USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«Financial Times» (დიდ ბრიტანეთი): „უკრაინას წინ ყველაზე შავბნელი საათები ელოდება“
дата:  185

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინას წინ ყველაზე შავბნელი საათები ელოდება“ (ავტორები - ბენ ჰოლი, ქრისტოფერ მილერი და ჰენრი ფოი), რომელშიც განხილულია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების ალბათობა და მოვლენების სავარაუდო განვითარება, ფრონტზე შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე. რას ფიქრობს ხელისუფლება და ხალხი? რამდენად შეიძლება კიევი მოსკოვთან გარიგებაზე წავიდეს? რა გარანტიები ექნება უკრაინას? - ასეთია კითხვები, რომლბზეც პასუხის გაცემას ავტორები ცდილობენ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 „უკრაინაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე. თითქმის გარდაუვალი ხდება, რომ კიევი გარკვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს - დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობაზე, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიით“, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც იწყება პოკროვსკთან ახლოს ფრონტის ხაზის მდგომარეობის აღწერით, სადაც საბრძოლო პოზიცია ცალკეულ საპრეზიდენტო ბრიგადას აქვს დაკავებული.

„ჯარისკაცები ნეგატიურად აფასებენ აშშ-ის გაუბედაობას, რომელსაც ვერადავერ გადაუწყვეტია უკრაინისათვის რუსეთის ტერიტორიის ამერიკული რაკეტებით დაბომბვის საკითხი. უკრაინა ხელფეხშეკრული იბრძვის. „მე ახლა ჩემი ხალხის გადარჩენაზე სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, - ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი, - ძნელი წარმოსადგენია, რომ მტერს ჩვენ ახლა 1991 წლის საზღვრებამდე უკუვაგდებთ... ომი უდიდეს ზიანს გვაყენებს“.

საინტერესოა, რომ თუ ადრე ფრონტზე ამ საკითხის ირგვლივ იშვიათად თუ ვინმე საუბრობდა, ახლა სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი გარკვეულ კომპრომისზე თვით სამხედრო მოსამსახურეებს შორის.

უკრაინას, ომის დაწყებიდან, ყველაზე შავბნელი დრო ელოდება. კიევს ბრძოლის ველზე ცუდი მდგომარეობა აქვს, რუსები ნელა, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ შეუჩერებლად წინ მიიწევენ, ზედიზედ იკავებენ დასახლებულ პუნქტებს, ქალაქი უგლედარი კი თითქმის ალყაში ჰყავთ მოქცეული. მძიმე მდგომარეობაა თვით ქალაქ პოსკროვსკთანაც - უკრაინის არმიის ერთ-ერთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პუნქტთან.

ამ დროს კი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დასავლელი პარტნიორები სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენენ, რათა კიევმა დიპლომატიური დარეგულირების გზები მონახოს და რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც ისეთი სიტუაციის პირობებში, როცა უკრაინის პოზიციები ძალიან სუსტია. „დასავლეთი პირდაპირ გვიცხადებს, რომ ომის დეესკალაცია აუცილებელია“, - ამბობს ერთ-ერთი კიეველი მაღალჩინოსანი ანონიმურად.

კიევისათვის მთავარ საფრთხეს ახლა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს. იმის პერსპექტივა, რომ ამერიკას ერთი თვის შემდეგ პრეზიდენტად შეიძლება დონალდ ტრამპი ჰყავდეს, რომელიც, თავის მხრივ, შეეცდება უკრაინას თავს მოახვიოს არამომგებიანი და საზიანო  სამშვიდობო ხელშეკრულება, უკრაინელებს ბოლო იმედებს უფანტავს. რასაკვირველია, კიევის ყველაზე ერთგული ევროპელი მოკავშირეებისთვის კარგი იქნებოდა, რომ უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს, მაგრამ რით? ევროპას არც სამყოფი იარაღის მარაგი აქვს და არც გეგმა საომარი მოქმედებების დასასრულებლად.

გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი, გაეროს გენასამბლეის სესიის ჩარჩოებში, აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. მან თან წაიღო ე.წ. „რუსეთთან ომში გამარჯვების გეგმა“, რომელიც ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს აჩვენა. გეგმის დეტალები ჯერ საჯაროდ არ არის ცნობილი, მაგრამ მისი მთავარი კომპონენტი - ამერიკული რაკეტების გამოყენების ნებართვა რუსეთის წინააღმდეგ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენისაგან ვერ მიიღო. კიდევ ერთი წარუმატებლობა - პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრი ჯერჯერობით ნაადრევია. იყო მომენტი, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თითქმის უშედეგოდ უნდა დამთავრებულიყო, რომ მას „მაშველად“ დონალდ ტრამპი მოევლინა - ექს-პრეზიდენტი მოულოდნელად დათანხმდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას. არადა, სწორედ იმ დღეებში დონალდ ტრამპი არ ერიდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მწვავე კრიტიკას, მის დამცინავად მოხსენიებას და უსიამოვნო ეპითეტებით შემკობას.

ასე იყო თუ ისე,  ზელენსკის ვიზიტი ჩაფუშვისაგან როგორღაც გადარჩა. „რასაკვირველია, ვიზიტს ძველებურად ტრიუმფალურს ვეღარ ვუწოდებთ, მაგრამ არც კატასტროფული არ არის“, - განაცხადა ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

ამერიკელი ექსპერტებისა და ევროპელი დიპლომატების თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი გადაჭარბებულად აფასებს თავის „გამარჯვების გეგმას“ და მას ერთადერთ პანაცეად მიიჩნევს. რაც არასწორი პოზიციაა. ამასთან ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ დელეგაციის წევრები ინკოგნიტო საუბრებში სულ უფრო თავისუფლად ლაპარაკობენ  ცეცხლის შეწყვეტაზე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ჯარს უკრაინის ტერიტორია ექნება დაკავებული.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავის წინამორბედ დიმიტრი კულებასაგან განსხვავებით, უფრო პრაგმატულ პოზიციებზე დგას და ემოციების გარეშე განიხილავს პრინციპს „მიწა უსაფრთხოების სანაცვლოდ“. „ჩვენ ახლა, ადრინდელთან შედარებით, უფრო ღიად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რის შეწირვა, რა მსხვერპლის გაღება მოუწევს უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. ადრე ამ საკითხზე მსჯელობას ტაბუ ჰქონდა დადებული“, - ამბობს შეხვედრების მონაწილე ერთ-ერთი დიპლომატი (რედაქციის შენიშვნა: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ „ფაინენშელ თაიმსის“ სტატიაში გატარებული აზრი სინამდვილეს არ შეესაბამება - უკრაინის ხელისუფლება არავითარ ტერიტორიულ დათმობაზე არ დათანხმდება). 

უკრაინის საზოგადოებაც ნელ-ნელა ეჩვევა იმ აზრს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთთან აუცილებელია. კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპოდენტთა 57% დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო შეხვედრა უნდა გაიმართოს. წინა წელს ასეთი აზრის მქონე მოქალაქეების რაოდენობა მხოლოდ 33% იყო. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ომმა უკრაინას დიდი დემოგრაფიული ზიანი მიაყენა: მოსახლეობის თითქმის 77%-ს დაეღუპა ოჯახის წევრები და ახლობლები - ოთხჯერ მეტი, ვიდრე ორი წლის წინ. გამოკითხულთა ორმა მესამედმა აღნიშნა, რომ დიდი ვაი-ვაგლახით ირჩენს თავს და ზოგჯერ შიმშილობს კიდეც.

ზოგიერთი გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების დიდი ნაწილი ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია - უმეტესად ნაციონალისტურად განწყობილი მოქალაქეები. ისინი ომის გამარჯვებამდე გაგრძელებას მოითხოვენ. „რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თანხმობამ შეიძლება სოციალური არასტაბილურობა გამოიწვიოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს მშვენივრად იცის“, - განმარტავს ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი, - ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ მოლაპარაკებას სამშობლოს ღალატად ცათვლიან და კაპიტულაციად. მემარჯვენეებს და რადიკალებს უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ“.

არადა, სამომავლოდ ცხოვრების პირობები, დიდი ალბათობით, უფრო უარესი და მძიმე გახდება. რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული სიმძლავრეების თითქმის ნახევარი გაანადგურა - თბო- და ჰიდროელექტროსადგურები ისეა დანგრეული, რომ მათი რემონტი არ ხერხდება. ზამთრის თვეებში უკრაინას თითქმის 6 გიგავატიანი ელექტროდეფიციტი ექნება.

რა გარანტიები შეიძლება მისცეს დასავლეთმა უკრაინას, თუ კიევი მოლაპარაკების მიგიდასთან დაჯდება და კომპრომისზე დათანხმდება? ერთადერთი - მისი უსაფრთხოების დაცვა ნატოში წევრად მიღების გზით. „უკრაინა დათანხმდება რუსეთს ტერიტორიის ნაწილი გადასცეს, მაგრამ მხოლოდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრად მიღების შემთხვევაში. ამას ხმამაღლა ჯერ არავინ არ ამბობს, მაგრამ ეს არის ერთადერთი სტრატეგია“, - ამბობს დასავლელი დიპლომატი.

მაგრამ დათანხმდება რუსეთი უკრაინის ნატოში მიღებას, რომლის გამოც კრემლმა ომი დაიწყო? ატლანტიკის ორივე ნაპირზე თვლიან, რომ მოსკოვის თანხმობა ნაკლებსავარაუდოა. „არ ვფიქრობ, რომ კრემლი უკრაინის ნატოში მიღებას შეურიგდება“, - ასეთი პოზიცია აქვს უკრაინელ მაღალჩინოსანს.

წყარო: https://www.ft.com/content/2bb20587-9680-40f0-ac2d-5e7312486c75

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати