ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) დღევანდელ, 18 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არის თუ არა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების რაიმე პერსპექტივა? // მოსკოვისათვის ზელენსკის სამშვიდობო გეგმაზე თანხმობა უსიტყვო კაპიტულაციას ნიშნავს“, რომლის ავტორია დომიტილა საგრამოსო - ლონდონის სამეფო კოლეჯის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის სპეციალისტი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ჯიდაში (საუდის არაბეთში) ამას წინათ ჩატარებული კონფერენცია, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შედგენილი ათპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა განიხილეს, საერთაშორისო საზოგადოების კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენდა რუსეთ-უკრაინის დამანგრეველი ომის დასრულების მიზნით, მოლაპარაკების საფუძველზე. როგორც ცნობილია, კიევის წინადადება გულისხმობს რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და უკრაინის კონტროლის აღდგენას. ეს ფორმულა მოწონებული უნდა იქნეს მსოფლიოს ლიდერების მიერ და ბოლოს, განხორციელდება ძლიერი ზეწოლა რუსეთზე, რათა კრემლი იძულებული გახდეს ომის შეწყვიტოს. სხვათა შორის, ჯიდაში ჩატარებულ შეხვედრაზე რუსეთი მიწვეული არ ყოფილა.
ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ უკრაინისა და მისი მოკავშირეების ამ ახალ მიდგომასაც იგივე ბედი შეიძლება ელოდებოდეს, რომელიც მანამდე ჩინურ, ბრაზილიურ და სამხრეთაფრიკულ პროექტებს ჰქონდა. თუმცა, რადგანაც, ჯიდაში ჩატარებულ შეხვედრაში ინდოეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ (ორივე რუსეთის უდიდეს სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენენ), უნდა ვივარაუდოთ, რომ საბოლოოდ იქმნება და ყალიბდება გარკვეული გლობალური კონსენსუსი იმ პრინციპების ირგვლივ, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებისათვის არის აუცილებელი.
ჩინეთის ჯიდაში ყოფნა შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ კრემლის ყველაზე მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა მოკავშირემ, როგორც იქნა, გადაწყვიტა, რომ ომის შეწყვეტისათვის საჭიროა მოსკოვზე ზეწოლა განახორციელოს. მაგრამ უფრო მეტად ის უნდა ვივარაუდოთ, რომ პეკინი მოქმედებს საკუთარი როლის განმტკიცებისათვის სამომავლო მოლაპარაკებების დროს. იმიტომ, რომ რუსეთზე ზეწოლა ომისადმი მიდგომის შეცვლის მიზნით ძალიან სახიფათო თამაშს წარმოადგენს: თუ ვლადიმერ პუტინი უკან დაიხევს (რაც მისი ხელისუფლების სისუსტე იქნება), ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორს დაკარგავს. უფრო მეტიც: უკრაინის ომის ნებისმიერი დარეგულირება პეკინზე მოსკოვის ეკონომიკური და დიპლომატიური დამოკიდებულების შესუსტების ტოლფასი იქნება, რაც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ფსონის დადება იმაზე, რომ ჩინელები მიზნებს შეცვლიან და დასავლეთს შეუთანხმდებიან, არაგონივრული იქნება. პეკინს თავისი მუდმივი ინტერესები აქვს.
უფრო მნიშვნელოვანია საკითხი - დათანხმდება თუ არა კრემლი (რომელიც ჯიდაში მიწვეული არ იყო და ეს მისთვის დამამცირებელია) „მნიშვნელოვან“ დათმობებზე? კრემლის ოფიციალური დუმილის მიუხედავად, არის ვარაუდი, რომ ვაშინგტონი, როგორც ჩანს, მოსკოვთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს. არ არის გამორიცხული, რომ ვლადიმერ პუტინი გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კრემლმა სამხედრო ხარჯები მომავალი წლისათვის გააორმაგა და ჯარში გაწვევის ასაკი მაქსიმალურად მოამატა, რამდენად გამართლდება პუტინის მხრიდან კომპრომისის მომლოდინეთა იმედი, ძნელი სათქმელია.
ძირითადი პრობლემა იმაშია, თუ რას ნიშნავს და რით უნდა იყოს გამოხატული „მნიშვნელოვანი დათმობები“. კრემლის მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის გეგმაზე თანხმობა აღიქმება როგორც „უსიტყვო კაპიტულაცია“ - იმის მიუხედავად, რომ რუსეთი კი არ იქნა ოკუპირებული უკრაინის არმიის მიერ, არამედ პირიქით - რუსეთის არმია შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და მისი ოკუპირება განახორციელა. ანუ ამ შემთხვევაში დასავლეთი და უკრაინა რუსული ოდინდელი ტერიტორიის მიერთებას („წართმევას“) ან დემარკაციული ხაზის გავლებას კი არ ითხოვს, არამედ უკრაინის 1991 წლის საერთაშორისო საზღვრების აღდგენას (რაც, სხვათა შორის, მოსკოვსაც ჰქონდა აღიარებული ომამდე).
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა კიევის მიერ განიხილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აუცილებელ ფაქტორებად - როგორც მორალური თვალსაზრისით, ასევე პრაგმატული მოსაზრებით. და მაინც, რუსეთისათვის იმ ტერიტორიების ნაწილობრივი ან სრული დატოვება, რომელიც კრემლს 2022 წლის თებერვლიდან აქვს დაკავებული, განსაკუთრებით ყირიმი, უმძიმესი დანაკარგი იქნება და რუსეთის კრახს ნიშნავს.
იმიტომ, რომ ის ომი, რომელიც დაიწყო აღნიშნული ტერიტორიების „რუსული სამყაროსადმი“ მიკუთვნებით, დღეს ეგზისტენციურ ბრძოლად გადაიქცა არამარტო ვლადიმერ პუტინისათვის, არამედ თვით რუსეთისთვისაც, რუსული სახელმწიფოსათვის. კრემლმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება უკრაინაში თავისი შეჭრის გამამართლებლად გამოიყენა, თუმცა არანაირი კონკრეტული გეგმა არ არსებობდა, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მართლაც გაწევრიანდებოდა. უკრაინაში შეჭრამ კრემლისათვის უკუეფექტი გამოიღო: რუსეთისთვის დღეს დასავლეთის მიერ შეიარაღებული და აღჭურვილი უკრაინის არმია რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მართლაცდა, უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთ ეფექტურობას ბრძოლის ველზე აჩვენებენ და ამით მოსკოვი შეშფოთებულია - ვაითუ კიევმა რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის სიღრმეში შეაღწიოს, მაგალითად, ყირიმში - და იქიდან მისი ჯარები გააძევოს.
გარდა ამისა, ნატო გეგმავს 300 ათასი ჯარისკაცი იყოლიოს სრულ მზადყოფნაში - აღმოსავლეთის ფლანგზე სწრაფი განთავსებისათვის, საჭიროების შემთხვევაში. ალბათ, ამის გათვალისწინებით, რუსეთი უკვე აღარ მიიჩნევს 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებს „რუსული სამყაროს“ ნაწილებად, არამედ მათ თვლის როგორც ბუფერულ ზონად, მაგრამ უკრაინისა და ნატოს წინააღმდეგ.
კრემლი სულ უფრო ურიგდება იმ ფაქტს, რომ უკრაინა არ იქნება „დენაციფირებული“ (კიევში არ იქნება პრორუსული მარიონეტული მთავრობა), არც მისი დემილიტარიზება არ მოხდება და არც ნეიტრალური სახელმწიფო არ იქნება. დღეს მოსკოვისათვის ნათელია, რომ უკრაინა, დიდი ალბათობით, ევროკავშირის წევრი გახდება და მიბმული იქნება ევროატლანტიკური უსართხოების სტრუქტურებზე. კაცმა რომ თქვას, ამ რეალობების აღიარება კრემლის მხრიდან უკვე კომპრომისად ითვლება. ამჟამად მოსკოვის პრიორიტეტებს წარმოადგენს უკრაინისაგან (ნატოსაგან) თავდაცვა და იმ მიწების შენარჩუნება (ნაწილობრივ მაინც), რომელსაც კრემლი 2014 წლიდან აკონტროლებს (განსაკუთრებით ყირიმი და ალბათ, დონბასიც). ასევე მოსკოვის პრიორიტეტია ისიც, რომ ვლადიმერ პუტინმა სავარაუდო კომპრომისის შემდეგ თავისი პოლიტიკური სახე შეინარჩუნოს.
და მაინც, რუსეთის პირობების მიღება დასავლეთის მიერ, რომელთა თანახმად, კრემლი დაკავებული ტერიტორიების ნაწილს შეინარჩუნებს, ომის შეწყვეტის სანაცვლოდ და დუმილით დაეთანხმება უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრირებას, უკრაინისათვის უკიდურესად სარისკო იქნება. ეს არა მარტო დაარღვევს კიევის პოზიციებს, არამედ გაამართლებს რუსეთის აგრესიას და შეიძლება ახალი თავდასხმის პროვიცირებაც კი გამოიწვიოს. არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ რუსეთი არ გადააჯგუფებს თავის ძალებს ამგვარი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ და უკრაინას ისევ საფრთხეს არ შეუქმნის.
ამრიგად, ჯიდაში შეთანხმებული შედეგი შეუსრულებელი იქნება. იმდენად, რამდენადაც მეომარი მხარეების ძალების გამოცდა-შემოწმება ბრძოლის ველზე ხდება, მათი პოზიციები ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებული რჩება. სიტუაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვალოს, თუ ვერცერთი მხარე ვერ მოიპოვებს სამხედრო უპირატესობას და ზამთრის ცივი პატური მდგომარეობა დადგება.
წყარო: https://www.ft.com/content/d7ba0831-eed3-49d2-a017-b324a1122970