USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „ჩინური „კომუნისტური კაპიტალიზმის“ მომავალი: „მოკლავს“ თუ არა „სიიზმი“ „დენიზმს?“
თარიღი:  416

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ბეჭდავს სტატიას სატაურით „ჩინური „კომუნისტური კაპიტალიზმის“ მომავალი: „მოკლავს“ თუ არა „სიიზმი“ „დენიზმს?“ (ავტორი - მარტინ ვოლფი, გაზეთის მთავარი ეკონომიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორია ჩინეთის ეკონომიკური მომავალი? ეს კითხვა ბევრ კონკრეტულ პრობლემას აყენებს, კერძოდ, ჩინეთის მაკროეკონომიკური დისბალანსის შენარჩუნებას, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების საფრთხეს და ურთიერთობის გაუარესებას მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონებთან, უპირველესად კი სულ უფრო მტრულ ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

მაგრამ ამ ყველაფრის უკან უფრო ღრმა და გაურკვეველი კითხვა დგას: ნამდვილად ქრება თუ არა სი ძინპინის მმართველობის დროს დენ სიაოპინის მიერ შექმნილ-გამოგონებული და, როგორც ჩანს, თავისივე არსის საწინააღმდეგო „კომუნისტური კაპიტალიზმი“?  გახდება თუ არა მყიფე ჩინეთის რეჟიმი და საბოლოდ მას ისეთი ბედი ეწევა თუ არა, როგორიც საბჭოთა კავშირს? და ბოლოს - „მოკლავს“ თუ არა „სიიზმი“ „დენიზმს“?

ბევრმა ექსპერტმა, რომლებსაც ეს კითხვა დავუსვი, უკიდურესად ნეგატიური აზრი გამოხატა, განსაკუთრებით კერძო სექტორის პერსპექტივის მიმართ. არცერთი არ არის დარწმუნებული, რომ სი ძინპინი საბოლოოდ გადაწყვეტს ჩინეთის ეკონომიკის წინაშე მდგარ პრობლემებს.

გარკვეულ ნათელს ჰფენს ამ საკითხებს ამას წინათ დევიდ ლის მიერ გამოცემული წიგნი სახელწოდებით „ჩინური მსოფლმხედველობა“. ავტორი ეკონომიკის პროფესორია, რომელმაც განათლება ჰარვარდში მიიღო და ჩინეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სინჰუას უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩინეთით არიან დაინტერესებულნი - „ქორებმაც“ და „მტრედებმაც“ - დევიდ ლის წიგნს ყურადღებით უნდა გაეცნონ.

შესაძლოა, ყველაზე საოცარ დაკვირვებად ითვლება ის, რომ „980 წლიდან 1840 წლამდე ანუ თანამედროვე ჩინეთამდე, ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები მცირდებოდა. ძველი ჩინეთი მალთუსის ხაფანგში იყო მოხვედრილი (ანუ ინდუსტრიამდელი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ტიპიური სიტუაცია, როცა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა სურსათის წარმოების ზრდას უსწრებს). თითქმის ასეთი მდგომარეობა იყო შენარჩუნებული 1840 წლის შემდეგაც, მეოცე საუკუნეშიც, მაო ძედუნის რეჟიმის პირობებში. ვითარება შეიცვალა მხოლოდ დენ სიაოპინის რეფორმების განხორციელების შემდეგ.

გაათავისუფლა რა ჩინეთის ეკონომიკა კომპარტიის მარწუხებისგან, ეყრდნობოდა რა საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებს და გახსნა რა ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობებისათვის, კომპარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დენ სიაოპინმა პირობები შექმნა ექსტრაორდინარული გარდაქმნებისათვის. და მაინც, 1989 წელს, როცა მისი თანხმობით პეკინის ტიანანმენის მოედანზე დემოკრატიული მოთხოვნების ინიციატორი სტუდენტები დახოცეს, დენ სიაოპინმა კომპარტიის კონტროლი გააძლიერა. მან ახალი პოლიტიკური ეკონომია შექმნა, რომლის შედეგს დღევანდელი ჩინეთი წარმოადგენს.

შეიძლება თუ არა ამჟამინდელი პოლიტეკონომია მდგრად მოვლენად ცაითვალოს? დევიდ ლის წიგნი ერთმნიშვნელოვნად დადებით პასუხს იძლევა - „დიახ“. მასში ნათქვამია, რომ ჩინეთის პოლიტიკური სისტემა არ უნდა იქნეს განხილული როგორც საბჭოურ ფორმად, არამედ როგორც ტრადიციული ჩინური იმპერიული სახელმწიფოს მოდერნიზებულ სახედ. ასეთი სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მამობრივად ზრუნავს, მათზე პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული (ხალხის „მამა-მარჩენალის“, ქვეყნისა და პარტიის „დიდი მესაჭის“ სახით), მაგრამ ხალხისადმი ანგარიშვალდებული არ არის, ერთი ფუნდამენტალური ასპექტის გარდა: თუ ის ხალხის მხარდაჭერას დაკარგავს, მას დაამხობენ. მისი შრომის მიზანი გამოიხატება სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. როგორც დენ სიაოპინი აცხადებდა, რომ ყველაფრის ცენტრიდან მართვა ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც ჩინეთია, არ სეიძლება, საჭიროა უფლებამოსილების გადანაწალიბა რეგიონებში. მისი იდეის თანახმად, ჩინეთის კომპარტია ხალხთან ახლოს უნდა ყოფილიყო, ანუ ეროვნულ პარტიად უნდა გადაქცეულიყო.

ამ თვალსაზრისით, სი ძინპინის რეჟიმი წარმოადგენს არა დენის ეპოქის მიზნების უარყოფას, არამედ უფრო მეტად მცდელობას იმისა, რომ გამოასწოროს ზოგიერთი პრობლემა, რომლებიც კაპიტალიზმმა წარმოქმნა - მაგალითად, კორუფცია, ქონებრივი უთანაბრობის ზრდა და გარემოსათვის მიყენებული ზიანი.

დენის ეპოქალურმა რეფორმებმა მართლაც ბევრი პრობლემა გააჩინა. ნაწილობრივ ამაში ბრალი მიუძღვით ჰუ ძინტაოს და ვენ ძიბაოს მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ ყველაზე მეტად ეს უკავშირდება საბაზრო ეკონომიკის ტენდენციას კორუფციისაკენ, რომელიც დამოკიდებულია ადგილობრივი ადმინისტრაციის მოქმედებაზეც. სი ძინპინი შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ არასწორი მეთოდებიც, ანუ პოზიტიური შედეგი არ იქნა მიღებული. და თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ასეთმა პოლიტიკამ ეკონომიკის პარალიჩი გამოიწვიოს, რასაც მოსახლეობის ნეგატიური რეაქცია მოჰყვება. სხვათა შორის, ასე იყო კოვიდის პანდემიის დროს, როცა სი ძინპინმა უმკაცრესი კარანტინი შემოიღო (თითქოსდა კეთილი განზრახვით) და ამით მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. სი ძინპინის შეუპოვარმა პოლიტიკამ ასევე გააუარესა ურთიერთობა დასავლელ პოლიტიკოსებთან.

ამრიგად, სი ძინპინის მოქმედება და მოძღვრება - „სიიზმი“ სრულებით შეიძლება განხილული იქნეს როგორც დენ სიაპონის იდეების - „დენიზმის“ - რეალიზების დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორებად, მაგრამ უფრო გაურესებულ საერთაშორისო ვითარებაში. ასევე შეიძლება იმის მტკიცება, რომ სი ძინპინის მიერ პარტიული კონტროლის ორგანოების აღდგენა სრულიად რაციონალური ნაბიჯია. თავის დროზე ახალ სამართლებრივ სისტემაზე გადასვლა, რომელიც კერძო საკუთრებას აკანონებდა და არეგულირებდა მისგან გამომდინარე მრავალ საკითხს, ასევე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის დანერგვა ძალიან სარისკო იყო. ისეთი ზომისა და განვიტარების დონის მქონე ქვეყანაში, როგორიც ჩინეთია, ასეთი რეფორმებს ქაოსის გამოწვევა შეეძლო. ამიტომაც სი ძინპინის კონსერვატიული ალტერნატივა უფრო უსაფრთხოდ უნდა გამოიყურებოდეს: მან არ „მოკლას“ ისეთი ეკონომიკური „ქათამი, რომელიც ოქროს კვერცხს დებს“.

ჩინეთის პერსპექტივის განხილვისას არ არის აუცილებელია ზედმეტი ყურადღების მიქცევა ისეთი პრობლემებისადმი, როგორებიცაა ფასების დაკლება უძრავ ქონებაზე, დიდ საშინაო ვალზე, ჭარბ დანაზოგებზე, მოსახლეობის დაბერებაზე და დასავლეთის მტრობაზე. ამ ყველაფერ ჩინეთი გადაიტანს - პეკინს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ადამიანური რესურსები და ზრდის პოტენციალი, მართალია, ადრინდელთან შედარებით რთულად, მაგრამ მაინც.

უფრო სერიოზულია ასეთი საკითხი: განწირულია თუ არა დენ სიაოპინისებური გადასვლა ეკონომიკური სტაგნაციიდან სწრაფ ზრდაზე „დაიმარხოს“ სი ძინპინისებური გადასვლით ცენტრალიზებურ, ფრთხილ და კონსერვატიულ პოლიტიკაში, ანუ უკუსვლაში სტაგნაციისაკენ? თუ ჩინელები დარწმუნდებიან, რომ ახლო წარსულის დინამიზმი საბოლოოდ დაკარგულია, მაშინ ეს იმედების გაცრუებას გამოიწვევს. მაგრამ 1,4 მილიარდი ადამიანის ძალა, რომლებსაც უკეთესი ცხოვრება სურთ, ძალიან დიდია. განა ვინმე მათ შეაჩერებს? ვფიქრობ, რომ პასუხი ნეგატიურია - ვერ შეაჩერებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.ft.com/content/58bb9713-2d71-4a50-b825-f7213907491b

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.