USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინასთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უხმაუროდ იცვლება“
Date:  771

„უკრაინასთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უხმაუროდ იცვლება“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - გაი ჩაზანი), რომელშიც განხილულია აშშ-ის ლიდერთა დამოკიდებულების ტრანსფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით: თეთრი სახლი სულ უფრო იხრება უკრაინის მხარდაჭერისაკენ და მიიჩნევს, რომ რუსეთს გადაჭარბებული ამბიციები აქვს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საგარეოპოლიტიკურ ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში შვიდ მაისს გაიმართა, როცა ვიცე-პრეზიდენტს ჯეიმს დევიდ ვენსს უკრაინის შესახებ კითხვა დაუსვეს, დამსწრე დიპლომატები ელოდნენ, რომ იგი, ჩვეულებრივ, უკრაინას გააკრიტიკებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მათ „სრულიად სხვა პასუხი მოისმინეს“: ჯეიმს ვენსმა ისაუბრა რუსეთის მოთხოვნებზე კიევის მიმართ და აღნიშნა, რომ „ჩვენი აზრით, კრემლს ძალიან ბევრის მიღება სურს“.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა იგივე გაიმეორა მომდევნო დღეს ტელეარხ „ფოქს ნიუსთან’ ინტერვიუში და დაამატა, რომ „რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმ ტერიტორიის გადაცემის იმედი, რომელიც მას ჯერ არ დაუკავებია“.

აშშ-ის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად ავლენენ მოუთმენლობას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ. თავდაპირველი ეჭვები, რომ ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ყველაზე დიდ დაბრკოლებას მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკი უქმნის, ახლა იმით შეიცვალა, რომ სამშვიდობო პროცესის ყველაზე მთავარ დამამუხრუჭებელს ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს. ანუ შეერთებული შტატები ამჟამად სწორედ ვლადიმერ პუტინს თვლის ხელშემშლელ ფაქტორად, რომლისთვისაც კომპრომისები მიუღებელია.

„ამერიკელებს უბრალო იდეა ჰქონდათ - მოდით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ზეწოლა მოვახდინოთ და რუსეთი მოვხიბლოთ. კრემლს ასე უფრო იოლად დათანხმდება გარიგებას. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის მოხიბვლა არასაკმარისი ყოფილა“, - განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა, გერმანელმა დიპლომატმა, ყოფილმა ელჩმა აშშ-ში. მან აღნიშნა, რომ მოხარულია ჯეიმს ვენსის თვალსაზრისი ცვლილებით რუსეთის მიმართ და რომ კრემლთან დამოკიდებულების საკითხში აშშ-სა და ევროპის პოზიციები ერთმანეთს უახლოვდება. იმავდროულად ვოლფგანგ იშინგერმა მიუთითა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯერ არ გადაუდგამს მორიგი ლოგიკური ნაბიჯი და არ უთქვამს, რომ მოსკოვის მიმართ „ქანჩები უნდა იქნას მოჭერილი“.

დამკვირვებელთა აზრით, რუსეთის უარი კომპრომისზე დონალდ ტრამპს ძალიან აღიზიანებს. „აშშ-ის პრეზიდენტის დიტყვებში სინანული გამოსჭვივის. მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ძალიან ბევრი გასცა და ამის სანაცვლოდ უკან არაფერი არ მიუღია“, - განაცხადა მაიკლ მაკფოლმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში.

კიდევ ერთი დიპლომატის - უილიამ ტეილორის თქმით (იგი აშშ-ის ელჩი იყო კიევში 2006-2009 წლებში), „დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მეგობარი  არ არის... მისი ნდობა არ შეიძლება. გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ კრემლი სერიოზულ მოლაპარაკებას არც აპირებს“.

„დონალდ ტრამპი ნათლად ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არ არის თანამშრომლობისათვის... თუმცა მე დარწმუნებული არ ვარ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტავის რუს კოლეგაზე მნიშვნელოვან ზეწოლას განახორციელებს“, - აღნიშნავს ერიკ გრინი, კარნეგის ფონდის თანამშრომელი, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზდენტობის დროს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პროგრამების მთავარ დირექტორად მუშაობდა და რუსეთთან დაკავშირებულ კვლევებს ხელმძღვანელობდა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტიდან, როცა დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ შეკამათდნენ, საკმაო დრო გავიდა, აშშ-ის და უკრაინის ურთიერთობა ნორმალური რეჟიმით მიმდინარეობს, რასაც ხელი შეუწყო მინერალური რესურსებით სარგებლობის შესახებ ხელმოწერილმა შეთანხმებამ. უკრაინელი ჩინოვნიკების აზრით, აღნიშნული გარიგება ზრდის იმის ალბათობას, რომ აშშ უკრაინის თავდაცვის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს. „დონალდ ტრამპი დღეისათვის „თამაშში უკვე ჩართულია“, - თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა დიპლომატმა.

იმავდროულად პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - მართლაც არის დონალდ ტრამპი სიმპათიურად განწყობილი უკრაინის მიმართ თუ იგი უბრალოდ იმას აჩვენებს, რომ თითქოსდა მზადაა რუსეთის დასასჯელად  კრემლის ჯიუტობის გამო? ბევრმა დასავლელმა ლიდერმა და მათ შორის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა კიტ კელოგმა გააკრიტიკეს ვლადიმერ პუტინის წინადადება რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკების შესახებ საომარი მოქმედებების შეწყვეტის გარეშე, რასაც დასავლეთი და უკრაინა ითხოვს, თუმცა თვითონ დონალდ ტრამპმა „პუტინის გამბიტი მოიწონა“.

ექსპერტების აზრით, რუსეთი ელოდება, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ დონალდ ტრამპის მოთმინების ფიალა აივსება და იგი თავის მცდელობებს შეწყვეტს. „პუტინი გრძელვადიან თამაშს თამაშობს და თვლის, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს. კრემლი ელოდება, რომ დონალდ ტრამპი ინტერესს დაკარგავს, ამერიკელები სამხედრო დახმარებას შეწყვეტენ და ამის შედეგად უკრაინის არმია დასუსტდება“, - ამბობს მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში.

ექპერტები ადასტურებენ, რომ ბოლო ხანებში იმის რისკი, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას ბედის ანაბარად მიატოვებს, მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ექს-თანამშრომელი თომას გრემი ამბობს, დონალდ ტრამპისათვის რთული იქნება თავისი ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევა - რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა - უკრაინის საკითხის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე. „ამჟამად ბევრი რამ არის სასწორზე დადებული. დიახ, მას შეუძლია უკრაინის მიტოვება, მაგრამ თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, მისი ნაბიჯი კრახს დაემსგავსება“, - ასკვნის თომას გრემი.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way