USD 2.7311
EUR 2.8873
RUB 2.7367
Tbilisi
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „ტრამპს პუტინისაგან კომპრომისი ჭირდება: რა შეიძლება დათმოს რუსეთის პრეზიდენტმა?“
Date:  133

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპს პუტინისაგან კომპრომისი ჭირდება: რა შეიძლება დათმოს რუსეთის პრეზიდენტმა?“ (ავტორი - როუზ გეტემიულერი)

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეუძლია აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სამ მომენტში დაუთმოს“, - წერს როუზ გეტემიულერი, სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც ნატოს გენმდივნის მოადგილეა იყო 2016-2019 წლებში.

პირველი საკითხი, ავტორის აზრით, არის ის ფორმულირება, რომელიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისათვის შეიძლება იქნეს გამოყენებული - გერმანიის პრეცედენტი. როგორც როზა გეტემიულერი წერს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ტერიტორიული მთლიანობა იურიდიულად შენარჩუნებული იქნა და მისი აღმოსავლეთის პროვინციები (ანუ გდრ) მხოლოდ დროებით ოკუპირებულად ჩაითვალა და არა სამუდამოდ დაკარგულად. შესაძლოა მიწების შემოერთება დიდი ხნის განმავლობაში ვერ განხორციელდეს, მაგრამ ქვეყნის გაყოფა მუდმივად არ უნდა იქნეს აღიარებული. „დადგება დრო და უკრაინა გაერთიანდება - ისე როგორც გერმანია გაერთიანდა“.

მეორე დათმობა ეხება ნატოში უკრაინის წევრობის საკითხს: „რუსეთისათვის შეთავაზებული იყოს უკრაინის უსეთი ინტეგრაცია ნატოში, რომლის დროსაც ქვეყანა სწრაფად არ იქნეს მიღებული ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ანუ პროცესი დროში გაჭიანურდეს, ვთქვათ, 20 წლის განმავლობაში. მოლაპარაკება ამ საკითხში ისედავ დიდხანს გაგრძელდება, რადგან უკრაინა ამჟამად მზად არ არის და ნატოში მიღებისათვის ყველა პირობა რომ შესრულდეს, ამას დიდი დრო ჭირდება. მოკლედ, ვლადიმერ პუტინი დარწმუნდება, რომ სიურპრიზები მოსალოდნელი არ იქნება.

მესამე სავარაუდო დათმობა იქნება ის, თუ დონალდ ტრამპი მზადყოფნას გამოხატავს განაახლოს რუსეთის სასურველი მოლაპარაკება ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, რომელიც აშშ-მა ცალმხრივად შეწყვიტა. 

ვლადიმერ პუტინს შეიძლება არ მოეწონოს თავისი პოზიციის კორექტირება - მას ხომ უკრაინის სრული განადგურება და მორჩილება სურს, მაგრამ ბირთვული იარაღის კონტროლზე აშშ-ის თანხმობა რუსი ლიდერის ავტორიტეტს ასწევს და საერთაშორისო არენაზე კრემლის რეპუტაცია გაიზრდება.

მნიშვნელოვანია, რომ დონალდ ტრამპიც დარწმუნდეს - იგი წაგებული არ დარჩება ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებით უკრაინის საკითხში. მან უნდა იცოდეს, რომ კრემლი მზად იქნება ზოგიერთ დათმობაზე წავიდეს, კარგად მოფიქრებულ კომპრომისზე, როგორც საკუთარი იმიჯის, ასევე დონალდ ტრამპისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ვოლოდიმირ ზელენსკის სახის შესანარჩუნებლადაც. არავის არ ჭირდება ომიდან გამანადგურებელი მარცხით გამოსვლა.

წყარო: https://www.ft.com/content/cc8fb374-17ae-4fd9-b7cb-83f3f54e83d0

analytics
«The New York Times» (აშშ): „დონალდ ტრამპის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებით ზეწოლის გამო უკრაინა იძულებულია პრიორიტეტი მიანიჭოს უსაფრთხოების გარანტიებს და არა ტერიტორიულ საკითხს“

„ტერიტორიის საკითხს კიევისათვის განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის მაინც მეორე ხარისხოვანია. მთავარია, როგორი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები მოლაპარაკების შემდგომ პერიოდში“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებით ზეწოლის გამო  უკრაინა იძულებულია პრიორიტეტი მიანიჭოს უსაფრთხოების გარანტიებს და არა ტერიტორიულ საკითხს“ (ავტორი - ენდრიუ კრამერი).  

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ  სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში უკრაინისათვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება არა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს, არამედ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს მისი როგორც სახელმწიფოს მომავალი არსებობისათვის. ასეთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ორ უკრაინელ მაღალჩინოსანთან საუბრის შედეგად, - წერს ავტორი.

ჟურნალისტთან მოსაუბრე ანონიმი პირების თქმით, უკრაინის ტერიტორიის საზღვრები, ალბათ, როგორც ჩანს, გაპირობებული იქნება საომარი მოქმედებებით (თუ რა წარმატებას მიაღწევს რუსული მხარე - კიდევ რომელ ქალაქებს დაიკავებს), ხოლო ქვეყნის ინტერესების დაცვა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გარანტიები იქნება ცეცხლის შეწყვეტის საიმედოობისათვის.

„ტერიტორიულ საკითხს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის მაინც მეორე ხარისხოვანია. უპირველესი საკითხია ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები“, - ციტირებს ავტორი ენდრიუ კრამერი ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის ნათქვამს, რომელიც ითხოვს, რომ მისი გვარი საჯაროდ არ დასახელდეს, იგი ანონიმად დარჩენას ამჯობინებს.

თუმცა ის, რომ სავარაუდო მოლაპარაკება „გარანტიებს უნდა ეფუძნებოდეს“, გაზეთს უთხრა ვერხოვნა რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კოსტენკომაც.: „ამჟამად უკრაინისათვის არქიმნიშვნელობა აქვს სწორედ უსაფრთხოების გარანტიებს და სხვას არაფერს“, - ამბობს დეპუტატი და ხაზს უსვამს, რომ კიევი იმავდროულად ოფიციალურად უარს არ აცხადებს თავისი ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.

კიევისათვის ასევე მნიშვნელობა აქვს ბუფერული ზონის ფართობს (სიგრძე-სიგანეს) და ეკონომიკური აღდგენის შესაძლებლობას.

ანონიმი უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, კიევი ყურადღებას მიაქცევს იმ საკითხსაც, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროს დადგენილმა [სადემარკაციო] ხაზმა ხელი არ შეუშალოს ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას - მაგალითად, ინვესტიციების ჩადებას, ანუ ცეცხლის შეწყვეტა საიმედო უნდა იყოს, რათა ზოგიერთ ფრონტისპირა რეგიონში რაიმე გართულებები არ მოხდეს. გარდა ამისა, მოლაპარაკების დროს არმიებს შორის დემილიტარიზებული (ბუფერული) ზონის სიგანის განსაზღვრაც საკვანძო მომენტი იქნება.

როგორც გაზეთის სტატიის ავტორი წერს, უკრაინელი ოფიციალური პირები დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ სამშვიდობო დარეგულირების არცერთ ვარიანტში მტერს ერთ გოჯ უკრაინულ მიწას არ დაუთმობდნენ, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, რომელიც მხარს უჭერს მოლაპარაკების რაც შეიძლება სწრაფად გამართვას, კიევმა თავისი პრიორიტეტები შეცვალა და ახლა უფრო მეტად აქცენტი უსაფრთხოების გარანტიებზე გადააქვს - იმის გათვალისწინებით, თუ სად და რომელი რეგიონების ტერიტორიაზე გატარდება ცეცხლის შეწყვეტის ხაზი.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/11/13/world/europe/trump-ukraine-russia-peace.html

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way