USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „რა ელოდება დონალდ ტრამპს ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ?“
дата:  

„ნაფიცმა მსაჯულებმა, თითქმის 9-საათიანი განხილვის შემდეგ, აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავედ აღიარეს ბრალდების ყველა 34-ვე პუნქტით, რომელთა თანახმად, მან, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დუმილისათვის ფული გადაუხადა პორნომსახიობ სთორმი დენიელსს, რომელთანაც დონალდ ტრამპს ქორწინების გარეშე ინტიმური კავშირები ჰქონდა“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რა ელოდება დონალდ ტრამპს ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ?“ (ავტორი - ჯო მილერი). მასში კითხვები და პასუხებია მოცემული.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„კაცმა რომ თქვას, ზოგადად, სასამართლო პროცესი ძირითადად არაფრით არ განსხვავდებოდა სხვა მსგავსი პროცესებისაგან, რომელიც ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლოში ტარდება ხოლმე, მაგრამ ბრალდება და მსაჯულთა მიერ გამოტანილი დასკვნა უპერეცედენტოა და არ ჰგავს აშშ-ის ისტორიაში მომხდარ არცერთ ფაქტს: ის მიმართულია რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ და საპრეზიდენტო არჩევნების წინ მრავალ პოლიტიკური და იურიდიული ხასიათის მქონე კითხვას აჩენს. რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ? აი, პასუხები რამდენიმე კითხვაზე:

- ჩასვამენ თუ არა დონალდ ტრამპს საპყრობილეში?

- სავარაუდოდ, არ ჩასვამენ. გავიხსენოთ, რომ დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს „საქმიანი საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებაში“, რომლის საფუძველზე სთორმი დენიელსს ფული გადაუხადეს. პორნომსახიობი ამტკიცებდა, რომ მას დუმილისათვის  დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა 130 ათასი დოლარი მისცა. ასეთი მოქმედებით, ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპმა დოკუმენტაცია გააყალბა - დახარჯული ფული გააფორმა როგორც „გადახდა იურიდიული სამსახურისთვის“. ექს-პრეზიდენტი 34 ბრალდებიდან არცერთს არ აღიარებს. მან უარყო აგრეთვე ის ფაქტი, რომ სთორმი დენიელსთან სექსი ჰქონდა.

მართალია, ამ ბრალდებით, ნიუ-იორკის შტატის კანონის თანახმად, დონალდ ტრამპს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება, მაგრამ ეს უჩვეულო განაჩენი იქნება ადამიანისათვის, რომელიც არასოდეს ნასამართლევი არ ყოფილა, 77 წლისაა და საპყრობილეში არაძალადობრივი დანაშაულისათვის - საბუღალტრო დარღვევისათვის უნდა ჩაჯდეს. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ელვინ ბრეტმა, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თავი აარიდა კითხვაზე პასუხს - შეეცდება თუ არა დონალდ ტრამპის დაპატიმრებას და განაცხადა, რომ ეს მას შემდეგ გამოჩნდება, როცა განაჩენი იქნება გამოტანილი 11 ივლისის სასამართლო სხდომაზე.

მოსამართლე ხუან მერჩანს შეუძლია სხვადასხვანაირად დასაჯოს ბრალდებული - ვთქვათ, საპრობილის რეჟიმით, პირობითი პატიმრობით ან ფინანსური ზღვევინებით. განაჩენის გამოტანისას მას ასევე შეუძლია მხედველობაში მიიღოს ბრალდებულის ქცევა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს (დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე დაარღვია სასამართლოს დადგენილება ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ, იგი ასევე თავს ესხმოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოწმებს და ნაფიც მსაჯულებს).

- შეიძლება თუ არა მსჯავრდებული დამნაშავე პრეზიდენტად ბალოტირებდეს?

- აშშ-ის კონსტიტუციაში არაფერი არ წერია ისეთი, რომ დამნაშავედ შერაცხულ ადამიანს ფედერალური მნიშვნელობის მქონე თანამდებობის დაკავება ეკრძალებოდეს. კოლორადოსა და სხვა ზოგიერთი შტატის სასამართლოების ამასწინანდელი მცდელობა, რომ დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აკრძალვოდა, კრახით დასრულდა - აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი დადგენილება შტატის სასამართლოს უფლებამოსილებაში არ შედის  და კონგრესის პრეროგატივას წარმოადგენს.

თუმცა შეიძლება პრობლემები გაჩნდეს, თუ მოსამართლე დონალდ ტრამპს თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის საპყრობილეს რეჟიმით და შემდეგ იგი, უკვე მსჯავრდებული და პატიმარი, ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენს დაამარცხებს. „მართალია, ამ სიტუაციით საკონსტიტუციო კრიზისი არ დაიწყება, რადგან, იმავე კონსტიტუციური ლოგიკით, შეიძლება განაჩენის აღსრულების გადავადება იმ დრომდე, სანამ პრეზიდენტად არჩეული მსჯავრდებული პრეზიდენტობის ვადას არ დაასრულებს“, - ამბობს ალექს რაინერტი, კორდოზოს იურიდიული სკოლის სისლის სამართლის პროფესორი, - „მართლაცდა, როგორ შეასრულებს თავის მოვალეობას პრეზიდენტად არჩეული ადამიანი, თუ იგი საპყრობილეში, საკანში იჯდება?“.

- შეუძლია თუ არა მსჯავრდებულ დამნაშავეს, პრეზიდენტობის კანდიდატს, ხმის მიცემა?

- ეს დამოკიდებულია იმ შტატის კანონმდებლობაზე, სადაც იგი იქნება გასამართლებული. ნიუ-იორკის შტატის კანონის მიხედვით, დონალდ ტრამპს ხმის მიცემის უფლება არ დაეკარგება, თუ მას მოსამართლე საპყრობილეში არ ჩასვამს. თუმცა ამ შემთხვევაშიც მას უფლება აქვს ხმა მისცეს ციხეში მოთავსებამდე ან ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. დონალდ ტრამპს შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება თავის მშობლიურ ფლორიდის შტატში, სადაც კანონი მსჯავრდებულებს ხმის უფლებას ართმევს, მაგრამ არა მათ, რომლებიც ისეთ სხვა შტატებში არიან მსჯავრდებულები, სადაც ხმის მიცემის უფლება ძალაში რჩება.

- შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს საკუთარი თავის შეწყალება, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ?

- არა, რადგან საქმე აღძრულია შტატის პროკურორების და არა ფედერალური ორგანოების მიერ. ნიუ-იორკის შტატში ჩადენილი დანაშაულისათვის შეწყალების უფლება აქვს შტატის გუბერნატორს - ქეით ხოჩულს, რომელიც დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრია და რომელსაც უფლებამოსილება 2027 წლამდე აქვს. როგორც მისი განცხადებიდან ჩანს - „არავინ არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა“ - იგი რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს არ შეიწყალებს.

წყარო: https://www.ft.com/content/327f834e-71c7-46fd-b3ed-64cb7e9838b4

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати