USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“
дата:  

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) ორი მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“ (ავტორი - გიდეონ რიხმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოსკოვს თავისი მოკავშირის - პეკინის აქტიური მხარდაჭერა ჭირდება, მაგრამ გაჭიანურებული ომის შედეგად ჩინეთისათვის რუსეთი მძიმე ტვირთად არის გადაქცეული.

სად და როგორ იქნება ნაპოვნი რუსეთ-უკრაინის ომში შექმნილი ჩიხური სიტციიდან გამოსავალი - ბახმუტში (ბრძოლის ველზე) თუ პეკინში (მოლაპარაკების მაგიდასთან)?

დღეისათვის ყველას ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინის არმიის მოსალოდნელ კონტრშეტევაზე, რომელიც, როგორც ჩანს, მალე დაიწყება, პარალელურად დიპლომატიურ ფრონტზეც მნიშვნელოვანი ამბები ხდება.

გასულ კვირაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა. სხვათა შორის, მე როცა კიევში ბოლო დროს ვიყავი, გამიკვირდა, თუ რა მოუთმენლად ელოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საგარეო საქმეტა სამინისტროში სი ძინპინის სატელეფონო ზარს. ახლა კი, როცა უკრაინისა და ჩინეთის ლიდერების სატელეფონო საუბარი, როგორც იქნა, გაიმართა და როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, „ძალიან დიდხანს და შინაარსიანად ვისაუბრეთო“, რაღაც პერსპექტივა უკვე გამოიკვეთა: სი ძინპინმა თავისი სპეცწარმომადგენელი დანიშნა ომის მოლაპარაკებით, მშვიდობიანად დასრულების მიზნით.

მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: არსებობს საკმაოდ ბევრი მიზეზი იმისა, რომ ჩინეთის დიპლომატიურ ძალისხმევას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ამხანაგ სი ძინპინს არაერთხელ გაუსვია ხაზი თავისი საპატივსაცემო ურთიერთობისათვის „ძვირფას მეგობართან“ - ვლადიმერ პუტინთან. პეკინის მიერ გამოქვეყნებული 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა (ინიციატივა) საკმაოდ ბუნდოვანი, ზოგადი და შეიძლება ითქვას, მას გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი ხასიათიც აქვს: დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მასში გათვალისწინებული არ არის რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან. გარდა ამისა, სუფტა პროპაგანდისტული თვალსაზრისით, ჩინეთისათვის ერთმნიშვნელოვნად მომგებიანია ხმამაღლა განაცხადოს თავის დაინტერესებაზე „მშვიდობის“ დასამყარებლად, მაგრამ მისი რეალიზებისათვის არავითარი ნაბიჯი არ გადადგას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩინეთს სერიოზულად აქვს ჩაფიქრებული მებრძოლ მხარეებს შორის ზავის ჩამოგდება, სი ძინპინს საშინლად გაუჭირდება კიევსა და მოსკოვის პოზიციების ერთმანეთთან დაახლოება: ისინი იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ კომპრომისის ალბათობა ძალზე დაბალია.

და მაინც არ იქნებოდა სწორი იმ იდეის უარყოფა, რომ ჩინეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რუსეთ-უკრაინის ომის მთლიანად დასრულებაში თუ არა, ცეცხლის დროებით შეწყვეტა-დარეგულირებაში. სხვადასხვა მიზეზებით, უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპა დაინტერესებულნი არიან ჩინეთის მონაწილეობით, ამას თვითონ პეკინიც გრძნობს.

უკრაინელებს ესმით, რომ სი ძინპინს ხელთ უპყრია და მის განკარგულებაშია ვლადიმერ პუტინზე ზემოქმედების უნიკალური ბერკეტები - რა თქმა უნდა, თუ ჩინეთის ლიდერი მათ გამოყენებას გადაწყვეტს. დასავლეთის მიერ სანქციებით „დასჯილი“ რუსეთი იძულებულია ჩინეთს დაეყრდნოს, რათა მისი ეკონომიკა არ ჩაიძიროს და გადაარჩინოს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის აზრით, იმის ალბათობა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს რუსეთზე, ძალიან მცირეა, უფრო მეტიც - თეთრი სახლის ზოგიერთი მაღალჩინოსანი შიშობს, რომ პეკინი ყველაფერს პირიქით გააკეთებს და მოსკოვს მისთვის აუცილებელი იარაღით მოამარაგებს. მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი უკრაინელებს რაღაც იმედი აქვთ და პეკინისადმი ნდობას აგრძელებენ. მათ მოეჩვენათ, რომ ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის ფარული, მაგრამ რეალური დაძაბულობა არსებობს და ეს მოსკოვში ჩინელი ლიდერის ვიზიტის დროსაც შენიშნეს. კიევში ყოფნისას ისიც კი მითხრეს, რომ სწორედ ამ დაძაბულობის არსებობის გამო სი ძინპინმა მოსკოვში ვიზიტის ვადები შეამცირაო.

რამდენად და რატომ შეიძლება სი ძინპინს ვლადიმერ პუტინის მიმართ, ასე ვთქვათ, „მოთმინების ფიალა აევსოს“? უეჭველია, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები ერთნაირად მტრულად არიან განწყობილნი ამერიკის შეერთებული შტატებისადმი. რუსეთის სწრაფი გამარჯვება უკრაინასთან ომში პეკინს სრულად აწყობს, კონფლიქტის გაჭიანურება კი რუსეთს მისთვის სტრატეგიულ ტვირთად გადააქცევს. გარდა ამისა, ჩინეთს არ აწყობს ორი მომენტიც: პირველი - იმის ნაცვლად, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით არსებული ალიანსები დასუსტდნენ, ნატო და ევროკავშირი უკრაინის ომით სულ უფრო მტკიცდებიან; მეორე - ევროპული (დასავლური) და აზიური (აღმოსავლური) დემოკრატიები ერთმანეთს უახლოვდებიან (ერთი მხრივ, ევროკავშირი და აშშ, მეორე მხრივ - იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და აშ.)

ჩინეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა ევროპაში თავისი გავლენა გაეფართოვებინა და განემტკიცებინა, მაგრამ მის მიერ რუსეთთან გამოცხადებულმა „უსაზღვრო მეგობრობამ“ ბევრი ევროპული დაარწმუნა, რომ მათთვის თვითონ პეკინიც საკმაო საფრთხეს წარმოადგენს. ამერიკელებიც და ევროპელებიც ახლა ერთი და იგივე ფორმულირებებს იყენებენ, როცა ჩინეთთან მიმართებით „რისკების შემცირების“ აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, პეკინზე დამოკიდებულების შესუსტების მიზნით. „ცისქვეშეთისათვის“ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს - იმიტომ, რომ ევროკავშირი ჩინეთისთვის უდიდეს საქსპორტო ბაზარს წარმოადგენს. გარდა ამისა, პეკინი ხედავს, თუ როგორ ძლიერდება სამხედრო კავშირი აშშ-ს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის.

ჩინეთისათვის ევროპაში რეპუტაციის აღსადგენად ყველაზე უკეთესი ნაბიჯი იქნებოდა პოზიტიური როლის სესრულება უკრაინის ომში. ასეთ მოქმედებას გლობალური შედეგიც მოჰყვებოდა: პეკინის მოქმედებით სი ძინპინის ნარატივიც განმტკიცდებოდა: ამერიკის როლი შემცირდებოდა, ჩინეთის კი გაიზრდებოდა - მშვიდობის დამყარების საქმეში.

ამჟამად არის იმის ნიშნები, რომ პეკინი კმაყოფილია და სი ძინპინს „სამშვიდობო ბიზნესი“ სიამოვნებს. მან კარგად მოირგო დიდების გვირგვინი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის განმტკიცებისათვის - საუდის არაბეთისა და ირანის შერიგებით. ამას წინათ ჩინეთმა ავღანეთში საკითხებში სამშვიდობო კონფერენციის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რომელიც სამარყანდში ჩატარდა. გარდა ამისა, პეკინმა ლაპარაკი დაიწყო პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესში შუამავლობის შესახებაც (სხვათა შორის, როცა ამას წინათ ვაშინგტონში ყოფნისას ეს საკითხი ვახსენე, სახდეპარტამენტში ჩემს ნათქვამს ირონიული, დამცინავი ღიმილით  შეხვდნენ - „წარმატებას ვუსურვებთო“).  

თუ მხედველობაში მივიღებთ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მუდმივად მზარდ მეტოქეობას, მოსალოდნელი იყო, რომ შეერთებული შტატები საბოლოოდ მკვეთრად ნეგატიურ რეაგირებას მოახდენდა პეკინის ჩარევაზე უკრაინის საქმეებში, თუმცა ჯო ბაიდენმა, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში გამართული შიდა დებატების შედეგად, გადაწყვიტა, რომ ჯერ-ჯერობით ჩინური სამშვიდობო ინიციატივის უარყოფა კი არ მოეხდინა, არამედ დაკვირვებოდა პროცესებს და, გარკვეულ შემთხვევებში, მისთვის სასურველი ფორმა მიეცა.

ამერიკელები აცნობიერებენ, თუ რამდენად სახიფათოა ჩვენება იმისა, რომ ისინი „მშვიდობის წინააღმდეგ არიან განწყობილნი“. შესაბამისად, აშშ სულ უფრო მეტად ისწრაფვის უკრაინაში ომის დასრულებისათვის. ვაშინგტონმა კარგად უწყის, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო ძნელი გახდება დასავლური კონსენსუსის შენარჩუნება მრავალმილიარდიანი ხარჯების მიმართ, უკრაინისადმი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საკითხში.

ამჟამად ვაშინგტონში და ევროპულ დედაქალაქებში შექმნილი საერთო თვალსაზრისი იმაში მდგომარეობს, რომ აუცილებელია მაქსმილაური მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, მათი კონტრშეტევის წინ. უკრაინელების მიზანს რუსებზე გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება წარმოადგენს, რომ ვლადიმერ პუტინის ბატონობა დასრულდეს. მაგრამ ეს უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა. სიმართლესთან უფრო ახლოს დგას ის ვერსია, რომ კიევი შეძლებს თავისი პოზიციების მეტ-ნაკლებად განმტკიცებას ბრძოლის ველზე, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების წინ.

ახლა დისკუსიები მიმდინარეობს იმაზე, თუ როდის დაიწყებს დასავლური ალიანსი უკრაინაზე ღია ზეწოლის მოხდენას, კიევის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანის მიზნით. ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ისიც, თუ ვინ აიძულებს რუსეთს საგრძნობ კომპრომისზე და დათმობებზე წასვლას, უკრაინიდან ჯარების გაყვანისა და ქვეყნის დაშლაზე უარის თქმის ჩათვლით.

ამ კითხვაზე ერთადერთი სარწმუნო პასუხის გაცემა ჩინეთს შეუძლია. მხოლოდ სი ძინპინს ხელეწიფება ვლადიმერ პუტინს მეგობრულად ხელი ჩამოართვას საზოგადოების წინაშე, ხოლო დახურულ კარს მიღმა იგივე ხელი გადაუგრიხოს. რაღაც მომენტში ჩინეთის ლიდერი გადაწყვეტს, რომ მისი ქვეყნის ინტერესებს სწორედ ასეთი მოქმედება შეესაბამება.

წყარო: https://www.ft.com/content/5c9b6e15-afce-4747-8ad1-ff9aa24b6dc3

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати