USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ, ქართველებს შეიძლება უვიზო რეჟიმი შეუჩერდეთ“
дата:  461

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) 22 მაისს აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ, „რუსული კანონის“ გამო: ქართველებს შეიძლება უვიზო რეჟიმი შეუჩერდეთ“ (ავტორები - ლორა დიუბუა, ანასტასია სტოგნეი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა დაბეჯითებით ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების ჩათვლით - იმიტომ, რომ საქართველომ გამომწვევი პოზიცია დაიკავა რუსეთის კანონის მსგავსი კანონპროექტის მიღებით, „უცხოელი აგენტების შესახებ“.

საქართველომ, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს, უარყო როგორც ბრიუსელის გაფრთხილება, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა და მაინც მიიღო ისეთი კანონპროექტი, რომელიც ძალიან ჰგავს რუსულ კანონს. ორივე სამართლებრივი აქტი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წინააღმდეგ, აიძულებს მათ, უცხოეთიდან დაფინანსების პირობებში, რეგისტრაცია გაიარონ უცხოეთის ინტერესების გამტარებელ იურიდიულ პირებად.

როგორც წყაროები იტყობინებიან, ეს საკითხი ესტონეთის, ნიდერლანდების, ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით,  განხილული იქნება მომავალ კვირას დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. არსებობს დადგენილების ერთ-ერთი ვარიანტი, რომლის თანახმად, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუჩერდეთ, აგრეთვე დაუწესდეს გარკვეული სანქციები.

ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკის ცნობით, რომლებიც სიტუაციას კარგად იცნობენ, „ევროპული დედაქალაქები განიხილავენ სხვადასხვა ზომების მიღებას საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით“.

თავის დროზე ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა თბილისი გააფრთხილეს, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება, ერთი მხრივ, სერიოზული ბარიერი გახდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანა სულ უფრო მეტად იქნება მიზიდული რუსეთის ორბიტაზე.

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღების პროცესს უახლოეს დღეებში დაასრულებს, იმავდროულად დაგმო საერთაშორისო ზეწოლის მცდელობა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ანტიქართული სანქციების მომზადებისაკენ მოუწოდეს.

„ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი და ოფიციალური პირი... საქართველოსთან ურთიერთობებში შანტაჟის ენას იყენებს“, - განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“.

პარტიის მტკიცებით, კანონპროექტის მიღება აუცილებელი იყო, რადგან 2020 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციები ორჯერ შეეცადნენ „რევოლუციის დაწყებას და ამიტომ მთავრობას არ შეუძლია უმოქმედო იყოს მესამე მცდელობის მოლოდინში“.

ევროკავშირი, სავარადოდ, ვაშინგტონთან შედარებით უფრო დაყოვნებით იმოქმედებს იმდენად, რამდენადაც ზოგიერთი წევრი სახელმწიფო შიშობს, ვაითუ უვიზო რეჟიმის შეჩერებამ არასასიამოვნო შედეგები გამოიწვიოს იმ ათასობით ქართველისათვის, რომლებიც „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე ევროკავშირის დროშებით გამოდიან.

„ევროკავშირმა ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რათა თავისი მხარდამჭერები არ დააზარალოს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და ამიტომ ბუდაპეშტს შეუძლია გადაავადოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო სანქციების გამოცხადება, რომლებიც ერთხმად, 27-ვე წევრის თანხმობით უნდა იქნეს მიღებული, კონსენსუსის წესით. სხვათა შორის, უნგრეთსაც აქვს მიღებული მსგავსი კანონი - შექმნილია სპეციალური სამთავრობო ორგანო, რომელიც ამოწმებს უცხოურ დაფინანსებას, მიღებულს ოპოზიციური პოლიტიკოსების, მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

ქეთევან ჩაჩავამ, რომელიც თბილისში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს“ ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ სამთავრობო ჩინოვნიკების წინააღმდეგ მიმართული სანქციები გამართლებულია, მაგრამ მან უარყოფითად შეაფასა უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა.

„ქართველები ყველაზე ნაკლებად იმსახურებენ ასეთ სასჯელს“, - თქვა მან, - „ვიზა-ლიბერალიზაციის გაუქმება ან შეჩერება ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება იქნებოდა და იმავდროულად, კონტრპროდუქტიულიც“.

საქართველოს კოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც სარგებლობენ.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველომ ოფიციალური განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და მიიღო წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ამ მიზნით  მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა, სანამ არ იქნება განხორციელებული ისეთი რეფორმები, რომლებიც „უცხოეთის აგენტობის“ კანონის მოქმედებას წინააღმდეგობას გაუწევს.

წყარო: https://www.ft.com/content/d4475d59-df96-4005-9786-04042704d07e

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати