USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „როგორ ააღორძინა ომმა რუსეთის „ჟანგიანი სარტყელი“: ღარიბი რეგიონები სამრეწველო ბუმს განიცდიან, ყოფილი საბჭოთა ქარხნები ისევ ამუშავდნენ“.
თარიღი:  792

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურიტ „როგორ ააღორძინა ომმა რუსეთის „ჟანგიანი სარტყელი“: ღარიბი რეგიონები სამრეწველო ბუმს განიცდიან, ყოფილი საბჭოთა ქარხნები ისევ ამუშავდნენ“ (ავტორი - პოლინა ივანოვა). პუბლიკაციაში მიმოხილულია რუსეთის ოდესღაც მდიდარი, მაგრამ პოსტსაბჭოთა პერიოდში გაღარიბებული სამრეწველო რეგიონების მდგომარეობა, სადაც, უკრაინასთან ომის გამო მიღებული სამხედრო შეკვეთებით, ყოფილი საბჭოთა ქარხნები ამუშავდნენ, მოსახლეობა დასაქმდა და ეკონომიკის აღორძინება შეიმჩნევა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რუსეთის ერთ-ერთი ქარხნის მუშა ანტონი თავის თვიურ ხელფასს ითვლის, რომელიც 2022 წლიდან თითქმის სამჯერ და მეტად გაიზარდა და არ იცის რა ქნას - სიხარულისგან იცინოს თუ იტიროს. 37 წლის მამაკაცი ტკივილით აცნობიერებს, რომ მისი ხელფასის ზრდა გამოწვეულია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით უკრაინაში შეჭრის თაობაზე, რის გამოც რუსული ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადავიდა. „ერთი მხრივ, ომია, ადამიანები იღუპებიან, ჩემი ნათესავებიც...“, - მეუბნება ანტონი, რომლის ბიძია უკრაინის ფრონტზე მოკლეს, - „მაგრამ მეორე მხრივ... ქალაქში მრეწველობის აღორძინება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მოსახლეობა დასაქმებულია და მათი მატერიალური მდგომარეობა უმჯობესდება. მე არ მახსოვს ისეთი პერიოდი, როცა ჩვენ, უბრალო ადამიანები, „პროლეტარები“, ამდენ ხელფასს ვიღებდით

რუსეთის მთავრობა, სახელმწიფო შეკვეთების სახით, უზარმაზარ თანხებს აბანდებს მრეწველობაში - არმიისათვის იარაღის, საწვავის, კვების პროდუქტების, სამხედრო ტანსაცმლის დასამზადებლად. ამ ყველაფერმა სამრეწველო ბუმი გამოიწვია: იმ დროს, როცა ყველა ელოდებოდა სანქციების „გარდაუვალ“ შედეგს - რუსეთის ეკონომიკურ დაცემას, პირიქით მოხდა. საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების პროგნოზებით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება, რაც ბევრად მეტია აშშ-ისა და ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური განვიტარების პროგნოზებზე.

ეს ეფექტი ყველაზე მეტად შესამჩნევია რუსეთის ცენტრალურ „ჟანგიან სარტყელში“ (ყოფილი სამრეწველო რეგიონებში), ჩუვაშეთის   მაგალითზე, სადაც 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სადაც ყოფილი საბჭოთა ქარხნები სრული სიმძლავრით ამუშავდნენ და დღედაღამ სამხედრო პროდუქციას ამზადებენ. ანალიტიკოსების აზრით, ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის უნარისათვის - შეუძლია თუ არა კრემლს ომის წარმოება უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკური გამოფიტვისათვის, რასაც პოლიტიკური კრახიც მოჰყვება.

იმ ქარხანაში, რომელშიც ანტონი მუშაობს, ლითონის გამოდნობის მკვეთრი მატება 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ანუ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრიდან ექვსი თვის შემდეგ. „სწორედ იმ ხანებში გააცნობიერა მოსკოვმა, რომ ომი გაგრძელდება და ხანმოკლე არ იქნება“, - ამბობს ლაურა სოლაკო ფინეთის ბანკთან არსებული ეკონომიკური პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის თანამშრომელი. მთელი რუსეთის მასშტაბით დაიწყო მრეწველობის გადაყვანა სამხედრო პროფილზე. ჩუვაშეთში, სადაც ომამდე სამხედრო შეკვეთებზე მხოლოდ 7 ქარხანა მუსაობდა, 2022 წლის ბოლოს  მათი რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ამჟამად ჩუვაშეთის მრეწველობა 27%-ზე მეტ პროდუქციას უშვებს, ვიდრე ომამდე. ეს უდიდესი  ზრდაა. უმუშევრობა მინიმუმამდე - 2,2%-მდე შემცირდა, მატერიალური ანაზღაურება გაიზარდა - საშუალოდ ომამდელი 40 ათასი რუბლიდან (450 დოლარიდან) 120 ათას რუბლამდე (1350 დოლარამდე).

ჩებოქსარის ქარხნებს მუშახელი არ ჰყოფნით, სამუშაოზე პენსიონერებსაც კი იწვევენ. „სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში საბჭოური გამოცდილება უკვე დაკარგულია, ხარატებისა და ზეინკლების მომზადება აღარ ხდება, ამიტომ ქარხნები იძულებულნი არიან სამსახური პენსიონერებსაც შესთავაზონ. ისინი კმაყოფილნი არიან, რადგან პენსიაც უნარჩუნდებათ და დამატებით გაზრდილ ხელფასს იღებენ“, - ამბობს ეკონომისტი ნატალია ზუბარევიჩი, - თუმცა, რასაკვირველია, ხელფასების ზრდა ინფლაციას იწვევს, მატულობს კვების პროდუქტების ფასი, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს მოსათმენია“.

სოციოლოგების აზრით, რუსეთის ეკონომიკის ზრდა ბუნებრივია, გავლენას მოახდენს მოსახლეობის პოლიტიკურ შეხედულებებზე, ანუ კიდევ უფრო გაიზრდება ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა უკრაინასთან ომის საკითხში.

ომის დაწყების პირველ თვეებში დასავლელი პოლიტიკოსები იმედოვნებდნენ, სანქციების ნეგატიური ეფექტი რუსეთის მოსახლეობას ომის საწინააღმდეგოდ განაწყობდა, ცარიელი ჯიბე და საფულეები, ცარიელი მაცივრები ტელევიზიით ომის პროპაგანდის შედეგს ნოლამდე დაიყვანდა. მაგრამ გავიდა ორ წელზე მეტი და საკვირველება მოხდა: „ტელევიზია და მაცივარი უკვე სინქრონულად მუშაობენ: მაცივარში საჭმელია, პარალელურად კი ტელევიზია ომის პროპაგანდას აგრძელებს“.

ომის დაწყებიდან რუსეთში, სამხედრო პროფილის მქონე დარგების გარდა, სხვა დარგებიც განვითარდა, მაგალითად, მსუბუქი და საფეიქრო მრეწველობა. კომპანიები დამატებით შემოსავლებს სამოქალაქო პროფილის განვითარებასაც ახმარნენ.

დასავლელი სპეციალისტების თქმით, რუსეთის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს - გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეკონომიკის დონე ისევ დაიწევს და ყველაფერი ძველებურად იქნება. ამასთან, როგორც ჩუვაშეთში ამბობენ, შექმნილი ვითარებით მაქსიმალურად სარგებლობენ: ერთ-ერთი მუშის თქმით, „ჩვენ მანამდე ვიმუშავებთ, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება“.

წყარო: https://www.ft.com/content/b9749a86-b8dc-4eaa-a1d1-ebccf179d747

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.