USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«Financial Times» : „ღია ბარათი საქართველოდან: სადღეგრძელო ყურძნის მოსავალს // კახეთის ოჯახურ ვენახებში სტუმრებს რთველში მონაწილეობას და სუფრაზე ქეიფს სთავაზობენ“
Date:  410

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ღია ბარათი საქართველოდან: სადღეგრძელო ყურძნის მოსავალს // კახეთის ოჯახურ ვენახებში სტუმრებს რთველში მონაწილეობას და სუფრაზე ქეიფს სთავაზობენ“ (ავტორი - კამილა ბელ-დევისი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თბილისში ყოფნის დროს ლეგენდა მოვისმინე სპარსეთის შაჰ აბას I-ზე,  რომლისთვისაც 1616 წელს საქართველოდან სპარსეთში ჩატანილი საფერავის ღვინო უჩუქებიათ. როცა  შაჰს ღვინო დაულევია, ისე მოსწონებია, რომ იმავწუთს არმია შეუკრებია და კახეთს შესევია ნაყოფიერი მიწების დასაპყრობად. ქართველები თავდამსხმელებს არ დამორჩილდნენ და მტერს გაბედულად დახვდნენ. როცა შაჰს დაუნახავს, რომ ისინი ბრძოლისათვის საჭირო ძალას საფერავიდან იღებდნენ, მას უბრძანებია, რომ ვენახები აეჩეხათ და ვაზი ამოეძირკვათ. მოგვიანებით აბას I-მა ინანა თავის გადაწყვეტილება, მაგრამ უკვე გვიან იყო: ღვინო, რომელიც მას ესოდენ მოსწონდა, დაიკარგა.

საბედნიეროდ, როგორც აღმოჩნდა, სპარსეთის მმართველის ბრძანების შესრულებას ქართველები წინააღმდეგობას უწევდნენ და ვენახები ნაწილობრივ გადარჩა, შემდეგ კი ვაზი ისევ გავრცელდა. დღეს საქართველოს მეღვინეობის-მევენახეობის დარგი ფართოვდება, ქართული ღვინის წარმოება ბუმს განიცდის: ღვინოები უცხოურ კონკურსებში მონაწილეობენ და მაღალ სარეთაშორისო ჯილდოებს იღებენ, ცნობილი უცხოური ბარ-რესტორნები ქართული ღვინით მარაგის შევსებას ცდილობენ.

საქართველოში ტურკომპანია Wild Frontiers-ს მეშვეობით ჩავედი იმ მიზნით, რომ შემოდგომზე ვენახში ყურძნის მოსავლის აღებაში - რთველში მიმეღო მონაწილეობა და საფერავის ყურძენი მომეკრიფა, რომლითაც მომავალი წლისათვის ღვინო დამზადდებოდა. ეს პერიოდი ვენახებით მოფენილ კახეთში ძალიან აქტიური და შრომატევადია. ყოველ ოჯახს სურს რთველის დროს ყურძნის რაც შეიძლება მეტი მკრეფავი ჰყავდეს: ვინც კი კახეთში ჩავა სექტემბერ-ოქტომბერში, ყველას შეუძლია რთველში მონაწილეობა მიიღოს. თქვენ, სტუმარს, ამისთვის არაფრის გადახდა არ გჭირდებათ და არც მასპინძლები არ გიხდიან, თუ მხედველობაში არ მივიღებთ უხვ საჭმელს - რაც გინდათ და რამდენიც გინდათ, მიირთვით. საერთოდ, უცხოელმა სტუმრებმა რთველში მონაწილეობა უმჯობესია კახეთის რომელიმე საოჯახო სასტუმროს მეშვეობით მიიღოს - თითქმის ყველას აქვს საკუთარი პატარა ვენახი - და წინასწარ დააზუსტოს, თუ როდის აქვთ დაგეგმილი მოსავლის აღება (მაგალითად, „კვირია“ თელავში).

ტურისტულმა კომპანიამ შემომთავაზა მონაწილეობა ავთანდილ (ავთო) ხუციშვილის - მცირე ბიზნესმენის რთველში. მცირე მეწარმეობა კახეთისათვის ტიპიური მოვლენაა. ავთო ყოველი მოსავლის აღების შემდეგ 10 ათას ბოთლამდე ღვინოს ამზადებს სტუმრებისა და ახლობლებისთვის.

კახეთში შემოდგომაა, მაგრამ ჯერ ისევ ცხელა. მივდივართ ავთოს ვენახში, რომელიც [ყვარელის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხეობაში] სოფელ გავაზთან ახლოს მდებარეობს. ჰორიზონტზე კავკასიის შემოდგომის ფერებით შემოსილი მთები მოჩანს. ავთოს ოჯახის წევრებს - ყურძნიე მკრეფავებს - ვენახში შორიდან უკვე ვხედავთ: ქალებს - ღია ფერის თავსაფრებით და კაცებს - ჩალის ქუდების მსგავსი ეროვნული თავსაბურავებით, რომლებიც ვაზის ყურძნის მტევნებს შორის მოჩანან.

ვიწყებთ რთველს: ვიღებთ ვედროებს, ვაზის დიდ ფოთლებს აქეთ-იქით ვწევ და მტევნებს ვჭრი. მზე მაცხუნებს და ოფლი მომდის. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ტრაქტორის მისაბმელის ძარაზე დგას, მას ყურძნით სავსე ვედროებს ვაწვდი, რომლებსაც ძარაში დაწყობილ ყუთებში ცლის. ყუთებიდან მათრობელა სასიამოვნო არომატი იფრქვევა.

ნაშუადღევს რთველს ვამთავრებთ და დაღლილები ხის ჩრდილში ბალახზე ვწვებით. წელში ცოტა ტკივილს ვგრძნობ, ხელებზე მეწამული ლაქები მაქვს... უკან დაბრუნებისას, გზაში ყურძნით დატვირთულ უამრავ ავტომანქანას ვხედავთ.

სასტუმრო სახლში იმ დროს დავბრუნდით, როცა რთველის კულმინაციური მომენტი უნდა დაწყებულიყო: ყურძნით სავსე ყუთები კაკლის დიდი ხის ქვეშ არსებულ ქვის საწნახელში იცლება. „ყურძნის დაწურვის დაწყებას ჩვენ ხშირად ბავშვებსაც ვანდობთ ხოლმე“, - ამბობს ავთო და გვანიშნებს, საწნახელში ჩავდგეთ. ყურძნის დაწურვა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა.

სუფრასთან ვსხდებით. მაგიდაზე უამრავი საჭმელია - ღორის მწვადები, შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, ხაჭაპური, ბოსტნეული... ტრაპეზის დროს თამადა სადღეგრძელოებს ამბობს, ისმის შეძახილები - „გაუმარჯოს!“. თამადა აქებს მოსავალს, ლოცავს სტუმრებს და ოჯახის წევრებს.

ავტო ჭაჭის არაყსაც ხდის - სპირტის (ალკოჰოლის) შემცველ სასმელს, რომელიც ყურძნის ნარჩენებით მზადდება. ჭაჭის პირველივე ყლუპი ყელს მწვავს და მკერდზე ხელს ვიტაცებ, სხვები კი ამოისუნთქებენ, ზალპით სვამენ და ბოკალს აცარიელებენ. „ქართული ღვინო სამკურნალოა, ჯანმრთელობას უხდება, ამიტომ მისი დალევა ავადმყოფებისთვისაც შეიძლება, მაგრამ ჭაჭა რომ დალიო, ჯანმრთელი უნდა იყო“, - კომენტარს აკეთებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი. ჩემთვის ეს ყველაფერი ჰედონიზმია - სიამოვნების მომგვრელი, თავს ბედნიერად ვგრძნობ. ყურძენში  მზის ენერგიაა განსახიერებული, რთველში კი ამ ენერგიის მიღება ადამიანების მიერ.

მომდევნო დღეს  კაკაბეთში [საგარეჯოს მუნიციპალიტეტში] მდებარე დახვეწილი გემოვნებით დამზადებული ღვინოებით ცნობილ ღვინის მარნის „ველინოს“ რთველში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ მისმა მფლობელმა ბექა ჯიმშელიძემ ყურძნის კრეფვა ორი კვირით გადადო - შარშან მისმა „გვიანი საფერავის“ ღვინომ საკმაოდ კარგი საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, ამიტომ წელსაც მოსავლის გვიან აღება გადაწყვიტა. რთველის ნაცვლად მივდივართ ღვინის დეგუსტაციაზე, გზადაგზა კი პეიზაჟით ვტკბებით. იქვე ადგილობრივ თაფლსაც ვყიდულობთ. უკან, „ველინოში“ გვიან ვბრუნდებით.

ბექა წყნარი ახალგაზრდა კაცია, პერფექციონისტი (იგი ცდილობს საქმე სრულყოფილად გააკეთოს და არ კმაყოფილდება მიღწეულით), იცავს ქვევრებში - ამფორების მსგავს თიხის ჭურჭლებში - ღვინის დამზადების რვათასწლოვან  ტრადიციებს. ქვევრში ჩასხმული ყურძნის წვენი, ფერმენტაციის შედეგად, რამდენიმე თვეში ღვინდება და თეთრ-ქარვისფერ ან წითელ ღვინოდ გადაიქცევა. ბექა გვიხსნის, რომ ქვევრში ღვინო ბუნებრივი წესით „იფილტრება“ (სუფთავდება და გამჭვირვალე ხდება). იმის გამო, წომ ყურძნის წვენის ჩასხმის წინ ქვევრებს ალუბლის ხის ქერქისაგან დამზადებული სარცხელით რეცხავენ და ფუტკრის ცვილს უსვამენ,  ღვინო იღებს ალუბლისა და ცვილის არომატს.

ვაგემოვნებთ ძველ ქართულ ქარვისფერ ღვინოს „რქაწითელს, რომელიც „ვალინოს“ მარანშია დამზადებული. ბექა განმარტავს, რომ ქარვის შეფერილობა წარმოიქმნება ყურძნის კანით და წიპწით. სულ ბოლოს კი ვსვამთ იმ საბედისწერო წითელ ღვინოს, რომელმაც 400 წლის წინათ სარსეთის შაჰი აბას I საქართველოში მოიყვანა. „საფერავი“ ისეთი ღვინოა, რომლის ძალასაც დალევისთანავე ძარღვებში იგრძნობთ. „თუ მტერი თავს დაგვესხმება, ჩვენ ამ ღვინოს დავლევთ, - ამბობს ბექა და სასმისს მაღლა სწევს, - ძალა გაგვიორმაგდება და მზად ვიქნებით საბრძოლველად“.

წყარო: https://www.ft.com/content/b1c71c0e-e2f1-4ac4-b5d8-aabcf647db8f

 

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way