USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მიაღწიეთ მშვიდობას უკრაინაში, სანამ ძალიან დაგვიანებული არ არის“
თარიღი:  

ბრიტანულმა გაზეთმა „ფაინენშელ თაიმსმა“ (Financial Times) გამოაქვეყნა დასავლელი ყოფილი დიპლომატებისა და ანალიტიკოსების ღია წერილი სათაურით „მიაღწიეთ მშვიდობას უკრაინაში, სანამ ძალიან დაგვიანებული არ არის“, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისადმი და თეთრ სახლს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიცირებისაკენ მოუწოდებს. წერილს ხელს აწერენ ენტონი ბრენტონი (დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი რუსეთში), ჯეკ მეტლოკი (აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში), ლორდი სკიდელსკი (უორიკის უნივერსიტეტის პროფესორი) და სხვები.

გთავაზობთ წერილის მცირედ შემოკლებულ ტექსტს:

ბოლო დროს რუსეთის არმიის წარმატებები დონბასში ადასტურებენ იმ თვალსაზრისის ჭეშმარიტებას, რომ ომი მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს. აშშ და მისი მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინის პოზიციას, რომ ომის შეწყვეტა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა სიტუაცია 2014 წლამდე არსებულ საზღვრს დაუბრუნდება, ანუ როცა რუსები გაძევებულები იქნებიან დონბასიდან და ყირიმიდან. მაგრამ საქმის კურსში მყოფი ანალიტიკოსები ერთხმად ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში, დიდი ალბათობით, რუსეთს მეტი შანსები აქვს წარმატებას მიაღწიოს.

ასეთი დასკვნა მიანიშნებს იმას, რომ მიზანშეწონილია და აუცილებელიც მშვიდობის მიღწევა მოლაპარაკების გზით. ამ დროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია უკრაინის როგორც სახელმწიფოს გადარჩენა: თავიდან უნდა იქნეს აცილებული უკრაინელი ხალხის განადგურება და ეკონომიკის სრული დანგრევა. დასავლეთის ოფიციალური პოზიცია მოლაპარაკების გზის უარსაყოფად ეფუძნება რწმენას, რომ თუ უკრაინა რუსეთზე სრულად არ გაიმარჯვებს, მაშინ ვლადიმერ პუტინს „ყველაფერი გამოუვა და მომავალშიც იგივეს გააგრძელებს“.

მაგრამ ასეთი პოზიცია იგნორირებს ორწლიანი სამხედრო მომედების ყველაზე მნიშვნელოვან შედეგს, რომელიც დღეისათვის არის მიღწეული: უკრაინამ შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა - ისევე როგორც ფინეთმა 1939-1940 წლებში. მცირე ტერიტორიული დათმობები უმნიშვნელო ფასი იქნება რეალური და არა ფიქტიური სუვერენიტეტისათვის.

თუ უკრაინაში ისეთი მშვიდობა გარდაუვალია, რომელიც დაეფუძნება მხარეთა დაშორიშორების დღევანდელ ხაზს, მაშინ მასზე უარისთქმა და შანსის გამოუყენებლობა  უზნეობა იქნებოდა. 

ვაშინგტონმა მოსკოვთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს უსაფრთხოების ახალი პაქტის შესამუშავებლად, რომელშიც დაცული იქნება როგორც უკრაინის, ისე რუსეთის კანონიერი ინტერესები. როგორც კი ამგვარი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოცხადდება, საჭირო გახდება დაუყონებლივი მოქმედების განხორციელება ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, რაც შესაძლებლობას მისცემს რუსეთისა და უკრაინის ხელმძღვანელებს მოლაპარაკება  რეალურად და კონსტრუქციულად გააგრძელონ.

ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს ლიდერებს მხარი დაუჭირონ ასეთ ინიციატივას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, უკრაინა მით უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს. შესაბამისად, მით უფრო დაჩქარდება ომის ესკალაცია ბირთვული იარაღის გამოყენების ზღურბლამდე. პირიქით - რაც უფრო სწრაფად განხორციელდება მხარეთა მშვიდობიანი მოლაპარაკება, მით უფრო მეტი სიცოცხლე იქნება გადარჩენილი, მით უფრო სწრაფად დაიწყება უკრაინის აღდგენა და მსოფლიო იმ უფსკრულის ნაპირიდან უკან დაიხევს, რომლის წინაშეც დღეს დგას“.

წყარო: https://www.ft.com/content/90185a02-8107-47c0-ae6f-b06e88b796b5

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის