USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „რუსეთმა მაისში ევროპის გაზით მომარაგებაში აშშ-ს გაუსწრო“
дата:  

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 16 ივნისის საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთმა მაისში ევროპის გაზით მომარაგებაში აშშ-ს გაუსწრო“ (ავტორები - შოტარო ტანი და ელის ჰენქოქი). „რუსეთის წილის გაზრდა მოწმობს, თუ რამდენად რთულია რეგიონისათვის უარი რუსულ ენერგორესურსებზე“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

მაისის თვეში რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის იმპორტმა, პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, აშშ-დან იმპორტს გადააჭარბა. და ეს ხდება რეგიონის იმ ძალისხმევის მიუხედავად, რასაც ევროკავშირი მიმართავს რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის იმპორტის შესაწყვეტად უკრაინაში რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. რა თქმა უნდა, ზოგადად რუსული გაზით სარგებლობა უკვე ბევრად არის შემცირებული იმასთან შედარებით, როგორიც ომამდე იყო, მაგრამ ის ფაქტორი, რომ რამდენიმე აღმოსავლეთევროპული ქვეყანა ჯერ კიდევ სარგებლობს რუსული გაზით, ხაზს უსვამს რეალობას, თუ რაოდენ რთულია ევროპისათვის რუსულ საწვავზე უარი.

„საოცარია, რომ რუსული (მილსადენური და თხევადი) გაზის საბაზრო წილი ევროპაში თანდათანობით იზრდება იმის შემდეგაც კი, რაც გადავიტანეთ... იზრდება იმ ძალისხმევის მიუხედავად, რაც ჩვენ ენერგომომარაგების დივერსიფიცირებისა და რისკების შემცირებისათვის  განვახორციელეთ“, - ამბობს ტომ მარჟეკ-მანსერი, საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის ICIS-ის გაზის ექსპორტ-იმპორტის ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელი.

2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვმა ევროპაში მილსადენური გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა, სამაგიეროდ, რეგიონში გაიზარდა თხევადი გაზის იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც სპეციალური გაზმზიდი გემებით ხორციელდება.

2022 წლის სექტემბერში აშშ-მა პირველად გაუსწრო რუსეთს ევროპისათვის გაზის მიწოდებაში, ხოლო 2023 წლიდან აშშ-ს წილი რეგიონში ერთ მეხუთედს გაუტოლდა. მაგრამ, ICIS-ის მონაცემების თანახმად, გასულ თვეში რუსული მილსადენური და თხევადი გაზის მიწოდებამ  ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, სერბეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში და ჩრდ. მაკედონიაში მთლიანად იმპორტირებული გაზის 15% შეადგინა

ICIS-ის მონაცემები ასევე გვამცნობს, რომ აშშ-დან თხევადი გაზის მიწოდებამ ევროპაში საერთო იმპორტის მხოლოდ 14% შეადგინა, რაც 2022 წლის აგვისტოდან ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

შემცირება მოხდა რუსული თხევადი გაზის იმპორტის გაზრდის კვალობაზე - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მკაცრი სანქციების დადებას ითხოვს რუსული გაზის მომხმარებლებზე.

რუსეთმა 2022 წლის შუახანებიდან მილსადენებით („ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“) გაზის გატანა ევროპაში შეწყვიტა, მაგრამ აგრძელებს გაზის ექსპორტს მძლავრი მილსადენებით უკრაინისა და თურქეთის ტერიტორიების გავლით (გაზსადენები „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი“ და „თურქული ნაკადი“).

მაისში რუსული გაზის მიწოდების ზრდაზე გავლენა მოახდინა რიგმა ფაქტორებმა, მათ შორის აშშ-ში, გაზის გამათხევადებელ საწარმოში მომხდარმა ავარიამ და რუსული გაზის ჭარბმა გადაქაჩვამ „თურქული ნაკადით“ - იმის გამო, რომ ივნისში შავი ზღვის ფსკერზე ჩადებულ მილსადენზე ტექნიკური მომსახურება უნდა დაწყებულიყო.

„ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რასაკვირველია, გაზის ექსპორტის მატება დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, რადგან რუსეთი ივნისიდან დაიწყო თხევადი გაზის მიწოდება აზიაში „ჩრდილოეთის საზღვაო გზის“ მეშვეობით“, - ამბობს ტომ მარჟეკ-მანსერი, - თავისთავად, ეს ფაქტი ევროპისათვის გაზის მიწოდებას შეამცირებს, სამაგიეროდ, ისევ გაიზრდება მიწოდება აშშ-დან (ავარიის შედეგების ლიკვიდაციის გამო).

„რუსებს შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ, რომ ევროპაში თავიანთი გაზრდილი წილი შეინარჩუნონ. ევროპაში გაზზე მოთხოვნა მხოლოდ მომავალი ზამთრისთვის გაიზრდება, იმ დროისთვის კი ამერიკა თავის ადგილს ისევ დაიკავებს და უფრო მეტიც - მწყობრში ჩადგება ახალი სიმძლავრეები გაზის გათხევადების სფეროში“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

სხვათა შორის, მიმდინარე წელს მთავრდება უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სატრანზიტო შეთანხმების მოქმედების ვადა, რაც საფრთხეს უქმნის „ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ გაზსადენით გაზის მიწოდებას ევროპის რიგი ქვეყნებისათვის.

ევროპის კომისია მხარს უჭერს ევროკავშირის ქვეყნებისათვის გაზის მიწოდების გაზრდას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მეშვეობით აზერბაიჯანიდან.

როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ამ მარშრუტით გაზის მიწოდება ამჟამად არასაკმარისია იმ 14 მილიარდი კუბმეტრი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, რომელიც უკრაინის გავლით რუსეთიდან ევროკავშირს მიეწოდება

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისრის კადრი სიმსონის განცხადებით, მან იაპონიაში ამასწინანდელი ვიზიტის დროს შეშფოთება გამოხატა, რომ [რუსული] თხევადი გაზი ევროპიდან აზიაში გადამისამართდა, აზიელი მომხმარებლების დასაკმაყოფილებლად. მისი თქმით, ბრიუსელმა და ტოკიომ ე.წ. „ადრეული გაფრთხილების სისტემა“ შექმნეს თხევადი გაზის დეფიციტის მონიტორინგისათვის და მოილაპარაკეს, რომ ორივე მხარემ უნდა მიიღოს ზომები ენერგომოხმარების დაზოგვის მიზნით.

„ევროკავშირი მზად არის შეარბილოს ნებისმიერი ნეგატიური ცვლილებები გაზის მსოფლიო ბაზარზე, ბუნებრივი საწვავის მიწოდება-მოთხოვნის საკითხში“, - ამბობს კადრი სიმსონი. „ჩვენს მიერ მომარაგებული გაზის საცავებში რეკორდულად მაღალ დონეზე რჩება. გარდა ამისა, მაქსიმალურად შევამცირეთ გაზის მოხმარებისა და დანაკარგების მოცულობა. ამრიგად, ევროკავშირის მოთხოვნა გაზზე სტაბილიზებულია რეკორდულად შემცირებული დონით - 20%-ით, 2021 წელთან შედარებით“.

წყარო: https://www.ft.com/content/15e7b892-c4f3-45b8-b375-80ef52e4b83c

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати