USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „გერმანიაც მიუერთდა ევროკავშირის იმ ქვეყნების „კლუბს“, რომელშიც შობადობის უმდაბლესი დონის მქონე ქვეყნები არიან“.
Date:  312

ევროპას პრობლემა აქვს - კონტინენტის ქვეყნები ზედიზედ ეშვებიან დემოგრაფიული ფსკერისაკენ - შობადობის დონე კატასტროფულად ეცემა, - წერს ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „გერმანიაც მიუერთდა ევროკავშირის იმ ქვეყნების „კლუბს“, რომელშიც შობადობის უმდაბლესი დონის მქონე ქვეყნები არიან“ (ავტორი - ვალენტინა რომეი). ბევრი ევროპული სახელმწიფოს დემოგრაფიული მონაცემები კრიტიკულია. ევროპელები  ეჭვებით არიან შეპყრობილნი - ღირს თუ არა შვილის გაჩენა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რომელიც მთელ ევროკავშირში ინფლაციასა და ცხოვრების გაძვირებას იწვევს, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევროკავშირის კიდევ სამი წევრი სახელმწიფო, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული გერმანიის ჩათვლით, შევიდა შობადობის ზედაბალი (უმდაბლესი) დონის მქონე ქვეყნების სიაში, რითაც ხაზი ესმება რეგიონის დემოგრაფიული პრობლემების მასშტაბებს და მის სიმწვავეს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გერმანიაში შობადობის დონე გაეროს მიერ დადგენილ უმდაბლესი ზღვრის მიღმა დაეცა - თუ 2023 წელს ერთ ქალზე 1,4 ბავშვი მოდიოდა, ამჟამად მხოლოდ 1,35 ბავშვია. ასეთი სცენარის დროს შობადობის დაცემის დონის გამოსწორება და პროცესის უკუქცევით განვითარება უკვე ძალიან რთულია.

1,4 ბავშვიანი „ფსკერი“ უკვე „გახვრიტეს“ ესტონეთმა და ავსტრიამ, რომლებიც ევროკავშირის 9 ქვეყნის სიას დაემატნენ - ესპანეთის, საბერძნეთისა და იტალიის ჩათვლით: მათში შობადობის დონე უკვე კრიტიკული ნიშნულის მიღმაა დაკლებული.

შობადობის კატასტროფული შემცირება ნაწილობრივ იმის შედეგია, რომ ადამიანები აგვიანებენ მემკვიდრეების გაჩენას 30 წლამდე და უფრო გვიან, რაც მნიშვნელოვან რისკთან არის დაკავშირებული: „ვინც ასე გადაწყვეტს, ის უკვე ვეღარ შეძლებს იმდენი ბავშვის ყოლას, რამდენიც სურს - უბრალოდ, ადამიანის ბიოლოგიური საათები ასე მოქმედებს“, - განმარტავს ვილემ ადემა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტი.

იმიგრაციის გარეშე, ძირძველ ევროპელთ ოჯახებში შობადობის დაბალი დონე იწვევს შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას, რაც სახელმწიფო ხაზიანას მძიმე ტვირტად აწვება და ეკონომიკურ ზრდას აბრკოლებს.

იმდენად, რამდენადაც ახალგაზრდები მნიშვნელოვან ქონებრივ მდგომარეობას - ისეთს, როცა ბინის შეძენა შეუძლიათ - გვიან ასაკში აღწევენ, შესაბამისად გვიანდება მათი დაოჯახება და გამრავლება. ევროკავშირში 2023 წელს იმ ქალების ასაკი, რომლებიც ბავშვს პირველად აჩენდნენ, 31,1 წლამდე გაიზარდა. არადა, ათი წლის წინ პირველმშობიარე ქალების ასაკი 30 წელს არ აღემატებოდა. დრეისათვის რიგ ქვეყნებში ამ მხრივ ძალიან რთული მდგომარეობაა: პირველმშობიარე ქალთა ასაკმა გერმანიაში 31,4 წელს მიაღწია, ხოლო ესპანეთში, იტალიაში და ირლანდიაში 32-ს გადააჭარბა.

ავსტრიამ გამოაცხადა, რომ შონადობა მოსახლეობაში დაეცა 1,32 ბავშვამდე ერთ ქალზე, როცა 2023 წელს 1,41 იყო. ესტონეთში ამ მაჩვენებელმა 1,31-მდე დაიკლო წინა წელთან (1,41) შედარებით

შობადობის დონე მთელ ევროპაში მცირდება - იმ ქვეყნებშიც კი, როგორიც ფინეთია, შვედეთი და საფრანგეთი, სადაც ოჯახებისადმი სოციალური ხელშეწყობის პოლიტიკა და გენდერული თანასწორობა ადრე ახალშობილების რაოდენობის ზრდას იწვევდა.

ფინეთში შობადობის დონე 2010 წლამდე ევროკავშირის მასშტაბით საშუალოზე მეტი იყო, მაგრამ 2023 წელს 1,26-მდე დაეცა, რაც ყველაზე უმდაბლესი მაჩვენებელია 1776 წლიდან, როცა ბავშვის დაბადების დაფიქსირება ცენტრალიზებულად დაიწყეს.

როცა შობადობის ყველაზე დაბალი დონე (1,79 ბავშვი ერთ ქალზე) საფრანგეთში 2022 წელს დაფიქსირდა, ყველა ამბობდა, რომ ეს კატასტროფული მაჩვენებელია, მაგრამ გასულ წელს დონე კიდევ უფრო დაეცა - 1,67-მდე, რაც ყველაზე უარესია მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, როცა შობადობის აღრიცხვა სახელმწიფომ დაიწყო.

შობადობის მაჩვენებლები შემცირდა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ახალშობილების რაოდენობა ისედაც ზედაბალი (უმდაბლესი) იყო - ესპანეთში (ერთ ქალზე 1,12-მდე) და იტალიაში (1,2-მდე).

გაეროს წარმომადგენელმა დემოგრაფიულ საკითხებში გუანიუ ჩანმა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა უფრო მეტი იზრუნონ ოჯახებზე და გაითვალისწინონ გენდერული სპეციფიკა  (ქალების ფერტილობის მხრივ), რაც შესაძლებლობას მისცემს მათ იმდენი ბავშვი ჰყავდეთ, რამდენიც მათ სურთ, ასაკის მიხედვით.

ექსპერტები თვლიან, რომ ახალშობილ ბავშთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია დიდწილად ეკონომიკური და პოლიტიკური რყევებით აიხსნება.

„დავუშვათ, თქვენ გსურთ ბავშვი გყავდეთ, მაგრამ თუ გეშინიათ, რომ მას დაკარგავთ, ან ძალიან გადარდებთ ინფლაციის მაღალი დონე და ცხოვრების გაძვირება, ან რომელიმე კონფლიქტის, ვთქვათ რუსეთ-უკრაინის ომის გადაზრდა უფრო ფართომასშტაბიან, გლობალურ დაპირისპირებაში, თქვენ დაეჭვდებით და იტყვით - განა ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში ღირს ბავშვის გაჩენა?“, - განმარტავს ენ ბარინგტონი, საუნთჰემპტონის უნივერსიტეტის დემოგრაფიის პროფესორი.

შობადობის მდგომარეობაზე ნეგატიური როლის შესრულება შეუძლია გარკვეული ტრადიციული წარმოდგენების ცვლილებას თანამედროვე საზოგადოებაში.

როგორც ვილემ ადემა ამბობს, თანამედროვე წარმოდგენები იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი და რამდენად უნდა იზრუნოს მშობელმა შვილზე, ისეთია, რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, მომავალი დედები და მამები, ამბობენ: „მე ბედნიერებისათვის შვილები არ მჭირდება. ვფიქრობ, რომ ვერ გავუმკლავდები გამოწვევებს და დარწმუნებული არა ვარ, გავუძლებ თუ არა მშობლის პასუხისმგებლობის ტვირთს“.

წყარო: https://www.ft.com/content/1b139d1a-07ea-4612-9c2b-62c430119613

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way