საკვანძო „მერყევ შტატში“ - არიზონაში, ჯორჯიაში, ნევადაში და ჩრდილოეთ კაროლინაში - დონალდ ტრამპი ერთმნიშვნელოვნად ლიდერობს. კიდევ სამში - მიჩიგანში, პენსილვანიაში და ვისკონსინში - შანსები თანაბარია.

რა აღელვებს ამერიკელს: ეკონომიკა, იმიგრაცია, აბორტები...

ამერიკელი ამომრჩეველისათვის დღეს მთავარი პრიორიტეტული საკითხია ეკონომიკა და ამ მხრივ წარმატებას დონალდ ტრამპი აღწევს. გამოკითხვის მიხედვით, რომელიც „ფაინენშელ თაიმსისა“ და აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტის როსის სკოლის (FT-Michigan Ross) მიერ ერთობლივად ჩატარდა, მთლიანობაში ეკონომიკურ საკითხებში დონალდ ტრამპს ენდობა ამომრჩეველთა 41%, ჯო ბაიდენს კი - 37%.

გაჭიანურებულმა ინფლაციამ ჯო ბაიდენის რეპუტაციას მტკივნეული დარტყმა მიაყენა და შესაბამისად, ყველაზე პესიმისტურად განწყობილ ამომრჩეველს თეთრი სახლის ბინადარის შეცვლა სურს. მათგან, ვინც ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდს“ უწოდებს, 41%-მა განაცხადა, რომ ვაშინგტონში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილება ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებს, 37%-მა აღნიშნა, რომ სიტუაცია ინფლაციის შემცირებით გაუმჯობესდება, 14%-მა კი განაცხადა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის არის იმიგრაციის პრობლემა, რომელშიც, როგორც გამოკითხვები მოწმობს, ამომრჩეველი უფრო კომპეტენტურად თვლის დონალდ ტრამპს, ვიდრე ჯო ბაიდენს. ასეთივე მნიშვნელოვანია საკითხებია აბორტების უფლების შენარჩუნება ქალებისათვის და ჯანდაცვის სფეროსათვის ხარჯების შემცირება. ამ ბოლო ორ საკითხში ექს-პრეზიდენტთან შედარებით, პრეზიდენტი უფრო ძლიერია. გარდა ამისა, დემოკრატიის დაცვა  ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიაში მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუმცა, როგორც „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ ჩატარებული ამასწინანდელი გამოკითხვა მოწმობს, ექვს მერყევ შტატში დემოკრატიის დაცვაში ამომრჩეველი უფრო მეტად დონალდ ტრამპს ენდოვა, ვიდრე ჯო ბაიდენს.

საგარეო პოლიტიკა: სად მიდის ამერიკელების ფული?

ტრადიციულად, ამერიკელთა უმრავლესობა ხმის მიცემის დროს საგარეო პოლიტიკას მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ ბოლო დროს ამომრჩევლები მუდმივად აცხადებენ, რომ მათი აზრით, აშშ ძალიან ბევრ სახსრებს ხარჯავს საზღვარგარეთ, უკრაინისა და ისრაელისათვის სამხედრო-ფინანსური დახმარების გაწევის საკითხში. ამას FT-Michigan Ross-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვაც მოწმობს და ასეთი შედეგები, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისათვის სასარგებლოა: ყოფილი პრეზიდენტი ხომ სულ მუდამ დახმარების შემცირებაზე ლაპარაკობს.

მართალია, დონალდ ტრამპს არ განუცხადებია, რომ რომელიმე სახელმწიფოს დაფინანსებას შეუმცირებს, მაგრამ მან აშკარად მიანიშნა, რომ ელოდება, თუ როდის და რამდენად გაზრდიან ევროპის ქვეყნები ხარჯებს თავდაცვის სფეროში, რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სწორედ რესპუბლიკელებმა დაამუხრუჭეს უკრაინისა და ისრაელისადმი დახმარების პაკეტის მიღება.

ასაკის ფაქტორი: ეთიკა და მორალი

და მაინც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ის, თუ როგორ აღიქვამენ ამომრჩევლები ჯო ბაიდენს და დონალდ ტრამპს, ადამიანური გაგებით, ასაკის მიხედვით.

ამომრჩეველთა უმეტესობა თვლის, რომ 78 წლის დონალდ ტრამპი უფრო ჯანმრთელია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ვიდრე 81 წლის ჯო ბაიდენი. კომპანია Pew Research-ის გამოკითხვით, ამომრჩეველთა 62% აცხადებს, რომ არ არიან დარწმუნებულნი ჯო ბაიდენის მორალურ მზადყოფნაში პრეზიდენტის ფუნქციების შესრულების დროს. ამ საკითხში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან შედარებით უფრო კარგ სიტუაციაშია - მხოლოდ 59% თვლის, რომ 78 წლის მოხუცის პრეზიდენტად არჩევა ეთიკის ნორმებში თავსდება.

წყარო: https://www.ft.com/content/b752b90f-9136-41b4-b732-576b8aceb1c9

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати