USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინის ომი კომპრომისით მთავრდება?! კიევი ვერ იღებს ისეთ დახმარებას, რომლითაც რუსეთზე თავის უპირატესობას დაიბრუნებს“
Date:  616

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 8 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „უკრაინის ომი კომპრომისით მთავრდება?! კიევი ვერ იღებს ისეთ დახმარებას, რომლითაც რუსეთზე თავის უპირატესობას დაიბრუნებს“. მასში გაანალიზებულია უკრაინის მძიმე მდგომარეობა და ის არასასურველი პერსპექტივა, რომელიც კიევს წინ ელოდება. შესაბამისად, დასავლეთმა უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის უნდა მოამზადოს და კომპრომისებზე დაითანხმოს, უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინას ომის პერიოდის მესამე ზამთარი უახლოვდება, რომელიც ისეთი ბნელი და ცივი მოჩანს, როგორც არასდროს. აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინის არმია რუსებთან  ბრძოლების შედეგად უკან იხევს - მართალია, კრემლისათვის დიდი დანაკარგების ფასად, მაგრამ მაინც. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის მწარმოებელ ობიექტთა ნახევარი დანგრეულია და მწყობრიდან არის გამოყვანილი, უკრაინელებს ზამთარში - წლის ყველაზე ცივ თვეებში - ყოველდღიურად რამდენიმე საათი შუქისა და სითბოს გარეშე ყოფნა მოუწევთ

ამასობაში კი ვაშინგტონში და დასავლეთის ზოგიერთ დედაქალაქში - აგრეთვე კიევის სამთავრობო დერეფნებშიც - განწყობა იცვლება: რწმენა, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ დაკავებული ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანის შემდეგ დასრულდება, თანდათანობით ადგილს უთმობს აღიარებას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება აუცილებელია - კიევი თმობს ტერიტორიებს, ხოლო ქვეყნის დიდი ნაწილი ხელუხლებელი რჩება. ეს შეიძლება უკრაინისთვის საუკეთესო იმედი და გამოსავალი იყოს. მაგრამ კიევს ამ შეზღუდული მიზნის მიღწევაშიც კი დასავლეთი ხელს არ უწყობს.

უკრაინის პერსპექტივა უღიმღამოდ მოჩანს, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ აშშ-ში, სავარაუდოდ, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, რომელიც, როგორც აცხადებს, პრეზიდენტად არჩევისთანავე, ომის სწრაფად შეწყვეტას შეეცდება. ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირი იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებენ დონალდ ტრამპს როგორმე გადაათქმევინონ უკრაინაზე ზეწოლის მოხდენა არამომგებიან გარიგებაზე ხელმოსაწერად, რომელიც თავის მხრივ, სერიოზულ რისკებს შეუქმნის ამერიკისა და ევროპის სამომავლო უსაფრთხოებას.

და მაინც, ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციის მიუხედავად, ის ევროპელი ლიდერები, რომლებსაც ადრე მტკიცედ სურდათ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დამარცხება, ახლა თავიანთ თვალსაზრისს ცვლიან. ასევე, ზოგიერთი კიეველი ჩინოვნიკი, კერძო საუბრებში ჩივიან იმის გამო, რომ მათ არ ჰქოფნით ცოცხალი ძალა და დასავლეთის სამხედრო დახმარება რუსეთის მიიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

დახურულ კარს მიღმა დაწყებულია მოლაპარაკება ისეთი გარიგების (შეთანხმების) დასადებად, რომლის მიხედვით, მოსკოვი დე-ფაქტო კონტროლს ინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიის ერთ მეხუთედ ნაწილზე, რომელიც რუსეთის არმიას აქვს ოკუპირებული (თუმცა მასზე რუსეთის სუვერენიტეტი იურიდიულად აღიარებული არ იქნება), პარალელურად კი ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას უფლება მიეცემა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, უსაფრთხოების ექვივალენტური გარანტიით. ასეთი სახით უკრაინას შესაძლებლობა მიეცემა ევროკავშირში ისეთივე ინტეგრირება განახორციელოს, როგორც დასავლეთ გერმანიამ  ცივი ომის პერიოდში.

თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ეს სცენარი საკმაოდ ამბიციურ ვარაუდებზეა დაფუძნებული.

პირველ რიგში იმიტომ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ერთხმად შესთავაზონ უკრაინას ნატოს წევრობა ან ისეთი გარანტიები, რომლებზეც ისინი დღემდე თავს იკავებდნენ - იმიტომ, რომ საჭირო გახდება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან დამატებითი  დიდი ძალების განთავსება ახალ ტერიტორიაზე, რაც ძვირადღირებულია და უდიდეს ხარჯებს მოითხოვს, ცივი ომის დროინდელი სტილით.

მეორე ვარაუდი იმით გამოიხატება, რომ ზოგიერთებს სჯერათ - რუსეთის პრეზიდენტი შეიძლება როგორმე დათანხმდეს ასეთი სცენარის მქონე მოლაპარაკებაზე, მაგრამ გავიხსენოთ, რომ კრემლის ჯარების უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მიზეზს სწორედ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თავიდან აცილება წარმოადგენდა. ასევე საეჭვოა, რომ დღეს ვლადიმერ პუტინს  მსგავს გარიგებაზე თანხმობის სურვილი ჰქონდეს, როცა მისი ჯარები წინ მიდიან და იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის დაკავება შეუძლია.

გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში თავისი „გამარჯვების გეგმა“ წარადგინა, რომლის მიზანს კიევის დასავლელი მოკავშირეების დარწმუნება წარმოადგენდა - მეტი სამხედრო და დიპლომატიური დახმარება გაუწიონ უკრაინას, რათა რუსეთი იძულებული გახდეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-დან ხელცარიელი დაბრუნდა, მან ვერ მიიღო მკაფიო პასუხი ორ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით: ნატოს წევრად გარანტირებულ მიღებაზე და დასავლური რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის  სიღმეში მდებარე ობიექტების გასანადგურებლად.

რასაკვირველია, დასავლეთმა ყველა სიტუაციაში უკრაინის პოზიციები უნდა განამტკიცოს, მაგრამ კრემლის იძულება ისეთ გარიგებაზე დათანხმდეს, რომელიც მომგებიანია მხოლოდ კიევისა და დასავლეთისათვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მოსკოვი იგრძნობს, რომ ბრძოლის გაგრძელების ფასი ძალიან მაღალია.

ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დარულებამდე კიდევ სამი თვე რჩება. ამ ხნის განმავლობაში თეთრმა სახლმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას მაქსიმალური დახმარება უნდა გაუწიონ. დასავლეთმა უკრაინა, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მაქსიმალურად მომგებიანი პოზიციით უნდა უზრუნველყოს, ხოლო კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში - შექმნას ისეთი ფუნდამენტი, რომელსაც იგი დაეყრდნობა. ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვიცით, თუ როგორ დასრულდება ომი, მაგრამ შეგვიძლია - და ეს ჩვენს ინტერესებში შედის - უკრაინას ისე დავეხმაროთ, რომ კიევმა უპირატესობა დაიბრუნოს მტერთან მიმართებით.

წყარო: https://www.ft.com/content/fceeb798-8fe0-4094-b928-65ebef2b8e1b

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way