USD 2.7191
EUR 3.2020
RUB 3.4463
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი უკრაინას მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ კიევი უარს აცხადებს ყირიმის რუსეთისათვის გადაცემაზე“
თარიღი:  630

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თამსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი უკრაინას მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ კიევი უარს აცხადებს ყირიმის რუსეთისათვის გადაცემაზე“ (ავტორები - ქრისტოფერ მილერი, ლიუსი ფიშერი და ბენ ჰოლი). „დონალდ ტრამპი დარწმუნებულია: უკრაინას ცუდად აქვს საქმე, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელში მომგებიანი კარტები არ აქვს, ამიტომ დათმობაზე უნდა წავიდეს და თუ ასე არ მოიქცევა, იგი ქვეყანას მთლიანად დაკარგავს“, - ასეთია პუბლიკაციის ძირითადი აზრი.

გთავაზობთ სტატიის ტექსტს მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი, ყირიმის რუსეთის კუთვნილებად აღიარებაზე უარის გამო, მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იგი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკების საზიანოდ მოქმედებს.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებულ თავის პოსტში უკრაინაში შექმნილი სიტუაცია შეაფასა როგორც „საშინელი“ და აღნიშნა, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს და საბოლოო ჯამში ქვეყანა დაკარგოს“.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გარიგების დადებასთან, მაგრამ პიროვნებამ, რომელსაც „ხელში არავითარი მომგებიანი კარტი არ აქვს“, დროა საქმე ბოლომდე მიიყვანოს“,- დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ეს იყო დონალდ ტრამპის პასუხი სამშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამზე, როცა მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას“, რომელიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიიერთა და რომელსაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მსოფლიოს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის ტერიტორიად თვლის: „ყირიმის დათმობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს ჩვენს კონსტიტუციას არ შეესაბამება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ეს განცხადება „ძალიან საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის... და საერთოდ, ყირიმი უკრაინამ მრავალი წლის წინ დაკარგა. არ შეიძლება ეს საკითხი დღევანდელ სიტუაციაში განხილვის საგანი იყოს“.

იმავე დღეს დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ისევ თქვა, რომ იგი შეთანხმების დადებისათვის დაბრკოლებას წარმოადგენს: „მე ვთვლი, რომ რუსეთი მზად არის... ჩვენ მოლაპარაკებული ვართ რუსეთთან“, - განაცხადა მან, - ვვარაუდობდი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი [უკრაინის მდგომარეობიდან გამომდინარე] უფრო დამყოლი იქნებოდა... მაგრამ ჯერ-ჯერობით მასთან ლაპარაკი სულ უფრო რთულდება“.

დონალდ ტრამპის რემარკი ეს მას შემდეგ გაჟღერდა, როცა აშშ-მა კონფლიქტის მოგვარების წინადადებები წამოაყენა - იგულისხმება ვაშინგტონის მიერ ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება და უკრაინის იმ ოთხი ოლქის ფაქტიურად რუსეთის კონტროლქვეშ დარჩენა, რომელიც რუსეთის არმიამ ომის დროს დაიკავა (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები).

უფრო ადრე ჩვენი გაზეთი წერდა, რომ ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში სტივ უიტკოფთან საუბრისას მიანიშნა, რომ კრემლს შეუძლია ომი ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე შეაჩეროს და უფრო მეტიც, უარი თქვას ზემოთ ჩამოთვლილი უკრაინის ოთხი ოლქის ფართობის სრულ გაკონტროლებაზე (დღეისათვის რუსეთის არმია სრულად ვერ ფლობს ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიას, რომელთა გარკვეული ნაწილი კვლავ უკრაინის მთავრობის კონტროლქვეშ რჩება).

თავის მხრივ, ინდოეთში ვიზიტის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს ვენსმა, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას, აღნიშნა, რომ „ამერიკამ უკრაინას და რუსეთს არაორაზროვნად უთხრა: დროა თქვათ  „ჰო“ და თუ არ იტყვით, მაშინ აშშ მოლაპარაკების პროცესს დატოვებს“.

„[უკრაინის] საზღვრები პლუს-მინუს ისეთ მდგომარეობაში არიან, როგორიც ამჟამად არის.. და საბოლოო ჯამში, ისინი კონფლიქტის მხარეებისათვის ახალ გამყოფ ხაზად გახდებიან“, - უთხრა ვენსმა ჟურნალისტებს, - ეს იმას ნიშნავს, რომ კიევს და მოსკოვს მოუწევთ უარი თქვან იმ ტერიტორიებზე, რომელთა დაკავება (ან დაბრუნება) მათ სურთ“.

დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის განცხადებები მას შემდეგ გაისმა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოულოდნელად უარი თქვა ლონდონში დაგეგმილ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტში მონაწილეობაზე. მარკო რუბიოს ნაცვლად, შეხვედრაში აშშ-ის სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი მონაწილეობდა, თუმცა სახელმწიფო მდივნის არყოფნის გამო, სამიტის სტატუსი დაქვეითდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ლონდონის შეხვედრის კომენტირებისას, Telegram-ში დაწერა, რომ ემოციების მიუხედავად, ერთობლივი მუშაობა მტკიცე მშვიდობამდე მიგვიყვანს“, თუმცა იქვე კვლავ ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინა საკუთარი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს“ (ანუ თავისი ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია) და „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პარტნიორები, განსაკუთრებით აშშ, კიევის მტკიცე პოზიციას გაითვალისწინებენ“.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა, რომელიც გარკვეულია ლონდონში ჩატარებული შეხვედრის ნიუანსებში, თქვა, რომ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში იზრდება შეშფოთება უკრაინის მიმართ აშშ-ის პოზიციის გამკაცრების გამო და შიშობენ, რომ „დონალდ ტრამპის მოთმინების დაკარგვა“ კიევისათვის სასარგებლო არ იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ლონდონი, პარიზი და ბერლინი ეძებენ ისეთ კომპრომისს, რომლის დროსაც უკრაინა იძულებული არ გახდებოდა დაერღვია თავისი „წითელი ხაზები“, მაგრამ იმავდროულად შესაძლებლობა ექნებოდა გარკვეულ ტერიტორიულ დათმობაზე წასულიყო.

სხვათა შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო შერიგებოდა ყირიმისა და ოთხი ოლქის დაკარგვას, თუ უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე გარანტია ექნებოდა (თუ მას ნატოს წევრად ულაპარაკოდ მიიღებდნენ).

მაგრამ, როგორც მან ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერა იგრძნო, ვოლოდიმირ ზელენსკი ნელ-ნელა გადაიხარა ტერიტორიული დათმობის უარყოფისაკენ და განაცხადა, რომ თუ იგი უკრაინის მიწა-წყალს დათმობდა, ამით მოსკოვის აგრესია უფრო წაქეზდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვების სედეგად უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას, პარალელურად არსებობს აგრეთვე საკმაოდ ხისტი ოპოზიცია, რომლისთვისაც მიუღებელია ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის.

ევროპული ქვეყნების მთავრობები აცხადებენ, რომ ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება დაარღვევს დღემდე არსებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც 1945 წლის შემდგომ არსებობს.

„თუ აშშ აღიარებს რუსეთისათვის ყირიმის დე-იურედ გადაცემას, მაშინ ეს რუსეთის წაქეზებას ნიშნავს ომის გასაგრძელებლად... და საერთოდ, ნებისმიერი აგრესორი გაიფიქრებს: „ოჰო, რა კარგია... ესე იგი, მეც შემიძლია იგივე გავაკეთო... ხოლო ვლადიმერ პუტინი კი იტყვის: „აი, ხომ ვამბობდი, რომ მე მართალი ვარ-მეთქი. ომი კარგი საქმეა“, - განაცხადა უკრაინელმა ჩინოვნიკმა.

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.