USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
"Financial Times" (დიდი ბრიტანეთი): „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას ჩრდილს აყენებს“
дата:  632

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თამსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას ჩრდილს აყენებს“ (ავტორი - ნადია ბირდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად კი პატიმარ  მიხეილ სააკაშვილის ხელნაწერის გარკვევა ზოგჯერ საკმაოდ რთულია. „მე რომ მცოდნოდა [უკრაინაში რუსეთის] შეჭრის დრო, ასევე ის, რომ საპყრობილეში წამება და მოწამვლა მელოდა, [საქართველოში] არ დავბრუნდებოდი“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა თბილისის კლინიკის პალატიდან გამოიტანა, - „მეშინია, რომ დასავლეთი ომის მიმართ ინტერესს დაკარგავს... მეშინია საპყრობილეში სიკვდილისა... და ეს გარდაუვალია, თუ მე აქ დავრჩები. ეს იქნებოდა ვლადიმერ პუტინს დიდი გამარჯვება“.

საზღვარგარეთ 8-წლიანი ყოფნის შემდეგ - უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორობის პერიოდის ჩათვლით - პროდასავლელი პოლიტიკოსი სამშობლოში 2021 წლის ოქტომბერში დაბრუნდა. იგი იმედოვნებდა, რომ ოპოზიციურ ძალებს გაააქტიურებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს იმ ექვსწლიანი მსჯავრის მოსახდელად, რომელიც მას სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობის ბრალდებით.

პატიმრობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე მის მოკავშირე დასავლეთის ქვეყნებში - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისმა მხარდამჭერებმა ტოქსიკოლოგთა დასკვნა გამოაქვეყნეს ექს-პრეზიდენტის მოწამვლის თაობაზე. როგორც ჩანს, ეს გარემოება კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს დასავლეთთან საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ურთიერთობას, რომელიც ნომინალურად პროევროპულდ ითვლება, მაგრამ რუსეთთან კავშირები აქვს და თვლის, რომ „ნაცისტი“ მიხეილ სააკაშვილი არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში.

მიხეილ სააკაშვილმა განათლება აშშ-ში მიიღო და პროდემოკრატიული ლიდერის სახელით სარგებლობდა, თუმცა დასავლეთი მას არ დაეხმარა, როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ამასთან, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის თვალში იგი კვლავ პოპულარულ ადამიანად რჩება: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 2022 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მას მხარს მოსახლეობის 31% უჭერს - თითქმის იმავე დონით, როგორიც მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, „ქართული ოცნების“ დამაარსებელს ბიძინა ივანიშვილს აქვს.

გასულ კვირას, სასამართლოს სხდომაზე ვიდეოჩართვით გამოსვლის დროს, მიხეილ სააკაშვილი გაფითრებულად და ავადმყოფურად გამოიყურებოდა. მისი ადვოკატები წარუმატებლად ცდილობდნენ მისთვის გამოტანილი განაჩენის აღსრულების გადავადებას, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით.

იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ გადაესინჯა ექს-პრეზიდენტისათვის გამოტანილი მსჯავრი,  მის მდგომარეობას კი „სიკვდილით საჯარო დასჯის დე-ფაქტო მცდელობა“ უწოდა.

მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობამ ნეგატიური რეზონანსი გამოიწვია ევროპის პარლამენტშიც, რომელმაც ჯერ კიდევ დეკემბერში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ჰუმანიტარული მოსაზრებით, ასევე პოლიტიკური პოლარიზაციის შესასუსტებლად,  პატიმრისათვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების ნება მიეცა.

შარშან მაისში ყოფილი პრეზიდენტი საპყრობილის საკნიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც იგი ამჟამად იმყოფება. იმ მიზეზით, რომ მან 39-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა, წონაში მკვეთრად დაიკლო, რაც საბოლოო ჯამში აზროვნების (ცნობიერების) დარღვევაში, კუნთების ატროფიასა და ანემიაში გადაიზარდა.

„მიხეილ სააკაშვილისათვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და ფუნდამენტური მკურნალობა არ ხდება“, - აცხადებს ექს-პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დ’ანჯელო, - „როცა მასთან ვიყავი, სწორედ მაშინ ჩავარდა კრუნჩხვებში... თუმცა იგი არავის არ გაუსინჯავს, არანაირი რენტგენის სურათი არ გადაუღიათ... მათ არ იციან, როგორ უნდა უმკურნალონ“.

ამერიკელი ექიმების ბრიგადის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყლისა და სხვა მძიმე ლითონების კვალი აღმოაჩინეს. „ამ ქიმიური ელემენტების ორგანიზმში სამედიცინო გზებით მოხვედრის მიზეზები არ არსებობს. როგორც ჩანს, ორგანიზმის ინტოქსიკაცია მოხდა, რომელიც კრუნჩხვებს იწვევს“, - ამბობს ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი.

მთავრობა აცხადებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული მსჯავრდებულის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, „საზღვარგარეთ მკურნალობის უფლების შეზღუდვის საკითხი არასწორადაა დასმული, რადგან მას იურიდიული საფუძველი არ აქვს. შეუძლებელია ისეთი უფლების შეზღუდვა, რომელიც იურიდიულად არ არსებობს“.

ისედაც უკიდურესად პოლარიზებულ ქართულ საზოგადოებაში მმართველი პარტიის პოლიტიკოსები რეგულარულად დასცინიან მიხეილ სააკაშვილს და აცხადებენ, რომ ცნობები მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ გადაჭარბებულია.

„უკვე მართლა აღმაშფოთებელია ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, მართლა ყელში ამოვიდა ამდენი ლაპარაკი“, - განაცხადა გასული წლის დეკემბერში ირაკლი კობახიზემ, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა. მისი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ციხეებში ყოველწლიურად ასობით პატიმარს კლავდა. ამ ბრალდებას ექს-პრეზიდენტი უარყოფს.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად ავნებს საქართველოს ისედაც შელახულ რეპუტაციას დასავლეთის თვალში. იყო დრო, როცა საქართველო, ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულებით უკრაინასაც წინ უსწრებდა და მოლდოვასაც, ახლა კი თბილისი ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ სწრაფვაში კიევსაც ჩამორჩა და კიშინიოვსაც.

გასულ წელს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ლიდერები დათანხმდნენ უკრაინასა და მოლდოვასათვის ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეცათ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით მათ განაცხადეს, რომ თბილისმა, სანამ კანდიდატი გახდება, 12-პუნქტიანი წინასწარი პირობები უნდა შეასრულოს, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცება, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და „დეოლიგარქიზაციის“ განხორციელება. ამ უკანასკნელში ირიბად „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილია ნაგულისხმევი.

გასული წლის დეკემბერში მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა კლინიკის პალატაში მწოლიარე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, თითქოსდა იმის დამამტკიცებელი, რომ პაციენტი მძიმედ ავადმყოფობის სიმულაციას ეწევა. ვიდეომ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე გამოქვეყნდა, დიდი ფურორი მოახდინა იმ გაგებით, რომ პაციიენტი მართლაც ავადმყოფი და დაბნეული ჩანდა.

საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოსტზე 2018 წელს იქნა არჩეული, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა მას მხარს „ქართული ოცნება“ უჭერდა. თავის დროზე, წლების წინ, იგი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე იყო, მაგრამ 2005 წელს მათ შორის განხეთქილება მოხდა. დღეს სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება მოწოდებებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე და თავის უფლებამოსილებას ექს-პრეზიდენტის სასარგებლოდ არ იყენებს.

კორნელი კაკაჩია, ანალიტიკური ცენტრის - ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის არასტაბილური მდგომარეობა მთავრობისათვის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის: „თუ ისეთი რაღაც მოხდება და სააკაშვილის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაურესდება, საზოგადოებბრივი აზრი შეიძლება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ შეიცვალოს“.

წყარო: https://www.ft.com/content/8a3b2307-7e5e-4ec6-8913-834e3d13921e

მოამზადა სიმონ კილაძემ

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати