USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
«Financial Times» : „ევროკავშირის შეფასებით, უკრაინას ევროკავშირიში გაწევრიანების შემდეგ 186 მილიარდი ევროს მიღების უფლება ექნება
дата:  426

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „ევროკავშირის შეფასებით, უკრაინას ევროკავშირიში გაწევრიანების შემდეგ 186 მილიარდი ევროს მიღების უფლება ექნება: „ყველა ძველ წევრ სახელმწიფოს მოუწევს მეტი გადაიხადოს საერთო ბიუჯეტში, ახლების სასარგებლოდ და მისგან ცოტა მიიღოს“ (ავტორი - ჰენრი ფოი).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

ევროსაბჭოს სამდივნომ კონფიდენციალური დოკუმენტი მოამზადა ევროკავშირის მოსალოდნელ გაფართოებასთან დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით კიევს, 7 წლის განმავლობაში, დაახლოებით 186 მილიარდი ევროს მიღების უფლება მიეცემა. ევროკავშირის შიდა ბიუჯეტის შეფასებით, ბევრი სახელმწიფო უკრაინის დამფინანსებლად გადაიქცევა.

ის მოდელი, რომელიც პოტენციური ცხრა ახალი წევრის მიღებისათვის იმოქმედებს, ხაზს უსვამს ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს, რაც ორგანიზაციის გაფართოებას მოჰყვება თითქმის მთელი ევროპის კონტინენტზე - უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და კიდევ ექვსი დასავლეთბალკანური სახელმწიფოს ჩათვლით.

დღეისათვის შედგენილია ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი. თუ ევროკავშირს კიდევ ცხრა წევრი მიემატება, ეს დამატებით მოითხოვს 256,8 მილიარდ ევროს. გვერდითი ნეგატიური მოვლენები ევროკავშირის ძველი წევრებისათვის, სავარაუდოდ, ფერმერული მეურნეობისთვის სუბსიდიების გამოყოფის შემცირება იქნება - დაახლოებით მეხუთედი ნაწილით.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი შეიძლება ათი წელი და მეტი ხანი გაგრძელდეს, არსებულ საბიუჯეტო მექანიზმებს ახლავე სერიოზული რეფორმა დაჭირდება. ამასთან, აუცილებელი ცვლილებების სავარაუდო მასშტაბი ისეთია, რომ მისი რეალიზება ბლოკის შიგნით არსებულ ფინანსურ ბალანსს აუცილებლად დაარღვევს.

„ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწევს მეტი გადაიხადოს საერთო ბიუჯეტში, მეტი ფული შეიტანოს და მისგან ცოტა მიიღოს. ბევრი წევრი ქვეყანა დღეს, რომელიც მხოლოდ ფულის მიმღებია, უახლოეს წლებში მხოლოდ შემტანი იქნება“, - ნათქვამია ევროსაბჭოს სამდივნოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომლის მიხედვით, ცხრა ახალი წევრი-სახელმწიფოს გაჩენასთან დაკავშირებით, მიმდინარე ბიუჯეტი 21%-ით გაიზრდება და 1,47 ტრილიონ ევროს მიაღწევს, რაც 36 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1,4%-ს შეადგენს.

რა თქმა უნდა, ევროკავშირში შედარებით ღარიბი ახალი წევრების მიღება თანხების გადანაწილებას გამოიწვევს: კორექტირება გავრცელდება მდიდარ ქვეყნებზე (იგულისხმებიან საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ.) - მათი საბიუჯეტო შენატანები გაიზრდება ღარიბების სასარგებლოდ. რასაკვირველია, ეს სწრაფად არ მოხდება, ამისათვის საჭიროა გარდამავალი პერიოდი და დამცავი მექანიზმები.

რადგანაც უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო სექტორი ფართოდ არის წარმოდგენილი, აგრარული სფერო შვიდი წლის განმავლობაში96,5 მილიარდ დოლარს მიიღებს. გამოკვლევის თანახმად, ასეთი ფინანსური „შერყევა“, ბუნებრივია, გამოიწვევს სუბსიდიების შემცირებას ევროკავშირის სხვა ქვეყნების ფერმერებისათვის, დაახლოებით 20%-ით.

უკრაინას ასევე შეუძლია ფული მიიღოს სხვადასხვა ფონდებისა და პროგრამებიდან, რომლებიც ევროკავშირის ცარჩოებში მოქმედებენ. მაგალითად, 61 მილიარდი ევრო „ერთიანობის ფონდიდან“, რომელიც ღარიბ წევრებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ეხმარება. სამაგიეროდ, ცხრა ახალი წევრის მიღების შემდეგ ამ ფონდიდან ფულით ვეღარ ისარგებლებენ ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, სლოვენია, კვიპროსი და მალტა.

გენერალური სამდივნოს გათვლები მომზადებულია იმისთვის, რომ ევროკავშირმა ყველაფერი აწონ-დაწონოს, სანამ უკრაინის ორგანიზაციის წევრად მიღების თაობაზე წლის ბოლოს ოფიციალური მოლაპარაკება დაიწყება.

წყარო: https://www.ft.com/content/a8834254-b8f9-4385-b043-04c2a7cd54c8

 

Тбилиси
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати