USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „როგორ გაჰყო უკრაინის კონფლიქტმა მსოფლიო“
თარიღი:  767

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ გაჰყო უკრაინის კონფლიქტმა მსოფლიო“ (ავტორი - გიდეონ რიხმანი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

სანამ ჯო ბაიდენი თავის თავს სენტიმენტალურ მოგზაურობას უწყობდა ირლანდიაში, სი ძინპინი პეკინში სერიოზული სახელმწიფოებბრივი საქმით იყო დაკავებული - საფრანგეთისა და ბრაზილიის პრეზიდენტების - ემანუელ მაკრონისა და ლუის ინასიუ ლულა და სილვას ვიზიტის შემდეგ.

მოწოდება, რომელიც სი ძინპინისა და ლუის ლულას სამიტის დროს გაისმა, ხელსაყრელი იყო ჩინეთისათვის და საგანგაშო - ამერიკისათვის. ბრაზილიის ლიდერის განცხადებით, მის ქვეყანას ჩინეთთან თანამშრომლობა „მსოფლიო პოლიტიკის დაბალანსების მიზნით“ სურს, თუმცა იმავდროულად მან ამერიკას ბრალი წაუყენა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებათა წაქეზებაში. გარდა ამისა, ლუის ლულამ მხარი დაუჭირა „ცისქვეშეთის“ დიდი ხნის მიზნის განხორციელებას ამერიკული დოლარის მნიშვნელობის შემცირებას მსოფლიო ფინანსურ სისტემაში: „ყოველ ღამით მე ჩემს თავს ვეკითხები - რატომ არის ყველა ქვეყანა ვალდებული ვაჭრობა დოლარზე აწარმოონ“.

ჩინეთმა წარმატებას მიაღწია ახლოაღმოსავლურ დიპლომატიაშიც - ირანი და საუდის არაბეთი, რომლებიც ერთმანეთს მტრობდნენ იემენში მიმდინარე მოვლენებში ჩარევის გამო, პეკინის შუამავლობითა და ძალისხმევით, შერიგდნენ და დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს.

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის გზავნილი მსოფლიოსათვის გამჭვირვალეა: „ამერიკა ომის გამჩაღებელია, ჩინეთი კი მშვიდობისმყოფელი. ამერიკა სანქციების შემოღებით არის დაკავებული, ჩინეთი კი ვაჭრობას აფართოებს“.

ეს მოვლენა ვაშინგტონისთვის საკმაოდ შემაშფოთებელია. აშშ-ის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ლარი სამერსმა გასულ კვირას ყურადღება მიაქცია იმ ნიშნებს, რომელთა თანახმად, ამერიკა მსოფლიოში გავლენას კარგავს. „ერთ-ერთი განვითარებადი ქვეყნის მარალჩინოსანმა მითხრა, რომ ჩინეთი ჩვენთან გზებს და აეროპორტებს აშენებს, ამერიკა კი მხოლოდ ნოტაციებს გვიკითხავსო“.

აშშ-ის პოზიციების დასუსტებას უკრაინა-რუსეთის ომმაც ხელი შეუწყო: როგორც ცნობილმა ინდოელმა პოლიტოლოგმა პრატალ ბჰანი-მეჰტამ აღნიშნა ამას წინათ, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ომზე ამერიკის რეაგირება არანაკლებ სადაოა, ვიდრე თვითონ ომი. სწორედ ამ ქვეყნებისაკენ არის ჩინეთის მზერა მიმართული.

აშშ-სა და ევროპის დიდი ნაწილისათვის პუტინისეული კონფლიქტი უნიკალური მოვლენაა, რომელიც ასევე უნიკალურ პასუხს მოითხოვს. სიტუაცია მათთვის უკიდურესად უჩვეულოა: საკითხი არც სასაზღვრო დავას არ ეხება და არც მმართველი რეჟიმის შეცვლას. ეს ომი გამიზნულია ტერიტორიის დასაპყრობად , ანუ ისეთია, რომელიც ძალიან იშვიათი იყო 1945 წლის შემდეგ. მსგავს მაგალითს მხოლოდ ერაყის მცდელობა წარმოადგენდა 1990 წელს, კუვეიტის ხელში ჩასაგდებად, სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს, რომელმაც ფართო რეზონანსი გამოიწვია. აშშ-ის აზრით, დღევანდელ მომენტში უკრაინის ნაწილების ანექსია შედარებით უფრო სახიფათოა იმდენად, რამდენადაც ამას რუსეთი ახორციელებს - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ამერიკა შეეცადა, რომ რუსეთი გარიყულ ქვეყნად გადაექცია - როგორც ეკონომიკური, ასევე დიპლომატიური თვალსაზრისით. ვაშინგტონმა უპრეცედენტო სანქციები გამოუცხადა მოსკოვს და გაყინა რუსეთის ოქროსა და ვალუტის ის რეზერვები, რომლებიც უცხოურ ბანკებში ინახებოდა.

მაგრამ რუსეთის ეკონომიკა გადარჩა: თავიდან აიცილა ის მოსალოდნელი კრახი, რომელსაც ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი კრემლს უწინასწარმეტყველებდა. ეს ბევრად უკავშირდება იმას, რომ ქვეყნების უმრავლესობას, ინდოეთის, ბრაზილიისა და ჩინეთის ჩათვლით, რუსეთთან ვაჭრობა არ შეუწყვეტია.

აღნიშნული ქვეყნებისათვის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი - რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს კიევისათვის - მხოლოდ მოლაპარაკებითა და კომპრომისით უნდა მოგვარდეს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა ლაკონურად და ხატოვნად განმარტა „გლობალური სამხრეთის“ ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთისადმი ოსტრაკიზმის გამოცხადების თაობაზე: „ევროპას ჰგონია, რომ მისი პრობლემები მსოფლიოს პრობლემებია, ხოლო მთელი მსოფლიოს პრობლემები ევროპის პრობლემები არ არის“.

ინდოელები და სხვები ფიქრობენ, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა დანარჩენი მსოფლიოსათვის მთელი რიგი რთული პრობლემები გამოიწვია. ისინი ჩივიან, რომ [დასავლეთის ძალისხმევით] უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჭიანურებისა და ანტირუსული სანქციების გამო გაძვირდა სურსათ-სანოვაგე, კვების პროდუქტები და ენერგომატარებლები - და როგორც შედეგი, ყველაზე მეტად ამით ღარიბი ადამიანები დაზარალდნენ მთელ მსოფლიოში. თუმცა, კაცმა რომ თქვას, შექმნილი სიტუაციით „გლობალური სამხრეთის“ მდიდრებიც არიან შეშფოთებულნი.

წყარო: https://www.ft.com/content/40c31fda-1162-4c40-b3d5-b32e4ac5d210

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის