USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«Financial Times» : რა ელოდება მსოფლიოს 2024 წელს
Date:  312

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) უკვე რამდენიმე წელია აქვეყნებს თავისი ჟურნალისტების პროგნოზებს სხვადასხვა სფეროში სავარაუდო მოვლენების შესახებ და შემდეგ, მომდევნო წლის დასაწყისში, აკეთებს დასკვნას, თუ რამდენად ასრულდა ჟურნალისტთა წინასწარმეტყველება.

როგორც გაზეთი იუწყება სტატიაში სათაურით „რა ელოდება მსოფლიოს 2024 წელს: „ფინენშელ თაიმსის“ რედაქციის პროგნოზები“, 2023 წლის ათი წინასწარმეტყველებიდან მხოლოდ სამი გამოდგა მცდარი: პირველი - აშშ-ის საფონდო ინდექსი S&P 500 10%-ზე ნაკლებად არ დაცემულა, მეორე - ევროპაში არ მომხდარა ელექტროენერგიის გამორთვები რუსული გაზის შეწყვეტის გამო (ზამთარი თბილი გამოდგა) და მესამე - აფრიკის ქვეყნებში მასობრივი დეფოლტი არ მომხდარა (თუმცა ახლახან ეთიოპიის მთავრობამ ბანკროტობა აღიარა).

„თანამედროვე მსოფლიოში მეტ-ნაკლებად ზუსტი პროგნოზების გაკეთება სულ უფრო ძნელი ხდება. ეს ეხება განსაკუთრებით ომებს: ისრაელის კონფლიქტს „ჰამასთან“, რუსეთ-უკრაინის ომს, ჩინეთის სავარაუდო თავდასხმას ტაივანზე და ა.შ.), - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც რედაქციის მთავარ კითხვაზე - „დაუბრუნდება თუ არა დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტის სავარძელს“, ასეთი პასუხია გაცემული:

„არა, არ დაუბრუნდება. ამასთან, თუ იგი მოახერხებს და გადალახავს იურიდიულ დაბრკოლებებს, მათ შორის კოლორადოსა და მენის შტატების სასამართლოთა დადგენილებას პრაიმერიზში მისი მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე, მაშინ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია დემოკრატ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ ყველაზე „ჭუჭყიანი“ იქნება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში. დაპირისპირება უმწვავესი იქნება და მეტოქეები ერთმანეთს კვალდაკვალ გაჰყვებიან. არჩევნების წინ დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის დამნაშავედ შერაცხავენ ოთხი სასამართო პროცესიდან ერთ-ერთში (ან ორში) მაინც. იგი ამ ვერდიქტს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, როგორც პოლიტიკური დევნის მსხვეპლი „ჯო ბაიდენის დანაშაულებრივი კლანის მხრიდან“. მიუხედავად ამისა, ბებერი ჯო მაინც წინ იქნება - არა იმიტომ, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას იგი მოსწონს, არამედ უფრო იმიტომ, რომ მათ დონალს ტრამპის პრეზიდენტობა არ სურთ“, - წერს თავის პროგნოზში ჟურნალისტი ედვარდ ლიუსი, რომელიც „ფაინენშელ თაიმსის“ ბიუროს ხელმძღვანელია ვაშინგტონში.

კითხვაზე - „შეინარჩუნებს თუ არა თავის პოსტს მეორე ვადით არჩევისას ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი“ - ჟურნალისტი მარტინ სანდბი ასეთ პროგნოზს აკეთებს:

„დიახ, მაგრამ ძალიან გაუძნელდება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კარგად აჩვენა თავისი უნარი და შესაძლებლობები კრიზისების დროს, ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების საკითხში, სამხედრო ხარჯებისა და ენერგეტიკულ პოლიტიკაში. მაგრამ მისი ჩვევა თავს მოახვიოს საკუთარი აზრი ევროკავშირის წევრებს, აგრეთვე ახლო კავშირები ვაშინგტონთან ბევრ ევროპელ ლიდერს აღიზიანებს. სხვათა შორის, მას სირთულეები ჯერ კიდევ 2019 წლიდან დაეწყო ევროპარლამენტში მემარჯვენეების წარმატების შედეგად. თუმცაღა მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია, რომელიც მხარს ურსულა ფონ დერ ლაიენს უჭერს, შეეცდება კვლავ თავისი წარმომადგენელი გაიყვანოს ევროკომისიის ხელმძღვანელად“.

კითხვაზე - „გააგრძელებს თუ არა აშშ და ევროკავშირი უკრაინის დაფინანსებას“ - ჟურნალისტ ტონი ბერბერის პროგნოზი ასეთია:

„დიახ, გააგრძელებს. იმის გამო, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა, ატლანტის ოკეანის ორივე ნაპირზე ამით ძალიან შეშფოთებულნი არიან. რესპუბლიკელ კონგრესმენთა წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყველანაირად შეეცდება უკრაინის დახმარების საკითხი დადებითად გადაწყდეს, თუნდაც ქვეყნის საზღვრების დაცვის სფეროში დათმობის გზით. სერიოზული პრობლემები იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება. ასევე ევროკავშირელ ლიდერებს მოუწევთ როგორმე გვერდი აუაროს უნგრეთის პრემიერის ვეტოს, რომელიც ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის  50 მილიარდი ევროს გამოყოფას დაადო. თუმცა ყველა შემთხვევაში, ამდენი ფულის მიცემის შემდეგაც კი, უკრაინას სამხედრო გარღვევის განხორციელება მაინც გაუჭირდება. ამიტომაც კიევზე ზეწოლა მოხდება, რომ უკრაინა მოსკოვთან მოლაპარაკების დაწყებაზე დათანხმდეს“.

„გახდება თუ არა 2024 წელი ყველაზე ცხელი მეტეოდაკვირვების მთელ ისტორიაში?’, - ამ კითხვაზე პასუხობს კლიმატური პრობლემების მცოდნე ჟურნალისტი პილიტა კლარკი:

„დიახ, გახდება. გასული 2023 წელი დაგვამახსოვრდა როგორც ნამდვილი პაპანაქება, ექსტრემალური ხვატი, რომელიც 174 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი გამოდგა. მაგრამ ბევრი მეცნიერის წინასწარმეტყველებით, 2024 წელი ამ მხრივ უფრო უარესი იქნება: ჰაერის  ტემპერატურა აიწევს „ელ-ნინიოს“ ზეგავლენით, რომელიც იანვრის შემდეგაა მოსალოდნელი“.

სტატიაში გაკეთებულია აგრეთვე პროგნოზები რიგ მსოფლიო მნიშვნელობის მქონე პრობლემებთან დაკავშირებით - „გადაიზრდება თუ არა ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტი რეგიონულ ომში“ (არ გადაიზრდება), „მოახდენს თუ არა ჩინეთის დარტყმის პროვოცირებას ტაივანზე ახალი პრეზიდენტის არჩევა?“ (არ მოახდენს), ეკონომიკის სფეროში - „დაიწევს თუ არა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 3%-ზე ქვემოთ?“ (არ დაიწევს), „მოახდენს თუ არა არგენტინა თავისი ეკონომიკის დოლარიზაციას?“ (არ მოახდენს), „გაკოტრდება თუ არა ილონ მასკი თავისი კომპანიებით Tesla-თი და SpaceX-ით?“ (დიახ, გაკოტრდება), „გაუსწრებს თუ არა ენერგიის განახლებადი წყაროებით სარგებლობა ქვანახშირის გამოყენებას ელენერგიის წარმოების მხრივ“ (ვერ გაუსწრებს), კულტურის სფეროში - „დაუბრუნებს თუ არა დიდი ბრიტანეთი საბერძნეთს პართენონის (ათინას ტაძრის) მარმარილოს სკულპტურებს?“ (დიახ, მაგრამ ნაწილობრივ (საიჯარო შეთანხმებით), რადგან სრული დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ბრიტანული კანონმდებლობის შეცვლით, ამას კი დიდი დრო ჭირდება. ბოლო დროს ეს საკითხი იმდენად გამწავდა, რომ პრემიერმა რიში სუნაკმა უარი თქვა თავის ბერძენ კოლეგასთან კირაკოს მიცოტაკისთან შეხვედრაზე) და ა.შ.

წყარო: https://www.ft.com/content/7eef99e6-6bd5-4e84-85c1-ec77cc0671af

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way